Homeინტერვიუინტერვიუ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკან ვახტანგ ჭარაიასთან

ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკან ვახტანგ ჭარაიასთან

Published on

spot_img

ვახტანგ ჭარაია – დაიბადა 1987 წლის 6 აგვისტოს მოსკოვში. 

განათლება 

2011-2014 – ეკონომიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2009-2011 – ევროპათმცოდნეობის მაგისტრი, ბალტიის საერთაშორისო აკადემია, ლატვია. 

2004-2008 – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

2022 წლის ოქტომბრიდან – პრორექტორი, სამეცნიერო კვლევით საკითხებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 

2022 წლის სექტემბრიდან – დეკანი, ბიზნესისა და მართვის სკოლა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 

2020 წლის იანვრიდან – V-dem Institute, University of Gothenburg (შვედეთი), ექსპერტი. 

2018 წლის მარტიდან – მცირე და საშუალო საწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 

2016 წლის თებერვლიდან – ასოცირებული პროფესორი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.  

2014 წლის დეკემბრიდან – თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი ორგანიზაცია, შვეიცარია. 

2019-2020 – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

2019-2020 – ანალიტიკოსი, სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი. 

2019-2020 – დეკანი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. 

2018-2019 – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. 

2016-2022 – ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. 

2016-2020 – მოწვეული პროფესორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

2016-2018 – წამყვანი, ყოველდღიური ბიზნეს-გადაცემა „ბიზნეს კოდი“. 

2015 – მკვლევარი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია. 

2015-2017 – ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის, სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი. 

2014-2018 – მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

2013-2016 – რექტორის კონსულტანტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თსუ. 

2012-2018 – „International Alert”-ის კონსულტანტი ეკონომიკის დარგში, დიდი ბრიტანეთი.

2012-2013 – ანალიტიკოსი „კავკასიის სოციალურ და ეკონომიკურ კვლევით ინსტიტუტში“.

2012 – მკვლევარი პასაუს უნივერსიტეტში, გერმანია.

აკადემიური კვლევითი ვიზიტები: 

2018 წლის ივლისი – პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჩინეთი. 

2015 წლის ივლისი-სექტემბერი – ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია. 

2014 წლის ივნისი-სექტემბერი – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ. 

2013 წლის ივლისი-აგვისტო – ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი. 

2013 წლის თებერვალი-მარტი – სახელმწიფო მართვისა და ფინანსების ინსტიტუტი, ინდოეთი. 

2012 წლის მაისი-სექტემბერი – პასაუს უნივერსიტეტი, გერმანია. 

მნიშვნელოვანი ჯილდოები 

წლის მეცნიერი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, 2021. 

ეკონომიკის დარგში მიღწევებისთვის – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2021. 

საუკეთესო ნაშრომისთვის – Association of Security Researchers and Specialists, 2021. 

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2018. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ახალგაზრდა მკვლევართა კონკურსი – გამარჯვებული. 

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია – I ადგილი, 2015 წელი. 

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია – I ადგილი, 2014 წელი. 

ანალიტიკური სტატიების კონკურსი – გამარჯვებული, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, 2013. 

„აღმოსავლეთის პარტნიორობა – ევროკავშირის ახალი ინიციატივა“ – I ადგილი, CIESR, 2011.

– ბატონო ვახტანგ, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ როგორც განათლების, ასევე ეკონომიკური კვლევების მიმართულებით, რაზეც გვსურს ვისაუბროთ. ვიდრე პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, ჯერ მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

– აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ვსწავლობდი ქალაქ მოსკოვის ქართულ ლიცეუმში. სკოლა იქ დავამთავრე. 2004 წელს მთელი ოჯახით საქართველოში დავბრუნდით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. 2009 წელს, სწავლა ლატვიაში, ბალტიისპირეთის საერთაშორისო აკადემიაში გავაგრძელე. იქ სწავლის პერიოდში ბევრ გაცვლით პროგრამასა და საერთაშორისო პროექტში მივიღე მონაწილეობა. 2012 წელს დოქტორანტურაზე ჩავაბარე, კვლავ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავდროულად სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ერთობლივ პროექტებში ვიყავი ჩართული. საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ უნივერსიტეტების ეგიდით მრავალ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ბრემენის უნივერსიტეტში, პასაუს უნივერსიტეტში და სხვა. პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალგაზრდა მკვლევარი გავხდი. ამ პერიოდიდან, ეკონომიკური მიმართულებით, აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში. მაგალითად, თანამშრომლობა დავიწყე International Alert-თან, რომელიც კონფლიქტების შემსწავლელი ბრიტანული ორგანიზაციაა. მე პროექტების ფინანსურ ნაწილის შეფასებაზე ვიყავი პასუხისმგებელი. თავიდან იქაც მკვლევრის სტატუსით ვმუშაობდი, თუმცა, მოგვიანებით რეგიონში მთავარი ეკონომისტი გავხდი. არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების კონფლიქტებსაც ვსწავლობდით და დამატებით ბევრს ვმოგზაურობდით კონფლიქტურ რეგიონებში, მათთვის სხვადასხვა გამოცდილების გასაზიარებლად, ან იქიდან საინტერესო მიგნებების ჩვენთან წამოსაღებად. გარდა ამისა, როგორც გითხარით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დავიწყე აქტიური თანამშრომლობა. გავიმარჯვე მათ კონკურსში და სავალუტო ფონდი ხშირად მიწვევდა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ღონისძიებაზე. საქართველოში, როდესაც სავალუტო ფონდის მისიები ჩამოდიან, მათ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, კონსულტაციებს დღემდე ვუწევ. 

ამ პერიოდში სხვა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დავიწყე თანამშრომლობა. ძირითადად ამერიკულ ორგანიზაციებთან, თუმცა ევროპულებიც იყო, რომლებიც კვლევებს, ეკონომიკურ კონტექსტში, სხვადასხვა მიმართულებით აკეთებდნენ – სოფლის მეურნეობით დაწყებული, ჯანდაცვით დამთავრებული. ძალიან საინტერესო პროექტები შემხვდა, რომელზედაც მიმუშავია. უკვე წლებია ვთანამშრომლობ მსოფლიოში ცნობილ ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან როგორიცაა: შვეიცარიული World Economic Forum-ი და შვედური V-dem-ი და გახლავართ მათი ექსპერტი საქართველოში. ვმონაწილეობდი ამერიკულ Middle East Institute-ის, George Mason University-ის, Carnegie Endowment for International Peace-ის და სხვათა პროექტებში. 

2013 წელს გადმოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის კონსულტანტად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2015 წელს დავიცავი სადოქტორო. ამის შემდეგ კვლევებთან ერთად, უფრო მეტად აკადემიური საქმიანობით დავკავდი. გავიარე სხვადასხვა პროგრამა. წლების განმავლობაში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული ლექტორი ვიყავი. ეს მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჰარვარდში სხვადასხვა გადამზადების კურსი გამევლო და შემდეგ მათი აკადემიური პროგრამები ქართული უნივერსიტეტებისთვის შემეთავაზებინა, ზუსტად იმ მასალით, ლიტერატურით, მიდგომებით, რასაც ჰარვარდში გადიან. 

ბოლო პერიოდში, ძირითადად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (გრუნი) ვსაქმიანობ. დავიწყე ასისტენტ-პროფესორობით, შემდეგ გავხდი პროფესორი, შემდეგ ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, ახლა კი რექტორის მოადგილეც ვარ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. საუნივერსიტეტო საქმიანობასთან ერთად კვლავ ვაგრძელებ სხვადასხვა პროექტზე მუშაობას, რომელიც ხელს მიწყობს, რომ ჩვენს სტუდენტებს ბევრ საერთაშორისო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა მივცეთ. 

გრუნი ძალიან წარმატებული და დიდი შესაძლებლობების უნივერსიტეტია, გამართული ინფრასტრუქტურით და მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებით. წარმომადგენლობა გვაქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. თბილისში გვაქვს ორი კამპუსი, ბათუმში – ერთი. ჯამში, დაახლოებით, 4 ათასამდე სტუდენტს ვაერთიანებთ, გვაქვს პროგრამები – ბიზნესის, სამართლის, მედიცინის, ჰუმანიტარული და საჯარო მმართველობის მიმართულებით. გვაქვს ყველა საფეხურის პროგრამები – ბაკალავრის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის და პოსტდოქტორანტურის ჩათვლით. ვფიქრობ, მომავალ წლებშიც ამ უნივერსიტეტში ვიქნები, ვინაიდან მისი ზრდის პერსპექტივას ვხედავ. ასეთ უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვისაც საინტერესოა და იმედი მაქვს უნივერსიტეტისთვისაც ჩემი საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში ნაყოფიერი იქნება. ბოლო წლებში ჩემს გუნდთან ერთად მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიზნესის სკოლის სტუდენტთა რაოდენობა, უმაღლესი შეფასებით გავიარეთ აკრედიტაცია, განვახორციელეთ ასეულობით პროექტი, მათ შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის პროექტები და ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალი პროგრამების განვითარებაზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. 

ასევე, ცოტა ხნის წინ, გასაუბრება გავიარე ეროვნულ ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე. გასაუბრება საჯარო იყო და ნებისმიერ მსურველს ჰქონდა კანდიდატების მოსმენის საშუალება. თავიდან 28 მონაწილე იყო, შეგვარჩიეს 8. ამ რვიდან საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის 4 კანდიდატი უნდა წარედგინა. თუმცა გარკვეული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატები არ შესთავაზა. ვთვლი, რომ იმ ოთხეულშიც მოწინავე ვიქნებოდი, გამომდინარე იმ გამოხმაურებებიდან (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო), რომელიც ჩემს გასაუბრებას მოჰყვა. ჩემი შეფასებითაც, თავისუფლად ვიქნებოდი იმ ოთხეულში, თუკი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა. 

– რა ეკონომიკურ დისციპლინებს ასწავლიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში? 

– მე, ძირითადად, საქართველოს ეკონომიკას ვასწავლი. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება სხვა საგნებიც წავიკითხო – საბანკო საქმე, საერთაშორისო ბიზნესი. დოქტორანტურაში ვასწავლი სამეცნიერო კვლევას.

– სწავლის პროცესში რა დრო ეთმობა ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლას? 

– ჩვენთან, ბუღალტრული აღრიცხვა მეორე კურსიდან ისწავლება. ბუღალტრული პროფილის დისცი პლინებს სტუდენტები გადიან როგორც ბაკალავრიატზე, ისე სამაგისტრო საფეხურზეც. ჩვენ გვყავს რამდენიმე პრაქტიკოსი ლექტორი, რომლებიც ცნობილ კომპანიებში მუშაობენ. მაგალითად, „დი პლომატ ჯორჯია“, „ფრაისუოთერჰაუს კუპერსი“, ასევე „სოკარის“ შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა. ვცდილობთ, თეორიულიდან უფრო მეტად პრაქტიკულისკენ წავიდეთ და პრაქტიკოსი ლექტორები გვყავდეს. ბუნებრივია, აკადემიურ სივრცეში 100 პროცენტით პრაქტიკოსებს ვერ დავტვირთავთ, თუმცა, სადაც პრაქტიკული საგნებია, სადაც შეიძლება პრაქტიკა ასწავლოს პრაქტიკოსმა, ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. 

– თუმცა, ამ პროფილის კომპანიების წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ პრაქტიკულად, ყველა ახალგაზრდა ბუღალტერი ბუღალტრულ აღრიცხვას სხვადასხვა გადასამზადებელ კურსზე სწავლობს და არა უმაღლეს სასწავლებლებში. რა არის ამის მიზეზი, ლექტორებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი სასწავლო პროგრამების შერჩევა ვერ ხდება, თუ რა? 

– გრუნის მაგალითზე შემიძლია გითხრათ რომ ბუღალტრული პროფილის საგნებს უნივერსიტეტში წამყვანი პროფესიონალები ასწავლიან, თუმცა, მედლის მეორე მხარეა, თუ რამდენად ახერხებენ სტუდენტები მიღებული ცოდნის გარკვეული პერიოდის შემდგომ რეალიზებას უშუალოდ ბუღალტრულ კომპანიაში დასაქმებისას. მოგეხსენებათ უნივერსიტეტები არ ამზადებენ ბუღალტრებს როგორც ასეთს. ვგულისხმობ იმას, რომ პროგრამები სადაც ისინი სწავლობენ, არის ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ა.შ. და არა ბუღალტრული აღრიცხვის. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ გრუნიში შესაბამისი კურსების გავლილ სტუდენტს თავისუფლად შეეძლება ბუღალტრულ კომპანიაში მუშაობის დაწყება. 

ამასთან ერთად, კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, ზოგადი განათლების სკოლის მოსწავლეებში მათემატიკის ცოდნის დონე ძალიან დაბალია. უნივერსიტეტებს სკოლამ უნდა მიაწოდოს კარგად მომზადებული ახალგაზრდები. ეროვნული გამოცდებიც აჩვენებს, რომ მათემატიკაში ძალიან ცუდი შედეგებია. ამისთვის ერთი მხრივ სკოლები უნდა დაისაჯონ და მეორე მხრივ გაძლიერდნენ. როდესაც უნივერსიტეტებში სუსტი ნაკადი მოდის, რომლებსაც არ აქვთ მათემატიკური აზროვნება და უნარები, შესაბამის საგნებშიც ყველაზე სუსტები არიან. რაშიც სუსტები არიან, მის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ და ცდილობენ სხვა საგნებზე გადაერთონ. 

– მე კონკრეტულ პროფესიაზე გკითხეთ, თუმცა, ბიზნეს-ასოციაცია აკეთებს დასაქმების ბაზრის კვლევას, სადაც ჩანს, რომ კადრების დეფიციტი ყველა მიმართულებით არის. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ცდილობს საზღვარგარეთ მიიღოს განათლება. 

– განათლების სისტემაში ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ უნივერსიტეტები ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას ვერ ახერხებენ. უბრალოდ, რაც არ უნდა ბეჯითი მოსწავლე იყოს, სამუშაო პრაქტიკა მაინც სხვა განზომილებაა. გუნდთან მუშაობა, საქმესთან ადაპტირება, უნარების გამოვლენა. მათ შორის მნიშვნელოვანია ხელფასის როგორც სტიმულატორი (ან პირიქით) ფაქტორიც. ყოველწლიურად, ორჯერ მაინც ვატარებთ დასაქმების ფორუმებს. მოდიან ათეულობით კომპანიები. ძალიან იშვიათად, რომ კომპანიებმა სტუდენტებს მათზე მორგებული გრაფიკი შესთავაზონ. სტუდენტმა სრული განაკვეთით უნდა იმუშაოს და სწავლას ან მოახერხებს, ან არა. ხშირად სტუდენტები ასეთ გრაფიკზე უარს ამბობენ. ძირითადად, კომპანიების მიდგომა ასეთია, უნდათ ადამიანი დილიდან საღამომდე 500 ლარზე ამუშაონ, თავად მაღალი მოგება მიიღონ, დასაქმებული კი 500-ლარიანი ანაზღაურებით კმაყოფილი და გახარებული უნდა იყოს. ასე არ ხდება. ადამიანებს არ სურთ თავიანთი დროის დათმობა თვეში 600-700 ლარის სანაცვლოდ. დამსაქმებელს გონია, რომ იხდის ფულს, მაგრამ კადრს ვერ შოულობს. ვერ იშოვის, შეთავაზებული ხელფასი ვაკანსიების შესავსებად საკმარისი არ არის. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია პრაქტიკა, ამ შემთხვევაში რა არის გასაკეთებელი. ამ პროცესში სახელმწიფოს როლს რა კუთხით ხედავთ? 

– პრაქტიკები თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს. მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს, სადაც სტუდენტებს პრაქტიკებზე ვუშვებთ. მათ შორის სახელმწიფოსაც აქვს გამოცხადებული სტაჟირების პროგრამები, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობას იღებენ. უბრალოდ, ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, ქართული ბიზნესის სტრუქტურა, ძირითადად, ყიდვა-გაყიდვის ტიპისაა. ამ ყიდვა-გაყიდვაში ბევრი კრეატივი, გამოცდილება და უნარები არ არის საჭირო. ადამიანს შეიძლება ერთ თვეში აუხსნა, რა უნდა გააკეთოს და სტაბილურად ნორმალური ხელფასი მისცე. იმ კომპანიებს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ სჭირდება რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. მაგალითად, გერმანიაში არის უნივერსიტეტები, რომელთა სასწავლო სტრუქტურა მთლიანად კომპანიების საჭიროებებზეა აგებული. მაგალითად, „მერსედესი“ პირდაპირ უკვეთავს თუ რა პროფილის კადრი სჭირდება. სტუდენტები პირველი კურსიდან ბოლომდე ემზადებიან, პირდაპირ მიდიან კომპანიაში და ინტეგრირდებიან იმ გარემოში. ჩვენთან ასეთი ტიპის საწარმოები არ არის. 

– თუმცა, რაც გვაქვს, ამ რეალობაშიც შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოთხოვნა და მიწოდება აცდენილია ერთმანეთს. ძირითადად, რა პროფილის სპეციალისტებზეა მოთხოვნა? 

– მსგავსი სტატისტიკა თუ არსებობს არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი მაინც იაფი სამუშაო ძალაა. რეალურად, ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რაზედაც ხშირად საუბრობს ბიზნესი. მაღალკვალიფიციური კადრი სად უნდა დასაქმდეს? რა სფეროებს ჩამომითვლით, სადაც აქტიურად არის მოთხოვნა და მიწოდება არ არის? შეიძლება, სულ რაღაც 5-10 კომპანიამდე დავიდეთ. ძირითადად, ყველას იაფი სამუშაო ძალა სჭირდება, რომელიც შეიძლება კარგი პოზიციის დასახელებით იყოს შეფუთული. მეორე მხარე კი არ არის მზად იყოს იაფი სამუშაო ძალა. ყველას უნდა იყოს მაღალანაზღაურებად, კარგ თანამდებობაზე, კარგი ორგანიზაციის წევრი. ამიტომ არის მოთხოვნა-მიწოდება აცდენილი. 

ამასთან, არის სპეციფიკური დარგები, სადაც კვალიფიციურ კადრს ბაზრიდან ვერ აიყვან. ასეთ კადრებს დიდი სამუშაო პრაქტიკა, გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირება სჭირდება. მაგალითად, ძალიან კვალიფიციური კადრები გვყავდა ენერგეტიკაში. იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირება არ ხდებოდა, ამ დარგში ნამდვილად არის კადრების დეფიციტი. ბევრმა ენერგეტიკოსმა შეიძლება თქვას, რომ 5 დი პლომი აქვს, „ენგურჰესი“ მისი აშენებულია, მაგრამ „ენგურჰესს“ რა ტექნოლოგიებითაც აშენებდნენ, ის ტექნოლოგიები დღევანდელ ბაზარზე საერთოდ აღარ არის მოთხოვნადი.

– თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირება, სასწავლო პროგრამების კუთხით, რამდენად მოახერხეს უმაღლესმა სასწავლებლებმა, რათა მათ მერე ეს ცოდნა სტუდენტებს გადასცენ? 

– თუ საუბარია ვიწრო სპეციფიკურ სპეციალობებზე, როგორიც არის იგივე ენერგეტიკა, ფაქტია, რომ ენერგეტიკოსებში გვიჭირს. ენერგეტიკის ფაკულტეტებზე უამრავი სტუდენტი გვყავს და კომპანიები კადრებს მაინც ვერ არჩევენ. მარკეტინგში აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობდე, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის, სპეციალური პროგრამების გამოყენება. უნივერსიტეტები ამას ასწავლიან. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტებს აქვთ ვალდებულება, სტუდენტებს ბევრი ისეთი რაღაც შეასწავლონ, რომელიც მათ პროფესიას არ სჭირდება. უფრო მეტიც, ბევრი დღევანდელი პროფესია, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლება, საუნივერსიტეტო აღარც კია, მათ შესასწავლად 4 წელი აღარ არის საჭირო. შეიძლება ნახევარწლიანი, ერთწლიანი პრაქტიკით/ტრენინგით ჩანაცვლება. კარგია, რომ მომდევნო წლიდან, უნივერსიტეტები, მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით 3-წლიანი პროგრამებზე გადავდივართ. 3 წელი უფრო ოპტიმალური დროა, ვიდრე ოთხი. ევროპული გამოცდილებაც ამაზე მიუთითებს. მაგალითად, ციფრული მარკეტინგის შესწავლას სჭირდება რამდენიმე თვიანი კურსი. აბარებენ ციფრულ მარკეტინგზე, გარდა ამ დისცი პლინისა, უამრავ სხვა დისცი პლინას სწავლობენ და ეფანტებათ თავისი ძირითადი პროფესიის ორიენტირი. ციფრული მარკეტინგისთვის ნახევარი, ან ერთი წელი რომ დაეთმო, თანამედროვე პროგრამები ესწავლა, უფრო კვალიფიციურ ცოდნას მიიღებდა. დამსაქმებელს, რომელიც კადრში ციფრული მარკეტინგის უნარებს ეძებს, საერთოდ არ აინტერესებს ისწავლა თუ არა მისმა დასაქმებულმა ეკონომიკის ისტორია, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები თუ სხვა, რასაც სტუდენტი გადიოდა. ამ ყველაფრის ცოდნა ზოგადი განათლების ჭრილში კი კარგია, თუმცა დამსაქმებელს ციფრული მარკეტოლოგისგან კონკრეტული მოლოდინები აქვს და ის კონკრეტულად ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. 

სხვათა შორის, ბიზნესთან გვქონდა გარკვეული სახის შეთავაზება, მაგრამ ბიზნესი აქტიურად არ გამოგვყვა. ბევრ უნივერსიტეტში სწავლის საფასური არ არის ისეთი (დაახლოებით 3 ათასი ლარია), რომ კომპანიამ სტუდენტს ვერ გადაუხადოს. ვთავაზობდით, თუკი ისინი სწავლის საფასურს გადაიხდიდნენ, სწავლის პროცესში მათთვის საჭირო ელემენტებს შევიტანდით, შეეძლოთ სტუდენტები გარკვეული კრიტერიუმებით თავად შეერჩიათ. სტუდენტებს მათთვის მოვამზადებდით. სტუდენტი მე-3, მე-4 კურსზე იმუშავებდა კომპანიაში, მასზე მორგებული გრაფიკით. ეტაპობრივად დაეუფლებოდა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. სტუდენტის მოტივაციაც უფრო გაიზრდებოდა, როდესაც მას ეცოდინება, რომ დასაქმდება იმ კომპანიაში, სადაც პრაქტიკის მისაღებად დადის. კომპანია კი თეორიულად და პრაქტიკულად კარგად მომზადებულ კადრს მიიღებდა, თანაც სიმბოლურ ფასად. ასეთი მარტივი სქემებით არის შესაძლებელი დიდი შედეგების მიღება, მაგრამ ბიზნესს ასეთი ნაბიჯების გადადგმაც კი უჭირს. მას ურჩევნია ადამიანი ბაზრიდან აიყვანოს, ნახევარი წელი არაფერი უხადოს, ან სიმბოლური ანაზღაურება დაუნიშნოს და მერე შეიძლება საერთოდ დაკარგოს ეს კადრი. ხშირად არის ძალიან გაწერილი სტაჟირებები, სტუდენტისთვის არახელსაყრელი გრაფიკი, სტაჟირების შემდეგ ძალიან დაბალი ხელფასი. ამიტომ ახალგაზრდების ნაწილს ურჩევნია, რომ საზღვარგარეთ წავიდეს. ჰგონია, რომ იქ ცაში ვარსკვლავებს მოსწყვეტს. სამწუხაროდ, შეიძლება უფრო უარეს დღეში ჩავარდეს, მაგრამ განსხვავებული გარემო, სხვა ქვეყანა მათთვის მეტი ხიბლია და სამომავლოდ მეტ პერსპექტივას ხედავენ. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ძირითადად მოთხოვნა არის სავაჭრო-მომსახურების სექტორში იაფ მუშახელზე. ხელისუფლება ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სახელმწიფო პროგრამებზე დარგობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, ამ პროგრამების შედეგს თუ ხედავთ? ისიც რეალობაა, რომ ქვეყანა დიდწილად იმპორტდამოკიდებულია, უცხო ქვეყნებთან სავაჭრო დეფიციტი გვაქვს მაღალი. 

– ამ პროგრამების უმრავლესობა ძალიან სასარგებლოა და პოზიტიური შედეგების მომტანი უნდა იყოს. თუმცა, ამ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად და მის წარმატებით განსახორციელებლად ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს საწყისი კაპიტალი, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მესმის ისიც, რომ ადამიანს, რომელსაც არაფერი არ უკეთებია, ფულს ვერ მიანდობ. 

თუმცა, არის სხვა პრობლემებიც, ფერმერებს მოყვანილი პროდუქტის ორგანიზებულად რეალიზაცია უჭირთ, ერთიანი ჯაჭვი არ არსებობს. ამას არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ არეგულირებს. ამასთანავე, ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და აქ წარმოება რთულია. ხშირ შემთხვევაში, ეს პროგრამები ისეა აგებული, რომ ექსპორტის საფუძველს ამზადებენ. თუ ვინმეს ვაძლევთ ფულს, რომლის შესახებ არ ვიცით აქვს თუ არა გამოცდილება, კონტაქტები, რომ პროდუქცია გაასაღოს, ეს პროექტი შედეგიანი ვერ იქნება. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო პროგრამებით მოაწყვეს გარკვეული მეურნეობები და შემდეგ გაკოტრდნენ. ასევე პრობლემაა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა. სახელმწიფო დაფინანსებით შემოიტანენ საჭირო დანადგარებს, მერე არ ჰყავთ კადრი, რომლებმაც მათი გამოყენება იციან, მათ გადამზადებაში ფულს ვერ ხარჯავენ, ეს დანადგარი თუ გაფუჭდა, ვერ ახერხებენ მის შეკეთებას. დამწყები ბიზნესმენები ხშირად ვარდისფერი სათვალიდან იყურებიან და ბიზნესის სწორად დაგეგმვას ვერ ახერხებენ. ჯაჭვი არ არის აწყობილი, რომელიც შეკრავდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ფულის, მიღებული შედეგის, მისი განვითარებისა და გაფართოების პროცესს. 

ასევე, ფინანსური რესურსის ღირებულება მაღალია, საბანკო სესხები არის ძვირი. არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ გაძლევს მთლიან ფულს, აუცილებელია თანამონაწილეობა. ან დანაზოგი უნდა გქონდეს ან ბანკიდან სესხი აიღო. საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ საბოლოოდ ამ სესხის გადახდა რთულია. 

– ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გარკვეული სტიმული უნდა გამხდარიყო ბიზნესისთვის, რატომ ვერ ადაპტირდნენ ევროკავშირის ბაზარზე ქართველი ბიზნესმენები და რატომ არ გახდა სტიმული უცხოური ინვესტორებისთვის ეს გადაწყვეტილება? 

– ევროკავშირში ჩვენი მთლიანი ექსპორტის წილია მცირეა, თორემ ჯამურად წლიდან წლამდე იზრდება. დსთ ის ქვეყნებში იმდენად მაღალია ქართული პროდუქტის მოხმარება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მცირე მოჩანს. საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი პერსპექტივა იყოს ჰაბი ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებისთვის, თუმცა, კარგად ვერ რეალიზდა ეს პერსპექტივები. ევროკავშირი 500-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარია, ასევე ჩინეთი მილიარდნახევრიანი ბაზარი და ეს საქართველოს უზარმაზარ პერსპექტივებს უნდა აძლევდეს. მარტო ქართული წარმოებისთვის არა, უცხოელებისთვისაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა აწარმოონ საქართველოში და მერე ევროკავშირში გაიტანონ. ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს არათუ თავისუფალი ვაჭრობა აქვთ, არამედ სავაჭრო და საინვესტიციო ომშიც კი არიან. ასევე საქართველოს აქვს დერეფანი, ინფრასტრუქტურა, მაგრამ ინტერესი არ ჩანს. 

ამის უდიდესი მიზეზი არის ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოსაყენებლად პროდუქტის უდიდესი ნაწილი საქართველოში უნდა იქმნებოდეს. მაგალითად, ჩინელმა ინვესტორმა აქ ველოსი პედის საწარმო რომ გააკეთოს, ველოსი პედის ასაწყობად ყველა ნაწილი უნდა შემოიტანოს, ევროკავშირი კი ასეთი პროდუქტის გატანის უფლებას არ გაძლევს. შესაბამისად, ამ შესაძლებლობით რომ ისარგებლო, არამარტო ამწყობი ქარხნები უნდა გაჩნდეს, არამედ წარმოება, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია. 

– ასეთი წარმოების განვითარების პერსპექტივას რამდენად ხედავთ? 

– ერთეული წარმოებები გაჩნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ექსპორტში ევროკავშირის წილმა სოლიდური ადგილი დაიკავოს, ასევე ჩინეთის წილმაც. ევროკავშირი და ჩინეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებია, მაგრამ ექსპორტის მიმართულებით დომინანტი მეზობელი ქვეყნებია. აღსანიშნავია, რომ მსუბუქ მრეწველობაში, ტექსტილის წარმოებისთვის გარკვეული შეღავათი მივიღეთ, არა მარტო ჩვენი, არამედ თურქული ნედლეულითაც ითვლება, რომ ნაწარმოებია საქართველოში. ამიტომაც ეს დარგი ძალიან განვითარდა. ბევრი ცნობილი ბრენდის ტანისამოსი, უნიფორმები საქართველოში იკერება. ასე რომ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ ერთი შეხედვით გვგონია. 

– ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად სახელმწიფო რას უნდა აკეთებდეს? მაგალითად, აიტი სექტორისთვის დაწესდა საგადასახადო შეღავათები (მომსახურების ექსპორტზე გატანის შემთხვევაში) და მოკლე პერიოდში აიტი სექტორის შედეგი უცბად დაეტყო ეკონომიკას. 

– სხვათა შორის, ძალიან ყურადსაღები ფაქტია ის, რომ აიტიმ უკვე აჯობა ღვინის ინდუსტრიას. შარშან ღვინის ექსპორტი 257 მილიონი დოლარი იყო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორმა (ICT) კი, თითქმის 900 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა ორივე, შემთხვევაში ამ თანხის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ რჩება. ჩვენი ეკონომიკა ჩამოყალიბდა ისეთ ეკონომიკად, რაც მინიმალური დოზით ეფუძნება ქართულს, დიდი დოზით უცხოურს. პოლიტიკის სხვანაირად შემუშავებაა საჭირო, არ უნდა მოგვერიდოს ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც შეიძლება ცუდი პიარი მოჰყვეს. საჭიროა დაგეგმვა წლების ჭრილში. სახელმწიფოს აქტიური ჩარევაც მიზანშეწონილი იქნება, ბუნებრივია არ ვგულისხმობ ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლას. სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს ბიზნესის განვითარებაში. 

– სახელმწიფოს როლს რა კუთხით ხედავთ? 

– სახელმწიფო გარკვეულ სფეროებში თავადაც უნდა შევიდეს, როგორც ანაკლიის პორტის შემთხვევაში მოხდა. მართალია ამას გარკვეული აგრესია მოჰყვა, მაგრამ ვთვლი, რომ შინაარსობრივად, მითუმეტეს ანაკლიის სტრატეგიულ პროექტში სახელმწიფო უნდა იყოს. ამასთანავე, სტატისტიკურად თუ შევხედავთ უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ისევ საქართველოში რჩება. ეს ერთი „ესტონური მოდელის“ დამსახურებაა, მეორე – ქვეყანა ინარჩუნებს სიმშვიდეს, რაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში საკმაოდ პრიმიტიული ინვესტიციები შემოდის, მარტივი წარმოებით – იყიდე-გაყიდე, სოლიდური ინვესტორები თითზე ჩამოსათვლელია. 

– თუ სიმშვიდეც არის ქვეყანაში, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, სტრატეგიული მდებარეობა, მაშინ რატომ არ შემოდიან სოლიდური ინვესტორები? 

– ქვეყანას აქვს დაბალი საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც არის პირველი სიგნალი იმისა, ღირს თუ არა შემოსვლა. მართალია, ეს არ არის ერთადერთი გადამწყვეტი, მაგრამ კრავს ყველა იმ საკითხს, რაც წარმატებული ბიზნესის კეთებისთვის არის საჭირო – საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებით დაწყებული, გეოპოლიტიკური სტაბილურობით დამთავრებული. ახლა საინვესტიციო რეიტინგი BB გვაქვს. ჩვენ BBB მაინც გვჭირდება, რომ გამოჩნდეს, ეს ქვეყანა დალაგებულია პოლიტიკურად, სოციალურად, ბაზარიც მიმზიდველია. 

კი ბატონო, დაბალი გადასახადები გვაქვს, გვყავს იაფი სამუშაო ძალა, მეტნაკლებად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ მაგალითად, საუბარი იყო მანქანათმშენებლობის განვითარებაზე, როგორ უნდა შემოვიდეს რომელიმე კომპანია, როდესაც არანაირი დამხმარე მრეწველობა განვითარებული არ გაქვს; ასევე ადამიანური რესურსი, რომელიც ამ საწარმოს მოემსახურება. მაგალითად, როდესაც პოლონეთმა ქვეყანაში „მაიკროსოფტი“ შემოიყვანა, ასეულობით აიტი სპეციალისტი გადაამზადა, რომ მათ მაიკროსოფტისთვის ემუშავათ. მსხვილი კომპანიები ასე მუშაობენ, თუ გინდა შემოვიდე, ყველაფერი უნდა დამახვედრო. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ დაბალი გადასახადები გვაქვს, სხვა ძალიან ბევრი მიმართულებით მოვიკოჭლებთ. დასაწყისში მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, რომლებიც შექმნიან ნიადაგს მსხვილი ბიზნესის შემოსასვლელად. 

– როგორც აღნიშნეთ, ბევრ უცხოურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდით, ბევრ პროექტს აკეთებდით და დღესაც აკეთებთ. “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე თქვენი პოზიცია როგორია? თუ გახდა ეს კანონი თქვენთვის ხელისშემშლელი უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისას? 

– მე ვარ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ჩემი ორგანიზაცია დავარეგისტრირე კანონის შესაბამისად, ვინაიდან გრანტების დაახლოებით 50 პროცენტი უცხოური მაქვს. მე ამ კანონში რამე პრობლემას ვერ ვხედავ. ვგულისხმობ იმას, რომ ის დოკუმენტები, რაც შევავსეთ არაფერ ისეთ, ზედმეტ ინფორმაციას არ ითხოვს, რომელიც არ მინდა, რომ ვინმემ იცოდეს. ყველა ეს ინფორმაცია გრანტში ისედაც ასახულია. პირობითად, ვის რამდენი ხელფასი აქვს, ჯამურად რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ, რას იხდის ქირაში, რამდენია საოპერაციო ხარჯი. არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი პრობლემას ძირითადად ხედავს სტატუსში – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი. უცხოური გავლენის გამტარებელი ისედაც ვიყავი, როდესაც ამ გრანტზე დავთანხმდი. მაგალითად, მაქვს USAID-ის გრანტი. ეს ჩემთვის იმასთან კი არ ასოცირდება, რომ მე ამერიკის აგენტი ვარ, პირიქით ჩემთვის საამაყოა, რომ USAID-ის დონის ორგანიზაციამ შეაფასა ჩემი კვალიფიკაცია და პროექტების განსახორციელებლად ფინანსები მანდო. ამას სიამაყით ვიტყოდი ამ კანონამდეც და ამ კანონის მერეც ასე ვიტყვი. 

იმის ჩვენება თუ რა თანხა ჩამერიცხა, როგორც ორგანიზაციას და როგორ გავანაწილე ეს თანხა, არც ამაში ვხედავ რამე პრობლემას, ამიტომ მე ძალიან პრაგმატულად ვუყურებ ამ საკითხს. მიხარია, რომ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიც არიან მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, International Alert და სხვები, დაფინანსება მიმიღია. ვაკეთებ იმ პროექტებს, რომელიც გარკვეულწილად მათ ინტერესებსაც ემსახურება და ჩემს პროფესიულ ინტერესსაც ემთხვევა. მაგალითად, მათი ინტერესი იყო დაედგინათ ენგურის ხიდზე არადეკლარირებული ვაჭრობის მოცულობა, რომელიც გლობალური სტატისტიკის შესაქმნელად, სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან შედარებისთვის ესაჭიროებოდათ. ეს სტატისტიკა ჩვენთვისაც საინტერესო იყო. ვიცით რა ტიპის ვაჭრობა მიმდინარეობდა არაკონტროლირებად და კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ასევე, USAID-ის ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო საქართველოსთვის ჩრდილოვანი ბანკინგის გაზომვა. დავითვალეთ, შევადარეთ ევროპულ გამოცდილებას, რა პრობლემებს ქმნის, ასევე რა შესაძლებლობებს, დავდეთ ძალიან საინტერესო კვლევა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი პროექტები გავაკეთე, რომელმაც ჩემი ქვეყნის ინტერესი დააზიანა. ის ვინც პროექტს მართლა იმ შინაარსით ასრულებს, რა შინაარსითაც გრანტს იღებს, პრობლემა არ არის. თუმცა გამიგია, რომ არის ისეთი პროექტები, შეთანხმებები, როდესაც ფული შეიძლება გეძლეოდეს ძალიან ლამაზად შეფუთული პროექტისთვის, სინამდვილეში ეს ფული პოლიტიკურ აქტივობას ხმარდებოდეს. ამასთანავე, ეს კანონი ბევრ ქვეყანაშია სხვადასხვა მოდიფიკაციით, ბევრგან უფრო მკაცრად, ბევრგან შედარებით სუსტად. ყოველ შემთხვევაში დეკლარაციის შევსება მე არ მაბრკოლებს და ხელს არ მიშლის საქმიანობის განხორციელებისთვის.

– თუმცა, ამ კანონს მწვავე გამოხმაურებები ახლავს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან… 

– ეს სხვა საკითხია. ზოგადად ჩემთვის დასავლეთის გვერდით სიარული არის პრიორიტეტი. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მსურს ჩემმა სახელმწიფომ პარტნიორ სახელმწიფოებთან ისე მოაგვაროს ურთიერთობა, რომ არავითარი წინააღმდეგობა შეგვხვდეს. ის განცხადებები, რომელიც საქართველოს მიმართ კეთდება, მე, როგორც მოქალაქეს ძალიან მაწუხებს. მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ ეს საკითხი დაარეგულიროს. პრობლემა მოქალაქეზე არ უნდა გადმოდიოდეს. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ურთიერთობის ისეთი ფორმატი, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს არ დაგვაშორებს. ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით ორი ნაწილისგან შედგება. მე დეკლარირებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკაში პრობლემას ვხედავ იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორები ვერ დავარწმუნეთ და საქმე კონფრონტაციამდე მივიდა. 

– და ბოლოს, გარდა პროფესიული საქმიანობისა, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო? თავისუფალ დროს როგორ იყენებთ? 

– ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს და რაიმე სხვა ინტერესიც არ მაქვს თავისუფალი დროისთვის გადადებული. შვებულების პერიოდშიც კი ვერ ვისვენებ, როგორც სხვები. მაინც ვიღაცას უნდა ვურეკავდე, დავალებას ვაძლევდე, რაღაც საქმეზე ვმუშაობდე და ა.შ. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ზღვაზე წასვლა და საათობით შეზლონგზე წამოწოლა შეუძლია. როგორც წესი, დასვენების დღეებსაც საქმისთვის ვიყენებ, ვკითხულობ, ვწერ. თუმცა, რომ დავფიქრდეთ, თავისუფალ დროს ალბათ ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს ვუთმობ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც უკვე სკოლაში მიდის და ახლა ამ პროცესშიც ვართ ჩართულები – მისთვის სკოლის შერჩევა, მომზადება და სხვა. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2024 წლის აგვისტოს №8(296)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში