ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სათაო ოფისის ტექნიკური დახმარების მრჩეველთან, ჩენჰონგ ვანგთან და IMF-ის მიერ, მოწვეულ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტებმა წარმოადგინეს “საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის” (TADAT) მიზნები, ძირითადი ამოცანები და დაგეგმილი სამუშაო პროცესის მიმდინარეობა. შემოსავლების სამსახურში TADAT-ის ინსტრუმენტის გამოყენებით რიგით მესამე შეფასება 16 ნოემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა კრიტერიუმით განხორციელდება.
შეხვედრის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. გისურვებთ, ნაყოფიერ სამუშაო პროცესს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მუშაობა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
უწყებაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩიკვილაძე, ასევე IMF-ის ექსპერტები და სხვა პასუხისმგებელი პირები.


