საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.
ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.
მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შედის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები. 2027 წლის 1 ივნისიდან კი ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი.

