ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის (CAAR) დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას.
სამსახურში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს აუდიტის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ორგანიზებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილებებს, რისკზე დაფუძნებულ მონიტორინგის მეთოდოლოგიას, მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურებს, აგრეთვე აუდიტორული ფირმების ხარისხის მართვის სისტემებისა და ცალკეული აუდიტორული გარიგებების ხარისხის შეფასების მიდგომებს.
შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილეს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების კლასიფიცირებისა და მათი სიმძიმის შეფასების საკითხები, გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის პროცედურები, აგრეთვე სტანდარტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სანქციების გამოყენების პრაქტიკა. მხარეებმა გამოცდილება გაცვალეს მონიტორინგის შედეგების გამჭვირვალობის, საზედამხედველო საქმიანობის დაფინანსებისა და აუდიტის ხარისხის კონტროლის პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით.
განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა მონიტორინგის შედეგების გამოყენება აუდიტორების პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს მონიტორინგის პერიოდულობასა და სხვადასხვა სახის მონიტორინგის განხორციელების თავისებურებებზე, მათ შორის რისკზე დაფუძნებულ არაგეგმიურ მონიტორინგზე, აგრეთვე მონიტორინგის შედეგების დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრაქტიკულ მიდგომებზე.
ვიზიტმა მხარეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ მარეგულირებელი და საზედამხედველო გამოცდილება, განეხილათ საერთო გამოწვევები და ემსჯელათ აუდიტის ხარისხისა და საჯარო ზედამხედველობის სისტემის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე.
სამსახური მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მზადყოფნას გამოთქვამს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აუდიტის ზედამხედველობის ეფექტიანი პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის.


