Homeინტერვიუინტერვიუ შპს „ეკოვის საქართველო“-ს პარტნიორ და დირექტორ ირაკლი სირაძესთან

ინტერვიუ შპს „ეკოვის საქართველო“-ს პარტნიორ და დირექტორ ირაკლი სირაძესთან

Published on

spot_img

ირაკლი სირაძე – დაიბადა 17.10.1971 წ. თბილისში. 

განათლება

1989-1994 წლები – მატერიალური რესურსების მართვა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

2020 წლიდან – საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; 

2013 წლიდან – დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, შპს „ეკოვის საქართველო“; 

2014-2018 წლები – საქსტატის საბჭოს წევრი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; 

2010-2012 წლები – მთავარი მენეჯერი, შპს „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“; 

2010 წელი – მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავების პროექტში; 

2010 წელი – მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 

2007-2010 წლები – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სსი პ შემოსავლების სამსახური; 

2006-2007 წლები – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 

2005-2006 წლები – ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 

2004-2005 წლები – საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 

2004 წელი – სახაზინო სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 

2002-2003 წლები – საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს კულტურის სამინისტრო; 

2000-2002 წლები – ანალიზის, პროგნოზირების და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო; 

1995-2000 წლები – ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, კონსულტანტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

– ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

– დავიწყებ სკოლის ასაკიდან. გლდანში 173-ე სკოლა დავამთავრე, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. 1994 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ფინანსთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტში. ამ უწყებაში 5 წელი დავყავი და შემდეგ შემოსავლების სამინისტროში გადავედი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება გადასახადებთან. შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ, ისევ ფინანსთა სამინისტროში დავბრუნდი. 2004 წლიდან საგადასახადო რეფორმების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ფინანსთა სამინისტროში 2011 წლამდე ვიმუშავე. 

2013 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა, გიორგი კვერხელიძემ კომპანია დავაფუძნეთ. დასაწყისში მუშაობა საგადასახადო მიმართულების განვითარებით დავიწყეთ, ვინაიდან ყველაზე მეტი გამოცდილება ამ კუთხით გვქონდა. შემდეგ სხვა მიმართულებებიც დავამატეთ – აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესსამართალი და სხვა. 2020 წელს გავხდით საერთაშორისო ქსელის ECOVIS International-ის წევრი და პარტნიორი. უკვე გვაქვს ყველა ის სერვისი, რაც აუდიტორულ კომპანიას უნდა ჰქონდეს. 

– თქვენი სპეციალობაა მატერიალური რესურსების მართვა, თუმცა როგორც აღნიშნეთ, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ფინანსთა სამინისტროში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტში დასაქმდით. როგორ მოხვდით სამინისტროში? 

– პირდაპირ ჩემი მიმართულება არ იყო, მაგრამ სამინისტროში კადრებს ეკონომიკის სპეციალობით ეძებდნენ. ეკონომიკის სპეციალობა აკმაყოფილებდა იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც მათ სჭირდებოდათ. გასაუბრება გავიარე, მცირე პერიოდი ვიყავი სტაჟიორი, შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე. 

– თუ შეიძლება გაიხსენოთ, მაშინ სამინისტროსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო, როგორ მუშაობდით, გადასახადების აკრეფა როგორ ხდებოდა? 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს ხსენებაზე, მე ბიუჯეტის სეკვესტრები, „პარიზის კლუბში“ საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებები მახსენდება… 

– ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. საერთოდ, სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა მაშინ ყალიბდებოდა, სავალუტო ფონდისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით. მუშაობა რომ დავიწყე, საერთოდ კუპონი იყო მიმოქცევაში, ლარზე გადასვლა მერე მოხდა. ასევე გამოწვევები იყო კადრების კუთხითაც, მაშინ ყალიბდებოდა სისტემები. ძველ კადრებს ახალ სისტემებთან ადაპტირებისთვის გადამზადება სჭირდებოდა. მანამდე, ერთი საგადასახადო-ფინანსური სამსახური იყო, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემით. 

რაც შეეხება გადასახადების აკრეფას, საგადასახადო კოდექსი 1998 წლიდან ამოქმედდა, მანამდე ეს სისტემა სხვადასხვა ბრძანებულებებით რეგულირდებოდა. გადასახადების აკრეფა საკმაოდ პრობლემური იყო. იმ პერიოდში, ბევრი სხვადასხვა გადასახადი არსებობდა, მარტო თვითმმართველობას 6 გადასახადი ჰქონდა. გადახდის კულტურა არ არსებობდა და ეტაპობრივად ყალიბდებოდა. ამიტომ 1998 წელს, პირველი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება მნიშვნელოვანი სიახლე იყო. შემდეგ, 2000 წელს შემოსავლების სამინისტროში განხორციელდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებში მოხდა საგადასახადო სტრუქტურების გამსხვილება და რეგიონული საგადასახადო ორგანოების ჩამოყალიბება. 

– სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდით, რომელი მათგანი მიგაჩნიათ თქვენთვის ყველაზე მეტად წარმატებულად და ნაყოფიერად? 

– გარკვეული პერიოდი სამინისტროში ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი, შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე. ამ ორ სტრუქტურაში მუშაობის პერიოდს გამოვყოფ. 2005 წლიდან ახალი კოდექსი ამოქმედდა, განსხვავებული საგადასახადო პოლიტიკა ყალიბდებოდა, ახალი ადმინისტრირება, ახალი მეთოდოლოგია იყო მოსარგები ახალ შეცვლილ საგადასახადო კანონმდებლობაზე ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექით. უამრავი საკითხი იყო, რომელიც გადაჭრას საჭიროებდა გადაწყვეტას და შესაბამის განმარტებებს გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის ნაწილში. 

შემოსავლების სამსახურში შექმნის დღიდან სამი სტრუქტურა გაერთიანდა: საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტები და ფინანსური პოლიცია, საკმაოდ სპეციფიკური სტრუქტურები ჩამოყალიბდა. ასევე გამოწვევები იყო სიახლეების დანერგვა – ელექტრონული დეკლარირება, რისკების მართვის სისტემები საბაჟოზე. ზოგადად, შემოსავლების სამსახურში საბაჟოს მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ცვლილებები იყო. დაიწყო ელექტრონულად მონაცემთა გაცვლა ბანკებთან, საჯარო რეესტრთან. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე პერიოდში და სწრაფი ტემპით კეთდებოდა. ყამირივით იყო, როდესაც რაღაც პირველად იქმნება, კიდევ უფრო რთულია კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. ასე ხომ არ ხდება – მოდი ახლა ელექტრონულ დეკლარირებაზე გადავიდეთ და მორჩა. ბევრი რაღაც უნდა დაიხვეწოს, ინტეგრირდეს. ყველა სისტემა მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და ასე შემდეგ. 

ელექტრონული დეკლარირების შემოღებამ საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება ერთიან სისტემაში მოაქცია. ელექტრონულ დეკლარირების დანერგვის პარალელურად მოხდა ყველა გადასახადის დეკლარაციის გადახედვა და მათში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამარტივების მიმართულებით. შემდეგ ელექტრონულ დეკლარირებას მოჰყვა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, შემდეგ – ელექტრონული ზედნადებები. გაციფრულების უმნიშვნელოვანესი პროცესები მიდიოდა. თავიდან ამ პროცესს ყველა სკეპტიკურად უყურებდა. გადამხდელების მხრიდან უნდობლობა იყო. ამბობდნენ, დეკლარაცია კი ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ მას ვინ დაადასტურებსო. ამიტომ საჭირო გახდა მესამე პირის ჩართვა, დადასტურების შესახებ გადამხდელებთან იგზავნებოდა „ესემეს“-ები. კიდევ სხვა ძალიან ბევრი დეტალი იყო. ამიტომ, ამ კითხვაზე ცალსახად შემიძლია გი პასუხოთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩემი მუშაობის წლებიდან ეს იყო ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი. 

– 2010 წელს თქვენ, ასევე მონაწილეობდით ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნაში. მისი მიღების შემდეგ ამ კოდექსმა ბევრი ცვლილება განიცადა. თქვენი შეფასებით, არსებული საგადასახადო კოდექსი უპასუხებს თუ არა თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და მასში რას სახის ცვლილებებს შეიტანდით? ასევე საინტერესოა თქვენი შეფასება მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელთან“ დაკავშირებით. 

– დიახ, საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა, გარდამავალი დებულებების ნაწილები 100-ს გასცდა, ასევე მას „ესტონური მოდელი“ დაემატა და სისტემურადაც კოდექსი თავიდან უნდა ფორმირდეს. მოგების გადასახადში გადამხდელთა ნაწილი „ესტონურ მოდელზეა“, ნაწილი სპეციალური წესით იბეგრება, ნაწილი დაბეგვრის ძველ მოდელზე დარჩა, მაგალითად – ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. 2021 წლიდან საერთოდ შეიცვალა დამატებული ღირებულების გადასახადის კარი. საბაჟო ნაწილი მთლიანად ამოვიდა კოდექსიდან. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ფონზე განყენებულად და უცვლელადაა ქონების გადასახადი, რომელიც ასევე შესაცვლელია. აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროშიც ფიქრობენ. გარდამავალ დებულებებში ძალიან ბევრი რაღაც ემატება და ეს ყველაფერი გაფანტულია, კოდექსი უფრო მეტად სისტემატიზებული უნდა გახდეს. ამდენი ცვლილებების ფონზე საგადასახადო კოდექსი საკმაოდ რთულად წაკითხვადი დოკუმენტი გახდა და ვფიქრობ დღის წესრიგშია ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავება. 

რაც შეეხება „ესტონურ მოდელს“, მას ჩვენ კი ვეძახით ესტონურს, მაგრამ იგი ესტონეთში არსებულ დაბეგვრის მოდელთან თანხვედრაში არ არის. ბევრი ნიუანსია, რაც დახვეწას საჭიროებს. 

– კონკრეტულად რას გულისხმობთ? 

– გადასახადებისაგან განთავისუფლებების და შეღავათების ასე ფართოდ ჩამონათვალი, რაც ჩვენ საშემოსავლო და მოგების გადასახადებში გვაქვს, ესტონეთში არ არის. შესაბამისად, ეს არის ისეთი „ხვრელები“, რომლის ამოვსებასაც ცდილობს საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას. 

თავად ამ რეფორმის შეფასება გამიჭირდება. მას ოპტიმისტურად თავიდანვე არ ვუყურებდი. რამდენად ეფექტიანად მუშაობს, ალბათ, მთავრობამ უნდა შეაფასოს. ამ რეფორმის იდეა იყო ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი ფული დარჩენოდა, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობდა. რამდენად აისახა მოგების გადასახადის შეცვლა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე 2017-2018-2019 წლებში, როდესაც ეს სისტემა შემოვიდა, რა წილი მოდიოდა მასზე, ამის შეფასება მიჭირს. 

– თუმცა უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში ჩანს, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა, 2024 წელს იყო შემცირება… 

– კი ბატონო, მაგრამ „ესტონური მოდელის“ გარდა ხომ იყო რეინვესტირების ნაწილი ძველ საგადასახადო კოდექსში? მანამდე, თუ ძირითადი საშუალებები ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებოდა, ჩვენ, მათი 100-პროცენტიანი გამოქვითვის უფლება გვქონდა, დივიდენდის გატანა კი შეგვეძლო 5 პროცენტით. ახლა თუ დივიდენდის გატანა გინდა, ყველა შემთხვევაში 15 პროცენტ მოგების გადასახადს ემატება 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი. წინა შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ ინვესტირება ხდებოდა ძირითად საშუალებებში და იყენებდი ძირითადი საშუალებების 100-პროცენტიან გამოქვითვას მოგების გადასახადს ფაქტობრივად არ იხდიდი, სანამ არ მოხდებოდა ინვესტიციის უკუგება. 

– 2020 წლის სექტემბრიდან მთავრობამ საგადასახადო შეღავათები დააწესა IT სექტორში დაკავებული საერთაშორისო კომპანიები მიმართ. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. საქართველოში IT სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. თუ ხედავთ კიდევ რესურსს, რომ უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად, დარგობრივ ჭრილში, კოდექსში გარკვეული ცვლილებები ისევ შევიდეს? 

– ვფიქრობ, საერთაშორისო კომპანიებისთვის 5-პროცენტიანი შეღავათის მიცემა ძალიან კარგი რეფორმა იყო, რომელიც სწორ დროს განხორციელდა და კარგი შედეგიც მოგვცა, ეს ციფრებშიც გამოჩნდა. შესაბამისად, ამ ტიპის შემოსავალი, რომელიც საქართველოში შემოდის, საგადამხდელო ბალანსზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

რაც შეეხება სხვა დარგებს, ასეთ შეღავათებს დარგობრივად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, ვინაიდან ეს მერე იწვევს მეორე დარგის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. ეს ცოტა სპეციფიკური საგადასახადო შეღავათია, რომელიც IT სექტორისთვის მოქმედებს. სხვათა შორის, ასეთი ტიპის შეღავათი ბევრ ქვეყანას აქვს. თუ რაიმე ტიპის მომსახურება გადის ექსპორტზე და იქ შესაბამისი შეღავათი იარსებებს, ვფიქრობ ნორმალურია. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში კომპანიების შემოსვლასა და აქედან მომსახურების ექსპორტს. კონკრეტულ დარგს ვერ გამოვყოფდი. 

– სულ გვესმის, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი დაბალია, ბიზნესგარემო ხელსაყრელი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ბევრი უცხოური ინვესტიცია შემოდის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რა არის ის ბარიერი, რომლის გამოც უცხოელი ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე თავს იკავებენ? 

– საქართველოში საგადასახადო ტვირთი, ნამდვილად, საკმაოდ დაბალია, ასევე ბიზნესის წარმოებაც, ნორმების დონეზე, მარტივია. ვფიქრობ, ბარიერს წარმოადგენს ნდობის ფაქტორი. ინვესტორისთვის მთავარი მარტო საგადასახადო რეჟიმები არ არის. ყველა სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის. შარშან შემცირდა, მაგრამ წინა წლებში საკმაოდ იყო. მთავარია, ქვეყნის მიმართ ნდობა იყოს. სხვა მხრივ, საქართველოს ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს, ასევე საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა გვაქვს. შესაძლებელია პროდუქცია აქ აწარმოო და ექსპორტზე გაიტანო. საბოლოო ჯამში, არასტაბილური ვითარება ყველაზე დიდი გამოწვევაა ბიზნესისთვის, ასეთ დროს ყველა ერიდება ფულის დაბანდებას. სტაბილურობის განცდა როცა აქვს ბიზნესს, ის მეტ ფულს აბანდებს და უფრო ვითარდება. 

– გამოწვევებზე საუბრისას ბიზნესის დიდი ნაწილი კადრების სიმცირეს ასახელებს. თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემას და თუ კი, როგორ უმკლავდებით მას? 

– კადრების მწვავე სიმცირეა, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში. ძალიან ბევრი კადრი სხვადასხვა ბიზნესში გაედინება. ვცდილობთ, შიდა ტრენინგებით კადრები თავად გადავამზადოთ. ბაზარზე მომზადებული კადრის მოძიება, თუნდაც ხელფასის დაინტერესებით, უკვე ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სტაჟიორების გაზრდაზე ზრუნვას, სხვა გამოსავალი არ არის. ამ კუთხით, მართლა ძალიან რთული ვითარებაა. რასაც ვაკვირდები, ეკონომიკა გაიზარდა, ბიზნესებიც გაიზარდნენ, ისინი მზად არიან დახარჯონ ფული ანალიტიკოსებში, ფინანსისტებში, რომლებიც ჩვენნაირი კომპანიებიდან მიჰყავთ. 

– ჩვენ ვისაუბრეთ მომსახურების ექსპორტზე IT სექტორიდან, აუდიტის სფეროშიც არიან კომპანიები, რომლებიც უცხო ქვეყნებში არსებულ კომპანიებს საქართველოდან აუდიტის სერვისს სთავაზობენ. ამ მიმართულების განვითარებას როგორ უყურებთ? 

– შეიძლება, მაგრამ, მასობრივი ვერ იქნება. ქსელის კომპანიები, რაღაც ნაწილში ჩვენც ვეხმარებით სხვა ქვეყნებში არსებულ კომპანიებს, თუმცა მთლიანი აუდიტი გაჭირდება. არა მგონია, ეს დიდი მოცულობა იყოს, ისე, როგორც IT სექტორმა აჩვენა. მაშინ ისევ კადრების პრობლემამდე მივდივართ, უნდა მოვიზიდოთ აუდიტორები და საგადასახადო სპეციალისტები, რომლებიც აქედან გაწევენ მომსახურებას, რაც საკმაოდ რთულია. ისედაც კადრების სეროზული პრობლემა გვაქვს. 

– რაც შეეხება თქვენს კომპანიას – შპს „ეკოვის საქართველო“-ს, როგორ და ვის მიერ მოხდა ამ კომპანიის დაფუძნება?

– კომპანია ჩემს პარტნიორთან ერთად 2013 წელს დავაფუძნეთ. თავდაპირველი სახელწოდება იყო „ATA Partners“. თავიდან, საქმიანობა საგადასახადო აუდიტით, საგადასახადო კონსულტაციებით დავიწყეთ, შემდეგ კი სხვადასხვა პროფესიული სერვისები დავამატეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, 2020 წელს, მსოფლიოში ოცეულში შემავალი საერთაშორისო ქსელის – ECOVIS International-ის წევრები გავხდით. 

– დღეს, სამართლებრივად ორი „ეკოვისი“ საქმიანობს: შპს „ეკოვის ეი-თი-ეი“, რომლის პარტნიორი და დირექტორი თქვენ ბრძანდებით, და ამ შპს-ის 49%-იანი წილობრივი მონაწილეობით 2017 წელს დაფუძნებული შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები“. რა არის ამის მიზეზი? ბიზნესის ორად გაყოფა 2017 წელს ამოქმედებულმა რეგულაციებმა განაპირობა თუ ეს კომერციული გათვლა იყო, რომელიც დროში დაემთხვა აუდიტის რეფორმას?

– დიახ, აუდიტორული საქმიანობის ნაწილში გვყავს პარტნიორები. მოგეხსენებათ, 2016 წელს მიღებული კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ შემოღებული რეგულაციის მიხედვით, აუდიტორულ კომპანიაში აქციების 50 პროცენტზე მეტი ისეთ პირებს უნდა ჰქონდეთ, რომლებსაც აუდიტორულ საქმიანობაში შესაბამისი სერტიფიკატი ექნებოდათ. ამიტომ ამ ნაწილში გვყავს ორი გამოცდილი პარტნიორი, რომლებიც უშუალოდ აუდიტის სფეროში არიან ჩართულები. საერთო ჯამში, ჩვენ ვკრავთ „ეკოვისს“ საქართველოში, ორივე კომპანია ვართ წარმოდგენილი როგორც „ეკოვის საქართველო“, ორივე ვართ ერთი ქსელის წევრი. 

– თქვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საგადასახადო დავებში გადამხდელთა დახმარება. ის ფაქტი, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორები ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბრძანდებით, გეხმარებათ თუ არა ეს დავების წარმოებაში? 

– დახმარებით, არ გვეხმარება. პირველ ეტაპზე ამ კუთხით, გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტები გვქონდა. ახლა უკვე იმდენი წელი გავიდა… შეიძლება ითქვას, რომ დაგვეხმარა გამოცდილების თვალსაზრისით, რადგან ვიცოდით, დავების განხილვის საბჭოს წევრები ამა თუ იმ საკითხს როგორ უყურებდნენ.

– სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭო გარკვეულ რეფორმას მოითხოვს. საბჭოს წევრები თანამდებობრივად ობიექტურები ვერ იქნებიან, რადგან 10 წევრიდან 8 სამინისტროს წარმომადგენელია. შესაბამისად, შეიძლება, რომ გარკვეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებები ტენდენციური აღმოჩნდეს. თქვენი შეფასებით, რამდენად მოქნილია საბჭო და ითხოვს თუ არა იგი რეფორმას? 

– ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონორის დახმარებით, სპეციალური ჯგუფი იყო შექმნილი, რომელიც რეფორმაზე მუშაობდა. მეც ვფიქრობ, რომ დავების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. ამ შემთხვევაში საუბარი თანამდებობრივ მიკერძოებაზე არ არის. იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოს წევრები არიან, სხვა მიმდინარე საქმეებიც აქვთ. თავად ეს დავები იმდენად სპეციფიკურია, რომ სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, რასაც დიდი დრო მიაქვს, თუნდაც იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად, სწორად იყოს ჩამოყალიბებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საგადასახადო მიმართულებით, საბჭოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი პრაქტიკის დამდგენი დოკუმენტიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნათლად იყოს ჩამოყალიბებული, ვინაიდან ისინი სხვა „ქეისების“ განხილვისას გამოიყენება. 

ჩვენ ვფიქრობდით, რომ პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭო მხოლოდ დავების განხილვაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. მეც მიმუშავია იქ და ვიცი რაც ხდება. ინიშნება დავების საბჭო, დაახლოებით 20 საკითხი გამოდის…ერთ სხდომაზე. ბუნებრივია, მე როგორც საბჭოს წევრს მაქვს პასუხისმგებლობა, რომ მიმდინარე საქმეებთან ერთად საბჭოზე გამოტანილი საკითხებიც სრულყოფილად შევისწავლო, მაგრამ მოკლე დროში ყველა დეტალის გაანალიზება საკმაოდ რთულია. საბოლოო ჯამში, არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ რეფორმის მცდელობას. 

– იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს კომპანიას ყოველწლიურად დიდი შემოსავლები აქვს, ალბათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში 2016-2017 წლებში ჩატარებული რეფორმით კმაყოფილი ხართ? რა არის ამ რეფორმის მთავარი მიღწევა და რა არის კიდევ გასაკეთებელი, ან რა არ მოგწონთ მასში, რომელიც შესაცვლელი ან გასაუმჯობესებელია? 

– ამ მიმართულებით, ახალი რეგულაციების შემოტანით დადგინდა წესები და განისაზღვრა კომპანიები, რომელ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მათი ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლად IFRS for SME ან სრული IFRS. კომპანიებს დაევალათ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი ანგარიშგებების გასაჯაროება, შესაბამისად კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესს. ჩვენ მოგვეცა საშუალება უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ ამ მიმართულების მიწოდებული სერვისების ხარისხის განვითარებაში. მარეგულირებელი სამსახურისგან მონიჭებული გვაქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩატარებული აუდიტის ხარისხზე. ვფიქრობ, რომ მარეგულირებელი სამსახური („სარასი“), საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. ყველა ეს კომპანია ხარისხის კონტროლის მკაცრ წნეხს გადის. რა შეხვედრებზეც დავსწრებივარ, ცდილობენ თუ რამე შენიშვნებია გაითვალისწინონ და დახვეწონ. ახლა არ მახსენდება ისეთი რამ, რისი შეცვლაც მომინდებოდა. 

– ბოლო პერიოდში ქვეყანა რთულ პოლიტიკურ პროცესებს გადის, სულ არის მოლოდინი, რომ ეს პროცესები ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება, ზოგი ეკონომისტი მოსალოდნელ რეცესიაზეც კი საუბრობს. თქვენ გაქვთ აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის ბიზნესთან, თუ ხედავთ რისკებს ამ კუთხით? 

– ცოტა ხნის წინ, ინვესტორებზე მკითხეთ. ცხადია, ასეთი პროცესები ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს, მაგრამ იანვრის შედეგებზე ამას ვერ ვიტყვით. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკის 11-პროცენტიანი ზრდა გამოაქვეყნა. ეს ქვეყნდება დღგ-ის ჩაბარებული დეკლარაციების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგებები ჯერ არ არის და ძალიან რთულია ამის მიხედვით პროგნოზების გაკეთება. უფრო გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება, ამ პროცესებმა თუ რა გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. რთული შიდა პოლიტიკური ვითარება გვაქვს, მაგრამ ჩვენზე მსოფლიო პოლიტიკაც ხომ მოქმედებს? ახლა მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა, არავინ იცის, სად რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 

– სამომავლო გეგმები რა გაქვთ? კომპანიის განვითარების ხედვა როგორია? 

– გეგმაში გვაქვს, რომ იურიდიული მიმართულება უფრო მეტად განვავითაროთ. ეს ახალი მიმართულებაა, 2 წელია რაც დავიმატეთ. გვინდა, კომპანიებს კიდევ უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ. 

– შემოთავაზება რომ იყოს, სახელმწიფო სამსახურში ისევ დაბრუნდებით? 

– საკმაოდ ხშირად იყო შემოთავაზება, მაგრამ თავი შევიკავე, იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო სამსახურს პატივს არ ვცემ. ამ ბიზნესში, ათეულობით თანამშრომლის წინაშე პასუხისმგებლობები მაქვს, მათთან ერთად ვავითარებ კომპანიას. 

– ბოლო კითხვა ასეთი მექნება: პროფესიული საქმიანობის მიღმა, თუ გაქვთ სხვა ინტერესები, რომელსაც თავისუფალ დროს უთმობთ? ზოგადად, როგორია თქვენი თავისუფალი დრო? 

– რამე განსაკუთრებული ინტერესები არ მაქვს. თავისუფალ დროს მეგობრებთან, ოჯახთან ვატარებ. მყავს სამი შვილი. ახლა, ძირითადად თავისუფალ დროს ჩემს პატარა შვილს ვუთმობ, ვინაიდან უფროსები ისე გაიზარდნენ, რომ მძიმე სამუშაო რეჟიმის გამო, მათ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას, დრო საერთოდ არ მქონდა. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2025 წლის თებერვლის №2(302)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში