ილია რევია – დაიბადა 1979 წლის 18 მაისს, ქ. სოხუმში.
განათლება და სერტიფიკატები
2006-2007 წ. – იენჩეპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), საინფორმაციო ტექნოლოგიების და ბიზნესის განახლების მაგისტრი.
2009-2010 წ. – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მაგისტრის სერტიფიკატი პროექტების მართვაში.
2010 წ. – BPS, საბანკო პროცესების მოდელირება.
2012 წ. – პროექტების მართვის ინსტიტუტი, პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP).
2012 წ. – მართვის აკადემია, დროის მართვა.
2013 წ. – მართვის აკადემია, IT მმართველობა.
2014 წ. – მართვის აკადემია, მართვის თანამედროვე მეთოდები.
2014 წ. – ტეხასის უნივერსიტეტი, კოკრელის ინჟინერიის სკოლა, პროგრამული ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამა.
2016 წ. – პროექტების მართვის ინსტიტუტი, ლიდერობა, მმართველობა და გადაწყვეტილების მიღება.
2022 წ. – Forward აკადემია, ადამიანების მენეჯმენტი.
2025 წ. – ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა, სტრატეგიული ლიდერობა ფინანსებში
სამუშაო გამოცდილება
2025.02 – სს მიკრობანკი „კრისტალი“, გენერალური დირექტორი.
2019.06-2025.02 – სს მისო „კრისტალი“, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.
2013.05-2019.06 – „საქართველოს ბანკი“, ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი ოფიცრის მოადგილე IT მმართველობის მიმართულებით.
2012-2013 – „საქართველოს ბანკი“, IT ხარისხის და რისკების მართვის უფროსი.
2009 –2012 – „საქართველოს ბანკი“, სტრატეგიული პროექტების უფროსი მენეჯერი.
2009.01-2009.07 – Tetratech DPK, სან-ფრანცისკო, აშშ და თბილისი, პროგრამის ხელმძღვანელი.
2007.08-2009.02 – „თიბისი ბანკი“, IT პროექტების მენეჯერი.
2001.05-2006 – ალან კლაუსის საადვოკატო კომპანია, ნიუ-იორკი, IT მენეჯერი.
– ბატონო ილია, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. საზოგადოების დიდი ნაწილი თქვენ გიცნობთ გადაცემიდან „რა? სად? როდის?“, როგორც ძალიან გამოცდილ და საინტერესო მოაზროვნეს. ამასთანავე, თქვენი პროფესიული კარიერა უკავშირდება IT სექტორსა და პროექტების მართვას. მოგვიყევით უფრო მეტი თქვენ შესახებ.
– სოხუმში დავიბადე, მე-5 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ და ცხოვრება თბილისში გავაგრძელეთ. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა და ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გამოყენებითი მათემატიკის განხრით. შემდეგ იყო დასავლეთი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი – პროექტების მართვა, იენჩეპინგის უნივერსიტეტი ბიზნესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
– თქვენი პირველი სამსახური რა იყო?
– საქმიანობა IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მიმართულებით დავიწყე. მოგეხსენებათ, 90-იანების ბოლოს ეს შედარებით ახალი პროფესია იყო. თანაც იმ პერიოდში მათემატიკოსებს, რამის კეთებისთვის, დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, ამიტომ ამ პროფესიაში გადავერთე. პროგრამისტების ვებ-სტუდია იყო, ვებ-გვერდებს ვაკეთებდით. 2007 წელს საბანკო სფეროში გადავედი, თავიდან მუშაობა „თიბისი ბანკში“ დავიწყე, სადაც ასევე ჳთ პროექტები იყო, ოღონდ ანგარიშგებების მიმართულებით. შესაბამისად, ფინანსები და საბანკო საქმე იქ ვისწავლე.
– 90-იან წლებში რა შესაძლებლობები იყო IT სექტორში ან რა სახის პროგრამებზე მუშაობდით?
– ბევრი არაფერი იყო, როგორც გითხარით, თავიდან ვებ-დეველოპმენტს ვაკეთებდით. მაგალითად, 1998 წელს, ერთ-ერთი მსხვილი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის ვებ-გვერდი ჩვენი ავტორობით შეიქმნა. მე და ჩემი მეგობრები ამ საქმით ვიყავით დაკავებული, პარალელურად – ვსწავლობდით. შემდეგ აშშ-ს კონგრესის სტი პენდიით აშშ-ში წავედი. იქ 1 წელი თან ვსწავლობდი, თან უნივერსიტეტში ვმუშაობდი. მოგვიანებით ისევ დავბრუნდი ამერიკაში, უკვე დიდი ხნით, 5 წლით.
– საბანკო-საფინანსო სფეროში რა მიმართულებით მუშაობდით?
– ეს იყო ანალიტიკა, 2007-2008 წლებში, სისტემური ბანკის რეპორტინგის ავტომატიზაციის პროექტი მებარა, შემდგომ კი ჳთ პროექტების მართვა მეორე სისტემურ ბანკში. საბანკო სფეროში თითქმის ყველა მიმართულება შევისწავლე, რაც ბიზნესს და ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა – ამოცანის დასმით დაწყებული, შემდეგ ამ ამოცანის შესრულების და ხარისხის კონტროლი, ანგარიშგება, ჳთ უსაფრთხოება, ჳთ რისკები და ა.შ.
– თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საკონსულტაციო და ტრენინგ-საქმიანობა, კონკრეტულად რა მიმართულებით ატარებთ ტრენინგებს?
– ძირითადად, პროექტის მართვის მიმართულებით. მსხვილ ორგანიზაციებში ეფექტურად როგორ ავაწყოთ პროექტების მართვის პროცესი. საკონსულტაციო პროექტები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის გამიკეთებია.
– საქართველოში რა არის ის გამოწვევები, რომელიც ბიზნესის წარმატებით კეთებას აფერხებს – არაპროფესიონალი მენეჯმენტი, სახელმწიფო ბიუროკრატია, თუ რა?
– გამოწვევა ბევრია და ყველა ინდუსტრიას თუ კომპანიას უნიკალური აქვს. თუმცა ხშირად ეს არის ცოტა ზედმეტი ოპტიმიზმი ახალი წამოწყებების მიმართ, როდესაც ახალი საქმიანობა გამოუცდელობის გამო საკმარისად კომპლექსური არ ჰგონიათ. მსმენია ფრაზები – „ეს ხომ მარტივია“, „დავიწყოთ და გზაში რაღაც იქნება“, ჯამში კომპლექსურობის და რისკების გაუთვალისწინებლობა. რთულ საქმიანობაში მუშაობისას ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს – კონკურენცია, ცვალებადი მაკრო გარემო, რეგულაციები, საკუთარი რესურსების თუ ორგანიზაციის მზაობა სიახლეებისთვის. საჭიროა ცოტა გრძელვადიანი დაგეგმარება რომელიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს. ჩვენთან უყვართ მხოლოდ ერთი ნაბიჯით დაგეგმარება ნაცვლად იმისა, რომ სურათი გრძელვადიანად დაინახონ. ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად მომავლის განჭვრეტის პრობლემებია.
საკანონმდებლო თვალსაზრისით, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. საქართველო, მაინც ბიზნესის წარმოების მიმართ ლოიალური მიდგომებით გამოირჩევა. ბუნებრივია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისას რეგულაციები უფრო დაიხვეწა და გამკაცრდა, მაგრამ ეს ევოლუციური პროცესია და ყველა ევროპულმა სახელმწიფომ გაიარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან მეტი ბიუროკრატიაა, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. თუმცა, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკა აქვს და საინვესტიციო გარემო ყოველთვის დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე. სამწუხაროდ, ვინაიდან არ არის ადგილობრივი ინვესტორების დიდი ბაზა, მაღალია საერთაშორისო ინვესტიციებზე დამოკიდებულება, რაც განვითარებას ანელებს. გამოწვევად რჩება კაპიტალის ბაზრის სიმწირე, ინვესტორების მოძიება, თუ შევედრებით ევროპას, შეერთებულ შტატებს ან აზიის იმ ქვეყნებს, სადაც კაპიტალის დიდი ბაზრებია.
– უკვე მრავალი წელია გვესმის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გარკვეული რეფორმები მზადდება, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან. ასევე კეთდებოდა განცხადებები, რომ საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობდა კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები არ გვაქვს…
– ვერ ვიტყვი, რომ პროცესი წინ არ მიდის. განვითარება არის, მაგრამ სწრაფ, დინამიკურ ეკონომიკებს უნდა ახასიათებდეს უფრო მაღალი ტემპი. მშპ საკმაოდ კარგად იზრდება, თუმცა სამწუხაროდ, შენახული ფული ბანკებში ილექება. შესაბამისად, ბანკებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ფული გაასესხონ. კაპიტალის ტი პის ინსტრუმენტების მიმართ მეტი ნდობა უნდა შეიქმნას, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ინვესტორებში, თუნდაც მცირე ინვესტორებში. გასულ წლებში იყო სპეციალური კაპიტალის ბაზრების განვითარების პროგრამები, ჩვენც (კრისტალი) ბენეფიციარები ვიყავით, რომლის საშუალებითაც ბევრ კომპანიას მიეცა საშუალება კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსების. თუმცა ობლიგაციების გარდა პირველადი კაპიტალის მოზიდვა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც კომპანიები მსგავსი ტი პის ინვესტიციებით ვითარდება ეს უფრო მდგრადი მოდელია, ვიდრე უბრალოდ სესხზე დამოკიდებულება.
– თქვით, რომ უფრო მეტად ბანკების მიმართ არის ინტერესი, ქვეყანაში ორი უმსხვილესი ბანკია, რომელიც ფინანსური ბაზრის უდიდეს წილს აკონტროლებს. ეს პროცესი რამდენად აფერხებს ჯანსაღი კონკურენციის შექმნას, ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას?
– რთულია კონკურენცია შენზე ბევრად უფრო დიდ კომპანიებთან, თუმცა თუ საკუთარ ნიშაში კარგად მუშაობ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ამას იმით ვახერხებთ, რომ ვიცით ჩვენი კლიენტების საჭიროებები, ჩვენი პროდუქტებიც და პროცესებიც მორგებულია ამ სეგმენტზე. ბაზარზე მეტი კონკურენცია ბუნებრივია, ყოველთვის კარგია. ნებისმიერ ინდუსტრიაში როცა ნაკლები მოთამაშეა, უფრო რთულად და ნელა მიდის ამ ინდუსტრიის და შესაბამისად ეკონომიკის განვითარება.
– რა შესაძლებლობები მისცა სს „კრისტალს“ მიკრობანკის სტატუსის მიღებამ?
– პირველ რიგში, ეს არის არასაკრედიტო პროდუქტები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ძირითადად, დაკრედიტებისკენ არიან ორიენტირებულები. ახალი სტატუსი კი ქმნის შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ტრანზაქციული საბანკო მომსახურება – ანგარიშები, გადარიცხვები, ასევე შემნახველი პროდუქტები. გარდა ამისა, სტატუსი გვაძლევს საშუალებას შევიდეთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ეკონომიკის მდგრადი ეკონომიკისთვის, რათა ამ სეგმენტში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სერვისის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს.
– თქვენი მომხმარებელთა სეგმენტი თუ შეიცვალა?
– ასე არ ვიტყოდი. ბუნებრივია, ვაგრძელებთ იმ სეგმენტში მუშაობას, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, დივერსიფიკაციაც გვინდა და ვხედავთ, რომ ჩვენი მომხმარებლებიც დაიხვეწნენ, მათი საჭიროებებიც გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. უკვე არა მხოლოდ სესხი აინტერესებთ, სხვა პროდუქტის აუცილებლობაც გაუჩნდათ.
– ეკონომიკური დარგების მიხედვით ყველაზე მეტი მოთხოვნა სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაზე მოდის, დარგობრივ ჭრილში ეს სტრუქტურა თუ შეიცვალა? განსხვავებული ტიპის ბიზნესები თუ გამოჩნდნენ?
– ჩვენ დივერსიფიცირებული პორტფელი გვაქვს. დაახლოებით მეოთხედი ითვლის სოფლის მეურნეობას, მეორე მეოთხედი – ვაჭრობას და მომსახურებას. ბოლო წლებში გაიზარდა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და მშენებლობის სექტორები. საკმაოდ იზრდება ლიზინგის მიმართ ინტერესი, საცალო სექტორშიც აქტიურად ვართ წარმოდგენილები.
– დეპოზიტების მოზიდვის მიმართულებით რა ტიპის აქტივობას გეგმავთ? რატომ უნდა შეინახოს ადამიანმა თქვენთან დანაზოგი?
– ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. საინვესტიციო პროდუქტებს ვათავსებთ, ჯერჯერობით თამასუქის სახით, რომელიც ამ ბაზარზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, განსაკუთრებით სავალუტო საინვესტიციო პროდუქტები. ივნისის ბოლოს დავიწყებთ სადეპოზიტო კამპანიას, რომელიც იქნება როგორც მცირე დეპოზიტარებზე ორიენტირებული – მათთვის, ვისაც 30 ათას ლარამდე შეუძლიათ ანაბრის დაგროვება. ეს ანაბრები სრულიად დაზღვეული იქნება. შემდეგ უკვე მსხვილი დეპოზიტარები, 100 ათას ლარს ზემოთ, ეს იქნება იურიდიული პირებისთვისაც. შეგვიძლია მათ ბევრად უკეთესი სარგებელი შევთავაზოთ, ვიდრე ტრადიციული ბანკები სთავაზობენ.
– ეკონომიკის გაციფრულების პროცესი ძალიან სწრაფად მიდის, შეიქმნა ციფრული ბანკები, ტრადიციული ბანკებიც, ეტაპობრივად, ციფრულ პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებელს. თქვენ როგორ მიყვებით ამ პროცესს?
– ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენც ფეხს ვუწყობთ. მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე გვქონდა შესაძლებლობა, და ეს იყო ციფრული ონბორდინგი კლიენტებისათვის – სესხზე განაცხადის შეტანა, განაცხადის სტატუსის გაგება, გადახდის გრაფიკები და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ არხს ვავითარებთ სულ ახლახან კლიენტების იდენტიფიკაცია დავნერგეთ. ეს ყველაფერი გაგრძელდება მობილური ბანკინგით. გვაქვს პროდუქტების განვითარების გრძელვადიანი გეგმა, სადაც ყველა ეს პროდუქტი ჩაშლილია და ეტაპობრივად შევთავაზებთ ჩვენს კლიენტებს
– ეკონომიკის გაციფრულებამ, რომელიც განვითარების ბევრი შესაძლებლობა შექმნა, ასევე გააჩინა გამოწვევები კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. მომხმარებელს ხშირად უჩნდება კითხვა, რამდენად კარგად არის დაცულია საფინანსო სექტორში მათი დანაზოგები. რა შეგიძლიათ უპასუხოთ მათ?
– ვფიქრობ, ამ მიმართულებით ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის დაცული. აქამდე არ გვსმენია ინფორმაცია მნიშვნელოვანი ინციდენტების შესახებ. ცხადია, ყოფილა შეტევის მცდელობები. ტექნოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი დაცულობაა კომერციულ სექტორში, ბევრი ტი პის სისტემაა დანერგილი, მაგალითად მონაცემთა გაჟონვის საწინააღმდეგო სისტემები, უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის სისტემები. უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებაში. ციფრული ტრანზაქციები როცა მრავლდება, შეტევების სურვილიც უფრო იზრდება. ვფიქრობ, ქართული საფინანსო სექტორი ამ გამოწვევებს მომზადებული ხვდება.
– ამ კითხვით ხშირად მივმართავ რესპონდენტებს: ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კადრების სიმწირეს ასახელებს, ასევე ძალიან ბევრი კვალიფიციური ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ცდილობს კარიერა უცხოეთში აიწყოს. თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემებს და როგორ უმკლავდებით მას?
– ცხადია, გამოწვევა არსებობს და ეს გამოწვევა არამხოლოდ დიდ ქალაქებს ახასიათებს, არამედ რეგიონებსაც. ვფიქრობ, ეს პრობლემები არ არის ცალმხრივი. პოტენციურ და არსებულ თანამშრომლებს დამსაქმებლებმაც სწავლისა და განვითარების მეტი შესაძლებლობები უნდა შესთავაზონ. სამწუხაროდ, ქართული ეკონომიკა პატარაა. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, კადრებზე კონკურენცია ბუნებრივად გაიზარდა. ბევრი ადამიანია, რომელიც საქართველოდან უცხოეთში მუშაობს, მომსახურების ექსპორტს ეწევიან ჳთ სფეროდან, საკონსულტაციო სფეროდან და საფინანსო სფეროდანაც. ამას ფეხი უნდა ავუწყოთ. მათ შორის, განათლების სისტემას აქვს დიდი როლი – მეტი პროფესიონალი გამოუშვან. ჩემი აზრით, სწავლის 4-წლიანი პერიოდი დღეს არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ სპეციალისტი გახდე და მუშაობა დაიწყო. აქტიურად ვიყენებთ სტაჟირების პროგრამებს. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, რომ სტუდენტები ადრეულ პერიოდში მოვიზიდოთ, რათა საქმე პრაქტიკაში ისწავლონ. ეს პროცესი ახალგაზრდა თანამშრომლებში უფრო მეტ ლოიალობასაც ქმნის, თუნდაც ის, რომ ეს მათი პირველი სამსახურია. მათი კარიერული განვითარებაც სწრაფად მიდის. ბუნებრივია, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ანაზღაურების შეთავაზება შეუძლიათ კომპანიებს.
საქართველო საკმაოდ კონკურენტული ბაზარია, განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში. ამ ტენდენციებს ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ სხვადასხვა მეთოდებით და შედეგად თანამშრომლების გადინების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, რასაც ვაღწევთ ლოიალობით, გარემოთი, თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებით.
– თქვენ ახსენეთ, რომ სტატისტიკა მშპ-ის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. საინტერესოა, წინა პერიოდებთან შედარებით, დაკრედიტებაზე მოთხოვნა როგორია? რთული პოლიტიკური ვითარების გამო, ეკონომისტთა ნაწილი ეკონომიკური აქტიურობის შენელებას ელოდებოდა.
– შარშან, ჩვენი საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა, წელსაც იგივე ზრდა გვაქვს დაგეგმილი. მოთხოვნის შემცირება არ შეგვიმჩნევია, პირიქით გვიჭირდა მოთხოვნის დაკმაყოფილება. განსაკუთრებით მოთხოვნაა აგროსფეროში დაკრედიტებაზე, მიკრო და მცირე მეწარმეებში.
– გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი როგორია?
– ჩვენთან ძალიან კარგი გადახდისუნარიანობაა, ფაქტობრივად, ცვლილება არ გვიგრძნია. პირიქით, შარშან და შარშანწინ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ეს კოვიდის შემდეგ ნორმალური პროცესია, რადგან კორონავირუსი პრობლემა იყო ყველასთვის. მიკრომეწარმეები გარე შოკების მიმართ მოწყვლადობით არ ხასიათდებიან, მარტივად ადაპტირდებიან. ამასთანავე, სესხი ეროვნულ ვალუტაში აქვთ და მათზე სავალუტო რისკები არ მოქმედებს. ჰეჯირების რისკებს მთლიანად კომპანია იღებს. ამ მიდგომებმა კოვიდის დროსაც პოზიტიურად იმოქმედა.
– ბიზნესი ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ფინანსური რესურსის სიძვირეს ასახელებს. რატომ არის საქართველოში სესხი ასე ძვირი?
– მიზეზი ბევრია, უპირველესად საკრედიტო რესურსების მოზიდვისას დივერსიფიკაციის ნაკლებობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ საიდან მოდის ჩვენი ეკონომიკის დაკრედიტების რესურსი. ქვეყანა დიდ წილად უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ საკრედიტო რესურსებზე არის დამოკიდებული, რომელსაც სჭირდება ცალკე ჰეჯირება, რომელიც ამ რესურსს აძვირებს. სანამ ფული საბოლოო მომხმარებლამდე მივა, ფინანსური შუამავლების (ფინანსური ორგანიზაციების) მომსახურების თვითღირებულებაც უნდა გავითვალისწინოთ.
– რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაში რამე დისონანსი ხომ არ შეიტანა?
– კითხვებს მეტს სვამდნენ, რაც ლოგიკურია. ჩვენ 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტთან ვმუშაობთ, მათ შორის ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ჰოლანდიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ა.შ. მოგეხსენებათ კითხვები არის არამხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ გლობალურ ბაზარზეც არ არის მარტივი სიტუაცია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებმა ბევრი რამ არაპროგნოზირებადი გახადა. თუმცა, მაინც გრძელდება ჩვენი დაფინანსებები, მეტსაც გეტყვით, შარშან, დაახლოებით, 90 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოვიზიდეთ, წელს ვგეგმავთ 100 მილიონზე მეტი საკრედიტო რესურსის მოზიდვას.
– არსებულმა ვითარებამ, ეს რესურსი ხომ არ გაგიძვირათ?
– დროებით ჰეჯირება გაძვირდა, ვინაიდან ლარის მერყეობა აღინიშნებოდა, განსაკუთრებით წლის ბოლოს. ამ ეტაპზე ჩვეულებრივ ფასთა დიაპაზონი დაბრუნდა.
– კომპანიის განვითარების გეგმები როგორია?
– ახლა რაზეც ვმუშაობთ, ეს არის პორტფელის გამსხვილება და კლიენტების რაოდენობის ზრდა. ვგეგმავთ, რომ 3 წელიწადში ორგანიზაციის ზომა გაორმაგდეს. პორტფელის ნაწილში ნახევარ მილიარდს ავცდით, 2028 წლისთვის კი მილიარდიანი გეგმა გვაქვს. ამ გეგმის შესრულება შესაძლებელია იმის გათვალისწინებითაც, რომ მიკრობანკის სტატუსით მცირე ბიზნესში შესვლისა და მათი დაკრედიტების საშუალება გვეძლევა.
– გარდა პროფესიული საქმიანობისა, კიდევ რაში იხარჯება თქვენი დრო? თუ გაქვთ ჰობი?
– ჩემთვის „რა, სად, როდის“ თამაში – დასვენებაა. ახლო მეგობრები ვიკრიბებით და ვთამაშობთ, არამხოლოდ სატელევიზიო ფორმატში. გარდა ამისა, მიყვარს სამთო ველოსპორტი და მთაში ლაშქრობა. ცხადია, დიდ დროს ვატარებ ოჯახთან ერთად.
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი
ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2025 წლის აპრილის №4(304)-ში

