Homeინტერვიუინტერვიუ სს „SavvY“-ის მმართველ პარტნიორ მარიამ ქოიავასთან 

ინტერვიუ სს „SavvY“-ის მმართველ პარტნიორ მარიამ ქოიავასთან 

Published on

spot_img

მარიამ ქოიავა – დაიბადა 14.08.1990 წ. ბათუმში. 

განათლება 

2008-2012 – კავკასიის ბიზნესის სკოლა. BBA in Finance. 

2012-2015 – ACCA. წევრი 2015 წლის დეკემბრიდან. 

2015-2017 – Harvard Business School. 

სამუშაო გამოცდილება 

2012-2015 – KPMG Georgia. აუდიტორი, უფროსი აუდიტორი. 

2015-2017 – „თიბისი ბანკი“. ფინანსური რისკების მენეჯერი. 

2015-დღემდე – ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY, მმართველი პარტნიორი. 

2024 წლის ივნისის მდგომარეობით, გადამზადებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ფინანსურ ტრენინგებში, როგორებიცაა: IFRS, ფინანსური ანალიზი და სხვა. 

უცხო ენების ცოდნა 

ინგლისური, რუსული – თავისუფლად; გერმანული, ჩინური – სასაუბროდ. 

ოჯახური მდგომარეობა 

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, უპირველესად მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორი იყო თქვენი გზა სკოლის ასაკიდან დღემდე? 

– დავიბადე ბათუმში. სკოლა თბილისში დავამთავრე და ჩავაბარე კავკასიის ბიზნეს-სკოლაში. შემდეგ განათლების მიღება ACCA-ს მიმართულებით გავაგრძელე. ასევე ბევრი სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსი მაქვს გავლილი როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, ძირითადად ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში. ბოლო 16 წლის განმავლობაში პროფესიული მომსახურებების მიმართულებით ვმუშაობ. ჯერ იყო საერთაშორისო კომპანია KPMG, შემდეგ „თიბისი ბანკი“. ბოლო 9 წელია კომპანია SavvY-ს მმართველი პარტნიორი ვარ. SavvY საერთაშორისო ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, განსაკუთრებით ფინანსებისა და ინვესტიციების მიმართულებით. 

– რატომ აირჩიეთ სპეციალობად აუდიტი და ფინანსები? 

– რიცხვებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის სასურველი სფეროა. ფინანსური ანგარიშგების წაკითხვით კომპანიაზე ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება – სად არის, რას აპირებს, რა სირთულეების, ან გამოწვევების წინაშე შეიძლება იდგეს. აუდიტი და ფინანსები დღეს საერთაშორისო პროფესიაა. თუ ისწავლი კარგად, თუ გაქვს შესაბამისი განათლება, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაო. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, მეკეთებინა ისეთი საქმე, რომელიც სხვა ქვეყნებში, სხვა პრაქტიკებსა და იურისდიქციებშიც გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მომცემდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ წავედი საგადასახადო მიმართულებით და წავედი ფინანსებისა და აუდიტის მიმართულებით. 

– თქვენ უფრო აღრიცხვა/აუდიტის სპეციალისტად თვლით თავს თუ მართვის? 

– ფინანსისტი ვარ, რომელსაც აქვს რეპორტინგის, აღრიცხვიანობისა და სტანდარტების კუთხით დიდი გამოცდილება. 2016 წლიდან, როდესაც ახალი კანონიდან გამომდინარე ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ამ პროცესის აქტიური თანმხლები ვიყავი. ამ წლების განმავლობაში, დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა როგორც მე, ისე ჩემს კომპანიას, კონკრეტულად IFRS სტანდარტების კუთხით. ამის შემდეგ დავაშენეთ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, დაფინანსების მოპოვება, ინვესტიციის მართვა და სხვა. 

– თქვენს მიერ მიღებულ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაში, ყველაზე უფრო ღირებულად რას თვლით? 

– ყველაზე ღირებულია ის გამოცდილება, რომელიც უშუალოდ პროექტების კეთებიდან გამომდინარეობს. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია, ვთქვათ, ძირითადი საშუალებები, როგორც ერთ ერთი საბალანსო მუხლი, რომელიც შემდეგ მოგება-ზარალის ანგარიშგებაზე ახდენს გავლენას. ერთი არის, რომ შინაარსობრივად გესმოდეს კარგად სტანდარტი – როგორია, რას ითხოვს. სულ სხვა გამოცდილების მომცემია, როდესაც ამას კომპანიაში ნერგავ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის კომპანიები, სადაც გვიმუშავია. ყველაზე დიდი გამოცდილება არა მხოლოდ კითხვით მივიღეთ და ვთქვათ, კონკრეტული სერტიფიკატით, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით. ამიტომ, ეს არის ყველაზე დიდი განმასხვავებელი, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ვნერგავთ და რასაც ვაკეთებთ, ის გვესმის საფუძვლიანად. 

– როდის დააფუძნეთ კომპანია SavvY და რას ნიშნავს ეს სახელი? 

– SavvY 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა, ბაზარზე აქტიურობა 2016 წლიდან დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ სახელი მოკლე და ჟღერადია, SavvY ინგლისური სიტყვაა და თავისი საქმის პროფესიონალს ნიშნავს. ამიტომაც ბევრი არ გვიფიქრია, როდესაც სახელთან დაკავშირებით ეს იდეა მოვიდა, ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებს კარგად მოერგო. 

– თქვენი პარტნიორები ვინ არიან? 

– ამ ეტაპზე, SavvY-ს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ საკონსულტაციო კომპანიის მართვის საკმაოდ თანამედროვე სტილი გვაქვს. თითოეულ მიმართულებას თავისი პარტნიორი ჰყავს. მახარებს, რომ წლიდან წლამდე პარტნიორების რიცხვი იზრდება. ჩვენი მიზანია, წელიწადში ერთხელ მაქსიმუმ ერთი პარტნიორის დამატება, ვინაიდან ერთი პარტნიორი ერთ მიმართულებას ნიშნავს. თითოეული პარტნიორი პასუხისმგებელია თავისი მიმართულების შედეგებზე. ჩემი პირადი როლია – ზოგადად ბიზნესის განვითარება, კომპანიის წინსვლა, ასევე ფინანსები. 

– თქვენი კომპანია საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია. რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც ბიზნესი წარმატებისკენ მიჰყავს? 

– რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გამოიყოს. ერთ-ერთი პირველია თანმიმდევრობა, რომელიც სამწუხაროდ, ქართულ ბიზნესს აკლია. თანმიმდევრობა ნიშნავს მიჰყვე შენს დასახულ მიზანს, ყოველდღე, პატარ-პატარა ნაბიჯებით. არ ელოდო ერთ დღეს, ერთ თვეს, დასახულ მიზნამდე მისასვლელად ყოველდღე რაღაცას უნდა აკეთებდე. მთავარია არსებობდეს მიზანი. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, რას ემსახურება ერთი კონკრეტული პროექტი, სად მივყავართ ამ პროექტს, რატომ არის მნიშვნელოვანი. 

ჩვენ მიზნის განსაზღვრა არასდროს გვიჭირს. ზუსტად ვიცით სად გვინდა მივიდეთ. ამ ყველაფერს, ძალიან ხშირად, კონკრეტული პარამეტრების მეშვეობით თვიდან თვემდე ვზომავთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს მიზანი მთლიან გუნდს ჰქონდეს გაზიარებული. ეს არ შეიძლება იყოს, პირობითად, მხოლოდ პარტნიორების, მფლობელების, დირექტორების მიზანი. უნდა არსებობდეს შეგრძნება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენთან არ არის უფროს-უმცროსი. მართვისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ზრუნვა როგორც გუნდზე, ისე ჩვენს კლიენტებზე. არ მახსენდება შემთხვევა, სადაც ჩვენს კლიენტებთან ერთჯერადი თანამშრომლობა გვქონდა. კლიენტმა იცის, რომ როცა საჭიროება დაუდგება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს, იმიტომ, რომ მათ საქმეს საკუთარ საქმედ აღვიქვამთ. ამას კომპანიებიც გრძნობენ, 

– თქვენს კომპანიაში, ამ ეტაპზე, რა მიმართულებაა უფრო პრიორიტეტული? რა სიძნელეების დაძლევა გიწევთ ბიზნესში: კონკურენცია, კადრები, ბაზრის სიმცირე თუ სხვა რამ? 

– მიზნები გაცხადებული გვაქვს. ჩვენი მიზანი არის საქართველოდან გავწიოთ მომსახურების ექსპორტი. ქვეყანას ამის რეალური შესაძლებლობა აქვს. მომსახურების ექსპორტი 2019 წლიდან დავიწყეთ. ვხვდებით, რომ საქართველოდან გაწეული საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი როგორც განვითარებულ, ასევე ჩვენზე მცირედით განვითარებულ ბაზრებზე. არაერთ საერთაშორისო პროექტზე გვიმუშავია, თუნდაც გასულ წლებში. გვიმუშავია ისრაელთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან. ასევე დავიწყეთ თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, ვინაიდან იქ ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. გვინდა საქართველო იყოს მომსახურების ექსპორტის გარკვეული ჰაბი. მიზანი გვაქვს, რომ მომსახურების 80 პროცენტი უცხოეთის ბაზარზე გავიტანოთ. ერთდროულად ორ ბაზარს ვავითარებთ – დიდი ბრიტანეთი, სადაც ჩვენს საქმიანობას მომდევნო წლიდან კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ასევე შევდივართ უზბეკეთის ბაზარზე. უზბეკეთს კარგა ხანია ვაკვირდებით, აქტივობები გვქონდა, ტრენინგებიც ჩავატარეთ, კონკრეტული პარტნიორები მოვიძიეთ. ამ ბაზარზეც საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ. ველოდებით, რომ მომდევნო წლებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

რაც შეეხება კადრებს, ჩვენ კადრების მოძიების პრობლემა არ გაქვს. არ გვქონია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული კადრი გვჭირდებოდა და ვერ ვნახეთ. ალბათ ამას ისიც განაპირობებს, რომ SavvY ბევრი ადამიანისთვის სასურველი გარემოა. ჩვენი მიდგომები – თანაგუნდელებზე ზრუნვა, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაგროვილი რეპუტაციაა. თუმცა ჩვენი კლიენტებისგან ხშირად გვესმის, რომ მათთვის კადრების მოძიება მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

ჩვენ მკაცრად ვუყურებთ თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალურად განვითარებას. ეს თანაგუნდელი შეძლებს თუ არა თანამშრომლობის გრძელ ვადაში გაგრძელებას, თუ არა დროულად ხდება კომუნიკაცია და სხვა როლის ნახვა. ეს დიალოგი ყოველთვის არის ორმხრივი. ვუსმენთ თანაგუნდელს, რა სჭირდება ჩვენგან და რას ველოდებით მისგან. გვაქვს კონკრეტული ხელსაწყოები და სტრუქტურები, რომლის მეშვეობითაც ცხადია ადამიანისთვის, რით არის კომპანია კმაყოფილი, რის გაკეთებას ვითხოვთ და რატომ, რა გააკეთა და რა იყოჩაღა, რა იყო დაშვებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, მის განვითარებას რა მიმართულებით ვხედავთ. ვინვესტირდებით ადამიანებში, ეს ძვირადღირებული ფუფუნებაა, მაგრამ საკონსულტაციო ბიზნესი ადამიანზე დგას. ჩვენი ერთადერთი აქტივი ჩვენი მეთოდოლოგიები და ხალხია. ამიტომ ადამიანების სწორი მართვა და მოტივაცია არის უმნიშვნელოვანესი. 

– ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ცენტრალური აზიის ბაზრები როგორ გამოიყურებიან? 

– ცენტრალურ აზიაში, თუნდაც ყაზახეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ეს ქვეყანა რიგ შემთხვევებში, გაციფრულების კუთხით, საქართველოს უსწრებს. მართალია, 10-15 წლის წინ მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებოდა, თუმცა, დღეს ტექნოლოგიების კუთხით საკმაოდ კარგად არიან. იქაც გვყავს ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე, რომელმაც შექმნა აპლიკაცია – კასპი, რომლის აქციებიც, ნიუ-იორკში, „ნასდაკის“ ბირჟაზე ივაჭრება. ეს პიროვნება ყაზახეთის ტექნოლოგიების განვითარების ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვან ამინდს ქმნის. რაც შეეხება უზბეკეთს, ვხედავთ, რომ მოსახლეობა ბევრია, ამასთანავე მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი 30 წლამდეა. შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების გამოყენების პოტენციალი და მოცულობა არის საკმაოდ დიდი. 

– ცენტრალური აზიის ქვეყნები თქვენი სამიზნე ბაზრებია? 

– ვიტყოდი, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი სამიზნე ბაზარი დიდი ბრიტანეთი იქნება, ამას ბევრი დადებითი ფაქტორი აქვს. გვინდა უზბეკეთშიც განვვითარდეთ და შემდეგ უკვე იქნება ახლო აღმოსავლეთი. როგორც უკვე გითხარით, ვახორციელებთ პროექტებს საუდის არაბეთში. საუდის არაბეთი იქნება საკონსულტაციო კომპანიების გლობალური კონტრაქტორი. ამიტომაც, ახლო აღმოსავლეთში უფრო პროაქტიულ ნაბიჯებს გადავდგამთ. 

– დღეს, აღრიცხვის სპეციალისტებისა და სხვადასხვა ტრენინგების სიმრავლის მიუხედავად, უამრავ კომპანიაში ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვიანობის სირთულეებია. რა არის ამის მიზეზი? 

– ცნობიერება და პროფესიონალიზმი. ჩემი შეფასებით, მხოლოდ ეს ორი მიზეზია. საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში, დაახლოებით 7 ათასი ადამიანი მყავს დატრენინგებული, კონკრეტულად, ფინანსებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნების გამოტანა შევძლო. სამწუხაროდ, საქართველოში მენეჯმენტისა და მფლობელების დიდი რაოდენობა ვერ აცნობიერებს რა არის ფინანსური მართვა, რა არის სწორი აღრიცხვიანობა, რაში უნდა გამოიყენო ინფორმაცია. ამდენი ტრენინგების მიუხედავად, ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ ახლოს ვერ მივდივართ, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპასთან. აღარაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპაზე, ან შტატებზე, სადაც 100 წლის წინ გაიარეს ეს ყველაფერი. კითხვა რომ დასვა, ფინანსური ანგარიშგება რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხს ვერ გაგცემენ. ეს განვითარებულ ბაზრებზე უკვე დნმ-ში ზის. ეს არის საყურადღებო და საგანგაშო. თუ კომპანიაში ხელმძღვანელობიდან არ მოდის მითითება, დამოუკიდებელი ქმედებები იშვიათია, მით უმეტეს, როდესაც ხედავ, რომ ქვედა რგოლებზე დასაქმებული ადამიანების გარჯა ზედა მენეჯმენტში არ ფასდება. შეიძლება ერთხელ გააკეთო, ორჯერ და მესამედ თუ ხვდები, რომ შენი როლი აღიქმება ყოველ 15 რიცხვში დეკლარაციის ღილაკის დამჭერად, მოტივაცია არის საკმაოდ დაბალი. ვფიქრობ, მფლობელებმა, დირექტორებმა, ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიერონ რაში სჭირდებათ ფინანსების ცოდნა. ვისურვებდი, ეს გაცნობიერება არა კრიზისულ მომენტში, არამედ მანამდე მოხდეს. ვუყურებთ, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილი ხდება. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია იზრდება. ერთი მხრივ კარგია, რომ იზრდება ინვესტიციები, დასაქმება და აშ., მაგრამ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სექტორი ფეხზე მყარად იდგეს. როდესაც შენთან მოდის სტუმარი, რომელმაც შენი ბაზარი კარგად იცის, შენ ერთი ნაბიჯით წინ ხარ, მაგრამ თუ შენ ბიზნესს მართავ მეხანძრის რეჟიმში, დაგეგმვის, ბიუჯეტირების ფუნქციები არ გაქვს განვითარებული, მალე შენი, როგორც ადგილობრივის უპირატესობა გაქრება, ვინაიდან საერთაშორისო კომპანია ყველა ამ ხელსაწყოთი მოდის და ესმის, თუ რა როლი აქვს ხარისხიან და სწორ ინფორმაციას. 

მეორე პრობლემა – პროფესიონალიზმი. ჯერჯერობით თაობა, აღრიცხვიანობისა და ბუღალტერიის პროფესიაში, დიდწილად, შემთხვევით არის მოხვედრილი. მათ ნაწილს პირველადი სპეციალობა სხვა აქვს, შემდეგ გაიარა მოკლევადიანი კურსები და ბუღალტრად გადაკვალიფიცირდა. თუ შევხედავთ განვითარებულ ბაზრებს, იქ ბუღალტერი, როგორც პროფესია სულ სხვა პასუხისმგებლობებთან, ვალდებულებებთან, კონფიდენციალურობასთან და პროფესიონალიზმთან არის კავშირში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ამ სფეროში მუშაობენ, საკუთარ ფუნქციას ასევე დეკლარაციის გამგზავნებად აღიქვამენ. არ აქვთ გათავისებული კომპანიაში ხარისხიანი აღრიცხვიანობის წარმართვა რას ნიშნავს. ამიტომ თავიანთი შრომის გაუფასურებას ახდენენ. ზოგიერთი კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ ჩვენ ბუღალტრებიც ვართ, ფინანსისტებიც და დირექტორებიცო. ტრენინგებზეც მითქვამს, ამას თუ ამბობთ, ესე იგი არცერთი მიმართულებით ვარგიხართ. რაღაცები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ ცოტა მეტი ტემპით, თორემ ნელ-ნელა კი იცვლება. სანამ ჩვენ ბუღალტერიას ვაწესრიგებთ და ხალხს ვუხსნით, რომ ბუღალტერიაც ხარისხიანად უნდა ვაკეთოთ, განვითარებული ქვეყნები ბიოტექის და ნანოტექის მიმართულებით ვითარდება. არ გვაქვს ამდენი დრო ახსნაში. შესაბამისად, ამ დარგში პროფესიონალიზმიც არის ძალიან დიდი პრობლემა. 

– ფინანსური მართვის რა თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს? რა უნდა იცოდნენ ამ კუთხით კომპანიის დირექტორმა? 

– მართვას ხალხი მთელი ცხოვრება სწავლობს, არა მარტო 4 წელი უნივერსიტეტში და მერე 2 წელი მაგისტრატურაში. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისის მართვის უნარი. პატარა ან დიდი კრიზისი გაქვს ყოველდღე, მით უმეტეს ჩვენნაირ გარემოში. მენეჯმენტსა და მფლობელებს უნდა ესმოდეთ, როგორ დაძლიონ კრიზისი ისე, რომ გვერდით მყოფი თანაგუნდელები არ გადააყოლონ. ხვალინდელი დღის დანახვა უნდა შეეძლოთ. „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში მოსახვედრად, დღეს, რა უნარების ხალხი მჭირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც ვხედავთ, ხშირად, კომპანიის მფლობელებს მომავლის განჭვრეტა უჭირთ, ან შესაბამის მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ამ მოძრაობებს იწყებენ, როდესაც უარყოფითი შედეგი დგება, ჩიხი აღმოჩნდება. არის სიტუაციები, რომლის გამოსწორებაც ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. გაფუჭებული მდგომარეობის გამოსწორება გაცილებით რთულია და ძვირი ჯდება ემოციურად, ფინანსურად, ადამიანური რესურსის კუთხით, ვიდრე პრევენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თანამედროვე მართვა სწორედ ასეთია. ასევე მნიშვნელოვანია, ბიზნესში ტექნოლოგიების გამოყენება. პასტა-ფურცლის დრო გავიარეთ. დღეს არის სხვადასხვა პროგრამა, ანალიტიკური ხელსაწყოები, სხვადასხვა უნარები, რომელიც ტექნოლოგიებშია ნათარგმნი. მათი სწორი გამოყენება უნდა გვესმოდეს. დღეს ინვესტორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმასაც, თუ როგორ არის ეს ტექნოლოგიები გამოყენებული და რამდენად დაცულია ინფორმაცია. 

– კომპანიებში ტოპ-მენეჯმენტში ძირითადად მამაკაცები არიან, ვიდრე ქალები, თუმცა ბუღალტრებში ასე არ არის. რა არის ამის მიზეზები? 

– ეს საქართველოში ხდება, დასავლურ ბაზრებზე ნაკლებად არის. ახალგაზრდა ეკონომიკა ვართ. ჯერჯერობით, ბიზნესის დიდი ნაწილი მფლობელების პირველ თაობას წარმოადგენს. დავარეგისტრირე კომპანია, დავიწყე საქმიანობა და ჯერჯერობით, თვითონვე ვმართავ. წილის ნასყიდობები, თაობათა ჩანაცვლება, თუნდაც საოჯახო ბიზნესში ჯერ აქტიურად არ დაწყებულა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაიწყება. 

შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ მეორე თაობის ბიზნესმმართველები განსხვავებულები იქნებიან, სხვა რეალობაში განათლებამიღებულები და სხვა ბიზნესრისკების გარემოში აღზრდილები. რაც შეეხება გენდერის ნაწილს, ამ შემთხვევაშიც, ჯერ კიდევ, პირველი თაობის ბიზნესმენები არიან და ამ სფეროში, დაახლოებით, 30 წლის წინ შემოვიდნენ, ამიტომაც მამაკაცები ჭარბობენ. ბუღალტერია, უფრო დამხმარე რგოლად, წესრიგში ყოფნასთან იყო კავშირში, ამიტომაც ამ პოზიციაზე ხშირად ქალები გვხვდებიან. თუმცა, ბოლო პერიოდში ესეც ნელ-ნელა იცვლება. 

– მოგწონთ თუ არა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და მათ შორის, მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონური მოდელი“, რაც ჩვენს ქვეყანაშია? მხოლოდ თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით? 

– სხვა ქვეყნებს როდესაც ვადარებთ, საქართველოში საგადასახადო სისტემა საკმაოდ ლოიალურია. აქტიური შეხება გვაქვს ინვესტორებთან, გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ახლა დავამთავრეთ საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიის დაწერა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია იქნება. ძალიან ბევრ ინვესტორს ვესაუბრებით და ვიცით, რომ საგადასახადო რეჟიმებთან დაკავშირებით, მათი მიდგომა არის პოზიტიური. „ესტონურმა მოდელმა“ ინვესტორებზე, ცალსახად, დადებითი გავლენა მოახდინა. პრაქტიკულად მოგების გადასახადი გახდა დივიდენდის გადასახადი. ამიტომ საქართველოს საგადასახადო სისტემა კონკურენტუნარიანია. მხოლოდ მცირე კომპონენტების ნაწილში ვისურვებდი გადახედვას და გამარტივებას. 

– კონკრეტულად? 

– მაგალითად, წარმომადგენლობით ხარჯებზე. რაც არის ლიმიტები, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არ არის მორგებული ბევრ სექტორზე. არის ბიზნესი, სადაც წარმომადგენლობითი ხარჯი შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ დადასტურებული. ამ მხრივ, ბრიტანული და ამერიკული საგადასახადო სისტემა გაცილებით უფრო ლოიალურია. არ გიწევს ამდენი ჩხირკედელაობა და ამ ყველაფრის დამატებით დაბეგვრა. მე ვამბობ ჩვენ რაც გვეხება. იგივე მივლინებებთან დაკავშირებული ნორმები და სხვა განსაზღვრული წესები, როდის გადაიხედა უცხოეთში დღიური ნორმის ტარიფები, რაც არის დაშვებული საგადასახადოს მიერ, ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ. არის ასეთი მცირე ნიუანსები. მესმის, რომ ქვეყანაში, რომელიც არ იყო მიჩვეული გადასახადების გადახდას, გინდა ეს კულტურა გაიზარდოს. გიწევს, რომ ბიზნესი ყველა მხრიდან, მაქსიმალურად, კონტროლის ქვეშ მოაქციო, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა განისაზღვროს გარკვეული არეები, სადაც ოდნავ მეტი თავისუფლების შემოღებით არაფერი დაშავდება. მე არ ვარ საგადასახადო მიმართულებით სპეციალისტი, ამ ყველაფერს როგორც მომხმარებელი ისე ვაფასებ. ალბათ, საგადასახადო კუთხით ბევრი სხვა რაღაცის გაკეთება შეიძლება, რასაც ამ დარგის სპეციალისტები უკეთ განსაზღვრავენ.

– უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო რა კუთხით არის ხელსაყრელი და რა აშინებთ მათ აქ? ბოლო პერიოდში უცხოურ ინვესტიციებში გარკვეული ჩავარდნა იგრძნობა. 

– წელს გააჩნია. 2023 წელი ინვესტირების კუთხით საკმაოდ კარგი იყო. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში გვაქვს კლება. ჯერ ვისაუბროთ რა აშინებთ. აშინებთ რეგიონში პოლიტიკური არასტაბილურობა, ნებისმიერ ქვეყანაში, ეს საქართველოა, სომხეთი თუ ინდონეზიაა. ასევე აშინებთ პატარა ბაზარი. ამიტომ, როდესაც საქართველოში ინვესტირდებიან, ყოველთვის ფიქრობენ, აქედან ვის შეიძლება მისწვდნენ. 

მოსწონთ საგადასახადო სისტემა. ასევე რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ უსაფრთხოების კუთხით, ბიზნესსტაბილურობაც მეტნაკლებად გვაქვს. ასევე, მოსწონთ ისიც, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან – ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ერთ-ერთი ფაქტორია სხვადასხვა სახის სუბსიდირებები, დონორული პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები. საინვესტიციო კლიმატი გვაქვს საკმაოდ კარგი. თუმცა, ინვესტორების მოზიდვის ნაწილში, ქვეყნებს შორის ძალიან დიდი კონკურენცია. უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვინდა, ის სხვა ბევრ ქვეყანასაც უნდა. როგორც კერძო კომპანია ფიქრობს, მომხმარებელი როგორ მოიზიდოს და დატოვოს კმაყოფილი, ინვესტორების მოზიდვის კუთხითაც ზუსტად იგივე ამბავი ხდება. ამიტომ საქართველოში ბიზნესგარემო სულ უნდა იხვეწებოდეს. 

– უფრო მეტად, რა მიმართულებები აინტერესებთ ინვესტორებს საქართველოში? 

– მიმართულებები არის ძალიან ბევრი. წარმოების კუთხით, მაინც უფრო მსუბუქ მრეწველობაში ვხედავთ ინტერესს. თუმცა მძიმე მრეწველობაშიც, საერთაშორისო კომპანია „ინდორამამ“ „რუსთავის აზოტში“ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა. მათთვის საინტერესოა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი, აგრომიმართულება. საკმაოდ მზარდია ინტერესი ისეთი კულტურების მხრიდან, როგორიც არის თხილი, ლურჯი მოცვი, ნუში და ა.შ. 

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალი არის საკმაოდ დიდი. კერძო სექტორმა ამ პოტენციალის სხვანაირად გამოყენება უნდა დაიწყოს. იმისთვის, რომ შევქმნათ პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ევროკავშირისთვის არის მისაღები, თანამედროვე ბიზნესის კეთების გზით უნდა ვიაროთ. მარტივ მაგალითს გეტყვით, თურქეთი წარმოების კუთხით ძალიან განვითარებულია. ამ ქვეყანას ამერიკის ბაზარზე საკმაოდ დიდი ექსპორტი აქვს. თურქული პროდუქტი, რომელიც ამერიკის ბაზარზე იყიდება, ვიზუალურად ამერიკული პროდუქციისგან არაფრით განსხვავდება _ შეფუთვა, ზომა, გემოვნური თვისებები. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას თუ შევხედავთ, ძალიან იშვიათია, რომ ჩვენი პროდუქტი, რომელიმე უცხოურ ბაზარზე იყოს მორგებული. ჩვენ შეიძლება ვქმნიდეთ პროდუქტს, რომელიც ადგილზე მოგვწონს, მაგრამ სხვა ქვეყნებში როგორი პროდუქტი მოსწონთ, ამაზე ფიქრს მაშინ ვიწყებთ, როდესაც იქ ჩვენს პროდუქტს იწუნებენ. ამისთვის უნდა ჩავატაროთ ბაზრის კვლევა, რათა ვიცოდეთ მაგალითად, ეს წყალი, ამ ვიზუალითა და შეფუთვით კონკრეტული ბაზრისთვის არის თუ არა საინტერესო. 

საქართველოში როგორც წესი პირიქით არის, ჯერ ვაკეთებთ ქარხანას, კონკრეტულ შეფუთვით ვაწარმოებთ პროდუქტს და მერე გვინდა ეს პროდუქტი მოსწონდეს ყველას. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც ბიზნეს-გეგმაზე გვეუბნებიან, რომ ძვირია. ჩვენი ბიზნეს-გეგმები ფარატინა ფურცლები არ არის, ამიტომ იაფი ვერ იქნება. თუ ადამიანი მზად არის მილიონი დოლარი გადაიხადოს და კონკრეტული ბიზნესი დაიწყოს, მას ბაზრის შესახებ დეტალური კვლევაც უნდა ჰქონდეს. არ ჯობია ჯერ გადაიხადო, პირობითად, 15 ათასი დოლარი, დარწმუნდე შენი გეგმა, რაშიც მილიონის ჩადება გინდა, ღირებულია და მერე სცადო? ეს მენტალური ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

– როგორია თქვენი დამოკიდებულება ახლად მიღებული კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა? 

– მე არ ვარ იურისტი, რომ კანონის კუთხით კონკრეტული კომენტარი გავაკეთო. მე შემიძლია ჩემი სფეროდან შევაფასო, რაც არის ფინანსებისა და ინვესტიციების მართვა. ჩვენთვის ევროპული და დასავლური გზა არის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რად გვიღირს ამ გზიდან გადახვევა. ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, ასეთ არასტაბილურობებს ქვეყნისთვის რა ნეგატიური ეფექტი აქვს. ასე არ არის, რომ აპრილ-მაისში დემონსტრაციები გვქონდა, ივნისი-აგვისტო ვისვენებთ და ყველაფერი კარგად არის. ის კონკრეტული მომენტი ბიზნესს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ჯგუფებს მარტივად არ ავიწყდებათ. ერთთვიანმა ვნებათაღელვამ ქვეყანაზე, შეიძლება, მინიმუმ ერთწლიანი ეფექტი მოახდინოს, ისიც თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობ. ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, რად გვიღირს ამის კეთება. ქვეყნის ორიენტირს და გეზს ვხედავდი და მომავალშიც დავინახავ დასავლეთისკენ. ვიცით, ჩრდილოეთისკენ რა გვქონდა. 

– თქვენი თავისუფალი დრო როგორია? თუ გაქვთ სხვა, პროფესიისგან განსხვავებული მისწრაფებები? 

– თავისუფალი დროის გამოძებნა რთულია, ვინაიდან კომპანიის გარდა მყავს ოჯახი _ მეუღლე, ორი შვილი. შესაბამისად, დროის განაწილება მიწევს, რათა ამ პასუხისმგებლობებს მეტნაკლებად კარგად გავართვა თავი. ასევე მეწარმეობის კუთხით, საკმაოდ, აქტიურად ვარ დაინტერესებული. SavvY-ს გარდა, სულ რაღაც სტარტაპს ვიწყებ. ზოგი გამოდის, ზოგი არ გამოდის. სტრატეგიული ექსპერიმენტების ჩატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ზრდის ადამიანს. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვუთმობ კითხვას. მგონია, ყველა უნდა კითხულობდეს. სამწუხაროდ დღეს ინფორმაციის მიღებას ვიდეოებით ან მოსმენით ცდილობენ. არ მჯერა ამ მეთოდის. მგონია, რომ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო არის წიგნი. ისიც თუნდაც რა ლიტერატურას კითხულობ, როგორ გაქვს დალაგებული. აქედან მოდის კრეატივი. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობა. საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესს ბევრ ქვეყანაში ვაწარმოებთ. ალბათ, მოგზაურობა არის ამ საერთაშორისო პრაქტიკების, განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული მიდგომების, ახალი თვალთახედვის ყველაზე სწრაფი და სასიამოვნო მეთოდი. თუ ევროპას შევედარებით, ჯერ კიდევ ჩაკეტილი ქვეყანა ვართ. ევროპის ქვეყნებს შორის მობილობა ძალიან დიდია. ამიტომ ყველას ვუსურვებდი, რაც შეიძლება ბევრი იმოგზაუროს, ახალი ადგილები აღმოაჩინოს. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2024 წლის ივლისის №7(295)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში