Homeინტერვიუინტერვიუ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან 

ინტერვიუ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან 

Published on

spot_img

დავით კიკვიძე – დაიბადა 1985 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში 

განათლება

2017 – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტში. 

2010 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის სპეციალობით. 

2006 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება 

2020-დღემდე – „თიბისი ბანკი“, სერვისის ექსპერტი, ღია ბანკინგის კომიტეტის წევრი. 

2020-დღემდე – საქართველოს ფინტექ ასოციაცია, თავმჯდომარე. 

2023-დღემდე – LeaderPay (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) ბიზნესის განვითარების მრჩეველი. 

2022-2023 – United Payment Georgia, ბიზნესის განვითარების მრჩეველი. 

2019-2020 – BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, აკადემიური განვითარების ხელმძღვანელი. 

2019-2023 – BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. 

2018-2023 – BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, „ფინანსური ტექნოლოგიები საფუძვლები“ კურსის ლექტორი/ხელმძღვანელი. 

2021-2022 – ALTE უნივერსიტეტი, „ფინანსური ტექნოლოგიების საფუძვლები“ კურსის მოწვეული ლექტორი. 

2019-2020 – „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, პროექტების აღმასრულებელი დირექტორი. 

2016-2019 – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – GIG, უფროსი პროექტების მენეჯერი. 

2014-2020 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ბანკინგი“ კურსის მოწვეული ლექტორი. 

2014-2016 – NGO “საზოგადოება და ბანკები”, საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. 

2012-2015 – სს „ლიბერთი ბანკი“ ციფრული საბანკო მომსახურების სამსახურის უფროსი.

– ბატონო დავით, მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. ფინანსური ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და შემოდის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. საინტერესოა, განვითარების ამ პროცესში რა ეტაპზეა საქართველო? თუმცა, სანამ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ, მანამდე მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

– მე გახლავართ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, „თიბისი ბანკის“ ღია ბანკინგის კომიტეტის წევრი, ბიზნესმენტორი, ბიზნესმრჩეველი, ძირითადად ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით. ზოგადად ჩემს კარიერას ვრცელი ისტორია აქვს. 

დავიბადე თბილისში. 165-ე სკოლაში ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაკროეკონომიკის სპეციალობით. ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა და მალევე დავიწყე მუშაობა „საქართველოს ბანკში“, სადაც დაახლოებით 7 წელი გავატარე, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავე. დავასრულე, ეგრეთ წოდებული, ქოლექშენის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციით. შემდეგ „ლიბერთი ბანკში“ გადავინაცვლე. იქაც დაახლოებით ერთი წელი გავატარე. სამწუხაროდ, „ლიბერთი ბანკში“ დიდი ხანი არ გავჩერდი, თუმცა, საქმიანობის შემდეგი პერიოდიც საბანკო სფეროს დავუთმე. სწორედ, ამ მიმართულებით ვმუშაობდი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“, დაახლოებით 2 წელი. ჩვენი საქმიანობის მთავარი ნაწილი იყო საზოგადოების დახმარება ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. ორგანიზაციიდან „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ გადავედი კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

იმ პერიოდში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში კიდევ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე – პროექტების მართვის მიმართულებით. ჩემი საქმიანობის მომდევნო პერიოდი დავუკავშირე პროექტების მართვას. ვიყავი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ უფროსი პროექტების მენეჯერი, ასევე „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ პროექტების აღმასრულებელი დირექტორი, დაახლოებით 5 წელი. გარკვეული პერიოდი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებშიც ვმუშაობდი და საბოლოოდ, პროექტების მართვის მიმართულებით ჩემი თავი ამოვწურე, გადავინაცვლე განათლების სექტორსა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში. თავდაპირველად, ლექციებს ბანკინგის მიმართულებით ვკითხულობდი. ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტში პროექტების მართვას ვასწავლიდი და ბოლოს ვიყავი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და პროგრამის ხელმძღვანელი, სადაც დაახლოებით 2 წელი გავატარე. საბოლოოდ, ისევ საბანკო სფეროს დავუბრუნდი და დღემდე ამ მიმართულებით ვსაქმიანობ. 

– პედაგოგიურ საქმიანობას რატომ ჩამოშორდით? 

– არ ჩამოვშორებულვარ, უბრალოდ, არასაკმარისი დროის გამო, ისე აქტიურად აღარ ვარ ჩართული. ლექციებს, ახლაც, ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვკითხულობ, მოწვეული ლექტორის სტატუსით, მათ შორის, ALTE-ს უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეს სფერო ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია. განათლების სექტორი სენტიმენტებთან არის დაკავშირებული. პირველი იმიტომ, რომ ღრმად მწამს, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები არის განათლების სექტორის განვითარებასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. ზუსტად განათლების სექტორმა უნდა მისცეს ახალგაზრდებს ის მთავარი ხედვა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. 30 წელზე მეტია, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და განვითარების მაღალ ტემპს ვერ მივაღწიეთ, ეს არის განათლების პრობლემა. ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პატარა წვლილი შევიტანო ამ პროცესის წინსვლაში. 

მეორე მხრივ, ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მათი ლაღი და ფართოდ გახელილი თვალებით ხედვა ბევრი რამის მომცემია. ის რომ, ამ ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრების გაკაფვაში ეხმარები, ეს დიდ ბედნიერებას განიჭებს. 

– თქვენ უკვე რამდენიმე წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით, ასევე ბევრი წელია გვესმის, რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური, განათლებული მოზარდების აღზრდას. ვინაიდან განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ხშირად ვუსვამ ამ კითხვას რესპონდენტებს. რა ტიპის რეფორმა სჭირდება განათლების სისტემას, რატომ ვერ გაკეთდა ეს ყველაფერი აქამდე, სად არის პრობლემა? მათ შორის, რამდენად აკმაყოფილებენ ქართველი პედაგოგები საერთაშორისო მოთხოვნებს, რათა მათ საშუალო დონის სპეციალისტები მაინც მიაწოდონ ბაზარს… 

– სისტემა, თავიდან ბოლომდე, ამოსაყირავებელია. მე ვმონაწილეობდი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში. ეს არის წმინდა ბიუროკრატიული თემები, რომლის ფარგლებში უამრავი ფორმალური დოკუმენტის შექმნა-შევსება გიწევს. ეს უბრალოდ მექანიკური სამუშაოა, რომელიც უამრავ დროს გართმევს და არანაირი უკუშედეგი აქვს. უბრალოდ ფურცელზე გიწევს გარკვეული ინფორმაციის შეტანა იმისთვის, რომ ვიღაცის მიერ გაწერილი საკანონმდებლო მოთხოვნები დააკმაყოფილო. რაც შეეხება პედაგოგებს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ლექციების კითხვა 2017 წლიდან დავიწყე, დღეს მოწვეულ პედაგოგს ზუსტად იგივე ანაზღაურებაა აქვს, რაც 7 წლის წინ ჰქონდა. მესმის, რომ ლექტორობა არ არის მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი, თავისთავად პედაგოგიური მიმართულება, გარკვეულწილად, უანგარო საქმიანობა და ახალგაზრდებში გამოცდილების გაზიარებაა. მეორე მხრივ, იმ პროფესიონალებს, რომლებიც ლექციებში დროს ხარჯავენ, გარკვეული მოტივაცია სჭირდებათ. შესაბამისად ეს სისტემაც უნდა შეიცვალოს, ასევე უნდა მოხდეს ლექტორების აკრედიტაცია. უნივერსიტეტებში უამრავი არაპროფესიონალია შეყრილი, ეგრეთ წოდებული ლექტორები. საერთოდ რას კითხულობენ და რას ასწავლიან ახალგაზრდებს, კაცმა არ იცის. პირადად ჩემი გამოცდილებიდან, უამრავი ასეთი ლექტორი უნივერსიტეტიდან გამიშვია, ვინაიდან მათი კომპეტენცია წარმოუდგენელი იყო, რანაირად მოხვდნენ და ვინ შეუშვა ისინი აუდიტორიაში… 

სისტემურად ეს ყველაფერი შესაცვლელია. ასევე შესაცვლელია კონტროლის მექანიზმი. დღეს სტუდენტებს, ლექციებთან მიმართებით, ზედმეტი დამოუკიდებლობა აქვთ, რაც ვფიქრობ, თავიდანვე არასწორია. თუ ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში, იქ სწავლა და სიარული სავალდებულო უნდა იყოს. უნივერსიტეტი არ არის უბრალო დასწრების ადგილი, სადაც სემესტრის ბოლოს ქულები უნდა აიღო. დღეს, უნივერსიტეტი დამსგავსებულია ადგილს, სადაც გასცემენ ფურცელს, რომელსაც დიპლომი ჰქვია. ასევე, ბევრ ახალგაზრდაში, რომელიც გრანტს მოიპოვებს, სახელმწიფო ტყუილად ყრის ფულს, ვინაიდან ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის. სტუდენტები სემესტრიდან სემესტრამდე ნიშნის მიღების მიზნით დადიან და მათ სწავლის მოტივაცია არ გააჩნიათ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არცერთ მთავრობას არ სჭირდება განათლებული ერი, ვინაიდან ქვეყნის მართვა გაუნათლებელ ერში ყოველთვის უფრო მარტივია. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ეს სურათი გვაქვს. 

– გადავიდეთ თქვენს მთავარ საქმიანობაზე. რა არის ფინტექ ასოციაციის საქმიანობის მიზანი და ვინ არიან მისი წევრები? 

– 4 წელია უკვე, რაც ჩვენი ასოციაცია საქმიანობს. ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას ვემსახურებით. ესენია ეგრეთ წოდებული ფინტექ კომპანიები, რომლებიც ისტორიულად საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე მუშაობენ, თუმცა ეს სტატუსი – ფინტექ კომპანია რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც საფინანსო სექტორი, ფაქტობრივად ჩამოიშალა, მაგ დროს აღმოცენდა ეგრეთ წოდებული ფინტექი, ანუ ფინანსური ტექნოლოგიები და ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ორგანიზაციები, რომლებმაც ბანკების პარალელურად მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისების მიწოდება დაიწყეს. ჭკვიანმა ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე შეიძლება მომხმარებელს კლასიკური საბანკო პროდუქტები ისე მიაწოდო, რომ ბანკი საერთოდ არ იყო. ამას არც კანონმდებლობა გიკრძალავს და არც რაიმე სხვა ტიპის რეგულაცია. 

– უფრო კონკრეტულად, რა ტიპის სერვისებს სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს და მათი სერვისებისთვის რამდენად არის ადაპტირებული ბაზარი? 

– მაგალითად, შეგვიძლია ვისაუბროთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებიც მომხმარებელს, ეგრეთ წოდებულ ელექტრონულ საფულეებს სთავაზობენ; კრიპტოკომპანიები, რომელიც ახალი სიტყვაა თანამედროვე საფინანსო სფეროში და კრიპოაქტივებით ვაჭრობის, განთავსებისა და მოხმარების შესაძლებლობას იძლევა; ეგრეთწოდებული, ონლაინ დაკრედიტება, ონლაინ სესხების კომპანიები, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არიან, თუმცა მთელს მსოფლიოში ეს სექტორი ძალიან განვითარებულია და კიდევ მრავალი სხვა. არიან კომპანიები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ბუღალტერიასა და ოპერაციების გაციფრულების მიმართულებით ეხმარებიან. დღეს, ეს სექტორი არის დამოუკიდებელი სეგმენტი, რომელსაც ფინანსურ სისტემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და განვითარების საკმაოდ მაღალი ტემპი აქვს. თუ გადავხედავთ გასულ, მათ შორის კოვიდის პერიოდსაც კი, ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, რაც განაპირობებს იმას, რომ ფინანსურ სექტორში ხვალინდელი დღე კიდევ უფრო სხვანაირი იქნება. 

მომხმარებლის ტრადიციული მიდგომა, რომ საფინანსო სექტორში ამოსავალი წერტილი მხოლოდ ბანკია, იცვლება. ახალ რეალობას ვიღებთ, ფინტექ კომპანიები, რომლებიც სრულად ციფრული არხებით მუშაობენ, პირდაპირ კავშირში იქნებიან მომხმარებელთან. ჩემი აზრით, ბანკები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლებენ, მაგრამ მათი როლი შენარჩუნებული იქნება, როგორიც საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ინსტრუმენტი. თუმცა პროდუქტების, სერვისების, დისტრიბუციის თვალსაზრისით მომხმარებელთან უფრო ახლოს ფინტექ კომპანიები იქნებიან. 

– საქართველოში უკვე რამდენიმე ციფრულმა ბანკმა მიიღო საქმიანობის ლიცენზია, რა ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ ციფრული ბანკები ტრადიციული ბანკების კონკურენტებად? ასევე რამდენად მზად არის ქართველი მომხმარებელი ციფრული არხებით სერვისების მისაღებად? 

– ტრადიციულ ბანკებსა და ციფრულ ბანკს შორის განსხვავება არის ის, რომ ციფრული ბანკები თავიდან ბოლომდე ციფრული არხებით ოპერირებენ, მათ ფილიალების ქსელი არ გააჩნიათ. მათი საქმიანობის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა სრული საბანკო-მომსახურება მობილური აპლიკაციის ან ვებ-აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს. ახალი თაობის მომხმარებლის დაკმაყოფილება სწორედ ციფრულ ბანკს შეუძლია. მაგალითად, ფინტექკომპანიას არ შეუძლია მომხმარებელს სრული საფინანსო სპექტრი შესთავაზოს, მას თავისი კონკრეტული პროდუქტი აქვს, მაქსიმუმ კიდევ ერთი-ორი პროდუქტი დაიმატოს. მომხმარებელს ბანკინგის სრულ სპექტრს ციფრული ბანკი სთავაზობს. შესაბამისად, მათ განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დიდი ხანია დანერგა ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღების პირობები და ქართულ ბაზარზე რამდენიმე ბანკმაც ოპერირების უფლება მოიპოვა. მგონია, რომ მათ დიდი შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, ქართულ რეალობაში, საქმიანობა ძალიან მძიმე კონკურენციაში მოუწევთ. მოგეხსენებათ, რომ მთელი საქართველოს ეკონომიკის, დაახლოებით, 80 პროცენტს ორი გიგანტი ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ფლობს, მათთან კონკურენცია რთულია. თუმცა ციფრულ ბანკებს ისეთი ბიზნესმოდელი აქვთ შერჩეული, რომლითაც ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება შეუძლიათ, კონკურენციას შექმნიან იმ კუთხით, რომ საფინანსო სფეროში სიახლეები გაჩნდეს.

– არის თუ არა საქართველოს ბაზარი ფინტექ კომპანიებისთვის მიმზიდველი, თუნდაც ადამიანური რესურსის, საკანონმდებლო მოდელის თვალსაზრისით? 

– მთლიანობაში ქართული ბაზარი არის ძალიან პატარა. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ბაზარი 2 მილიონ მომხმარებელს ითვლის. ეს არის ძალიან ცოტა. თუმცა თუ შევხედავთ „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თითომ წელიწადში, დაახლოებით, მილიარდი ლარის მოგება „დაწეროს“. ეს ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია. 

რაც შეეხება ფინტექ კომპანიებს, მათ მომხმარებლით ძალიან გაჯერებული ბაზარი სჭირდებათ. მათ ძვირი პროდუქტი არ აქვთ და მასშტაბის ეკონომიკაზე არიან მორგებულები. მათი პროდუქტები გათვლილია მასობრივ გაყიდვებზე და როგორ წესი, მათთვის პატარა ბაზარზე დამკვიდრება რთულია. იმავდროულად, ქართულ ბაზარს გააჩნია მეტი უპირატესობა, ვიდრე ნაკლი. ეს არის მისი მოქნილობა. საქართველოში ტექნოლოგიების მიმღებლობა არის ძალიან მაღალი. მოსახლეობის დაახლოებით 80% სმარტფონს ფლობს, ინტერნეტით დაფარვის მაჩვენებელიც 70 პროცენტია, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. ეს განაპირობებს მობილური აპლიკაციების მოხმარების შესაძლებლობას. რეგულაციური ბაზარიც მეტ-ნაკლებად მოქნილია. ფაქტობრივად, არსებობს ყველა ის საჭირო აქტი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში მუშაობის შესაძლებლობას განაპირობებს. ვგულისხმობ იმას, რომ კანონი არეგულირებს ამგვარ საქმიანობას. რა თქმა უნდა ვიღაცა იტყვის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი უფრო საინტერესოა. კი ბატონო, საინტერესოა, თუმცა, ქაოსური. ადრე თუ გვიან ამ ბაზრის რეგულირებას უფრო ცუდი შედეგი მოაქვს ხოლმე, ვიდრე თავიდანვე სწორად დალაგებულ ბაზრის პრინციპებს. შესაბამისად, რეგულაციების არსებობა ფინტექ კომპანიების ხელს უწყობს მაქსიმალურად სწრაფად, მოქნილად მოიპოვონ შესაბამისი ლიცენზია და ბაზარზე საქმიანობა დაიწყონ. 

ადამიანური რესურსი ახსენეთ, ესეც საკმაოდ ხელმისაწვდომია, ევროპულ ბაზართან შედარებით საკადრო პოლიტიკა გაცილებით მოქნილია, უფრო დაბალი სახელფასო განაკვეთებით. ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში შემოდიან, იმისთვის, რომ აქ პროდუქტი შექმნან და საქართველო იყოს ამიერკავკასიის ბაზრების სამართავი ცენტრი. 

– 2021 წლის აპრილში ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ეროვნული ვალუტის შექმნაზე იწყებდა მუშაობს, 2024 წელს უკვე ციფრული ლარის პილოტიც უნდა გაშვებულიყო. ამ პროცესს თქვენც აქტიურად ადევნებთ თვალს, რა ეტაპზეა ციფრული ლარის დანერგვის საკითხი? 

– ციფრული ლარი არის ტრადიციული ქართული ლარის ციფრული ვერსია. ფაქტობრივად, კრიპტოლარია, ოღონდ სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი. მისი ძირითადი უპირატესობა არის მოქნილობა, 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომობა და გამოყენებადობა. ჩვენი ქართული ლარის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. კი, არის ბანკომატები, ბარათით გადახდები, ტერმინალები, მაგრამ ბანკთა შორის გადარიცხვებსა და გზავნილებზე არის დროითი შეზღუდვები. მთავარი შეზღუდვა არის შუამავლის არსებობა, ამ ტრანზაქციებში შუამავალი რგოლი არის საბანკო სექტორი. ფულის სწრაფად ბრუნვა მათ ტექნოლოგიურ მიდგომებზეა დამოკიდებული. ციფრული ლარი განთავისუფლებულია ყველანაირი შეზღუდვისგან. მათ შორის ბანკთაშორის გადარიცხვა – ასეთი ტერმინი საერთოდ აღარ იარსებებს. 

მეორე მხრივ, ციფრული ლარი ეროვნული ბანკისთვის შეიძლება იყოს გარკვეული ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად. დღეს მონეტარული განაკვეთის ცვლილება ეკონომიკას რამდენიმე თვის შემდეგ გადაეცემა. ეს ყველაფერი ხდება ისევ ბანკების გავლითა და სასესხო პროდუქტებზე პროცენტების აწევა-დაწევით. ციფრული ლარის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება მყისიერად გამოჩნდეს, დაახლოებით ერთი თვის პერიოდში. 

ციფრული ლარის დანერგვა ძალიან კარგია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მზად ვართ ამისთვის ამ ეტაპზე, რამდენად საჭიროა ჩვენნაირი ეკონომიკისთვის ციფრული ეროვნული ვალუტის არსებობა, ვინაიდან სხვა ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. მათ შორის, ფულთან ხელმისაწვდომობის საკითხი, კაპიტალის ბაზარია განსავითარებელი, რომელიც არის ფულის წყარო და რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ასეთი ფულის წყაროს არ არსებობა რა გავლენას მოახდენს ციფრული ლარის არსებობაზე დასადგენია, ვინაიდან ციფრულ ლარს ლიკვიდობა სჭირდება. დღეს არსებული ლიკვიდობის ინსტრუმენტებით ციფრული ლარის მომარაგება არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი წინაპირობაა შესაქმნელი იმისთვის, რომ ციფრულმა ლარმა სრულფასოვნად შეძლო საფინანსო სექტორში თავის დამკვიდრება. 

ჯერჯერობით, ისევ მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა. ეროვნულმა ბანკმა შეარჩია მისი ძირითადი პარტნიორი საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია „რიპლი“. კონკრეტული პროექტებიც უკვე შერჩეულია, სადაც პილოტირება მოხდება. 

– ეკონომიკის გაციფრულებით, რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ შრომის ბაზარზე? ხშირად გვესმის, რომ ხელოვნური ინტელექტი, ეკონომიკის ბევრ სექტორში, ადამიანებს სამუშაოს გარეშე დატოვებს… 

– ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებას მოსდევს. გარკვეულ სექტორებში სამუშაო ადგილები შემცირდება, თუმცა ამ საკითხზე შიში და საუბარი, მაგონებს იმას, სამთავრობო უწყებებში უბრალოდ დასმულ ადამიანებს ხელფასს რომ უხდიან, ფულს ტყუილად ყრიან, რათა პარტიული აქტივი ჰყავდეთ. ტექნოლოგიების განვითარება ამცირებს სამუშაო ადგილებს, სამაგიეროდ ახალსაც ქმნის. ამ ახალ ტექნოლოგიებს ისევ ადამიანები ნერგავენ. ამიტომ, ყველა ადამიანი საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, დაეუფლონ იმ ახალ პროფესიებს, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. 

– თქვენ მუშაობთ სტუდენტებთან. რამდენად მაღალია ინტერესი ახალი ტექნოლოგიების შესწავლის, ასევე შექმნის? საქართველოში რამდენიმე ისეთი ტექნოლოგიური სტარტაპი შეიქმნა, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს… 

– ამ მიმართულებით საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. როგორც გითხარით, ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ და სურათი თითქმის ერთი და იგივეა. სტუდენტების ძალიან მცირე კონტინგენტია ჩართული ეკონომიკურ ცნობიერებაში. ვგულისხმობ იმას, რომ გაეცნო სიახლეებს ბიზნესსა და ეკონომიკაში, რათა ამ სამყაროში საკუთარი ადგილი დაიკავო. ძალიან მცირე რაოდენობის სტუდენტია ამ პროცესებში ჩართული. დანარჩენები მაინც უფრო ახალგაზრდობით ტკბებიან, ვიდრე საქმით არიან დაკავებულები. ახალგაზრდობით ტკბობა ცუდი არ არის, თუმცა მცირე დრო მაინც უნდა დაუთმოს სწავლასა და განვითარებას. დრო საკმაოდ სწრაფად გადის. მე მუდმივად ვესაუბრები ამაზე ახალგაზრდებს, რომ დროის კარგვა მათთვის ძალიან საშიშია. გასულ წლებს თუ შევადარებთ, პროგრესი გვაქვს. მაგალითად, თუ 50 სტუდენტიდან 10-ს გამოვარჩევდით, დღეს 15-20-ს გამოვარჩევთ. ეს ნელი პროგრესია, მაგრამ კიდევ კარგია, რომ სტაგნაცია არ გვაქვს. პრობლემას ისევ განათლების სექტორამდე მივყავართ, მიდგომა არის შესაცვლელი. აუცილებელია, რომ სტუდენტმა, უნივერსიტეტში შეაბიჯებს თუ არა, პირველივე ლექციიდან გააცნობიეროს, რომ აქ უბრალოდ ფურცლის ასაღებად არ არის მისული. მას გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს. 

– ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო მეტად ზრდის კიბერდანაშაულის რისკებს და ჩვენ ამ რისკებს ყოველდღიურად ვეჯახებით. როგორია საქართველოში კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და რამდენად დაცულია მოსახლეობის ფინანსები? 

– კიბერთავდასხმები ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი პროცესია. კიბერთავდამსხმელები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ცდილობენ თანხების მითვისებას. აქ მთავარია როგორია კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენს ქვეყანას აქვს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ელემენტს მოიცავს. ამ კუთხით, ყველაზე სენსიტიურია საფინანსო სექტორი, ვინაიდან ყველა თაღლითი ფინანსების მითვისებას ცდილობს. საბანკო სექტორის მიმართ არსებობს გარკვეული რეგულაციური მოთხოვნები კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. 

არამარტო ბანკები, არამედ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი ყველა სუბიექტი ვალდებულია ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა რეგულაციები კომერციული ბანკების შემთხვევაში არის განსაკუთრებულად მკაცრი და საკმაოდ ვრცელი. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა, რომელმაც შეიძლება ეს სისტემაც მოატყუოს და თანხები მიითვისოს. ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდამდე დოლარის თაღლითობის ფაქტები ფიქსირდება. კიბერთავდამსხმელები სპეციალური კოდებისა და ვირუსების მეშვებით აღწევენ სისტემაში. არსებობს კიდევ მომხმარებლის დაუდევრობა. მომხმარებლები ხშირად არასათანადოდ და გულგრილად ეკიდებიან საკუთარ პირად ინფორმაციას, ზედმეტად ენდობიან სხვადასხვა ადამიანებსა და სისტემებს, რაც ხშირად ფულის დაკარგვის მიზეზი ხდება. 

დღეისთვის კიბერთაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა „ფიშინგი“, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის საბარათე მონაცემების დაუფლებასა და ციფრული გადახდების წარმოებას. მსოფლიო ებრძვის „ფიშინგს“, თუმცა რაც არ უნდა მკაცრი დაცვის სისტემები მოვიგონოთ, თუ მომხმარებელმა თავისი პირადი მონაცემები თავად არ დაიცვა, შეუძლებელი იქნება ამ სისტემასთან ბრძოლა. 

– დაბოლოს, როგორია თქვენი თავისუფალი დრო? გარდა პროფესიისა, თუ არის ისეთი რამ, რომელიც განსაკუთრებით ახლოს დგას თქვენთან? 

– თავისუფალი დრო ძალიან ცოტაა. ვცდილობ, ყველაზე მეტი დრო მეუღლესთან და შვილთან ერთად გავატარო, რათა შვილთან ყოფნის დეფიციტი ამოვავსო. თანამედროვე ოჯახებში ყოველთვის დგას შვილებთან ურთიერთობის დეფიციტი. მინდა, ჩემმა შვილმა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის და მისი მშობლები ყოველთვის მის გვერდით არიან.

ძალიან მიყვარს იარაღიდან სროლა. მე და ჩემი შვილი დავდივართ სასროლეთში, მოგვწონს სპორტის ეს სახეობა. ასევე, ვარ ყოფილი რაგბისტი, პირველი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატთა შორისაც კი ვიყავი, თუმცა, მაშინდელმა ტრავმებმა რაგბისთვის თავის დანებება მაიძულა. ხშირად დავდივარ რაგბის თამაშებზე, ტელევიზიითაც ვუყურებ. მოგზაურობა – ეს არის ერთადერთი, რაც წარუშლელია ცნობიერებიდან. მნიშვნელოვანია ის მოგონებები და შთაბეჭდილებები, რომელსაც მოგზაურობისას შევიძენთ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2024 წლის მაისის №5(293)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში