ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდთან (IFRS Foundation) თანამშრომლობით, 11 ნოემბერს მეათე ყოველწლიური საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის დროული და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში არსებულ სიახლეებსა და ცვლილებებზე, რაც ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრმა ბრიუს მაკენზიმ შეხვედრის პირველ ნაწილში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) განახლებები მიმოიხილა, მეორე ნაწილში კი ტექნიკური გუნდის წევრმა მიშელ სანსომმა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტში (მსს ფასს) შეტანილი ცვლილებები წარადგინა. ორივე პრეზენტაციას კითხვა-პასუხის სესია მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებები უშუალოდ მომხსენებლისგან მიეღოთ.
შეხვედრა განკუთვნილი იყო აუდიტორებისთვის, აუდიტორული ფირმებისა და იმ საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებას ფასს სტანდარტების ან მსს ფასს სტანდარტის შესაბამისად ამზადებენ.
ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ უახლესი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებების შესახებ, რაც ხელს უწყობს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.


