Homeინტერვიუინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

Published on

spot_img

პაატა შურღაია – დაიბადა 1987 წლის 19 აგვისტოს, ქ. ფოთში.

განათლება

2004-2008 წლები – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი, ფინანსები.

2009-2010 წლები – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (MA).

2014-2015 წლები – კარდიფის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი (Cardiff Metropolitan University), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) – ლონდონის კამპუსი, კორპორაციული ფინანსები.

2022-2026 წლები – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფილოსოფიის დოქტორი.

2023 წელი – პროექტების მართვის მენეჯერი | PMP® სერტიფიცირებული (PMI, აშშ).

2024 წელი – იაპონური კორპორაციული მენეჯმენტის უფროსი აღმასრულებლის პროგრამა, საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობისა და მდგრადი პარტნიორობების ასოციაცია (AOTS), ტოკიო, იაპონია.

2025 წელი – დისციპლინირებული მეწარმეობის (Disciplined Enterpreneurship) ტრენერების გადამზადების კურსი (ToT), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ.

სამუშაო გამოცდილება

2008-2014 წლები – BDO, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის მენეჯერი (გადასახადები, აღრიცხვა და ხელფასების ადმინისტრირება).

2014-2015 წლები – გლობალური აუთსორსინგის (GO) მენეჯერი – მივლინებული (Seconded), BDO UK LLP.

2015 წელი – ფილიალის ხელმძღვანელი, BDO საქართველო.

2015-2018 წლები – მოწვეული ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2017 წლიდან დღემდე – ასოცირებული პროფესორი / ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) ფინანსების მოდულის ხელმძღვანელი, SEU – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

2017-2018 წლები – მოხალისე პედაგოგი, Junior Achievement საქართველო, ბიზნესისა და მეწარმეობის საბაზისო უნარების სწავლება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

2019-2020 წლები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო.

2023-2025 წლები – უმაღლესი განათლების ფინანსური სექტორული საბჭოს წევრი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სრული განაკვეთით, თბილისი, საქართველო.

2019-2021 წლები – გენერალური დირექტორი Empire Metals Ltd, თბილისი/ლონდონი:

AIM-ლისტინგის მქონე კომპანიის (LON: EEE) ქართული პროექტის ხელმძღვანელობა;

ბოლნისის სპილენძისა და ოქროს პროექტის (860+ კვ.კმ) ოპერაციული მართვა;

50%-იანი მონაწილეობა JSC Georgian Copper & Gold-ში;

საძიებო პროექტების (ქვემო ბოლნისი, წითელი სოფელი) განვითარება ტეთიანის სარტყელში.

2016-დან დღემდე – შპს „გრანთ თორნთონ”-ის მმართველი პარტნიორი.

ბატონო პაატა, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი პროფესიული გზა?

– ქალაქ ფოთში დავიბადე, 1987 წელს – ძალიან საინტერესო, ისტორიულ და გამორჩეულ გარემოში, რომელმაც ჩემს ჩამოყალიბებაზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. დავამთავრე ფოთის პირველი საჯარო სკოლა, სადაც გამორჩეული კლასელები და ძლიერი სასწავლო გარემო მყავდა, რაც სწავლისადმი ინტერესს კიდევ უფრო მიმძაფრებდა.

მე-11 კლასში ყოფნისას ნაწილობრივ უკვე თბილისში ვცხოვრობდი, რადგან ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო – 2005 წელს პირველად ჩატარდა ეროვნული გამოცდები და ეს, ბუნებრივია, ძალიან ახალ და საინტერესო რეალობას ქმნიდა. სწორედ ამ პროცესის შედეგად ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.

იმ პერიოდში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაერთიანებული პროგრამა მოქმედებდა და სპეციალიზაციის არჩევა მესამე კურსზე ხდებოდა. სწორედ მაშინ ავირჩიე ჩემი ძირითადი მიმართულება – აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი. ამ ეტაპზე უკვე გაცილებით უკეთ მესმოდა, რას მოიცავდა ეს პროფესია და რა შესაძლებლობებს მაძლევდა.

ზოგადად, პროფესიის არჩევაზე ყოველთვის გავლენას ახდენს როგორც გარემო, ისე ადამიანები. ჩემს შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ოჯახმა ითამაშა – დედაჩემი მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მსხვილ საწარმოში მთავარი ბუღალტერი იყო და სწორედ ამან იქონია გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზე.

მიუხედავად ამისა, სკოლაში ყოველთვის მაინტერესებდა არა მხოლოდ ზუსტი მეცნიერებები – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, არამედ ისტორიაც. თანაც, ძალიან მიზიდავდა ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დი პლომატია. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზეც. საბოლოოდ არჩევანი აუდიტსა და ფინანსურ სფეროზე შევაჩერე, თუმცა დღემდე მიმაჩნია, რომ სხვა გზაც არანაკლებ საინტერესო იქნებოდა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც ჩემი ინტერესები საკმაოდ ფართო იყო. განსაკუთრებით მიზიდავდა ეკონომიკური თეორიები, საგადასახადო პოლიტიკა და ზოგადად მმართველობის სისტემები. სწორედ ამიტომ სწავლა გავაგრძელე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში – GIPA-ში, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი საჯარო მმართველობას და ეს ეტაპი ჩემთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდა.

2013 წელს სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში წავედი, სადაც კორპორაციული ფინანსების მიმართულებით მაგისტრატურა გავიარე. ვსწავლობდი ლონდონსა და კარდიფში – პირველი ორი სემესტრი ლონდონში, ხოლო სამაგისტრო ნაშრომი კარდიფის უნივერსიტეტში, უელსში დავიცავი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ჩემი პროფესიული ხედვა კიდევ უფრო გააფართოვა.

თქვენი პირველი სამსახური რა იყო?

– ყოველთვის აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში ვმუშაობდი, თუმცა ჩემი კარიერა უფრო ბიზნესკონსალტინგის მიმართულებით განვითარდა, ვიდრე უშუალოდ აუდიტში.

2008 წელს სტაჟირება დავიწყე BDO-ში. უნივერსიტეტიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები გაგვაგზავნეს. დაახლოებით 30 სტუდენტი ვიყავით, საიდანაც საბოლოოდ ნაწილის შერჩევა მოხდა და სხვადასხვა მიმართულებით გადაგვანაწილეს. ჩემი მიმართულება ბიზნესკონსალტინგი იყო, კერძოდ ბიზნეს-სერვისები და აუთსორსინგი.

ამ კომპანიაში ექვსი წელი ვიმუშავე თბილისის ოფისში და დაახლოებით ერთი წელი – დიდი ბრიტანეთის ოფისში. საერთაშორისო კომპანიებს აქვთ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა, რომელსაც secondment ეწოდება – თანამშრომლის დროებითი მივლინება სხვა ქვეყნის ოფისში. ამ დროს ადამიანი სხვა პროფესიულ გარემოში მუშაობს, განსხვავებულ გამოცდილებას იღებს და შემდეგ ამ ცოდნას საკუთარ ქვეყანაში აბრუნებს.

იმ პერიოდში ეს პროგრამა ახალი დაწყებული იყო და, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. სასწავლებლად წასვლის პარალელურად, BDO-ს საქართველოს ოფისიდან ჩავერთე secondment-ის პროგრამაში და გარკვეული პერიოდი ლონდონის ოფისშიც ვიმუშავე. შეთანხმების თანახმად, ვადის დასრულების შემდეგ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი და მიღებული გამოცდილება ადგილობრივ გუნდთან გამეზიარებინა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო იმ ორგანიზაციული კულტურის, პროფესიული ეთიკისა და სამუშაო სტანდარტების გაზიარება, რომლებიც ბრიტანულ ოფისში ვიხილე. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კვლავ BDO-ში ვმუშაობდი და პარალელურად კომპანიის ერთ-ერთ რეგიონულ ოფისსაც ვხელმძღვანელობდი.

შემდეგ გადავედი კონკურენტ აუდიტურ კომპანიაში – „გრანთ თორნთონში”, ბიზნეს-პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამან იმ დროისთვის საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუ ბრიტანული ფეხბურთის ანალოგიას გამოვიყენებთ, ეს დაახლოებით ისეთი გადასვლა იყო, როგორიც ფეხბურთელის გადასვლა „მანჩესტერ სიტიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში”. ბუნებრივია, ამას გარკვეული ემოციური ფონი ახლდა, რადგან ჩემი ცოდნა და გამოცდილება აღმოჩნდა კომპანიის ხელში, რომელიც BDO-ს პირდაპირი კონკურენტი იყო როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.

„გრანთ თორნთონში” გადასვლა ემოციური ან სპონტანური გადაწყვეტილება არ ყოფილა. BDO-ში არაერთი საუბარი მქონდა იმის შესახებ, რომ ცვლილებისთვის მზად ვიყავი. მიზეზიც საკმაოდ პრაქტიკული იყო – როდესაც კომპანია ძალიან იზრდება, პროცესები, გადაწყვეტილებები და შიდა ბიუროკრატია ხშირად ანელებს ტრანსფორმაციას. იმ ეტაპზე მე მინდოდა გარემო, სადაც ცვლილებებს უფრო სწრაფად და მოქნილად შევძლებდი, და სწორედ ამიტომ გადავედი იქ, სადაც ეს რეალურად შესაძლებელი იყო.

2016 წლის დასაწყისში „გრანთ თორნთონში“ აღმოვჩნდი და უკვე ათი წელია, რაც აქ ვმუშაობ. კარიერა მენეჯერის პოზიციიდან დავიწყე, შემდეგ გავხდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-მმართველი პარტნიორი ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ბოლოს კი – მმართველი პარტნიორი. ამ პოზიციაზე უკვე ორი წელია ვმუშაობ და დღეს საქართველოში „გრანთ თორნთონის" ოფისს ვხელმძღვანელობ, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს.

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში რა სირთულეებს აწყდებით თქვენ და თქვენი აუდიტური კომპანია პროფესიულ საქმიანობაში და როგორ პასუხობთ ამ გამოწვევებს?

– გამოწვევები ნამდვილად მრავალფეროვანია. პირველ რიგში, ბაზარზე მოთამაშეთა კონცენტრაცია მაღალია. ამავდროულად, სერვისებსა და პროფესიულ მომსახურებაზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია, რაც ქმნის ძალიან კონკურენტულ გარემოს. შესაბამისად, დღეს გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა რეგულირებას უკავშირდება. ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ჩვენი სფერო რეგულირებადია და არსებობს ზედამხედველობის სამსახური – SARAS, რომლის მოთხოვნების შესაბამისადაც მომსახურების ხარისხი მაღალ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. ხარისხის შემოწმებას რეგულარულად გავდივართ და ვცდილობთ, ყველა მოთხოვნას სრულად ვუპასუხოთ.

გარდა ამისა, 2016 წლის რეფორმის შემდეგ ბაზარიც სხვაგვარად რეაგირებს. თუ ადრე გადამწყვეტი ფაქტორი უმეტესად ფასი იყო, დღეს ფასთან ერთად უკვე ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს, რეპუტაციას და იმ ნდობას, რომელსაც კომპანია ბაზარზე წლების განმავლობაში აშენებს.

მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა ადამიანური კაპიტალია. ახალი თაობისთვის სამუშაო ბაზარზე გაცილებით მეტი ალტერნატივა არსებობს, ვიდრე ადრე. თუ ადრე აუდიტი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ სფეროდ ითვლებოდა, დღეს ასეთი მოცემულობა აღარ გვაქვს. ამიტომ კომპანიებს გვიწევს არა მხოლოდ სამუშაო ადგილის შეთავაზება, არამედ პროფესიული განვითარების რეალური პერსპექტივის, სწავლის კულტურისა და საინტერესო გარემოს შექმნა.

ამას ემატება ხელოვნური ინტელექტიც და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებაც, რაც ერთდროულად გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც. თუ ადრე მთლიანად საქართველოს ბაზარზე ვიყავით კონცენტრირებული, დღეს, როგორც საერთაშორისო ქსელის ნაწილი, უკვე გვაქვს საშუალება, ჩვენი სერვისები სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ. ამიტომ მე ამას ერთგვარად ორმაგ ეტაპად ვხედავ – რთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან პერსპექტიული.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ეს სფერო შედარებით ნაკლებად საინტერესოა. კადრების დეფიციტი ადრეც არსებობდა – ახლა როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

– გამოწვევა ნამდვილად სერიოზულია. საერთაშორისო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში ახალი კადრების დენადობა უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ხუთი წლის წინ იყო. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ერთი მხრივ, ეს პოზიტიურიც არის – ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია და ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. კონკურენციას მხოლოდ აუდიტორული კომპანიები არ ვუწევთ ერთმანეთს, ამ ბრძოლაში უკვე სხვა სექტორებიც აქტიურად არიან ჩართული. მეორე მხრივ, ეს ქმნის სირთულეს, რადგან შესაძლოა კონკრეტული თანამშრომლის განვითარებაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო, და ის რამდენიმე თვეში სხვა გარემოში გადავიდეს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კადრების განვითარებაზე უარი უნდა ვთქვათ – პირიქით. ჩვენთვის პროფესიონალების მომზადება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. კონკურენტ კომპანიებთანაც კი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ერთიანი პროფესიული ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც კადრების გადამზადებასა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთანაც, რათა სტუდენტებისა და ბიზნესის დაახლოება უფრო მარტივი გახდეს. ამასთანავე, შევქმენით შიდა აკადემია, სადაც წელიწადში რამდენჯერმე ვატარებთ ტრენინგებს. თითოეულ ნაკადში დაახლოებით 30-მდე მონაწილეს ვიღებთ, რომლებიც გადამზადების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდებიან. სასწავლო პროცესი 1-3 თვემდე გრძელდება და ახალ თანამშრომლებს პროფესიულ ადაპტაციას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს იძლევა – გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ბაზრის მოთხოვნები და პრაქტიკული მეთოდოლოგიები სასწავლო პროცესშიც აისახოს. როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში უკვე იმ მიდგომებს ეცნობა, რაც რეალურ სამუშაო გარემოშია საჭირო, შემდეგ სტაჟირება და პროფესიულ საქმიანობაში ჩართვაც გაცილებით ბუნებრივად და ეფექტიანად ხდება.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით ხშირად ისმის კრიტიკა. რამდენად ახერხებთ უნივერსიტეტებიდან თქვენთვის საჭირო კადრების მიღებას, თუნდაც მათ შემდგომი გადამზადება სჭირდებოდეთ?

– ხარისხთან დაკავშირებული კრიტიკა ყოველთვის მისაღებია – არა მხოლოდ უნივერსიტეტების, არამედ ნებისმიერი სისტემის მიმართ. ზოგადად, ჯანსაღი კრიტიკა ეხმარება ბაზარს, რომ მოთხოვნა და მიწოდება მეტად დაბალანსდეს და სწორად განვითარდეს.

თუ ამ საკითხს უნივერსიტეტის პერსპექტივიდან შევხედავთ, მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე მსხვილ დამსაქმებელთან ნამდვილად არსებობს. ყოველი სემესტრის შემდეგ ფასდება, რა ტიპის მოთხოვნებია ბაზარზე, და ამ მიგნებების საფუძველზე სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ცვლილებები შედის. ეს უწყვეტი პროცესია და ბუნებრივია, სრულყოფილ შედეგს ერთ ეტაპზე ვერასდროს მივიღებთ, რადგან ბიზნესი მუდმივად იცვლება და ახალ მოთხოვნებს აჩენს.

ამასთან, ამ პროცესში მხოლოდ უნივერსიტეტი არ მონაწილეობს. მნიშვნელოვანი როლი თავად ადამიანურ ფაქტორსაც აქვს. დღეს პროფესიის შეცვლა ბევრად უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ადრე. ახალ თაობას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში სცადოს, სანამ საბოლოოდ იმ მიმართულებას იპოვის, რომელიც მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის მთავარი ამოცანა მხოლოდ პროფესიული ცოდნის გადაცემა არ უნდა იყოს. უნივერსიტეტმა, პირველ რიგში, პიროვნებები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები უნდა ჩამოაყალიბოს. ეს მხოლოდ საშუალო განათლების ამოცანა არ არის – უმაღლეს განათლებასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

რა თქმა უნდა, პროფესიული დისცი პლინები აუცილებელია, განსაკუთრებით დამამთავრებელ კურსებზე, მაგრამ მხოლოდ პროფესიის ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, როგორ ვითარდება ბიზნესი, როგორია მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი და როგორ რეაგირებს მსოფლიო მიმდინარე ცვლილებებზე. უნივერსიტეტმა უნდა შექმნას ძლიერი საფუძველი, ხოლო ბიზნესმა ამ საფუძველზე პროფესიონალის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. პრაქტიკა ამ პროცესში გადამწყვეტია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ აუდიტის ბაზარზე კონკურენცია მაღალია. ამასთან, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ბაზრის დიდი ნაწილი ე.წ.„დიდ ოთხეულს“ უკავია. თქვენი აზრით, ეს დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?

– თუ საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2016 წლის რეფორმის შემდეგ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა დასაქმება, ანგარიშგებების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სფერო განვითარებას განაგრძობს.

როგორც ნებისმიერ ტენდენციას, ამასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დადებითი ის არის, რომ ბაზრის კონცენტრაცია გლობალურ მოთამაშეებსა და მსხვილ საერთაშორისო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში მიიღონ იმ დონის სერვისი, რომელსაც ისინი სხვა ქვეყნებშიც ეჩვევიან. ეს ნდობის ფაქტორისთვის მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, ბაზარზე არიან კომპანიებიც, რომლებსაც ამ მასშტაბის რესურსი არ აქვთ ან არ სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშეების არსებობა, როგორიც ჩვენ ვართ – კომპანიები, რომლებიც მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ უფრო ფართო და მრავალფეროვან სეგმენტს.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხარისხობრივი ზრდა. თუ რეფორმის პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანა ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია იყო, ახლა უკვე უფრო ღრმა ეტაპზე გადავდივართ – ამ მოთხოვნების შინაარსობრივი მნიშვნელობის გააზრებაზე. ბიზნესიც დღეს ბევრად უკეთ ხედავს, რა სარგებელი მოაქვს ინფორმაციის გამჭვირვალობას, საჯაროობას და ხარისხიან ანგარიშგებას. ადრე ეს ხშირად მხოლოდ ფორმალურ ვალდებულებად აღიქმებოდა, დღეს კი უკვე ღირებულების ნაწილად იქცევა.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის პროცესში აუდიტურმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეთ. განვითარების რა ეტაპზეა ახლა პროფესია და რა არის კიდევ გასაკეთებელი?

– ვფიქრობ, ზედამხედველობის სამსახურმა რეფორმის პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით გაიარა. ჩემი რეკომენდაციების ნაწილი ამ ეტაპზე უფრო საოპერაციო ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული.

შემდეგ ეტაპზე დღის წესრიგში შემოდის ის მიმართულებები, რომლებიც უკვე ეტაპობრივად ინერგება ევროპაში და რომელთა საქართველოშიც დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ანგარიშგების გაციფრულება. ჩემი აზრით, ეს პროცესი უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო. თუ რამდენიმე წლის წინანდელ სტრატეგიულ დოკუმენტებს გადავხედავთ, ეს საკითხი მაშინაც აქტუალური იყო.

ანგარიშგების გაციფრულება მნიშვნელოვნად გაამარტივებს როგორც ინფორმაციის მიწოდებას, ასევე მასზე წვდომას. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკის ნორმების გაძლიერება და ეთიკის კოდექსის სრულფასოვანი დანერგვა – ეს საკითხიც უკვე მუშაობის პროცესშია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ESG-ის – გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების – განვითარებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ზოგან ეს თემა შესაძლოა ნაკლებად აქტიურად განიხილებოდეს, ევროპა ისევ მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, საქართველოში ESG-ის საკითხები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. ეს ტექნოლოგია უკვე შეეხო ტრადიციულ პროფესიებს, მათ შორის აუდიტსაც. საერთაშორისო სტანდარტების დონეზეც მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი რეგულაციებისა და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის მეორე და მესამე ტალღები უფრო სწრაფად დაუახლოვდეს საერთაშორისო პრაქტიკას.

უკვე დაიწყო თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თქვენს პროფესიაში?

– დიახ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია – უბრალოდ სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვა ეტაპზეა. მაგალითად, გასულ წელს „გრანთ თორნთონმა” გლობალურ დონეზე Microsoft Copilot-თან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაიწყო და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში Copilot-ის სისტემებიც ეტაპობრივად ინერგება.

დღეს უკვე Copilot-ის პრემიუმ ვერსიებით ვსარგებლობთ, თუმცა საერთაშორისო ქსელში შემავალი სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი საჭიროებების მიხედვით, სხვადასხვა საოპერაციო პროცესშიც ნერგავს. ეს პროცესი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მომავალში მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება.

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს მომავალში აუდიტორების საქმიანობის ნაწილობრივ ჩანაცვლება?

– ამ თემაზე დღეს ძალიან ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს. ხშირად საუბრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანის კონკურენტად იქცეს, მაგრამ მე მას უფრო ინსტრუმენტად აღვიქვამ, ვიდრე შემცვლელად.

თუ 30-40 წლით უკან დავბრუნდებით და გავიხსენებთ, როგორ მუშაობდა ინდუსტრია კომპიუტერებისა და რობოტიზაციის გარეშე, შემდეგ კი ამ რეალობას დღევანდელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მსგავსი მასშტაბის გარდატეხასთან გვაქვს საქმე. პროცესები, რომლებიც ადრე დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვდა, დღეს გაცილებით სწრაფად სრულდება.

შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში ეფექტიანობის გაზრდის საშუალებაა. ის აჩქარებს პროცესებს, ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას იძლევა, ერთი და იგივე სამუშაო უფრო მცირე გუნდმაც შეასრულოს. თუმცა ეს არ აუქმებს ადამიანურ როლს – პირიქით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის განსჯას, პასუხისმგებლობას, პროფესიულ სკეპტიციზმს და ეთიკას.

თანამედროვე ბიზნესისთვის AI-ის დანერგვა უკვე აუცილებლობად იქცა, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მონაცემთა უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, გამჭვირვალობა და ეთიკური სტანდარტები. ამიტომ ტექნოლოგიურ განვითარებას შესაბამისი რეგულაციებიც უნდა მიჰყვებოდეს.

ბევრი საუბარია პროფესიულ ეთიკაზე -რამდენად ფართოდ ან ვიწროდ უნდა განიმარტოს ის და რამდენად მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს?

– ეთიკის ნორმები უმნიშვნელოვანესია. პროფესიულ საქმიანობაში ეთიკა, ფაქტობრივად, ადამიანის შიდა კონსტიტუციაა – ის განსაზღვრავს, რამდენად პასუხისმგებლიანად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად ასრულებს ადამიანი საკუთარ საქმეს.

რეგულაციები აუცილებელია, რადგან ისინი ქმნის ჩარჩოს და ვალდებულებებს, თუმცა მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის. ეთიკური პრინცი პები ორგანიზაციული კულტურის ნაწილად უნდა იქცეს, რაც გაცილებით ხანგრძლივ და სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს.

პროფესიულმა ორგანიზაციებმა და თავად ბიზნესმაც აქტიურად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. ეთიკა მოიცავს ინტერესთა კონფლიქტის მართვას, პროფესიული კომპეტენციის განვითარებას, ინფორმაციის დამუშავების სტანდარტებს და სხვასაც. ზოგიერთ ორგანიზაციაში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ზოგან კი უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.

ჩვენ, როგორც კომპანია, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ როგორც ტექნოლოგიურ განვითარებაში, ისე ეთიკური კულტურის გაძლიერებაში. ეს რთული, უწყვეტი და ინტენსიური პროცესია, რომელიც დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვისაც.

დღეს, ციფრული ეკონომიკის პირობებში, რა უნარები სჭირდება კარგ აუდიტორს?

– თუ ადრე მთავარი აქცენტი მხოლოდ პროფესიულ კომპეტენციაზე კეთდებოდა, დღეს ეს უკვე საკმარისი აღარ არის. რა თქმა უნდა, პროფესიული ცოდნა და ეთიკური სტანდარტები ისევ ფუნდამენტურია, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციის უნარებს – ისე, როგორც არასდროს.

ადრე აუდიტორი ხშირად უფრო დამადასტურებელი როლის მქონე პროფესიონალად აღიქმებოდა და ნაკლებად – მრჩევლად. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. ციფრული ეკონომიკისა და სწრაფად ცვალებადი ბიზნეს-გარემოს პირობებში მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორს ესმოდეს, როგორ იქმნება და ვითარდება ბიზნესი, როგორ ფუნქციონირებს ის საბაზრო ეკონომიკაში და რა გავლენას ახდენს მასზე გარე ფაქტორები.

ამიტომ თანამედროვე აუდიტორს სჭირდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ბიზნესის მართვის პროცესების, ბაზრის ლოგიკისა და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების გააზრების უნარიც. სწორედ ამ მრავალშრიან ხედვაშია დღეს ძლიერი პროფესიონალის მთავარი უპირატესობა.

თქვენი დაკვირვებით, რა შეცდომებს უშვებენ ან რა უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოს კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებისას?

– საერთაშორისო სტანდარტები, ფაქტობრივად, ბიზნესის საერთო ენაა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ფინანსური ანგარიშგება ჯერ კიდევ მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით მზადდება – იმისთვის, რომ ფორმალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. შინაარსობრივი და ხარისხობრივი მნიშვნელობა კი ყოველთვის სათანადოდ გააზრებული არ არის, როგორც ბიზნესის, ისე ზოგჯერ აუდიტორის მხრიდანაც.

აუდიტორის ერთ-ერთი მთავარი თვისება პროფესიული სკეპტიციზმია – ანუ უნარი მოვლენებს უფრო კრიტიკულად და ანალიტიკურად შეხედოს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკის ნაკლებობას მივიჩნევ.

შესაძლოა, ანგარიშგება ფორმალურად სრულად აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, მაგრამ ხშირად აკლია პასუხი მთავარ კითხვებზე: რას გვეუბნება ეს მონაცემები ბიზნესის რეალურ მდგომარეობაზე? როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია ბაზრის გამოწვევებსა და ტენდენციებს? რა სიგნალებს იძლევა მომავლისთვის? როდესაც მიზეზ- შედეგობრივი კავშირები ნაკლებად ჩანს, ანგარიშგების პრაქტიკული ღირებულებაც მცირდება.

რომელ პროექტს ან მიღწევას მიიჩნევთ თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვნად?

– შესაძლოა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დავასახელო, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფო დონეზეც განხორციელდა საქართველოში. თუმცა ჩემთვის კონკრეტულ პროექტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პროცესი – პროცესი, როდესაც რაღაცას აშენებ, აყალიბებ და ავითარებ.

ამ პროცესში ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან – იცვლებიან კოლეგები, პარტნიორები, გუნდის წევრები. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად სწორედ ეს „მშენებლობის პროცესი” მიზიდავს: როდესაც განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ქმნი და აყალიბებ იმ ღირებულებებს, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესს ან პროფესიას საფუძვლად უდევს. ჩემთვის, ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაც – არა ერთი კონკრეტული პროექტი, არამედ ის, რომ მექმნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო მნიშვნელოვანი სისტემებისა და გუნდების ჩამოყალიბებაში.

რა გეგმები გაქვთ მომავალში, როგორც პროფესიონალს? ხომ არ ფიქრობთ სხვა საქმიანობის შეთავსებას ან საჯარო სამსახურში გადასვლას?

– რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პროფესიონალების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს გასატარებელი. ამიტომ ვფიქრობ, თითოეული პროფესიონალის პასუხისმგებლობაა, შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სახელმწიფოსაც მოახმაროს.

ჩემი კარიერა დღემდე მთლიანად კერძო სექტორში ვითარდებოდა. საჯარო სამსახურიდან არ მოვსულვარ და პროფესიული უნარებიც სწორედ ბიზნესგარემოში ჩამომიყალიბდა. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შეცდომებიც ყოფილა, მაგრამ სწორედ ამ შეცდომების გააზრება და მიღებული გამოცდილებაა ის, რაც მომავალში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ჩემი კარიერის ერთ-ერთი ეტაპი შესაძლოა საჯარო სექტორსაც დაუკავშირდეს. ზუსტად როდის და როგორ – ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მივიღე, საბოლოოდ ქვეყნის განვითარებასაც უნდა მოხმარდეს.

და ბოლოს, თქვენი ჰობი რა არის? გვსმენია, რომ ბევრს მოგზაურობთ და ასევე კარგად ცეკვავთ.

– დიახ, მოგზაურობა ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც მოგზაურობა განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ხდება – ასეთ დროს არა მხოლოდ ახალ ადგილებს ეცნობი, არამედ ადამიანების განსხვავებულ გამოცდილებას, ხედვასა და ღირებულებებსაც. ჩემთვის ეს ყოველთვის ცოდნის გაცვლის პროცესია.

ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ბუნებასთან ურთიერთობა და მეგობრებთან დროის გატარება. ასევე მიზიდავს კულინარია – მეგობრებთან ერთად ხშირად ვაწყობთ კულინარიულ საღამოებს. ამ თვალსაზრისით, მოგზაურობაც ჩემთვის კულტურების გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არა მხოლოდ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, არამედ მათ კულინარიულ სამყაროსაც ეცნობი.

ყველაზე მეტად მაინც ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს – სხვადასხვა გარემოში, განსხვავებული ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებთან. ვიღაცასთან ეს შეიძლება კულინარია იყოს, ვიღაცასთან – სპორტი, სხვასთან – პროფესიული დისკუსია ან წიგნები. სწორედ ეს მრავალფეროვნება არის ის, რაც ჩემთვის ცხოვრებას საინტერესოს ხდის.

რაც შეეხება ცეკვას, ერთ დროს პროფესიულ დონეზე ვცეკვავდი ქართულ ნაციონალურ ბალეტში და 11 წლის განმავლობაში მოცეკვავე ვიყავი. იყო პერიოდი, როცა სერიოზულად ვფიქრობდი, რომელ გზას გავყოლოდი – ცეკვას თუ ბიზნესს. საბოლოოდ არჩევანი ბიზნესზე შევაჩერე, რადგან მიმაჩნდა, რომ ამ სფეროში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი. თუმცა ცეკვა მაინც დარჩა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან და ძვირფას ნაწილად.

ესაუბრა ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება,..

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით – 2025

2025 წელს საქართველოში1 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი...

ინტერვიუები

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში

ინტერვიუ საქართველოს ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტ ტატა ბერიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2025 წლის დეკემბრის №12(312)-ში