საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, მსოფლიოს ყველა ქვეყნის საზედამხედველო უწყებასთან ერთად, მიწვეულია კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფში, რომელიც იმუშავებს მზღვეველთა გადახდისუუნარობის საკითხებზე.
„UNIDROIT”-ის პროექტი მიზნად ისახავს სადაზღვევო ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ კანონმდებლებისა და პოლიტიკის შემმუშავებელთათვის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას.
პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადაზღვევო სექტორის ფინანსური მდგრადობის, მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და მზღვეველის გადახდისუუნარობის შემთხვევაში ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის საერთაშორისო ექსპერტები. პროცესში ასევე, ჩაერთვებიან საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები და დაზღვევის საზედამხედველო ორგანოები.
საქართველოს დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის მიწვევა აღნიშნულ საერთაშორისო სამუშაო ფორმატში მნიშვნელოვანი აღიარებაა სამსახურის ინსტიტუციური გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რომში, „UNIDROIT”-ის სათავო ოფისში. https://www.unidroit.org/
„UNIDROIT” კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციას. მისი მიზანია კერძო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო კომერციული და საფინანსო სამართლის სფეროებში სამართლებრივი წესებისა და პრინციპების ჰარმონიზაციისა და უნიფიკაციის ხელშეწყობა.


