ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური გეგმავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და მის თანმდევ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ზედამხედველობისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნებს. გარდა ამისა, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას და პრაქტიკაში გამოვლენილი სამართლებრივი და ადმინისტრაციული საკითხების დაზუსტებას.
ცვლილებების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების გაუმჯობესება, აუდიტორის/გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობის უფრო ინდივიდუალური და პროპორციული სისტემის ჩამოყალიბება, აუდიტორული მომსახურების ხარისხისა და პროფესიული სანდოობის გაძლიერება და ზედამხედველობის პროცესების ეფექტიანობის გაზრდა.
ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებში აუდიტის კომიტეტის შექმნის ვალდებულების აღსრულებასაც, როგორც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტით. აღნიშნულ პირებს აუდიტის კომიტეტის შექმნის ვალდებულება 2017 წლიდან აქვთ, თუმცა მისი შესრულების კონტროლისა და აღსრულების ერთიანი პრაქტიკა სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ არის. კანონპროექტი შესაბამისი კონტროლისა და აღსრულების მექანიზმების განსაზღვრას ითვალისწინებს, რაც სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების ხარისხის, აუდიტის კომიტეტის დამოუკიდებლობისა და კორპორაციული მართვის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანი სიახლეა აუდიტორის პროფესიულ-ეთიკურ დარღვევებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხებზე განახლებული საკანონმდებლო მოწესრიგებაც. მოქმედი რეგულირებისგან განსხვავებით, როდესაც პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას ითვალისწინებს, ახალი მიდგომით შესაძლებელი იქნება აუდიტორისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილების 1-დან 3 წლამდე შეზღუდვა. კანონპროექტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საკითხია აგრეთვე ის, რომ წესრიგდება პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგის სამართლებრივი ჩარჩოც, რომელსაც სამსახური შექმნის კანონპროექტით განსაზღვრულ ვადებში.
ცვლილება ასევე შეეხება სანქცირების სისტემას. მოქმედი წესით, თითოეული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის 5 000 ლარია, თუმცა რამდენიმე დარღვევის არსებობის შემთხვევაში ჯამური სანქცია ასევე 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. კანონპროექტი ამ საერთო ჯამური ზღვრის მოდიფიცირებას ითვალისწინებს იმგვარად, რომ თითოეული დამოუკიდებელი სამართალდარღვევისთვის სამსახურს ექნება უფლებამოსილება განსაზღვროს 5 000-ლარიან მაქსიმალური ფულადი ჯარიმის ოდენობა. შედეგად, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა დარღვევაზე პასუხისმგებლობის ინდივიდუალურად განსაზღვრა და დარღვევის სიმძიმისა და რაოდენობის შესაბამისად უფრო ეფექტიანი რეაგირება.
დაიხვეწება აუდიტორის პროფესიული სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის საკითხებიც. კანონპროექტით ზუსტდება „აუდიტორისა“ და „კანდიდატი აუდიტორის“ ცნებები, რომელიც თავის მხრივ ჩაანაცვლებს „სერტიფიცირებული ბუღალტერის“ ცნებას. განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული სერტიფიცირების, უწყვეტი განათლებისა და რეგისტრაციის წინაპირობები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე დამატებითი განათლების მოთხოვნა და აუდიტორად რეგისტრაციამდე კანდიდატის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული აუდიტის სამუშაოების ხარისხისა და კომპეტენციის რისკზე დაფუძნებული მიდგომით შეფასების შესაძლებლობა.
ცვლილებები ასევე გაამყარებს აუდიტორის დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმებს. საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის შემთხვევაში დაზუსტდება აუდიტორისა და საკვანძო აუდიტორული პერსონალის როტაციისა და „cooling-off“ პერიოდის საკითხები, რაც ინტერესთა კონფლიქტის რისკების შემცირებასა და აუდიტის ობიექტურობის გაძლიერებას ემსახურება.
კანონპროექტი ითვალისწინებს IPSAS სტანდარტების საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის მონიტორინგის სამსახურის სისტემაში მოქცევის საკითხსაც. ცვლილება ხელს შეუწყობს აუდიტის ხარისხის შეფასების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.
კანონპროექტი მოიაზრებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევისთვის საწარმოებისთვის ზომითი კატეგორიისთვის განკუთვნილი ფულადი სანქციის განახევრების შესაძლებლობას. ხოლო ანგარიშგების ზედიზედ სამი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში — შესაბამისი ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული ფულადი სანქციის ათმაგი ოდენობის გამოყენებას. აღნიშნული მიდგომა ახდენს სამართალდარღვევებზე რეაგირების სამართლიან დიფერენციაციას – ერთჯერადი ან ნაკლები სიმძიმის დარღვევების მიმართ პროპორციულ და ზომიერ პასუხისმგებლობას, ხოლო ხანგრძლივი და განმეორებითი მძიმე სამართალდარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ რეაგირებას უზრუნველყოფს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით სანქცირების აქტების ელექტრონულად ჩაბარების შესაძლებლობის შექმნას, კონკრეტულ პლატფორმაზე სამართლებრივი აქტების განთავსების გზით. კერძოდ, ანგარიშვალდებული პირისთვის შესაბამის ვებპორტალზე სანქცირების აქტის განთავსება შესაძლებელი იქნება, რაც ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებასა და დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ამასთან, გაფართოვდება მონიტორინგის პროცესში საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს შემადგენლობა 7-დან 8 წევრამდე გაიზრდება და საბჭოში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ერთი წარმომადგენლის მონაწილეობა განისაზღვრება. ცვლილების მიზანია საბჭოს თემატური და პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება და აუდიტის, ანგარიშგებისა და AML-ის მიმართულებების ურთიერთკავშირის უკეთ გათვალისწინება.
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუმჯობესდება აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება. დაიხვეწება სანქცირების სისტემა, გაძლიერდება აუდიტის ხარისხისა და პროფესიული ეთიკის კონტროლი, გაუმჯობესდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებში აუდიტის კომიტეტების შექმნის ვალდებულების აღსრულება და დაზუსტდება აუდიტორთა რეგისტრაციისა და საქმიანობის რიგი საკითხები.
კანონპროექტით ასევე გადავადდება მეოთხე ზომითი კატეგორიის საწარმოებისთვის 2025 წლის საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგებების წარუდგენლობის შემთხვევაში ფულადი ჯარიმის დაკისრებაც.
საბოლოოდ, ცვლილებები მიზნად ისახავს უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და პრაქტიკულად აღსრულებადი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას და აუდიტის, ანგარიშგებისა და AML-ის სფეროების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებას.
სამსახური დაინტერესებული მხარეებისგან შემდგომი უკუკავშირის მიღების მიზნით, აქვეყნებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტსა და მის თანმდევ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს.
კანონპროექტებზე უკუკავშირის მოწოდებას შეძლებთ 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად, სამსახურისათვის ელ. წერილის გაგზავნის ფუნქციონალის მეშვეობით: https://saras.gov.ge/ms/, ისე მატერიალურად, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული.
საჭიროების შემთხვევაში, სამსახური გამოხატავს მზაობას გამართოს სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

