მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებულ იქნა ნებართვის ახალი სახე – „საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა“.
ნებართვის ახალი სახის შემოღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მათ შორის:
- საერთაშორისო აზარტული ტურნირი განიმარტა, როგორც თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომლის მონაწილეების საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, იგი არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;
- საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებელი − წელიწადში 100 000 ლარს ოდენობით;
- კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვრა – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით;
- ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით;
- საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება;
- საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მქონე პირს ფიზიკური პირისთვის მოგების გადახდის შემთხვევაში ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
სრულად ცვლილებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
N 1904/5-VIმს-XIმპ – 28/10/2026 – საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

