2019 წლიდან საქართველოში წლიური ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარდგენა სავალდებულოა ყველა ზომითი კატეგორიის საწარმოსთვის. წარდგენილი ანგარიშგებები საჯაროვდება ანგარიშგების პორტალზე (Reportal.ge). წარდგენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია და საშუალოდ, 95%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს წლიური ანგარიშგებების წარდგენის პროცესში არსებული დისციპლინის გაუმჯობესებას. 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების ციფრული ბაზა უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაბამის ბმულზე, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ ფინანსური ინფორმაცია, როგორც ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, ასევე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.
ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანგარიშგებების ხარისხს. მსხვილი საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები სიღრმისეულად იქნა განხილული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. აღნიშნული პროცესის ფარგლებში დაფარულ იქნა მსხვილი საწარმოების 20%. შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშგებების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.
ამასთან, სამსახური სისტემურად ახორციელებდა საწარმოთა მხარდაჭერასა და ინფორმირებას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების გზით. 2025 წელს SARAS-მა რეგიონული შეხვედრების ციკლი ორჯერ გამართა, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი პრაქტიკა მანამდე არ არსებობდა. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ინფორმირების გაძლიერებას, არამედ ანგარიშგების ადრეული წარდგენის პრაქტიკის წახალისებასა და ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესებას.
სდპ-ებისთვის, I და II კატეგორიის საწარმოებისთვის, აუდიტის ჩატარება სავალდებულოა. აუდიტის ხარისხი თავის მხრივ ექვემდებარება სისტემურ კონტროლს. რეფორმის დაწყებიდან, წლევანდელი მაჩვენებლის გათვალისწინებით, აუდიტის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგებით, აუდიტიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, დაფარულია ბაზრის 98%. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის მანძილზე, სდპ ფირმებისთვის ორი მნიშვნელოვანი წესი შემუშავდა, „საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი“ და „აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესი“. ასევე, აღსანიშნავია, რომ სამსახური აგრძელებს აუდიტის პროფესიასთან პერიოდულ შეხვედრებს ცნობიერების ამაღლების მიზნით. მიმდინარე წელს დამატებით გაიმართა შეხვედრები სდპ ფირმებთან.
ფინანსური ანგარიშგებებისა და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა ქმნის სანდო და ინფორმაციულ საფუძველს, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
საბუღალტრო და აუდიტორულ სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა ემსახურება გამჭვირვალობას და AML/CFT კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას. SARAS-მა 2025 წელს ამ მიმართულებით გააძლიერა საზედამხედველო ღონისძიებები, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისას წარმოშობილი საჭიროების შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების პროცესი დახვეწილია/განვითარებულია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ანგარიშვალდებული პირების ყოველწლიური განგრძობით განათლების მიზნებისთვის სამსახურმა აღიარა და შეათანხმა განგრძობითი განათლების მომსახურების 8 მიმწოდებელი და 10 სასწავლო კურსი. ანგარიშვალდებულ პირთა ინფორმირების მიზნით გაიმართა არაერთი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან AML/CFT რეფორმა გადადის ახალ ეტაპზე და სამსახური იწყებს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების დისტანციურ ან/და ადგილზე შემოწმებას. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესებზე, ვადებსა და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე. აღნიშნული ანგარიშგების წარდგენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალურად ვალდებულების შესრულების მიზნებისთვის, არამედ ემსახურება AML/CFT სისტემის ეფექტიანობის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებას.
ასევე, დამტკიცდა სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, რის მიხედვითაც, ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან გაუსვლელად, სამსახურის ვებგვერდზე არსებული მეილების ელექტრონულ სისტემაში დადგენილი წესით წერილობითი განცხადების ფაილის წარდგენის გზით, მოითხოვოს და მიიღოს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ სამსახური ჩართული იყო და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებსა და ღონისძიებებში, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და მისი ეროვნულ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
2025 წელი ასევე გარდამავალი ეტაპია სტრატეგიული დაგეგმვის თვალსაზრისით. სამსახურმა დაიწყო მუშაობა 2026-2030 წლების სტრატეგიაზე, რომელიც დაეფუძნება დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ შედეგებსა და გამოვლენილ გამოწვევებს. ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს მიმდინარე რეფორმის შემდგომ განვითარებას, ანგარიშგების ხარისხისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას და რეფორმების შემდეგი ეტაპების თანმიმდევრულ განხორციელებას.
ათწლიანი საქმიანობის შედეგად SARAS აგრძელებს საქმიანობას, როგორც გამჭვირვალობაზე ორიენტირებული ზედამხედველი, საზოგადოებრივ ინტერესზე ორიენტირებული ინსტიტუცია.
ამ და სხვა მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სამსახურის 2025 წლის ანგარიშში წარმოვადგენთ.
სამსახური მადლობას უხდის თითოეულ ჩართულ მხარეს, მის კოლეგებს, მხარდამჭერებს და დაინტერესებულ მხარეებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რომლებიც დაწყებული რეფორმის მნიშვნელობას იზიარებენ, აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტში და ამგვარად, გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეაქვთ წვლილი, რაც ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
2026 წელს სამსახურს დაარსებიდან 10 წელი უსრულდება, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ინსტიტუციურ იუბილეს, არამედ ათწლიანი სისტემური მუშაობის შედეგს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების, აუდიტისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. სლოგანით „გამჭვირვალობის 10 წელი“ სამსახური აჯამებს იმ ინსტიტუციურ გზას, რომელიც დაარსებიდანვე ეფუძნება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ხარისხზე ორიენტირებულ რეგულირებას და რომლის ფარგლებში ხორციელდება აღნიშნული პრინციპების თანმიმდევრული ინსტიტუციური რეფორმა.
სამსახური გილოცავთ დამდეგ ქრისტეს შობის დღესასწაულს და ახალ 2026 წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას!

