Homeააფ-ნიუსებიფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს...

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

Published on

spot_img

ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.

მემორანდუმის მიზანია ფინანსური მომსახურების გარკვეულ სფეროებში ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა (AIFC) და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის ორმხრივი წვდომის ხელშეწყობა. შეთანხმება ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას.

მემორანდუმის ფარგლებში, AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. ამასთან, სრულად იქნება გათვალისწინებული თითოეული იურისდიქციის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.

ახალი ჩარჩო ასევე ითვალისწინებს ორ მარეგულირებელ ორგანოს შორის საზედამხედველო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ბაზრებზე წვდომის გაფართოებას შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმების პირობებში.

„მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ფინანსურ მომსახურებებზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობა და მარეგულირებელი და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორივე იურისდიქციის ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნებს შორის ინვესტიციების ზრდას. ჩვენს ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი ფართო რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგრადი განვითარების წინაპირობაა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

„რეგიონული ფინანსური ინტეგრაცია რეალურ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც მარეგულირებელი თანამშრომლობა ბაზრის მონაწილეებისთვის პრაქტიკულ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული ეს შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიზნად ვისახავთ ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და საფუძვლის ჩაყრას იმისთვის, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია საერთაშორისო კაპიტალისთვის უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ და მიმზიდველ საინვესტიციო სივრცედ ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.

შეთანხმება ეფუძნება AFSA-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად 2018 წელს გააფორმეს, რომელმაც მარეგულირებელი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ჩარჩო შექმნა.

ახალი მემორანდუმი აღნიშნული თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და ზოგადი მარეგულირებელი თანამშრომლობიდან AIFC-სა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ მექანიზმებზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე – „ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციამდე: რეგიონული თანამშრომლობა უფრო ძლიერი ფინანსური ბაზრებისთვის“ – შედგა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა პარტნიორი იურისდიქციების ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი თანამშრომლობის, ბაზრების ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისა და ფინანსური ინტეგრაციის პრაქტიკული მიდგომები განიხილეს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...