მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ცვლილება შევიდა „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა „ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი“.
ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული აქტის ფორმა, რომელიც გავრცელდება 2026 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებულ შესყიდვებზე.
ელექტრონული აქტის გამოწერას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან (eservices.rs.ge) განახორციელებს პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვას.
აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტი მოიცავს იგივე ველებს, რომლებსაც შეიცავს შესყიდვის აქტის არსებული მატერიალური ფორმა. ამასთან, ელექტრონული შესყიდვის აქტი დამატებით ითვალისწინებს ინფორმაციას ანაზღაურების მდგომარეობის (სრულად ანაზღაურებულია, არ არის ანაზღაურებული ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია) და ანგარიშსწორების ფორმის (ნაღდი, უნაღდო ან შერეული) შესახებ, შესაბამისი თანხების მითითებით.
ელექტრონული შესყიდვის აქტი ექვემდებარება დადასტურებას შემდეგი სამი ალტერნატიული გზიდან ერთ-ერთის საშუალებით:
- გამყიდველის ტელეფონის ნომერზე მყიდველის მიერ გაგზავნილი SMS კოდით;
- შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გამყიდველის მიერ დადასტურებით;
- მყიდველის მიერ გამყიდველის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ბმულის გააქტიურებით.
გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია საქონლის შესყიდვის ოპერაციის განხორციელების დღიდან მომდევნო თვის ბოლომდე, ხოლო გამყიდველის მიერ დოკუმენტის დადასტურება შესაძლებელია ოპერაციის განხორციელების დღიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
ამასთან, 2026 წლის 1 დეკემბრიდან ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 271 და 31-ე მუხლებში შეტანილი ცვლილების თანახმად (ფინანსთა მინისტრის 2026 წლის26 ოქტომბრის ბრძანება N332), ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ელექტრონული ფორმით გამოწერილი შესყიდვის აქტი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება იხილეთ ბმულზე:
ფინანსთა მინისტრის ბრძანების ცვლილება იხილეთ ბმულზე:

