ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს, არასატარიფო კონტროლის სამმართველოს და საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო საავტომობილოს” თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციასა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ საველე-პრაქტიკულ სავარჯიშოში სახელწოდებით – „ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცულობა პირველი ხაზის ოფიცრებისთვის”.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირისა და „საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავდა, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას, ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ოპერაციული ღონისძიებების უწყვეტობის უზრუნველყოფას და ბიოლოგიური საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
აღნიშნული სიმულაციური სავარჯიშოს ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თეორიულ მეცადინეობებთან ერთად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიარეს პრაქტიკული სწავლება, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა, იმიტირებულ საველე პირობებში, საქართველოს საზღვარზე საშიში ინფექციური დაავადების მქონე ცხოველური საქონლის უსაფრთხო საბაჟო კონტროლის განხორციელება და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების მართვა/ზედამხედველობა.
სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები – ირაკლი თევდორაძე და ელგუჯა ბერანძე, ასევე სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი, ზურაბ კიკალია და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს უფროსი, ზურაბ მარშანია. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად სწავლებაში, ასევე მონაწილეობდნენ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.






