ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების ფორუმში – „ვალდებულების მიღმა არსებული პოტენციალი: ფინანსური ანგარიშგება ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის“ („Beyond Compliance: Financial Reporting for Growth and Jobs)“ – მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმი 2026 წლის 5-6 ოქტომბერს გაიმართა და მასში ევროპისა და ცენტრალური აზიის 11-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 90 მონაწილე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებამ გააერთიანა სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საჯარო ზედამხედველობის ინსტიტუტები, პროფესიული საბუღალტრო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სავაჭრო პალატები და განვითარების საერთაშორისო პარტნიორები.
სამსახური (SARAS) ფორუმზე სამსახურის ხელმძღვანელისა და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მონაწილეობით იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებით, REPARIS for SMEs და EAASURE პროგრამების ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ევროკავშირის, შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფო სამდივნოს, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით გაიმართა.მხარდაჭერით დაფინანსდა.
ფორუმის მთავარი მიზანი იყო ფინანსური ანგარიშგების რეფორმების განხილვა არა მხოლოდ რეგულაციებთან შესაბამისობის, არამედ მათი ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობ ინსტრუმენტად გამოყენების პერსპექტივიდან. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეუძლია სანდო, პროპორციულ და გადაწყვეტილებების მისაღებად სასარგებლო ფინანსურ ინფორმაციას ბიზნესისა და სახელმწიფო საწარმოების მიმართ ნდობის გაძლიერება, კაპიტალის მოზიდვა და მდგრადი ზრდის განვითარების სტიმულირება.ხელშეწყობა.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში განხილული იყო კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების რეფორმების შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ და მდგრადობის ანგარიშგებასა და აუდიტში, მდგრადობის ანგარიშგების როლი მნიშვნელობა ეკოლოგიურად უსაფრთხო ეკონომიკის განვითარებაში („green growth”), მწვანე ზრდაში, მცირე და საშუალო საწარმოთა ანგარიშგების პროპორციულობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური გამჭვირვალობა, ასევე აუდიტის ხარისხისა და ბაზრის ნდობის გაძლიერებაში დამოუკიდებელი საჯარო ზედამხედველობის როლი.
სამსახურის წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში ჩაერთნენ თემატურ სესიებსა და პროფესიულ დისკუსიებში, გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასა და საერთაშორისო მიდგომებს. მონაწილეებთან იმსჯელეს ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის ზედამხედველობისა და მდგრადობის ანგარიშგების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
ცალკე სესია დაეთმო აუდიტის საჯარო ზედამხედველობის ეფექტიანობისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. ფორუმზე განხილული იყო ინსპექტირების, აღსრულების, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და აუდიტის ბაზრის მონიტორინგის როლი ფინანსური ანგარიშგებისადმი ნდობის განმტკიცებაში, ასევე საზედამხედველო ორგანოების რეაგირება განმეორებით აღმოჩენილად მიგნებებზე, ნაკლოვანებებზე, ბაზრის კონცენტრაციასა და შესაძლებლობებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ფორუმი წარმოადგენდა მნიშვნელოვან რეგიონულ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ და საზედამხედველო უწყებებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება, ემსჯელათ განხორციელებული რეფორმების შედეგებზე და ერთობლივად გამოეკვეთათ ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში შემდგომი განვითარების პრიორიტეტები. ფორუმის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა სამომავლო რეფორმების, პროფესიული თანამშრომლობისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების მიმართულებებიც განიხილეს.

