2026 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს №381 დადგენილება “ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” (გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართისა – “ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ” − რომელიც ამოქმედდება 2031 წლის 1 იანვრიდან).
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ხორბლის შემოტანისა და გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ასევე ბაზარზე განთავსების ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამასთან, ადგენს მოთხოვნებს ხორბლისა და მაგარი ხორბლის მიმართ, ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, ბაზარზე განთავსების პირობებსა და შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ხორბლისა (Triticum aestivum L.) და მაგარი ხორბლის (Triticum durum Desf.) სხვადასხვა ჯიშზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე:
- ბაზარზე განთავსებული ხორბალი და მაგარი ხორბალი უნდა იქნეს ეტიკეტირებული;
- საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) დაშვებულია მხოლოდ ელევატორიდან, რომელსაც თან უნდა ახლდეს ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემულიდოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ ხორბალი და მაგარი ხორბლი შემოტანამდე განთავსებული იყო ელევატორში.
- საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დასაშვებია მხოლოდ დახურული ვაგონებით, ხორბალმზიდი ვაგონებით ან კონტეინერებით (ტანკერებით), რომელიც უზრუნველყოფს ხორბლისა და მაგარი ხორბლის დაცვას მწერების, ცხოველების, მათ შორის, მღრღნელების შეღწევისა და ტრანსპორტირების დროს დაბნევისაგან;
- საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, შესაძლებელია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ხორბლისა და მაგარი ხორბლის ტრანსპორტირებისას გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნეს გაუსნებოვნებული ყოველი დატვირთვის წინ, რაც ასახული უნდა იყოს ფიტოსანიტარიულ სერტიფაკატში ან დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაცემული დოკუმენტით.
საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე

