საქართველოს საპენსიო ფონდისთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ძლიერი განვითარების წელი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ფონდმა არა მხოლოდ გააძლიერა მმართველობითი და ოპერაციული სტრუქტურა, არამედ მიაღწია ისტორიულ ფინანსურ შედეგებსაც, რაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ზრდასა და მდგრადობას კიდევ უფრო ამყარებს.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2025 წლიდან ფონდი ფუნქციონირებს განახლებული მმართველობითი მოდელით. ჩამოყალიბდა მმართველობითი საბჭო და სპეციალიზებული კომიტეტები, რაც გადაწყვეტილებების მიღებისა და ზედამხედველობის პროცესებს უფრო ეფექტიანს და გამჭვირვალეს ხდის.
„2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნის წელი იყო. 2024 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა საპენსიო ფონდის მმართველობითი სტრუქტურა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. შეიცვალა საპენსიო სააგენტოს სახელწოდება და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა – სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით, ფონდის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოდ განისაზღვრნენ აღმასრულებელი დირექტორები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. მმართველობითმა საბჭომ, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობა დაიწყო 2025 წლის 1 მარტიდან. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მმართველობითი საბჭოს მიერ შეიქმნა და დაკომპლექტდა კანონით განსაზღვრული კომიტეტები“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
ფონდის აქტივების მოცულობამ წლის ბოლოს 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდით მეტია. ამ ზრდას საფუძველი ჩაუყარა როგორც მონაწილეთა გაზრდილმა შენატანებმა, ისე წარმატებულმა საინვესტიციო საქმიანობამ. 2025 წელს ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ რეკორდულ ციფრს, 792 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ფონდის არსებობის განმავლობაში დაგროვილმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
დაგროვებითი საპენსიო სქემის მასშტაბიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. სისტემას 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე შეუერთდა და საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა. წლის განმავლობაში განხორციელებული საპენსიო შენატანების ჯამურმა მოცულობამ 1.44 მილიარდი ლარი შეადგინა. საინვესტიციო მიმართულებით 2025 წელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდად შეფასდა. წლიურმა ნომინალურმა ამონაგებმა 11.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 7.6% შეადგინა. განსაკუთრებით მაღალი შედეგი დაფიქსირდა საერთაშორისო აქციებში, სადაც შემოსავალმა 20%-ს გადააჭარბა. ფონდი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მნიშვნელოვან წვლილს დებს ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.
ფონდმა ასევე გააძლიერა ოპერაციული პროცესები და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტრონული სერვისები, დაინერგა კიბერუსაფრთხოების დამატებითი მექანიზმები და წარმატებით გაიარა საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 2700-ის სერტიფიცირება.
2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად საპენსიო შენატანების დეკლარირების, ადმინისტრირებისა და გადახდის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა. განხორციელდა საპენსიო დეკლარაციის ინტეგრირება საშემოსავლო დეკლარაციასთან. მანამდე თუ დამსაქმებელს ორი სხვადასხვა დეკლარაცია უნდა წარედგინა ორ სხვადასხვა პორტალზე, ახლა ეს პროცესი გაერთიანდა და დამსაქმებლს მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა უწევს.
გიორგი ჭიჭინაძის თქმით, 2025 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულებების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა და მონაწილეთა ინტერესების დაცვა. ფონდის ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადებითად შეფასდა, რაც ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობისა და სანდოობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საერთო ჯამში, 2025 წელი გამოირჩეოდა ძლიერი ზრდით, სტრუქტურული გაუმჯობესებითა და მაღალი ფინანსური შედეგებით, რაც ქმნის მყარ საფუძველს ფონდის განვითარებისა და საქართველოს მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის გაძლიერებისთვის. საქართველოს საპენსიო ფონდი ყოველწლიურად ანგარიშს წარადგენს სხვადასხვა კომიტეტში, მათ შორის პერმანენტულად მიმდინარეობს ანგარიშების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

