Homeააფ-ნიუსებიNasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი...

Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso – საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი – „საქართველოს ბანკი”, „თიბისი ბანკი”, „ლიბერთი ბანკი”, „ტერაბანკი” და „ბაზისბანკი” დანერგავს Nasdaq Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის” (GMAP) ფარგლებში ხორციელდება  და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია” (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.

პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს – რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის  ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთო პლატფორმა უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ  რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის თქმით, საქართველო  არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა.

„როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, – აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.

„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის” აღმასრულებელი მდივანის ლაშა ჯუღელის თქმით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა” (GMAP) საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგია და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ასოციაციისა და მასში წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

„Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია – EBRD თანამშრომლობის ფონდის” მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს, – განაცხადა ლაშა ჯუღელმა. 

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...