Homeააფ-მედიაინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

Published on

spot_img

ერეკლე პირველი – დაიბადა 06.06.1990 წ. თბილისში.

განათლება

2017-2018 – პოსტდოქტორანტურა, ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (LMU), მიუნხენი, გერმანია, ფინანსური ეკონომეტრიკა;

2016-2017 – პოსტდოქტორანტურა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT), აშშ, ფინანსები და ბუღალტერია;

2011-2015 – დოქტორანტურა (Magna Cum Laude), ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, ფინანსები და ბუღალტერია, დისერტაცია: „ფინანსური ანგარიშგების ხარისხი: პირველი დაკვირვება საქართველოს საფონდო ბირჟიდან”;

2011-2013 – MBA-ის კურსები, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია და თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), საქართველო, „საბუღალტრო აღრიცხვა და ეკონომიკა”;

2007-2011 – BBA – (GPA 3.98 / 4.0), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველო, „საბანკო საქმე და ფინანსები”.

აკადემიური სამუშაო გამოცდილება

2019-დან პროფესორი (სრული) საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსებში, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

2023-დან კვლევითი ცენტრის დირექტორი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

2026-დან ასოცირებული რედაქტორი (Associate Editor), Journal of Financial Reporting and Accounting (Emerald, Scopus Q1, CiteScore: 12.2);

2017-2026 – მიწვეული მეცნიერი (Visiting Scholar) სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში: სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, MIT, აშშ; ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (LMU) მიუნხენში, გერმანია; კორვინუსის უნივერსიტეტი, უნგრეთი; მურსიის უნივერსიტეტი, ესპანეთი; ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია;

2015-2019 – ასოცირებული პროფესორი, უფროსი მკვლევარი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

2015 – ასისტენტ-პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, „საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსები”;

2011-2015 – სამეცნიერო მკვლევარი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, „ფინანსები და ბუღალტერია”.

პროფესიული სამუშაო გამოცდილება

2021-დან – მდგრადობის ანგარიშგების კომიტეტის ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA);

2024 – დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, კავკასიის ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

2019-2023 – უფროსის მოადგილე, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის მხარდაჭერის ფონდი;

2018-2024 – ფინანსური კონსულტანტი:

• PMCG საკონსულტაციო ჯგუფი;

• საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (SARAS ჯგუფი);

• მსოფლიო ბანკი, ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი, ვენის ჯგუფი, STAREP პროგრამა.

2016-2019 – სტიპენდიები (Fellowships):

• CERGE-EI, ჩეხეთის რესპუბლიკა (3 წელი), კარიერული ინტეგრაციის მკვლევარი;

• GIZ, CIMONLINE, გერმანია (2 წელი), დაბრუნებული ექსპერტი.

2010-2011 – სტაჟირებები:

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

• საქართველოს პარლამენტი, საბიუჯეტო დეპარტამენტი.

ჯილდოები:

• წლის საუკეთესო მეცნიერი 2024 და 2025 – კავკასიის უნივერსიტეტი;

• წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი 2021 – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

• წლის მეცნიერი 2020 – ფორბს საქართველო 30/30, კატეგორია: განათლება და მეცნიერება;

• Fulbright-ის პოსტ-სადოქტორო პროგრამის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული საქართველოდან.

აკადემიური მიღწევები:

მისი კვლევები დაბეჭდილია ისეთ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა:

• Sustainability Accounting, Management and Policy Journal (Emerald, H-Index 68, Scopus Q1, CiteScore: 11.3);

• Journal of Financial Reporting and Accounting (Emerald, H-Index 33, Scopus Q1, CiteScore: 12.2);

• Social Responsibility Journal (Emerald, H-Index 71, Scopus Q1, CiteScore: 9.5);

• Journal of International Accounting, Auditing and Taxation (Elsevier, H-Index 58, Scopus Q1, CiteScore: 5.5);

• International Journal of Auditing (Wiley, H-Index 42, Scopus Q1, CiteScore: 4.1);

• Journal of Accounting in Emerging Economies (Emerald, H-Index 37, Scopus Q1, CiteScore: 6.9);

• Applied Economic Analysis (Emerald, H-Index 22, Scopus Q1, CiteScore: 4.1).

მოზიდული სამეცნიერო გრანტები ხელმძღვანელის როლში (საერთო ბიუჯეტი: 2 მლნ ლარი):

• შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი – ფუნდამენტურ მეცნიერებათა საგრანტო კონკურსი, 2017, 2019, 2021, 2022, 2023, 2024, 2025;

• შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი – ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო კონკურსი, 2015, 2021, 2023;

• DAAD-ის კვლევითი სტიპენდია, 2018, 2022;

• Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის პროგრამა, 2017;

• ორვინუსის უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერის პროგრამა, 2025;

• ევროკავშირის „ქართველ მეცნიერთა მობილობის პროგრამა”, 2023;

• ფოლკსვაგენის ფონდის სადოქტორო სტიპენდია, 2011.

საკონფერენციო აქტივობები:

• მონაწილეობა აქვს მიღებული 59 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში, ვორქშოპსა თუ კონგრესში.

_________________________________________________________________________________

ბატონო ერეკლე, გმადლობთ ინტერვიუსთვის. საინტერესოა თქვენი კარიერული გზა, განსაკუთრებით – ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული სამეცნიერო ჯილდოები და მნიშვნელოვანი აკადემიური შედეგები. მოგვიყევით, როგორ დაიწყო და განვითარდა ეს გზა?

თბილისში, დიდ დიღომში დავიბადე. ვსწავლობდი 186-ე საჯარო სკოლაში. სკოლამდე ბებია მამეცადინებდა მათემატიკას. მახსოვს, სკოლაში რომ მივედი, დიდი რიცხვების თვლა, გამრავლება და გაყოფა უკვე კარგად ვიცოდი. ამის გამო, პირდაპირ მესამე კლასში სურდათ ჩემი მიღება.

სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის მაღალი შედეგები მქონდა. ხშირად ვიმარჯვებდი შიდასასკოლო შეჯიბრებებში და გუნდის კაპიტანი ვიყავი. ეს პერიოდი ჩემთვის ლიდერობასთან, წარმატებასთან და გამარჯვებებთან ასოცირდება. თითოეული მიღწევა თავდაჯერებას მმატებდა და ახალი მიზნებისკენ სწრაფვის მოტივაციას მაძლევდა.

ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრების გარკვეული მიმართულება ჯერ კიდევ დაახლოებით 6 წლის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას. შემდეგ კი თითოეული ნაბიჯი თითქოს ბუნებრივად აგრძელებს ამ საწყისს და ერთიან, თანმიმდევრულ გზას ქმნის. ამ პროცესში მიღწევები და გამარჯვებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 100%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატზე ოთხი წელი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გავატარე. ჩვენს კურსზე, დაახლოებით, 800 სტუდენტი სწავლობდა. სწორედ მაშინ შეიქმნა ე.წ. ელიტური ჯგუფები, სადაც ამ 800 სტუდენტიდან საუკეთესო 10%-ს ინგლისურისა და მათემატიკის ცოდნის მიხედვით არჩევდნენ და სპეციალური პროგრამით ამზადებდნენ. ამ ჯგუფებს უცხოელი პროფესორები ხელმძღვანელობდნენ და იქ კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრებული იყო. სწორედ ეს მუდმივი კონკურენცია არის ის ფაქტორი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს და ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ბაკალავრიატის ოთხივე წლის განმავლობაში მუდმივად ვიღებდი სტიპენდიას. სტიპენდიანტთა რაოდენობა 22 იყო და არცერთხელ არ დავრჩენილვარ ამ სიის მიღმა. მეოთხე კურსზე, კერძოდ კი მეშვიდე სემესტრში, 800 სტუდენტს შორის, აკადემიურ რეიტინგში პირველი ადგილი დავიკავე. ეს რეიტინგი მხოლოდ GPA-ს არ ეფუძნებოდა. საბოლოო შეფასებაში ასევე ითვალისწინებდნენ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას, აკადემიურ ჯილდოებსა და სხვა მიღწევებს. სწორედ ამ რეიტინგში დაკავებულმა პირველმა ადგილმა განსაზღვრა ჩემი შემდგომი კარიერული გზა.

იმ დროს, მეშვიდე სემესტრში, ტარდებოდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გერმანიიდან ჩამოსული პროფესორები ორ კანდიდატს არჩევდნენ გერმანიაში სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გასაგზავნად. დაფინანსებას „Volkswagen Foundation” უზრუნველყოფდა. კონკურსში მონაწილეობდნენ კანდიდატებიც, რომლებსაც უკვე მაგისტრის ხარისხი ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ შერჩეულ ორ მონაწილეს შორის ერთ-ერთი მე, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი, აღმოვჩნდი. გერმანელების ინტერესი იყო ენახათ, თუ რა შედეგს აჩვენებდა თსუ-ს რეიტინგის სათავეში მყოფი სტუდენტი მათ აკადემიურ გარემოში. ეს შესაძლებლობა მივიღე და სწორედ აქედან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი. შემდეგ ჩემი აკადემიური კარიერა გერმანიაში გაგრძელდა.

გერმანიაში 21 წლის ასაკში ჩავედი. ჩემი კოლეგები, დოქტორანტები, საშუალოდ 30 წლის იყვნენ. ეს ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. გერმანია სრულიად ახალი გარემო იყო, გერმანული ენა კი საერთოდ არ ვიცოდი. ეს ყველაფერი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა მისი დაძლევა შევძელი. დისერტაციაც მაღალი შეფასებით დავიცავი და ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით დოქტორის ხარისხი მივიღე.

ამის შემდეგ რამდენიმე პოსტსადოქტორო პროგრამა დავასრულე – სულ ხუთი თუ ექვსი. მათ შორის ვმუშაობდი გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU), რომელიც გერმანიის ლიდერი უნივერსიტეტია; ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), სადაც ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში ვიმყოფებოდი. MIT-ის სლოუნის მენეჯმენტის სკოლა 2016-2017 წლებში ნომერ პირველი იყო მსოფლიოში.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ აკადემიური კარიერა საქართველოში გავაგრძელე. 2015 წლის ბოლოს უკვე ასოცირებული პროფესორი ვიყავი. 29 წლის ასაკში კი კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გავხდი. ამას მოჰყვა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა – არაერთი სამეცნიერო გრანტი, პუბლიკაციები დარგის საუკეთესო ჟურნალებში და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიური ჩართულობა. ასე განვითარდა ჩემი პროფესიული გზა. ღმერთის წყალობით, ნამდვილად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისა და გამოცდილებისთვის, რაც ამ გზაზე მივიღე.

თქვენი პირველი სამსახური რა იყო?

ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ყოველთვის ვამბობ, რომ სანამ სწავლა ბოლომდე არ დავასრულე და დოქტორის ხარისხი არ მივიღე, სამსახური არ მქონია. დღეს, ხშირად, სტუდენტები მესამე-მეოთხე კურსიდან უკვე 2-3 სამსახურში ერთდროულად მუშაობენ. ამას თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად იყო. გადავწყვიტე, სწავლის ყველა საფეხური ბოლომდე გამევლო და მთლიანად აკადემიურ განვითარებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ვფიქრობ, სწორედ ამის შედეგი იყო ის სტიპენდიები და აკადემიური წარმატებები, რომლებიც იმ პერიოდში მქონდა.

სანამ სწავლა არ დავასრულე, ხელფასი არ მქონია. ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო სტიპენდიები იყო, რომლითაც თავს ვირჩენდი. სადოქტორო საფეხურის შემდეგ კი გერმანიაში ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე დავინიშნე. ამავე პერიოდში ავიღე პირველი სამეცნიერო გრანტიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან. მალევე მოვიპოვე GIZ-ისა და CERGE-EI-ის პროგრამების დაფინანსება, რომლებიც უცხოეთიდან დაბრუნებულ მკვლევარებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერის გაძლიერებაში ეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული ნაბიჯები და უხელფასობიდან პირდაპირ ხუთნიშნა შემოსავალზე გადავერთე.

მომავალი საქმიანობის არჩევანზე ხშირად ოჯახი ახდენს გავლენას, ზოგი კი ამ გზას სრულიად დამოუკიდებლად, ძიების პროცესში გადის. საინტერესოა, ვინ ან რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენს პროფესიულ არჩევანში?

ჩემს შემთხვევაში ლოგიკა საკმაოდ მარტივი იყო: თუ მათემატიკაში ძლიერი იყავი, ბუნებრივად ტექნიკურ ან ეკონომიკურ მიმართულებას ირჩევდი. დღევანდელი აქტუალობიდან გამომდინარე, ტექნოლოგიების მიმართულებასაც დიდად ვაფასებ. თუმცა, ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. კაპიტალისტურ ეპოქაში ვცხოვრობთ და აუცილებელია გვესმოდეს, როგორ იქმნება, იმართება და ვითარდება ფინანსური რესურსები. ტექნოლოგიები კი ჩემთვის ის ინსტრუმენტია, რომელიც ყველა სფეროს სჭირდება. მათ ვუყურებ როგორც საშუალებას, რომლის დახმარებითაც საკუთარი პროფესია უფრო ეფექტიანად და თანამედროვე სტანდარტებით შეიძლება განავითარო. ამიტომ დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩემი პროფესიული არჩევანით კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ. ეს გადაწყვეტილება ჩემთან ბუნებრივად მოვიდა და ვფიქრობ, რომ მართებული იყო.

თქვენი აკადემიური საქმიანობა 2011 წლიდან იწყება. უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ყველას უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ახალგაზრდას ამისთვის შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები –ასე ფიქრობენ ქართულ ოჯახებში. თქვენც აღნიშნეთ, რომ კურსზე 800 სტუდენტიდან მხოლოდ 22 იყო სტიპენდიანტი. ამ დროის განმავლობაში რა შეიცვალა სტუდენტებთან მუშაობისას თქვენი მხრიდან და როგორ შეიცვალა სტუდენტების დამოკიდებულება სწავლის მიმართ?

მთავარი ცვლილება მაინც ტექნოლოგიური ზრდაა. დღეს აუდიტორია აღარ არის ცალმხრივად მართული და არც უნდა იყოს. შენს წინ 20-30 ადამიანი ზის და ყველას თავისი ინდივიდუალური გამოცდილება, ხედვა და სიმართლე აქვს. ჩვენც შეიძლება მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ, ისევე როგორც მათ შეუძლიათ მოგვისმინონ და რაღაცები გაიზიარონ იქიდან, რასაც ჩვენ ვუხსნით. ბუნებრივია, სწავლება უფრო ინტერაქციული ხდება და უნარებიც იცვლება. იცვლება იმ კუთხით, რომ წლების წინ რაიმე ღირებული რომ შეგექმნა, საჭირო იყო ბიბლიოთეკებში სიარული, ერთი ქვეყნიდან მეორეში ფიზიკურად გადაადგილება და შესაბამისი ლიტერატურის მოძიება. შემდეგ, ინტერნეტისა და გუგლის ეპოქაში, ერთი ადგილიდან ვმართავდით პროცესებს და იქვე კომპიუტერში გვქონდა წვდომა თითქმის ყველაფერზე. დაიხვეწა საძიებო სისტემებიც. ამ დროს საჭირო იყო ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარების გამომუშავება. შემდეგ, ინფორმაციის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა ინფორმაციის გაფილტვრისა და მართებული და არამართებული ინფორმაციისგან ერთმანეთისგან გამიჯვნის უნარები. დღეს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ამას ყველაფერს თავად აკეთებს, ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადამიანი დიდი ინფორმაციის უფრო სწრაფად და უშეცდომოდ გადამუშავებაში. ამ დროს იმატებს განსჯის, კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულად აზროვნების საჭიროება. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, თითოეულ ჩვენგანს თავი ახლიდან გვაქვს დასამკვიდრებელი. დამკვიდრების ამ პროცესში კი, ახალმა თუ ძველმა თაობებმა აქცენტი იმაზე უნდა გააკეთონ, თუ რითი განვსხვავდებით ადამიანები ხელოვნური ინტელექტისგან და სად შეგვიძლია კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება. მომავალი ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ჰარმონიაშია ხელოვნურ ინტელექტთან, ისინი ერთმანეთს ავსებენ უნიკალური უნარებით და ქმნიან გამორჩეულ პროდუქტს.

დრო ცვლის პროცესებს. 15 წლის წინ არსებული საკლასო ოთახი უკვე იგივე აღარ არის. უფრო მეტიც, პროცესები იმდენად დაჩქარდა, რომ ბოლო სამი თვის პერიოდთან შედარებითაც კი, განსხვავებული რეალობა გვაქვს. სტუდენტი ელოდება, რომ იქვე საკლასო ოთახში მიიღოს გამოცდილება და ცოდნა. სახლში შეიძლება აღარ იმუშაოს – ესეც დისციპლინის საკითხია. მას სურს, ადგილზე ისწავლოს, იქვე გაეცნოს კონკრეტულ ქეისებს. საბოლოო მიზანი ბევრისთვის არის ის, რომ წარმატებით დასაქმდეს.

სტუდენტმა ისიც იცის, რომ ხშირად ლექტორის ნათქვამი გადამოწმებას საჭიროებს. შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა უკეთესი პასუხიც მისცეს, მეტად დასაბუთებული და განსხვავებულად არგუმენტირებული. ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს და ეს მხოლოდ განათლების სექტორს არ ეხება – ყველა სფეროზე აისახება. შესაბამისად, სტუდენტიც უფრო პრაქტიკული გახდა.

იცვლება სტუდენტის კონცენტრირების უნარებიც. ჩვენ როცა ვსწავლობდით, მიჩვეული ვიყავით, რომ წიგნი სრულად უნდა წაგვეკითხა, ფილმისთვის ბოლომდე უნდა გვეყურებინა, ვიდეოსთვის ბოლომდე მოგვესმინა. დღევანდელი თაობა კი, თავიდანვე მიჩვეულია დაჩქარებულ გარემოს – იქნება ეს ერთწუთიანი ვიდეოები, Reels-ები თუ TikTok-ის მუდმივი სქროლვა. სწორედ აქ არის პრობლემა – მათ ზოგჯერ უჭირთ კონცენტრაციის შენარჩუნება და ეს უნარი იკარგება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტორი იყოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს იმიტომ, რომ როდესაც ბევრი რამ ერთმანეთს ემსგავსება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის პირობებში, სწორედ ასეთი განსხვავებები გამოარჩევს უკეთესს ნაკლებად უკეთესისგან.

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში თითქმის ყველა სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, მათ შორის ბუღალტრებისა და აუდიტორების. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მუშაობის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად ხელახლა გადამზადებას გადიან. რატომ ვერ იძლევა უმაღლესი სკოლა სათანადო ცოდნას?

რეალურად, სტუდენტების დიდი ნაწილი იმას არ სწავლობს, რაც შემდეგ სამსახურში დახვდება. სტუდენტი უნივერსიტეტში, ძირითადად, თეორიულ განათლებას იღებს და, რა თქმა უნდა, შემდეგ სამსახურში გარკვეული გადამზადება სჭირდება. ჩემი აზრით, ეს ცალსახად ცუდი არ არის.

ის უნარები, რომლებიც ადამიანს წარმატებით დასაქმებისა და პროფესიულად განვითარებისთვის სჭირდება, ძალიან სწრაფად იცვლება. თუ ამ დაჩქარებულ პროცესს საგანმანათლებლო სექტორშიც შესაბამისი ცვლილებები არ მოჰყვა, მათ შორის ფორმალური (ავტორიზაცია-აკრედიტაციის) კუთხითაც, მაშინ ჩამორჩენის რისკი იმატებს. თუ კვლავ შენარჩუნდება, მაგალითად, შვიდწლიანი აღიარების წესი ან წელიწადნახევრიანი პროცესი ახალი პროგრამის დასანერგად, მაშინ ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტი ბაზრის ცვლილების ტემპს ვეღარ მიჰყვება.

ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ სტუდენტში არ უნდა ვეძებოთ. დღეს ზოგიერთი საგანი, რომელსაც წლების განმავლობაში ერთი ფორმით ვასწავლიდი, სხვა მიდგომას საჭიროებს, მაგრამ მხოლოდ ლექტორის პირადი გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, რომ ეს ცვლილება სტუდენტამდე მივიდეს – ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური პროცესი. თუ პროგრამების განახლება, აკრედიტაციისა და აღიარების პროცედურები ზედმეტად რთული და ხანგრძლივია, საბოლოოდ ჩნდება ის სხვაობა, რაც დღეს გვაქვს – ერთი მხრივ, რას ვასწავლით და, მეორე მხრივ, რა უნარები სჭირდება რეალურად ბაზარს.

ცალკე პრობლემაა ბაზრის კვლევა – ბიზნესის ხმას უკეთ უნდა ვუსმენდეთ, რომ გავიგოთ, მათ რა უნარები სჭირდებათ. მნიშვნელოვანი კომპონენტია თავად ლექტორიც. ლექტორი თუ არ მიიტანს მოწინავე ცოდნას, სტუდენტი საიდან ისწავლის? აუდიტორიიდან ამას ვერ წაიღებს.

ამასთანავე, სტუდენტმა დრო ფუნდამენტს უნდა დაუთმოს. თუ ეს თეორიული ცოდნა უნივერსიტეტში არ გაიარე, ამას, დიდი ალბათობით, არცერთ შემდგომ ეტაპზე აღარ მოუბრუნდები. 40 წლის ასაკში მყოფი ადამიანი ბაკალავრიატის მასალას ისევე აღარ მიუბრუნდება, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტი აღარ უღრმავდება „შუშანიკის წამების” დეტალებს. როდესაც 2007-2008 წლებში თსუ-ში ეკონომეტრიკას ვსწავლობდი, რეგრესიის მოდელს უმცირეს კვადრატთა მეთოდით ფურცელზე ვხსნიდით და თითოეულ ნაბიჯს სათითაოდ ვთვლიდით. პროგრამულად, ამას ერთი დაწკაპება და წამზე ნაკლები დრო სჭირდება, რათა პასუხი მიიღო, მაგრამ ჩვენ ვსწავლობდით იმას, თუ რა პროცესები მიდიოდა ამ ერთი დაწკაპების მიღმა. ამას სჭირდებოდა გვერდების შევსება, ფურცელზე წერა… ფიქრს სწავლობდი, პროცესს სწავლობდი. ახლა, როდესაც მოდელებსა და რეგრესიას კარგად ვაკეთებ, ხშირად მგონია, რომ სწორედ ამ ფუნდამენტმა მომცა თავდაჯერება. იმის გააზრებამ, რომ ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ ოდესღაც გავლილი მაქვს. ამიტომ, იმ ფაქტში რომ სასწავლო მასალა და სამსახურეობრივი უნარები ხშირად ერთმანეთს აცდენილია, მხოლოდ უარყოფითს არ ვხედავ. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს აცდენა, ნაწილობრივ, ასეც უნდა იყოს.

უნივერსიტეტი მაინც რას გვაძლევს საბოლოო ჯამში? ჩემთვის ეს არის სანაცნობო წრე, რომელსაც აუდიტორიაში იძენ… და ეს არის თავდაჯერება, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება. დიპლომი რომ ვახსენეთ, შეიძლება დღეს დიპლომს ასე აღარავინ უყურებს, მაგრამ, მთავარია შენს თავთან იცი, რომ ეს გზა გაიარე, ეს შეძელი და კიდევ შეძლებ. სტუდენტი და დამსაქმებელი, მაინცდამაინც, იმას არ უნდა ელოდოს, რომ დღეს მიღებული ცოდნა 3 წელშიც რელევანტური იქნება. პირდაპირ გეუბნებით: ჩემს დარგში დღეს ყველაზე მოწინავე (cutting edge) ცოდნაც რომ მოგაწოდოთ, არათუ 3 წელში, 3 თვეშიც კი ის უკვე აღარ იქნება მოწინავე.

ვინაიდან განათლება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია, ბოლო კითხვას დავსვამ ამ თემაზე: სულ გვესმის, რომ საქართველოში განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, ეს სისტემა დროს ჩამორჩა. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ რეფორმებში იყოთ ჩართული და მთავარი გადაწყვეტილების მიღება შეგეძლოთ, რას შეცვლიდით პირველ რიგში?

ზოგადად, რეფორმას ყველაფერი საჭიროებს. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოითხოვს გადახედვასა და გადახალისებას, ხოლო რაც დრო გადის, ამ გადახედვის ინტენსივობა კიდევ უფრო ჩქარდება. ჩვენთან, საგანმანათლებლო სექტორი სულ რომ წარმატებული იყოს, რეიტინგებში TOP-10 ქვეყანაში რომ ვიყოთ, სისტემას მაინც უნდა გადახედო, რადგან სხვაგვარად პოზიციას ვერ შეინარჩუნებ. მით უმეტეს, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, დღეს, ასეთ შედეგებს ვერ აჩვენებს. ბუნებრივია, პრობლემა უამრავია და ცვლილებები, მით უმეტეს, ფუნდამენტური ცვლილებები, აუცილებელია.
მე ვემხრობი იმ ინიციატივებს, სადაც წინა პლანზე მოწინავე დარგები და ტექნოლოგიები გამოდის. წარსულის დარგებზე აქცენტი უნდა შევამციროთ და მომავლის დარგებზე ვიმუშავოთ. ტრადიციულ დარგებსაც ახლებურად უნდა შევხედოთ და მათში ტექნოლოგიები ჩავაშენოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ, პირობითად, აუდიტორისა და ბუღალტრის პროფესია აღარ იარსებებს, არამედ იარსებებს მოდიფიცირებული სახით. ტრანზაქციებისა და დებეტ-კრედიტის გატარება აღარ გვჭირდება – ამას პროგრამა მშვენივრად აკეთებს. აქ საუბარია იმაზე, თუ საიდან იწყება შენი კრიტიკული აზროვნება, როგორ ადგენ საბაზრო ღირებულებას და თუ რა არის კონკრეტული აქტივის რეალური ფასი.

მე ასევე ვემხრობი იმ ინიციატივებს, სადაც მეტი ფოკუსი და დაფინანსება სამეცნიერო კომპონენტზე მიიმართება. ჩვენი ქვეყნის მიერ სამეცნიერო სფეროზე გაღებული თანხები ტრივიალურია. ვხედავ, რომ ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის მთავარი პოტენციალი გონებაშია. ეს გონება უნდა იყოს შენი მთავარი აქტივი. თუ იქამდე მივალთ, რომ ქართული ინტელექტი საერთაშორისო მასშტაბით დაფასდება და კომპანიები დაიწყებენ ქართველების დასაქმებასა და მათგან სერვისების შესყიდვას – ასეთ ხედვას ნამდვილად ვემხრობი. ეს არის ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ხედვა.

მეცნიერება და ინოვაციების წახალისება ჩვენთან ლიმიტირებულია. თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ სკოლიდან იწყება. სკოლების დიდ ნაწილში, როგორც ვიცი, ხელოვნური ინტელექტის სწავლება არ ხორციელდება. ეს პრობლემაა. ამის გარეშე ძალიან გაჭირდება, ეს უკვე საბაზისო ცოდნაა და ასეთი გაკვეთილები აუცილებლად უნდა შემოვიდეს.

უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებულ პროგრამებსა და კურიკულუმებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საგნები აღარ ჰგავს იმას, რასაც ოდითგანვე ვასწავლიდით, ფორმა შეიცვალა. ამ ცვლილებებს სულ უნდა მიჰყვე: სკოლიდან დაწყებული, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დონით დამთავრებული.

ვემხრობი ინიციატივებს, სადაც პროფესორის, ლექტორის, მასწავლებლის როლი მეტად დაფასდება; გარემოს, სადაც პროფესორს აღარ უწევს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში სიარული ლექციების წასაკითხად. ასეთ დროს უბრალოდ მანქანად იქცევი, ინფორმაციას მექანიკურად გადასცემ სტუდენტს, თუმცა არ გრჩება დრო იმისთვის, რომ თავად იფიქრო, განვითარდე, სამეცნიერო პროდუქტი შექმნა და სხვა.

ჩვენ რატომ ვმუშაობთ ამდენს მოწინავე ჟურნალებთან და რატომ ვბეჭდავთ TOP ჟურნალებში? იმიტომ, რომ იქ იქმნება ახალი ცოდნა. თუ ამის გონებრივი რესურსი არ გაქვს, მაშინ არც იმის მჯერა, რომ სტუდენტს მოწინავე ხარისხის ცოდნას გადასცემ. ალბათ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არსებობდა შეხედულება, რომ აკადემიურ გზას წარუმატებელი ხალხი მიჰყვება. ჩემი გზით სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობ. ახალგაზრდებს, დოქტორანტებს, რომლებთანაც შეხება მაქვს, იმედი ესახებათ, როცა ჩემს გავლილ გზას ეცნობიან. მინდა დავანახო, რომ აკადემიურ სფეროშიც შეგიძლია იყო ძალიან წარმატებული, და ეს წარმატება მოიცავდეს სახელს, გავლენას, წვლილს ქვეყნის განვითარებაში და ჯანსაღ ფინანსებს.

თქვენ მოპოვებული გაქვთ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აკადემიური ჯილდო და სტიპენდია. პირადად თქვენთვის რომელი აღიარებაა ყველაზე ძვირფასი და რას ნიშნავს ეს წარმატება თანამედროვე ქართული სამეცნიერო სფეროსთვის?

2021 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელება ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. იმავე პერიოდში Forbes Georgia-ს 30/30-ის სიაშიც საუკეთესო მეცნიერად დავსახელდი. ბოლო ორი წელია კავკასიის უნივერსიტეტში შეიქმნა „საუკეთესო მეცნიერის ჯილდო” და ორივეჯერ გამარჯვებული გავხდი. კიდევ არაერთი ჯილდო ახლავს ჩემს გზას… მათი მნიშვნელობა, პრინციპში, ისევ ის არის, საკუთარ თავთან იცოდე, რომ რასაც აკეთებ, ფასდება, გარკვეული ღირებულება აქვს და ამან მოგცეს სტიმული, რომ კიდევ უფრო დაუღალავად იშრომო და უფრო გამორჩეული შედეგები მიიღო. თითოეულ ჯილდოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემს სამეცნიერო ნაშრომებს ევროპელი პროფესორები როცა ეცნობიან, ისინი უკეთ იგებენ მათ ფასს. იმიტომ, რომ მათ იციან, იმ კონკრეტულ ჟურნალში დასაბეჭდად რა გზა გავიარე, რამდენწლიანი პროცესია ეს – ხანდახან ერთი სამეცნიერო სტატიის უკან 5-წლიანი შრომა დგას, საიდანაც მარტო ჟურნალთან რევიზიის ეტაპზე 2–3 წელს ატარებ.

ეს იცის მან, ვისაც ეს გზა თავად გაუვლია. საქართველოში ამის სათანადო დაფასება ჯერ არ ხდება. ეს იმიტომ, რომ ქართული აკადემიური წრის დიდ ნაწილს ეს გზა არ გაუვლია. ჩემს დარგზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. მეც ნელ-ნელა დავიწყე, სკოპუსის მიღმა მყოფი ჟურნალებიდან, შემდეგ სკოპუსის მეოთხე, ბოლო დონიდან, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ სკოპუსის პირველი კვარტალის (Scopus Q1) ჟურნალებზე გავედი. დღეს დარგის საუკეთესო ჟურნალებთან ვთანამშრომლობ. მაგალითად, მდგრადობის მიმართულებით ნაშრომი გამომიქვეყნებია ჟურნალში, რომელიც სკოპუსის სამეცნიერო ბაზაში ამ კუთხით საუკეთესო ხუთეულშია. დღეს მეცნიერება სწორედ ასე ფასდება: „მითხარი, რომელ ჟურნალებში აქვეყნებ ნაშრომებს და გეტყვი ვინ ხარ შენ (როგორც მეცნიერი)”.

ძლიერ ჟურნალთან ძლიერი მეთოდოლოგიური და თეორიული ანალიზია საჭირო ინოვაციური თემატიკის ირგვლივ. სწორედ ასე ვიმარჯვებ საგრანტო კონკურსებშიც. საგრანტო შედეგები პუბლიკაციების ხარისხზეა მიბმული.

ჩემი ნაშრომებით ქართულ კონტექსტსაც ვიკვლევ და ევროპულსაც. მაგალითად, ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის 2016 წელს დაწყებული რეფორმის ეფექტები შევისწავლე 2020 წლის ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც Emerald-ის Journal of Financial Reporting and Accounting-ში დაიბეჭდა. ეს არის Scopus Q1 კატეგორიის ჟურნალი, რომელსაც CiteScore 12-ზე მეტი აქვს.

აქ ვსწავლობდი ქართულ კონტექსტს. ეს კვლევა დაახლოებით 3,700 ფირმის 5 წლის ანგარიშგებას აანალიზებს. მე ვსწავლობდი, რამდენად არის ქართული კომპანიების წმინდა მოგებები წლიდან წლამდე ერთმანეთთან კავშირში. ამა თუ იმ კომპანიის ერთი წლის ანგარიშგებას რომ შევხედოთ, რამდენად შეგვეძლება იმის განჭვრეტა, თუ რა იქნება ამ კომპანიის შედეგები მომავალ წელს. ეს ფინანსური ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება. როდესაც კაპიტალის ბაზრები სუსტი და თითქმის უმოქმედო გვაქვს, ფინანსური ინფორმაციის დაკავშირება საბაზრო ფასებთან არ ხდება. თუმცა ეს ინფორმაცია შეგიძლია საკუთარ თავთანვე დააკავშირო და შეაფასო კომპანიის ღირებულება, რადგან ფირმის რეალური ფასი სწორედ მომავალი ფულადი ნაკადებით დგინდება. ძალიან საბაზისო ტერმინებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინვესტორი კომპანიის შეფასებისას სვამს კითხვას: დღეს 1 დოლარი რომ მქონდეს, მიღირს თუ არა ამა თუ იმ კომპანიაში მისი ინვესტირება. მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით, ხვალ რა სიტუაცია იქნება ამ კომპანიაში? ამისთვის ფინანსური ინფორმაციის ხარისხი გვაინტერესებს. ამ კვლევაში ვსწავლობდი შემოსავლების მდგრადობასა და განჭვრეტადობას. ჩვენთან მომავალი წლის ფინანსური შედეგების განჭვრეტა 30-35%-ის ფარგლებშია შესაძლებელი. განვითარებულ ქვეყნებს თუ შევხედავთ (თუნდაც პატარა ქვეყნებს, სადაც კარგი კაპიტალის ბაზრებია), იქ განჭვრეტადობის ეს მაჩვენებელი 50–60–65%-მდე ადის. ჩვენთან დაბალი მაჩვენებელი მოსალოდნელიც იყო, თუმცა ჩვენ ამ შედეგებს ემპირიულად ვზომავთ. ამ კვლევას საერთაშორისო ციტირებებიც ახლავს და მარეგულირებლის (SARAS) ვებგვერდზეც არის განთავსებული. პრაქტიკულ გამოყენებადობაზე თუ ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ შეიძლება მარეგულირებელი დაინტერესდეს მსგავსი კვლევებით და იმით, თუ რას გვეუბნება შედეგები ქართულ კომპანიებსა და ბიზნესრეალობაზე.

კვლევებმა რა აჩვენა? ბაზრის განვითარება ახლა რა ეტაპზეა? თქვენც ისაუბრეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი განახლებას საჭიროებს. ახლა რას ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა იყოს რეფორმის მორიგი ეტაპი?

ჩემს კვლევებშიც ნათლად მაქვს ეს გამოკვეთილი და საუბრებშიც ხშირად ვახსენებ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო – შემოვიდა მარეგულირებელი, დარეგულირდა დარგი, გაიზარდა, ფაქტობრივად, პირველად, კორპორატიული ინფორმაცია საჯარო გახდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დღეს, დრო რომ გავიდა, ამის ღირებულებას კიდევ უფრო კარგად ვიგებთ. მათ შორის, აღსრულების მექანიზმი მაღალ დონეზეა იმ კუთხით, რომ კომპანიათა 96% ანგარიშგებას კანონის მოთხოვნების შესაბამისად აბარებს. თუმცა კვლევას ცოტა დეტალებში უწევს შესვლა (იმიტომაც არის კვლევა). კი ბატონო, 96%-იანი მაჩვენებელი რეფორმიდან უკვე 2 წლის თავზე კარგია, მაგრამ ჩვენ რასაც ვადგენთ, არის ის, რომ ამ 96%-დან რეალურად 30%-ზე მეტი დაგვიანებით საჯაროვდება. ისედაც 9-თვიანი ვადა გვაქვს მიცემული კომპანიებისთვის ფისკალური წლის დასრულებიდან, რაც უპრეცედენტოდ მაღალია. მაგალითად, ამერიკაში 3 თვეს აძლევენ, სადღაც 6 თვეს. 9 თვე ისედაც ძალიან ბევრია და ინფორმაცია უკვე მოძველებულია, ხანდახან 2024 წლის ანგარიშგების ჩაბარება, შეიძლება 2026 წელს მოახდინოს კომპანიამ. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. ეს უკვე დაძველებული ინფორმაციაა. ასეთი ანგარიშგების იმ 96%-იან სტატისტიკაში შეყვანას აზრი აღარ აქვს, მან დაკარგა ღირებულება. ანუ აქ დროულობასაც აქვს მნიშვნელობა. ეს ამ რეფორმის მეორე მხარეა, ამით თავს ვერ მოვიწონებთ.

გარდა ამისა, გარკვეულ კომპანიას ურჩევნია ანგარიშგება საერთოდ არ გამოაქვეყნოს და ჯარიმა გადაიხადოს. შეიძლება ითქვას, რომ ჯარიმის შედარებით მცირე მოცულობა კომპანიებს აქეთკენ უბიძგებს…

სწორედ ამაზეა საუბარი. როდესაც რეფორმა ახალი დაწყებული იყო, მარეგულირებლის მხრიდან ასეთი მიდგომა ლოგიკური გახლდათ. სანქციების მექანიზმი ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა, პრეცედენტიც არ ფიქსირდებოდა. ეს თავიდან გასაგებიც იყო, პატარა ქვეყანა ხარ, არ გინდა კომპანიებს ზედმეტი ტვირთი შეუქმნა და ა.შ. მაგრამ დროთა განმავლობაში, თუ სანქცირების ეფექტიანი მექანიზმი არ შემოვიღეთ, ამ პრობლემებს ალბათ ვერ ეშველება ან გაცილებით დიდი დრო დასჭირდება. ეს ჩემს კვლევებშიც წერია, ზოგიერთ კომპანიას ანგარიშგებაში არსებული ინფორმაციის გამჟღავნებას, ამ მინიმალური ჯარიმის გადახდა ურჩევნია – ეს პრობლემაა. კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ აუდიტის დასკვნა არახელსაყრელია, ან შეიძლება ინვესტორისთვის ნაკლებად მიმზიდველი (თუმცა ჩვენთან ინვესტორი, ფაქტობრივად, არც დგას მეორე მხარეს. ისევ და ისევ მარეგულირებელს ვესაუბრებით ამ რეპორტებით). შეიძლება მარეგულირებლის თვალში გამოჩნდეს ისეთი რამ, რისი გამოჩენაც არ გინდა, ან გეშინია, რომ კონკურენტი შეხედავს შენს ანგარიშგებას და რაღაცით გაჯობებს, ან უბრალოდ აუდიტის ხარჯის გაღება არ გსურს. ბევრი მიზეზია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას მალავ, მოსაწონად არ გაქვს საქმე. ასეთ დროს, ურჩევნიათ არსებული მცირე ჯარიმა გადაიხადონ და ანგარიშგება არ გამოაქვეყნონ. ასეთი სტიმული არ უნდა არსებობდეს, ეს ხვრელი უნდა აღმოიფხვრას.

პრობლემა არის ხარისხშიც – რა მიწერია შიგნით. თუ ჩემთვის ინფორმაცია ვალიდური არ არის, სულ რომ ერთ დღეში გამოაქვეყნოს ყველამ, ამას მნიშვნელობა მაინც არ ექნება. მთავარია, რაც წერია, ის როგორ ადგება გადაწყვეტილების მიმღებებს. ჩვენი კვლევები ზუსტად ამ ხარისხს სწავლობს და ვამბობთ, რომ ჯერჯერობით ეს ხარისხი მაინც დაბალია.
თუ დავსვამთ კითხვას – ახლა რა ეტაპზე ვართ? დღეს, მთავარი პრიორიტეტი მაინც მდგრადობის ნაწილია. მდგრადობა უკვე რეპორტინგის მთავარი ენა ხდება. ევროპა ამაზე კონცენტრირდება, ჩვენი მარეგულირებელიც ამას აქტიურად განიხილავს. წელს ივარაუდებოდა პირველი რეგულაციის შემოტანა, მაგრამ გადაიწევს. მათ შორის იმის ფონზეც, რომ ევროპა თავად შეტორტმანდა. იცით, რომ მდგრადობის სტანდარტებისა და დირექტივის შემდეგ მათ ახლა „ომნიბუსის პაკეტი” მიიღეს, რომელიც ფაქტობრივად თავდაყირა აყენებს მათ მდგრადობის სტრატეგიას.

ეს მათი მხრიდან იმასაც ნიშნავს, რომ თუკი აქამდე თავს იწონებდნენ როგორც მდგრადობის რეგულირების კუთხით ყველაზე მოწინავე სისტემის მქონენი, გარკვეული დროის შემდეგ მათ გაიაზრეს, რომ ეს არ არის ის მთავარი სამარათონო გზა, სადაც მოგება მოგებაა. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებია, შესაბამისად ისინი რეპორტებს ტექნოლოგიების, მონაცემთა ცენტრების, ჩიპებისა და ნახევარგამტარების მიმართულებით ავითარებენ, ხოლო მდგრადობაზე აქცენტს ამცირებენ, Single Materiality-ის ჭრილში უყურებენ, რაც გულისხმობს, რომ კომპანიები გამოაქვეყნებენ მდგრადობის მხოლოდ იმ დეტალებს, რომლებიც რელევანტურია ინვესტორისთვის.

ევროპას კი ორლინზიანი ხედვა აქვს – Double Materiality, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ უნდა გაასაჯაროვოს ისიც, თუ როგორ ახდენს გარემო გავლენას კომპანიაზე, და ასევე ისიც, თუ როგორ ახდენს კომპანია გავლენას გარემოზე. ამ კუთხით მათი რეპორტინგის სისტემა უფრო დატვირთული და ხარჯიანია, უფრო მეტი დეტალი შემოდის და აი, ზუსტად „ომნიბუსის პაკეტმა” ეს ყველაფერი საგრძნობლად შეარბილა.

ერთი მხრივ, საქართველოსთვის მესიჯი ის არის, რომ ჩვენც ამ გზაზე არ უნდა ვიჩქაროთ და პროცესებს დაკვირვებით მივყვეთ. თუმცა საჭიროება უკვე იგრძნობა, კომპანიათა ნაწილი უკვე აქვეყნებს მდგრადობის ანგარიშებს – BARTA-ს დაჯილდოებაზეც ეს ყველაფერი ჩანს. მეორე მხრივ, რომელ სარეგულაციო ჩარჩოს უნდა შეუერთდეს საქართველო და როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი გაზრდილ ხარჯებსა და პასუხისმგებლიან ბიზნესს შორის – ეს არის დღეს მთავარი კითხვა, და მარეგულირებელი ამაზე აქტიურად მუშაობს.

თქვენი დაკვირვებით, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც კომპანიები უშვებენ ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების ან/და აუდიტის მიმართულებით?

აი, რაც ვახსენეთ დაგვიანებები, ხარისხის დეფიციტი და ა.შ., მაგრამ ასევე არის ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც საწყის ეტაპზე კიდევ უფრო ბევრი იყო. მაგალითად, Reportal-ის სისტემაში ერთ-ერთი მოსანიშნი ველის შევსება იყო საჭირო: მონაცემები ერთეულ ლარში იყო შეყვანილი თუ ათასეულში, და ხდებოდა ამ ველის უგულებელყოფა, რაც დიდ გადახრას იწვევდა რეალობიდან. მაგრამ მაინც ჩვენი სისტემისთვის დამახასიათებელია ხოლმე რამდენიმე პრობლემა: მაგალითად, ერთია ის, რომ ზედმეტად ხშირად გვხვდებიან ნეგატიური კაპიტალის მქონე კომპანიები. ამას თავისი (საგადასახადო) მიზეზებიც აქვს, მაგრამ მათი სიხშირე საერთაშორისო ნორმებს სცდება და აქ გადაფასების პრობლემაცაა: კომპანიების ნაწილს აქტივების დიდი წილი ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოსდევს და დღეს მათ საბაზრო ღირებულებას პირვანდელი ღირებულებითვე აფიქსირებენ.

ეს პრობლემები, ალბათ, განსაკუთრებით სახელმწიფო კომპანიებშია…

სახელმწიფო კომპანიებშიც. მაგალითად, ახლა საქართველოს რკინიგზის აქტივების გადაფასების პროცესი რომ წარმოიდგინოთ, ამის გაკეთებას აუდიტური კომპანიისგანაც დიდი ძალისხმევა სჭირდება, დროშიც გახანგრძლივებულია და თანხობრივადაც არსებითი, მაგრამ ეს გვჭირდება. წლების განმავლობაში რომ არ ვაკეთებდით გადაფასებას, დღეს დაგვიგროვდა და ტვირთად გვაწვება. ასეთი რაღაცები თუ არ განვაახლეთ და საბაზრო ღირებულებამდე არ მოვიყვანეთ, შემდეგ ახალი პრობლემები წარმოიქმნება.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარებულია, მაგრამ დღეს ინვესტიციებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ამასთანავე, პორტფელის მომგებიანობა კრიტიკულ ანალიზს უნდა ემყარებოდეს. რამდენად ხედავთ ამ უნარებს და რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით?

დიახ, კაპიტალის ბაზარი აქტიური არ არის, ბოლო პერიოდში ობლიგაციების ბაზარი ოდნავ წამოიწია, მაგრამ ინკლუზიური მაინც არ არის და ემიტენტების ნაწილში მაინც რამდენიმე დიდი მოთამაშე ფიგურირებს. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ ქართველები თანხებს ქართულ კომპანიებში აბანდებენ, ეს იშვიათია. არსებული ტექნოლოგიების ფონზე, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმ ბირჟაზე ივაჭროს, სადაც სურს. ამ კუთხით ამერიკაა მოწინავე, შემდეგ ბრიტანული ბაზარია გამორჩეული. ვხედავთ, რომ ეს ინტერესი საზოგადოების მხრიდან გაზრდილია. ადამიანების ნაწილი, ყოველთვიური ხარჯების დაფარვის შემდეგ, დარჩენილი თანხით დაზოგვის ეტაპზე გადადის. ამ ყველაფერს ქართული ფინანსური კომპანიების აპლიკაციებმაც შეუწყო ხელი, რაც ონლაინ ვაჭრობას ამარტივებს. პარალელურად, აქ შემოდის აზარტული თამაშების ელემენტებიც, რაც პროცესს მიმზიდველს, თუმცა ამავდროულად ცოტა სახიფათოს ხდის. სწორედ ამიტომ არის საჭირო კრიტიკული ანალიზი.

რამდენიმე დეკადის წინ კორპორატიული ფინანსური ინფორმაცია მთავარი წყარო იყო კომპანიის რეალური სურათის შესაფასებლად. დღესდღეობით საინფორმაციო წყაროები საგრძნობლად დივერსიფიცირდა: მონაცემების მოპოვება შესაძლებელია როგორც ოფიციალური ვებგვერდებიდან, სიახლეებიდან და მარეგულირებლის რეპორტებიდან, ისე სოციალური მედიის თემატური ჯგუფებიდან. არსებობს ასეთი კონცეფცია – Herding (მიბაძვა), როდესაც თავად არ გაქვს გაანალიზებული კომპანიის რეალობა, მაგრამ რადგან სხვამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, შენც იმავე ნაბიჯს დგამ ისე, რომ თავად არ გაქვს გააზრებული. ასევე, წლები გავიდა და Conference Call-ები გახდა ძალიან პოპულარული, რაც უფრო სწრაფად გვაძლევს ანალიზს კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წლიურ რეპორტებში მაინც ისტორიული ინფორმაციაა მოცემული – წინა წლის შედეგებს აქვეყნებ 3-6 თვის დაგვიანებით. Conference Call-ის დროს კი იმ მომენტში არსებულ პროცესებს ეცნობი: რა ხდება კომპანიაში, რა სამომავლო გეგმებია და რას ეყრდნობა ეს ყველაფერი. ესეც ძალიან პოპულარულია მათთვის, ვისაც მიუწვდება ხელი. ანუ, იდეაში, გადაწყვეტილების მისაღებად მრავალი არხი გაქვს, მაგრამ კორპორაციული წლიური ანგარიშგება – მათ შორის მდგრადობის ელემენტებით გაჯერებული და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ფოკუსირებული – არის ის ძლიერი, ფუნდამენტური იარაღი, რომლის წაკითხვაც თუ იცი, ფაქტობრივად იცი კომპანიის ენაზე საუბარი და შემდეგ უფრო თამამად შეგიძლია ნაბიჯების გადადგმა.

აქ ორი ნაწილია: ერთი არის უშუალოდ ვაჭრობის ნაწილი (ვინც ყოველდღიურად ვაჭრობს, რომ იაფად იყიდოს, ძვირად გაყიდოს და სხვაობით იხეიროს) და მეორეა ფუნდამენტური ხედვა – როდესაც ეცნობი კომპანიას, მის ღირებულებებს, იცი სტრატეგიული ხედვა, იცნობ საბჭოს სტრუქტურას, თუ რამდენად ინოვაციურია კომპანია და მასში ახორციელებ გრძელვადიან ინვესტიციას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში ხელუხლებლად იყოს შენს პორტფელში. ვაჭრობის საკუთარი სტრატეგია გამაჩნია და ეს ერთგვარად საინტერესოა, მათ შორის ახალგაზრდებისთვისაც.

და როგორია ეს სტრატეგია?

შევეცდები მოკლედ გითხრათ, რადგან ჩემი სტრატეგია მაკროკომპონენტებიდან იწყება და შემდეგ მიკროკომპონენტებამდე ჩადის. ზოგადად, ასეთ მიდგომებს ვემხრობი: ანალიზს ვიწყებ მსოფლიოს ჭრილში – რომელი ეკონომიკაა მოწინავე, რომელი კაპიტალის ბაზარია ლიდერი, რომელი ფირმები არიან წინა პლანზე. მაგალითად, დიდ შვიდეულზე (Magnificent Seven) დღეს დიდი აქცენტი კეთდება, თუმცა მთავარი მაინც კომპანიის ღირებულების მისივე საბაზრო ფასთან შედარებაა. ყველამ ვიცით, რომ Google და Microsoft წარმატებული კომპანიებია, მაგრამ მთავარი კითხვა ასე ისმის: რამდენად გამართლებულია ეს წარმატება მათ მიმდინარე ფასთან მიმართებით? ან იქნება თუ არა კომპანია ხვალ კიდევ უფრო უკეთესი? აი, ეს არის ყოველთვის საკვანძო საკითხი.

გარდა ამისა, ვითვალისწინებ ციკლური ანალიზის თეორიასაც. ჩემი მიდგომით, თანამედროვე კაპიტალიზმში ძლიერი მოთამაშეები კიდევ უფრო იმყარებენ პოზიციებს. როგორც გლობალურად იყრის თავს სიმდიდრე ვიწრო ჯგუფის ხელში (რაც მკაფიოდ ჩანს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში, სადაც კაპიტალის კონცენტრაცია პიკს აღწევს), ისე ხდება ბაზარზეც. ეს უთანასწორობა გლობალური ფენომენია, რასაც საინვესტიციო ანალიზისას ენიჭება მნიშვნელობა. არსებულ კაპიტალისტურ რეალობაში საკვანძოა იმის განსაზღვრა, თუ რომელი ტიპის კომპანიებში ინვესტირებაა ყველაზე ხელსაყრელი. ამასთანავე, აკვირდები ტექნოლოგიურ აქცენტებს – როგორც მთლიანად ინდუსტრიულ ჭრილში, ისე კონკრეტულ მიმართულებებში. ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურა – მაგალითად, გრაფიკული პროცესორები (GPU), მონაცემთა ცენტრები, ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები და ნახევარგამტარები თუ ჩიპები.

თითოეულ მიმართულებას საკუთარი სპეციფიკა აქვს. ჩემს ერთ-ერთ კვლევაში სწორედ იმას ვსწავლობ, სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის კალათიდან ინვესტორი რომელს ანიჭებს უპირატესობას. არსებობს კატეგორიები, რომელთაც ბაზარი უარყოფითად აფასებს, ამ დეტალების ცოდნა კი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამარტივებს. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დისციპლინასა და ემოციების მართვას. როგორც უორენ ბაფეტი და სხვა ცნობილი ინვესტორები აღნიშნავენ, შესაძლოა არ ფლობდე უმაღლესი დონის ანალიტიკურ მონაცემებს, თუმცა აუცილებელია საკუთარ არჩევანში დარწმუნებულობა და შერჩეული კომპანიის რწმენა. ბაზრის ვარდნის პერიოდში ემოციურ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდო, ზოგი სწორედ კრიზისის დროს ყიდის აქციებს, რაც, როგორც წესი, ფინანსური ზარალით სრულდება. შესაბამისად, ინვესტირება დიდწილად მენტალური პროცესიცაა.

ძალიან საინტერესო რჩევებია ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია ან იქონიებს მომავალში ხელოვნური ინტელექტი აღრიცხვა–ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროზე?

განმეორებადი ტრანზაქციები და სხვა რუტინული პროცესები სულ უფრო შემცირდება და მთავარი აქცენტი გადავა კრიტიკულ განსჯასა და ანალიტიკურ აზროვნებაზე. ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მონაცემებთან მუშაობას უნდა დაუთმოს. მონაცემების მოცულობა შეუჩერებლად იზრდება, თუმცა მთავარი ისაა, თუ რა დასკვნებს გამოვიტანთ ამ მონაცემებიდან და როგორ ვმუშაობთ მათთან. აქ შემოდის ტექნიკური უნარებიც, მათ შორის სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის უნარი.

ამასთანავე, AI მნიშვნელოვნად შეცვლის აუდიტის პროცესსაც. დღეს აუდიტი ხშირად შერჩევით მიდგომას ეფუძნება, ხოლო ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობას იძლევა, გაცილებით დიდი მოცულობის მონაცემები გააანალიზოს და გამოავლინოს შესაძლო რისკები. შესაბამისად, აუდიტი უფრო მეტად გადავა რეალურ დროში მონიტორინგისა და რისკების ადრეული გამოვლენისკენ. ამ შემთხვევაში აუდიტორის როლი კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული მონაცემების ინტერპრეტაციასთან, რისკების შეფასებასთან და პროფესიულ განსჯასთან.

საზოგადოებაში ხშირად არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ბუღალტერია მხოლოდ დებეტ-კრედიტია. სინამდვილეში, ბუღალტერია გაცილებით მეტია. ეს არის ენა, რომლითაც კომპანია საუბრობს. სწორედ ამ ენითა და ინფორმაციით განვსაზღვრავთ კომპანიის შედეგებსა და მომავალს. დღეს ეს ენა მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ მდგრადობისა და მენეჯმენტის საკითხებსაც. ეს ერთგვარი დიალოგია, თუ როგორ ესაუბრება კომპანია თავის მომხმარებელს, საზოგადოებას, ინვესტორს, მარეგულირებელსა თუ საკუთარ თანამშრომელს.

ამიტომ ცვლილებები მართლაც დიდია და სფერო ყოველდღიურად ვითარდება. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ახალგაზრდობამ ამ ტრენდებს ფეხი უნდა აუწყოს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო კვალიფიკაციებიც, როგორიცაა ACCA და CFA, რომლებიც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან და თანამედროვე პროფესიულ პრაქტიკასთან აახლოებს.

ახლა მინდა BARTA-ზეც (საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო) ვისაუბროთ. თქვენი უშუალო მონაწილეობით BARTA-ს დაჯილდოება ადგილობრივ ბაზარზე გამჭვირვალობის გარკვეულ ნიშნულად ჩამოყალიბდა. რამდენად ახდენს ეს სტანდარტები რეალურ, პრაქტიკულ გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და პორტფელის მართვაზე, თუ ეს ჯერჯერობით უფრო სიმბოლური აღიარებაა?

ალბათ, ნაწილობრივ ორივე. ანუ, როდესაც ბაზარი მცირეა, სწორედ ასეთი დაჯილდოების სქემებით ცდილობს რეფორმის გამტარებელი, რომ პირველადი სტიმული შექმნას. საბოლოო ჯამში, მეორე – დამფასებელი მხარე, ანუ ინვესტორი – ისე არ გვყავს, როგორც ეს განვითარებულ კაპიტალის ბაზრებს სჩვევიათ. ამიტომ ჩნდება კითხვა: ვინ აფასებს შენს შრომას, ვის ესაუბრები? თუ მეტს იშრომებ, უკეთესი ხარისხის რეპორტს მოამზადებ, მდგრადობაზე მეტს იმუშავებ, ზუსტად გაზომავ – პირობითად, რამდენი ხე გადაარჩინე ან რამდენად შეამცირე გამონაბოლქვი, თუ გადახვალ ენერგოეფექტურ განათებაზე, იზრუნებ თანამშრომლების სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსზე, აღმოფხვრი გენდერულ ანაზღაურებრივ სხვაობას და ასე შემდეგ… ამ ყველაფერს უკეთესად თუ გააკეთებ, ვინ დაგიფასებს? თუკი არავინ, შეიძლება დიდად არც შეიწუხო თავი. სწორედ ამაზეა საუბარი – ეს ჯილდო ერთ-ერთი ისეთი მექანიზმია, რომელიც ამ გაწეულ შრომას გიფასებს. ახლა ეს ჯილდო, დიახ, ცოტა სიმბოლურიც არის იმ კუთხით, რომ ჯილდოა და, ასე ვთქვათ, არამონეტარული ღირებულება აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ ხდება კომპანიის ლეგიტიმაცია. მერე ამას კომპანიები, როგორც წესი, აზიარებენ სოციალურ ქსელში, საზოგადოება ხედავს, ვინ გაიმარჯვა. შემდეგ კი ფიქრობენ, რომ ტყუილად ვერ გაიმარჯვებდნენ – ჩვენ მათ კონკრეტული მეთოდოლოგიით ვაფასებთ. შესაბამისად, ეს არის სიგნალი, რომ ამ კომპანიას მართლაც უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მის კონკურენტს, ან შესაძლოა საუკეთესოც კი იყოს საქართველოს ბაზარზე. ეკომეგობრული მომხმარებელი, საბოლოო ჯამში, შესაძლოა სწორედ ასეთ პროდუქტს ყიდულობდეს, ან ასეთ კომპანიაში საქმდებოდეს, ვიდრე სხვაში.

ვფიქრობ, „ბარტა” დიდ შრომას ეწევა. მისი შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რადგან ასეთ ჯილდოებს ეფექტის დასანახად გარკვეული დრო სჭირდება. „ბარტაში” მე მდგრადობის მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ბუნებრივია, გამორჩეული შედეგები ძირითადად იმ ბანკებს აქვთ, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილები, თუმცა აქტიურობენ სხვა მოთამაშეებიც: მაგალითად, „კრისტალი”, „თეგეტა”, „სილქნეტი” და ასე შემდეგ. „სილქნეტს”, სხვათა შორის, გასულ წელს ძალიან კარგი ანგარიში ჰქონდა და ლიდერი იყო ამ მიმართულებით. პრინციპში, „ბარტამ” დროს ნამდვილად აუწყო ფეხი, კიდევ უფრო ფართოვდება და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

საინტერესოა ასევე, ახლა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და როგორ ხედავთ განვითარების ამ ეტაპს?

ჩემი მიზანია მასშტაბის მნიშვნელოვანი ზრდა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც ვსაქმიანობ. მაგალითად, მინდა, რომ ჩემი ნაშრომები უფრო გავლენიანი და მნიშვნელოვანი გახდეს.

ზოგადად, ცხოვრებაში ხუთი მთავარი პოსტულატით ვხელმძღვანელობ. ამას ე.წ. „5 F”-ის სტრატეგიას ვუწოდებ: Family (& friends) – ანუ ოჯახი; Finance – ანუ ფინანსები; Fame – ანუ სახელი; Fitness – ანუ სიჯანსაღე; და Fun – როგორც ბედნიერება. ჩემს თავს ხშირად ამ ჭრილში ვაფასებ და სხვასაც იგივეს ვურჩევ. თუ გინდა ცხოვრების უფრო ყოვლისმომცველი ხედვა გქონდეს, თუ სად დგახარ, რას და რამდენად წარმატებულად აკეთებ, ეცადე შენი ცხოვრება ამ ხუთ ლინზაში შეაფასო და ქულები დაუწერო. თუ ნახავ, რომ მაქსიმალური 50 ქულიდან შეძლებ 45 და მეტი ქულის დაგროვებას, შეგიძლია თქვა, რომ შემდგარი ხარ, როგორც ადამიანი, და ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა!

შესაძლოა, იმ ხუთი „F”-დან რომელიმე ერთში ან ორში ძალიან წარმატებული იყოთ, მაგრამ თუ დანარჩენ მათგანში ჩავარდნა გაქვთ, ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში წარმატებული ვერ იქნებით. ეს ძირითადი მიმართულებები დაბალანსებულად უნდა განვითარდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი უმთავრესი გეგმა, სწორედ ამ ხუთივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

თქვენ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, რა ადგილი უჭირავს სპორტს დღეს თქვენს ცხოვრებაში? ალბათ, სპორტი პროფესიული კარიერის განვითარებაშიც ძალიან დაგეხმარათ.

დიახ, ძალიან! ამაზე რომ ვფიქრობ, ხშირად ვხვდები, რომ სპორტი ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. კიოკუშინ კარატე არის საბრძოლო ხელოვნების ისეთი მიმართულება, რომელიც ხასიათს გიწვრთნის და გასწავლის დისციპლინას. როდესაც ამ გზას წარმატებით გადიხარ, გიჩნდება შეგრძნება, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია. 6 წლიდან მოყოლებული, 26 წლის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე ვვარჯიშობდი. ბოლოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 2022 წელს ვიასპარეზე.

მას შემდეგ პროფესიონალურად აღარ ვიბრძვი. მედლებისთვის აღარ ვასპარეზობ. თუმცა, სპორტი მაინც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აღმოსავლური ფილოსოფია ამბობს, რომ გონება და სხეული მჭიდრო კავშირშია. ისინი ერთმანეთს იმპულსებსა და შეგრძნებებს გადასცემენ, რაც საბოლოო ჯამში საერთო შედეგზე აისახება.

დღესაც აქტიურად ვვარჯიშობ. ხანდახან, მენატრება ტატამი, ორთაბრძოლა და ეს ყველაფერი. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, სპორტსა და აკადემიურ კარიერას ერთმანეთს ვუთავსებდი. ორივე მიმართულებით პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი პერიოდებიც. მაგალითად, 2011 წელს პოლონეთში ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, სწორედ მაშინ გერმანიაში სადოქტორო საფეხურზე ვსწავლობდი. ასეთი შემთხვევებიც მქონდა, როდესაც შევძელი და ორივე მიმართულებით წარმატებული შედეგი დავდე. თუმცა, დროთა განმავლობაში აცნობიერებ, რომ თუ გინდა საქმე მაღალ დონეზე შეასრულო, მას უნდა მიეძღვნა, სხვა აქტივობები კი მთავარ მიზანს მოარგო.

ტატამზე ყოფნისას მკაფიოდ ხედავ, შენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, თუ როდის აღწევ საუკეთესო შედეგებს და როგორ ძლევ საკუთარ შიშებს. აქ მიღებული გამოცდილება საუკეთესო გაკვეთილია, რაც მერე ცხოვრების ნებისმიერ სხვა დარგსაც გადაეცემა და იქაც ისევე მართებულია. ეს იმიტომ, რომ არსებობს ფუნდამენტური პრინციპები და კანონზომიერებები, რომლებიც არ იცვლება კონტექსტის ცვლილების მიუხედავად. ასეთი გაკვეთილი კი ბევრი მაქვს ნასწავლი ჩემს სპორტულ კარიერაში.

აღფრთოვანებას იმსახურებს ის, თუ როგორ აქციეთ ტატამზე მიღებული გამოცდილება ფინანსური და აკადემიური წარმატების ფორმულად. ასეთი მრავალმხრივი და ინტენსიური გრაფიკის ფონზე, მაინტერესებს, როგორია თქვენი თავისუფალი დრო და რაში პოულობთ დღეს ყველაზე დიდ განტვირთვას?

ეს არის ჩემი თავისუფალი დრო – ვარჯიში და ოჯახთან ერთად ყოფნა. ორი პატარა შვილი გვყავს და ოჯახთან გატარებული დრო საუკეთესოა.

ესაუბრა ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო სტატიები

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.