Homeინტერვიუინტერვიუ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა კობერიძესთან

ინტერვიუ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა კობერიძესთან

Published on

spot_img

ლაშა კობერიძე – დაიბადა 1989 წლის 28 იანვარს თბილისში. 

განათლება

2006-2010 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (ბაკალავრი), სპეციალობა – ბიზნესი და მართვა, მოდული – ფინანსები და საგადასახადო საქმე. 

2010-2012 წლები – საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი (მაგისტრი), სპეციალობა – კერძო სამართალი. 

სამუშაო გამოცდილება 

19.08.2021-დღემდე – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 

03.10.2014-დღემდე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, საგადასახადო კურსების ტრენერი. 

07.07.2020-დღემდე – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), TADAT Trained ექსპერტი. 

05.02.2021-19.08.2021 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა ოფისის (LTO) ხელმძღვანელი. 

25.03.2019_05.02.2021 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. 

15.02.2018-25.03.2019 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, გასვლითი საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

20.08.2016-15.02.2018 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, ხარისხის კონტროლის სამმართველო, ჯგუფის მენეჯერი. 

07.2015-08.2015 – ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო (The Austrian Ministry of Finance), სტაჟირება (Vienna, Graz, Salzburg). 

06.06.2013-20.08.2016 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, ხარისხის კონტროლის სამმართველო, მთავარი ექსპერტ-აუდიტორი. 

15.11.2011-06.06.2013 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, შემოწმებების მთავარი სამმართველო, გასვლითი საგადასახადო შემოწმების უფროსი, აუდიტორი. 

01.04.2011-15.11.2011 – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, აუდიტორი.  

15.02.2011-15.05.2011 – შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი, კამერალური შემოწმებების განყოფილება, საგადასახადო ოფიცერი. 

06.11.2010-15.02.2011 – შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი, მომსახურების დეპარტამენტი. სტაჟიორი. 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

– მადლობა ინტერვიუსთვის, ბატონო ლაშა. საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით, თქვენ მნიშვნელოვან რეფორმებსა და გადაწყვეტილებებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. ამიტომ საინტერესოა თქვენი პოზიციის გაზიარება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

– დასაწყისში ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ვამაყობ ჩემი განვლილი გზით. 1989 წლის 28 იანვარს თბილისში დავიბადე. დავამთავრე 117-ე საშუალო სკოლა. საკმაოდ ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. სკოლაც კარგი იყო. იმ პერიოდში ექსპერიმენტული სწავლება დაინერგა. მეშვიდე კლასიდან ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებები გამოცხადდა. მათემატიკა ძალიან მიყვარდა, ეს ოჯახიდანაც მომყვებოდა, დედაჩემი მთავარი ბუღალტერი იყო. ასე რომ, მე-7 კლასიდან ტექნიკური მიმართულებით გავაგრძელე სწავლა და 11 კლასი შედარებით გაძლიერებული მათემატიკის სწავლებით დავამთავრე. 

სწავლა გავაგრძელე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მოდულად ფინანსები და საგადასახადო საქმე ავირჩიე, მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ფინანსისტი გავმხდარიყავი. საგადასახადო მიმართულებითაც ძალიან კარგი ლექტორები მყავდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი და იმ 4 წელში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ჯერ 2 წელი ბუღალტრად დავსაქმდი. სხვადასხვა მცირე კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვას ვუკეთებდი. 

საკმაოდ დატვირთული დღეები იყო, მაგრამ ის პროცესი მომწონდა. მგონია, ცხოვრებაში რაც ბევრს აკეთებ, უფრო მეტის ძალა და ენერგია გეძლევა. საკმაოდ ღირებული გამოცდილება დავაგროვე საქართველოს საბანკო ასოციაციასთან არსებულ საბანკო სწავლების ცენტრში და ცოტა ხნით ბანკშიც ვიმუშავე საკრედიტო მენეჯერის პოზიციაზე. 

2010 წლის გაზაფხულზე შემოსავლების სამსახურში ღია ვაკანსიები გამოცხადდა, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, დაახლოებით 1500 განაცხადით სამი ჯგუფი უნდა შეექმნათ, ჯამში 60 ადამიანი. ამ დროს უკვე ბოლო კურსზე ვიყავი. გადავაგზავნეთ CV-ები, გარკვეული გამოცდილებაც მქონდა, გადასახადები ვიცოდი, ასე თუ ისე ბუღალტრულ თემებთანაც შეხება მქონდა. ამიტომაც შემდეგი პროცედურების გავლა საკმაოდ გამიმარტივდა. ჯერ პროფესიული გამოცდები ჩავაბარეთ, მერე უნარები, 100-დან 85 ქულა იყო გამსვლელი. მესამე ეტაპი მოიცავდა გასაუბრებას სტაჟირებისთვის. 

ოქტომბერში, სწავლა პოლიციის აკადემიაში დავიწყეთ. თვენახევარში 30 საგანი გავიარეთ, ყოველკვირა გამოცდა გვქონდა. ეს ჩემთვის სასწაულად კარგი სწავლება იყო, დილით 9 საათზე იწყებოდა და საღამოს 6 საათამდე გრძელდებოდა. შემდეგ თბილისის რეგიონულ ცენტრებში გადავნაწილდით. ასე დაიწყო შემოსავლების სამსახურში ჩემი საქმიანობა. 

– შემოსავლების სამსახურში თქვენი პირველი სამსახურებრივი პოზიცია რა იყო? 

– თავდაპირველად, მუშაობა მომსახურების დეპარტამენტში მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში დავიწყე, ძალიან გამიმართლა ხელმძღვანელშიც. 2011 წელს გადმოვედი აუდიტის დეპარტამენტში, სადაც საერთო ჯამში 10 წელი გავატარე. ეს იყო კამერალური შემოწმებების განყოფილება, ჯერ ვიყავი აუდიტორი, მერე უფროსი აუდიტორი, მთავარი ექსპერტ-აუდიტორი. არსებობდა ხარისხის კონტროლი, რომელიც ალტერნატიული საგადასახადო შემოწმებებისა და აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების მიერ დაწერილ აქტზე ხარისხის დასკვნას წერდა. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კადრი ვიყავი. შემდეგ ხარისხის კონტროლის ჯგუფის უფროსი გავხდი. ორი მიმართულება მქონდა – აუდიტის პროექტები ხარისხობრივად სწორი და გამართული უნდა ყოფილიყო, ასევე ალტერნატიული აუდიტის პროექტის ნაწილშიც კერძო აუდიტორების ხარისხის კონტროლის გადამოწმება მიწევდა.

ამის მერე გასვლით საგადასახადო შემოწმებებში სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გადავედი, შემდეგ საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსად და 2021 წელს კი მსხვილ გადამხდელთა ოფისის ხელმძღვანელი გავხდი. სხვებთან ერთად საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის მსხვილ გადამხდელთა ოფისის ამ ფორმით ჩამოყალიბებაში, იმ პერიოდში პირველად გაერთიანდა აუდიტი და სერვისი. ანუ მანამდე იყო მხოლოდ აუდიტი, დაემატა სერვისი, საკმაოდ კვალიფიციური კადრებით, ჩამოყალიბდა ახალი სტრატეგია, გაიწერა ახალი მიზნები. ეს იყო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი, 10-წლიანი გამოცდილების დაგვირგვინება. 

ეს გახლდათ ერთ-ერთი სამსახური, სადაც მომეცა შესაძლებლობა ჩემი მენეჯერული უნარები სრულფასოვნად გამომემჟღავნებინა – საკითხის დაძვრა, პრობლემის გადაწყვეტა, ერთგვარი ბიუროკრატიული პროცესი, თანამშრომლებთან ურთიერთობა, დაახლოებით 65 ადამიანი მუშაობდა, ყველა ძლიერი აუდიტორი. ეს იყო გუნდურობაზე დაფუძნებული, ძალიან გამჭვირვალე სტრუქტურა. 

მსხვილ გადამხდელთა ოფისი ჩამოყალიბდა აუდიტის დეპარტამენტის შიგნით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებს, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების დიდ წილს აფორმირებს, შესაძლებელია სპეციფიკური მიდგომა და შემოწმება სჭირდებოდეს. მაგალითად, საწყის ეტაპზე ასეთი 206 კომპანია იყო, რომელიც დაახლოებით ბიუჯეტის შემოსავლების 40 პროცენტს ქმნიდა. კომპანია, რაც უფრო კომპლექსურია, მეტი ოპერაციები აქვს, მის დეკლარაციებს თვალყურის დევნება მეტად სჭირდება, ეს არის მეგობრული მიდგომა. 

შემოსავლების სამსახურის მხრიდან პრიორიტეტი კანონშესაბამისობის ამაღლებას ენიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ პირმა მისი კუთვნილი გადასახადი ნებაყოფლობით გადაიხადოს და საგადასახადო შემოწმებით ჩარევა საჭირო არ გახდეს. პირობითად, თუ შენ მაინც და მაინც არ გაქვს რისკი, შენს ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებ, რეკომენდაციებს ითვალისწინებ, დეკლარაციებიც არ არის რისკიანი, ურთიერთობაშიც კარგად მოდიხარ, შემოსავლების სამსახური გეუბნება, რომ მეც გეხმარები და შეიძლება მას ბენეფიტებიც შესთავაზონ. მაგალითად, როდესაც გადამხდელი კითხვას სვამს, მას სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფასოდ უგზავნის პასუხს, უხსნის საკითხს, ეხმარება დეკლარირებაში, აცნობს სიახლეებს. 

ვფიქრობ, ურთიერთნდობის არსებობა, ყველასთვის კარგია – სახელმწიფოსთვისაც გადახდის კუთხით, ბიზნესისთვისაც, ერთგვარ დაცულობას გრძნობს, რომ მისი ყველა ოპერაცია შესწავლილია, თუკი რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება შემოწმება არ შედის, უპირველესად რეკომენდაციას აძლევს. ეუბნებიან, გაასწორე და ჩვენ გარეშე თავად დაადეკლარირე. ეს აჩვენებს, რომ სამსახურს ჩასაფრებულის პოზიცია არ აქვს. ეს იყო მთავარი იდეა და მიზანი. მსხვილ გადამხდელებთან შეხვედრებიც გაიმართა. მგონია, რომ მათთან ურთიერთობის ფორმატში ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რასაც შემოსავლების სამსახური ყოველთვის აკეთებს. 

პარალელურად, სისტემატურად ვმონაწილეობდი საგადასახადო თემატიკასთან დაკავშირებულ სამუშაო ღონისძიებებში, საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ამასთან სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე ჩართული ვიყავი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ევროკავშირის პროექტის (EU Twinning), დიდი ბრიტანეთის მთავრობის (GGF) და Doing Business 2017-2020 წ. პროექტებში. 

– რაც შეეხება იურიდიულ დეპარტამენტს, რომელშიც ახლა მუშაობთ, ამ დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია რა არის? 

– იურიდიულ დეპარტამენტში 2021 წლის აგვისტოდან გადავედი. ორი განათლება მაქვს – როგორც ეკონომიკური, ასევე იურიდიული. შესაბამისად, ეს მეორე განათლებაც პრაქტიკაში გამომადგა. ერთია მათემატიკა, ციფრები და მეორეა კანონმდებლობასთან მუშაობა. დღეს, იურიდიულ დეპარტამენტი ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა – საჯარო გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტია და ამ მიმართულებით საკმაოდ გამოცდილი კადრები გვჭირდება. ზოგადად, დეპარტამენტი ორი მიმართულებით მუშაობს, ერთია სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, ეს იქნება ხელშეკრულებები, მემორანდუმები, ცვლილებები, კანონქვემდებარე თუ ნორმატიული აქტები, მთავრობის დადგენილებები, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მეორე მიმართულებაა – წინასწარი გადაწყვეტილებები. ეს არის შემოსავლების სამსახურის ფასიანი სერვისი, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლი არეგულირებს. საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია. გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს თავისი ბიზნეს-ოპერაცია, გარანტირებული პასუხი ჰქონდეს კონკრეტულ კითხვაზე. სამწუხაროდ, შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომელზედაც კოდექსის კონკრეტული მუხლი კონკრეტულ კითხვაზე პასუხს არ იძლევა, ან გადამხდელის ოპერაციები იმდენად სპეციფიკურია, რომ დასკვნა პირდაპირ ვერ გამოგაქვს, ან ბუნდოვანების ნაწილი შემოდის, ან ამ კონკრეტულ საკითხზე პრაქტიკის არარსებობაა. გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოს მიმართოს, აიღოს წინასწარი გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ თანხმდება შემოსავლის სამსახურის უფროსთან, ასევე ფინანსთა მინისტრთან. ფინანსთა მინისტრის თანხმობით გამოიცემა გადაწყვეტილება, რომელიც აუდიტის თუ შემდგომ რევიზიისთვის, ნებისმიერი საგამოძიებო თუ მაკონტროლებელ ორგანოსთვის, იქ არსებულ გარემოებებს და მონაცემებს ვერ შეცვლის. მთავარია, თქვენ სწორად ჩამოყალიბებული პოზიცია და კითხვები გქონდეთ, სამსახური ამაზე კომპეტენტურად გიპასუხებთ. ის დოკუმენტი თქვენთვის საიდუმლო ინფორმაციაა, მხოლოდ თქვენზე ვრცელდება. შესაბამისად, შეგიძლიათ თქვენი ოპერაციები დაბეგროთ, იხელმძღვანელოთ ამ წინასწარ გადაწყვეტილებებში მითითებული მექანიზმითა და მეთოდით. როგორც უკვე აღვნიშნე, შემდეგ სხვა ორგანოებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. ერთადერთი გამონაკლისია, თუ პირობითად, კოდექსის ნორმა შეიცვალა ან რამე ფაქტობრივი გარემოება არასწორად იყო მითითებული. თუ ფაქტობრივი გარემოება სწორადაა მითითებული, კანონმდებლობის ნორმა მოქმედია, ეს გადაწყვეტილება შეიძლება 1 წელი, 5 წელი, 10 წელი, ან სამუდამოდ მოქმედი იყოს. ეს ინსტრუმენტი 2010 წლიდან მოქმედებს, აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და დღემდე საკმაოდ პოპულარულია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატუსით სარგებლობს. ამიტომაც, იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს, ფაქტობრივად, 24/7-ზე გვიწევს მუშაობა, ახალ პრაქტიკებთან შეჭიდება, ადაპტაცია. ვიყენებთ სხვადასხვა კანონმდებლობას, ვაკეთებთ თარგმანებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაახლოებით, 20 ეტაპია გასავლელი. მიხარია, რომ მეც ამ გუნდის წევრი გავხდი და მათ ჩემი გამოცდილებით ვეხმარები. 

– ალბათ, ეს დეპარტამენტი ჩართულია საგადასახადო დავების განხილვის პროცესებშიც. რამდენად ადევნებთ თვალს დავების განხილვის საბჭოს სხდომებს? ბევრი გადამხდელი და აუდიტორი აღნიშნავს, რომ ამ ბოლო დროს, დავების განხილვისას გადამხდელებთან სერიოზული მსჯელობა, კამათი თითქმის აღარ არის. ისმენენ გადამხდელის პოზიციას, რომელიც მას საჩივარში ისედაც უწერია, ერთ-ორ შეკითხვას უსვამენ და მერე არის სტანდარტული პასუხი -ამდენი და ამდენი დღის შემდეგ გაცნობებთ ჩვენს პოზიციას. თქვენი შეფასებით, ეს არის განხილვა? 

– როგორც მოგეხსენებათ, დავები არის ორეტაპიანი, შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში. შემიძლია, შემოსავლების სამსახურზე მოგახსენოთ, ვინაიდან ჩვენ დეპარტამენტს ფინანსთა სამინისტროსთან ამ ნაწილში კვეთა არ გვაქვს. მე არ ვარ ბოლომდე კომპეტენტური ამ ნაწილში, ვინაიდან დავებთან მუშაობა არ მიწევს, თუმცა ჩემს შეხედულებას გაგაცნობთ იმ დონეზე, რა დონეზეც ამ საკითხში ჩახედული ვარ. პანდემიის შემდეგ, როდესაც საკითხები ონლაინ განიხილებოდა, ცხადი გახდა, რომ ამ პრაქტიკის გამოყენება შემდეგაც შესაძლებელი იყო. ეს პრეტენზია შეიძლება ნაწილობრივ მისაღები იყოს, ნაწილობრივ, ალბათ, არა. ბევრი საკითხი გადამხდელებთან ერთად წყდება, ამას სისტემატური სახე აქვს. არის საკითხები, როდესაც გადამხდელის დაბარება და აქტიური განხილვის წარმოება არ არის საჭირო, ვინაიდან თემა არის მარტივი, უბრალოდ ტექნიკური საკითხია. ეს ჩემი აზრია, ვიღაცამ ეს პროცესი შეიძლება დროის გაყვანის მიზნით გამოიყენოს. თუმცა არის საკითხი, რომელიც დასაბუთებასა და მსჯელობს საჭიროებს, ამ შემთხვევაში გადამხდელს იბარებენ და საკითხს მასთან ერთად განიხილავენ. ვფიქრობ, რომ გადამხდელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

– თქვენი დეპარტამენტი თუ არის ჩართული, მათ შორის თქვენც, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა მეთოდური მითითებების მომზადებაში? 

_ დიახ, ჩართულია. უფრო კონკრეტულად, მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტები მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მიერ მუშავდება, ეს მათი პრეროგატივაა. რიგ შემთხვევაში, იურიდიულ დეპარტამენტს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის ინიციირება გაუკეთებია. წინასწარი გადაწყვეტილებების ფარგლებში თუ მნიშვნელოვანი საკითხები წარმოიშვა, ხშირად, ვცდილობთ, ეს საკითხი ცალკე ამოვიღოთ, კონკრეტული თემის მიმართ დიდი ინტერესის გამო. ამის გარდა, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა მიმართულებით იყო მეთოდური მითითებები, პროექტები. საკმაოდ ჩართული ვართ, იმიტომ, რომ სხვადასხვა ინფორმაციას სიღრმისეულად ვამუშავებთ, მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც სამართლებრივი ტექნიკის, ისე საგადასახადო დაბეგვრის კუთხით. 

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მეთოდური მითითება ძალიან სუბიექტურია და შორს არის სამართლიანობისგან? მაგალითად შარშან მიღებული მითითება – დებიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე უბეგრავს გადასახადის გადამხდელებს მიუღებელი დებიტორული დავალიანების თანხებს. 

_ არ მგონია, ეგ ცოტა აბსტრაქტული ვარაუდია. მაშინ მუხლზე უნდა ვიმსჯელოთ ან უნდა ვთქვათ კონკრეტულად რა ნაწილში შეიძლება დაიბეგროს ვარაუდის დონეზე. ალბათ მე ასე არ ვკითხულობ. მას აქვს თავისი წესები, არგუმენტები. ვარაუდის დონეზე დაბეგვრა საგადასახადოს ინტერესის სფერო აბსოლუტურად არ არის. მინიმუმ ამის მოტივს ვერ ვხვდები. თუ რამე კონკრეტული ქეისი არსებობს, შეგვიძლია ინდივიდუალურად ვიმსჯელოთ, მე მსგავსი შთაბეჭდილება არ მრჩება. შეიძლება რაღაც გასასწორებელი იყოს, დოკუმენტი ყოველ წელს იხვეწება, ადრესატ პირებს გასაცნობად ეგზავნება, თუ რამე პრობლემაა, ყველას აქვს შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამასთანავე, როდესაც დოკუმენტი პროექტის დონეზე საბჭოში განიხილება, ყველა ჩართულ პირს აქვს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ამიტომ, თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, ალბათ, უნდა დაფიქსირდეს და მერე შეიძლება ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე მაგ ვერსიას არ დავეთანხმებოდი. 

– ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე გვესმის, რომ ეს არ იყო სამართლიანი. თქვენი შეფასებით, სამართალი და სამართლიანობა ერთი და იგივე ცნებებია? 

– ალბათ არა, სამართლიანობის შეფასება სუბიექტურია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, შემოსავლის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია კანონში მკაცრად გაწერილ წესებს მიჰყვეს, მან კოდექსში გაწერილი ჩანაწერებით უნდა იხელმძღვანელოს. ჩემს გამოცდილებას გეტყვით, თითქმის ყველა შემოწმება მახსოვს, არცერთ გადამხდელთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ დარიცხვა მისთვის შეიძლება არასასურველი ყოფილიყო. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობდი, მათთვის კანონმდებლობაში ჩანაწერი ამეხსნა – რა მესმის, რა გამომდინარეობს, რაშია ლოგიკა. გარდა ამისა, ბევრისთვის რჩევაც მიმიცია – მე ასე ვკითხულობ, კანონის ჩანაწერი ასეთია, პრაქტიკა ასეა მისაღები, შეიძლება იქ გასაჩივრების მომენტს იტოვებს. მანამდე, თუ დააკვირდებით შემოწმების აქტის ფორმას, 2014-2015 წლებში შიგნით გრაფაც კი გაჩნდა, სადაც გადამხდელის პოზიცია ფიქსირდებოდა. საკმაოდ რთულია კანონმდებლობის ნორმების სრული გაგება, ერთმანეთთან დაკავშირება. შესაბამისად, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაწილში, ჩემსა და გადამხდელს შორის შეიძლება ბუნდოვანება და ორაზროვნება წარმოიშვას. შემმოწმებელი იმ მიმართულებით ფიქრობს, რომ რამე არ შეეშალოს, კანონმდებლობას არ გადაუხვიოს და ეს, სწორია. ბუნებრივია, შემმოწმებელს დასკვნა ლოგიკური დასკვნების საფუძველზე გამოაქვს. თუმცა გადაწყვეტილება, შეიძლება, მაინც არ იყოს გადამხდელისთვის სასიამოვნო. 

საბოლოოდ, ამ კითხვას შევხედოთ ასე: შემმოწმებელი სამართალს მიჰყვება, სამართლის ნაწილი, ალბათ, სამართლიანია, მაგრამ შეიძლება ზუსტად ვერ პასუხობდეს მიმდინარე პროცესს ან მოთხოვნას. ზუსტად ამისათვისაა საჭირო შემდგომი ცვლილება, მსჯელობა, თუნდაც პრაქტიკაში წარმოშობილი საკითხის განზოგადება. ეს არის სამუშაო პროცესი, რათა დავინახოთ ის განსხვავებები რაც არის. ამიტომ არის ცვლილებები, იგივე კანონმდებლობაში, იგივე ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში. ერთ წელიწადში, ამ ბრძანებაში, დაახლოებით 30-35-მდე ცვლილება შევიდა. 

– თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მუშაობაში. ეს აკადემია რა ტიპის ტრეინინგებს სთავაზობს მსმენელს და ზოგადად როგორია სწავლების პროცესი? თქვენ კონკრეტულად რა საგნებს კითხულობთ? 

– ტრეინინგების ჩატარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ზრდისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ღირებული პროცესია. მგონია, განათლება არის ის, რომელიც ყოველთვის უნდა გავზარდოთ, შესაბამისად ამით პრობლემებს ყოველთვის ვუშველოთ და გარკვეული საკითხებიც მარტივად გადავწყვიტოთ. ამიტომ, განათლებაში რესურსს, როგორც ჩემს ბავშვობაში დებდნენ მშობლები, პედაგოგები, მეც ამ მიმართულებით მინდა ვიარო, ჩემი მიზანია განათლებაზე ყოველთვის ვიზრუნო როგორც საკუთარზე, ისე სხვაზე. 

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ლექციებს 2014 წლიდან ვკითხულობ, ძირითადი მიმართულებაა საგადასახადო კანონმდებლობა, რომლის ერთ-ერთი კურსია საგადასახადო აუდიტი, შემოწმების პროცესი. გადამხდელთან ურთიერთობისას როგორ უნდა მოვემზადოთ, რა გავითვალისწინოთ. 

კანონმდებლობაში თითოეულ მუხლს ვშლი, მინდა კონკრეტულ საკითხებზე გულწრფელად ვისაუბროთ, ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. კონკრეტულ სიტუაციაში მე რას ვიზამდი, რისკი სადაა, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ და დავამუშაოთ. ამით გონება უფრო იზრდება. მეც გავდივარ ტრეინინგებს, იმის მიხედვით, თუ რა სფერო დამჭირდება. 

აკადემიის პარალელურად 2016-2017 წლებში, ფინანსთა მინისტრის ბრძანებების გაცნობის კუთხით, თვითონ საგადასახადო აუდიტორებთანაც ჩავატარე ტრეინინგები. ზღვა ინფორმაციაა და მნიშვნელოვან დეტალებზე საჭიროა ყურადღების გამახვილება. ამ ორ წელიწადში მომიწია მათთან ურთიერთობა, რა დროსაც აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებთან ერთად მეც დიდი გამოცდილება მივიღე. 

2018-2020 წლებში უკვე ვუძღვებოდი აუდიტის დეპარტამენტის სტაჟორების გადამზადების პროგრამას. გულწრფელად ვამაყობ, იმ წლებში სტაჟიორების გადამზადებით და იმ დონით, რასაც მათ მიაღწიეს, ვინაიდან პროგრამა, კანონმდებლობა, თემები გავწერეთ პრაქტიკაზე ორიენტირებულად, მაგალითებით. ამ სწავლებამ კარგი თაობა გაზარდა, მათთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, იმ ხალხს წარმატებულ ადგილებზე რომ ვხედავ. 

აკადემიაში მუშაობას ვაგრძელებ, ძირითადი სამსახურის შემდეგ, 7-დან 10 სთ-მდეა ლექციები და იქ ვიტვირთებით – კანონმდებლობა, აუდიტი, სხვადასხვა საკითხის განხილვა, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. შეგნებულად ვირჩევ ისეთ საკითხებს, რომელიც შეიძლება შედარებით პრობლემურია და მათზე ხალხს პასუხის მიღება სჭირდებოდეს. შეიძლება 100%-იანი არ იყოს ჩემი პასუხი, მაგრამ მსჯელობის დროს ვიხილავ იმ ვერსიებს, კონკრეტულ საკითხს რა რისკი შეიძლება ჰქონდეს. ეს ტრეინინგებიც არ არის, უფრო ვორქშოპებია, მსჯელობა. 

ასევე ტრეინინგები ჩავატარე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით, რომელიც საგადასახადო საკითხებს ეხებოდა. სავაჭრო პალატამ დანერგა ასეთი ტრადიცია, წელიწადში ერთხელ, პალატის წევრებს, საკანონმდებლო სიახლეებს აცნობს. ტრეინინგები თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში ჩატარდა, რათა მეწარმეები ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ. 

წლების განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ასევე ჩართული ვიყავი „ქალების ეკონომიკური გაძლიერების“ არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებასა და პროექტებში, რომლებიც წარმატებით დასრულდა. 

– როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობდა. ზოგადად დიდი ხანია ამ კუთხით აუცილებელ ცვლილებებზე მიდის საუბარი, ზოგიერთი თქვენი კოლეგა მისი საერთოდ გაუქმების მომხრეა. კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს? ეს ეხება 40000 ლარიანი ზღვრის გაზრდას, შენობა-ნაგებობებზე ქონების გადასახადის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ფართობის მიხედვით განსაზღვრას, თუ რას? 

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ქონების გადასახადში ბევრი რამე შესაცვლელია. ჩემი აზრით, ქონების გადასახადი ერთ-ერთი რთული გადასახადია. წარმოიდგინეთ, ფიზიკურმა პირმა, რომელმაც ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს, ჯერ ის უნდა დათვალოს 40 000 ლარიანი ზღვარი თუ აქვს, მერე ოჯახის შემოსავალი ითვლება, ოჯახიც თავად უნდა განსაზღვროს, 40 000 ლარიან ზღვარში რა შედის ის ცალკე უნდა დათვალოს, მიიღებს მათემატიკას, მერე უნდა დათვალოს რა ქონებას ფლობს, ვინაიდან ზოგიერთი ქონება დაბეგვრის ობიექტია, ზოგი არა. ამის მერე უნდა გამოთვალოს, თუ რა არის არსებული ქონების საბაზრო ფასი, რაც ფიზიკური პირისთვის საკმაოდ რთული შესაფასებელია. ეს მარტო ქონების ნაწილია, მიწაზე ცალკე კოეფიციენტებია – საკარმიდამო, სახნავი. ტრეინინგებზეც მითქვამს, რომ მაგალითად, დღევანდელი ადმინისტრირების პირობებში დღგ უფრო მარტივი გადასახადი მგონია, ვინაიდან ლოგიკაზე აგებული ჯაჭვია და საკმაოდ შინაარსიანი გადასახადია. 

ქონების გადასახადის რეფორმის კუთხით, ვიცი რომ პროექტი არსებობდა, გაცნობილიც ვარ. 2022 წლის 17 მაისს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც გამოიცა სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ეს  შემოსავლების სამსახურის ფუნქციას არ განეკუთვნება, თუმცა ჩართულები ვიყავით. თუ ჩემი პერსონალური აზრი გაინტერესებთ, ქონების გადასახადში ბევრ რამეს შევცვლიდი – განაკვეთის, ქონების შეფასების ფიზიკური პირის დაბეგვრის კუთხით. ამ თვალსაზრისით, ევროპის პრაქტიკაც მოკვლეული მაქვს.

პირველად, ქონების გადასახადს 2015 წელს შევეხე, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას გავიარეთ ეს საკითხი, ვნახე იქაური პრაქტიკა და მომეცა შესაძლებლობა შედარება გამეკეთებინა. პირობითად, თუ ჩვენ ავტომობილს მისი კუბური მოცულობის მიხედვით განვანბაჟებთ, ევროპა ბეგრავს გამონაბოლქვის მიხედვით. მეორე ვარიანტია, შეიძლება შემოსავალი მქონდეს 100 000 ლარი, რომელიც პირობითად 0.8 კოეფიციენტით იბეგრება, მაგრამ ქონება არ მიფიქსირდებოდეს, შესაბამისად გადასახადი ნული მექნება. ამასთანავე, შეიძლება 40 001 ლარის შემოსავალი მქონდეს და ქონებაზე იმდენი გადასახადი მომიწიოს, მაგალითად მამა-პაპისეულ სახლზე, რაც მგონია სამართლიანობის კუთხით გასასწორებელია. ასევე შესაძლებელი, ძველი ნავი მქონდეს და ის დაიბეგროს, ხოლო ოქროს ზოდი, რომელიც სახლში მაქვს, არ იბეგრება. ასევე გასაზრდელია ზღვარიც, დღეს ფულს სხვა მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე წლების წინ ჰქონდა. ფიზიკური პირი 40 000-იან ზღვარს ძალიან მალე აღწევს, მაშინ ამ მიმართულებით საგადასახადო ტვირთო თუ მსუბუქი იყო, დღეს შეიძლება მძიმე იყოს. ამიტომ დაბეგვრის ობიექტს, გაანგარიშების ზღვარს შევცვლიდი. მიწებზეც ტექნიკური პრობლემაა, ვინაიდან განაკვეთების დადგენა, მიწის კატეგორიების განსაზღვრა, ამ ერთ პატარა გადასახადში, ეს ყველაფერი ძალიან ბევრია და ალბათ სამართლიანია, რომ გადამუშავდეს. ამაზე ღია მსჯელობებიც იყო, არის მიღებული შენიშვნები. არ ვიცი მზად როდის იქნება. ალბათ, მოვა დრო და შეიცვლება, უკეთესობისკენ დაკორექტირდება. 

– როგორია თქვენი მოსაზრება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ „ესტონური მოდელის“ მიმართ? ყველა არ ემხრობა ამ მოდელს. განსხვავებული აზრი არსებობს, ზოგს მოსწონს, ზოგი კი თვლის, რომ ამ მოდელმა საქართველოში არ გაამართლა. 

– მოგების გადასახადის ე.წ „ესტონური მოდელი“ 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. 2016 წელს შემოსავლების სამსახურში ჯგუფი შეიქმნა და სამუშაო კომისიის მდივანი გახლდით, „ესტონური მოდელის“ გადმოტანაშიც ვიყავი ჩართული. ახალი ფორმები შემუშავდა, დეკლარაციების გაიწერა, ყველაფერმა ჩვენს ხელში გაიარა. მე მომწონს. ძირითად მიმართულებებს გამოვყოფ.

პირველი, ამან ბიზნესი წაახალისა. მაგალითად, 100 ათასი ლარის შემოსავლიდან, კომპანიას ხარჯი თუ 60 ათასი ლარი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს 100 ათასი ლარი მყიდველს ჯერ არ ჩაურიცხავს, 40 ათას ლარიან მოგებაზე, რომელიც გამოუვიდა, 15 პროცენტი ბიუჯეტში მაინც უნდა გადაეხადა. „ესტონური მოდელის“ შემთხვევაში, 100 ათასი რომც ჩაერიცხოს, იმ 40 ათას ლარს სახლში თუ არ წაიღებს, ანუ არ გაანაწილებს, მაშინ არც დაიბეგრება. ანუ დაბეგვრადი გახდა მხოლოდ განაწილებული მოგება, რომელიც ფიზიკურ პირამდე მივიდა. ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიებში ძალიან დიდი თანხები დარჩა, ამ ყველაფერს ეკონომიკური გადმოსახედიდან, რომ შევხედოთ, კომპანიას ახალი ტექნოლოგიებით გადაიარაღების შესაძლებლობა შეექმნა, ფული სხვა ხარჯებში ჩაიდო, მათ შორის თანამშრომლების ხელფასებში, ბიზნესის განვითარებაში. მეორე – კომპანიამ თანხის აქტივებში დაბანდება დაიწყო. შესაბამისად, მომავალში თუნდაც ეკონომიკური კრიზისს ლიკვიდური აქტივითა და ძლიერი კაპიტალით ხვდება. აქედან გამომდინარე, რეფორმამ მინიმუმ ამ კუთხით ძალიან დადებითად იმუშავა. ასევე მგონია, რომ დაბეგვრის ახალი სქემით ძალიან ბევრი უცხოური კაპიტალის მოზიდვა გახდა შესაძლებელი. ერთადერთი საკითხი, რაზედაც შეიძლება მსჯელობა ღირდეს, ეს არის სხვადასხვა ტექნიკური „ჩაკეტვები“ (შეზღუდვები). არის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ჩარჩოში მოქცევას საჭიროებს, მაგრამ 99%-ით, ვფიქრობ, ამ რეფორმამ გადამხდელებზე კარგად იმუშავა, წაახალისა ეკონომიკა. ინვესტიციის „ჩატრიალება“, უცხოური ინვესტიციის შემოდინება. ბაზრის მიმართ ეს ყველაფერი უკვე მდგრადი გახდა, რასაც კომპანიების ზრდა მოჰყვა.

– რას შეცვლიდით საგადასახადო კოდექსში, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს? 

– არის ბევრი რამე, საგადასახადო კოდექსი ცოცხალი ორგანიზმივითაა და მასში ცვლილებები ბიზნესის განვითარებას უნდა დაეწიოს. პირველად, კოდექსი 1997 წელს მივიღეთ და უკვე 28 წელია გასული ანუ კოდექსი არის ახალგაზრდა, 30 წლის ადამიანი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ნიდერლანდებთან მქონდა შეხება და ჩემთან მოუყვანიათ მაგალითი, რომ ეს 1967 წლის ბოლო შესწორებით გაკეთდა. ხვდებით, რამხელა ისტორია და სტაბილური ბიზნეს-გარემო აქვთ? აქაც დროთა განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები უკეთესობისკენ და კონკრეტული საკითხის უფრო მეტად დარეგულირებისკენ მიდის. 10 წლის წინ გარკვეული დოკუმენტები არ გვქონდა, დღეს გვაქვს ინსტრუქციები, სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, გზამკვლევები, შეხვედრები, ასევე რამდენჯერმე გაიზარდა განმარტებების გამოცემა, პრაქტიკები, საჯარო გადაწყვეტილებების გამოცემა, რომელიც გადამხდელებს სხვადასხვა საკითხის გარკვევაში მაქსიმალურად ეხმარება. 

საგადასახადო კოდექსი დედა დოკუმენტია, რომელშიც ცვლილება საკმაოდ შრომატევადია, საგადასახადო კანონმდებლობა შედგება კანონქვემდებარე აქტებისგან, სადაც უფრო მეტად გაშლილია სხვადასხვა საკითხი. თუ ვსაუბრობთ, რომ კოდექსში საჭიროა ცვლილებები, დიახ საჭიროა! რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი ახლებურად ჩამოსაყალიბებელია. მაგალითად, ძალიან კარგი იყო 2021 წლიდან, ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით დღგ-ის რეფორმა რომ გავატარეთ. იქ მოქმედი დღგ გადმოვიღეთ და ამან მოგვცა ის, რომ დღგ ერთ-ერთი ყველაზე კარგი კარია კოდექსში, რომელიც თითქმის ყველა კითხვაზე პასუხობს, შეგვიძლია ევროპის სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, მდიდარი პრაქტიკა ვნახოთ. მეც ძალიან ბევრ მუხლს, რომელიც 1997 და 2004 წლის კანონიდან არის გადმოტანილი, კაპიტალურად გადავაკეთებდი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, წილების რეალიზაციის მომენტები, დავუშვათ სსკ 150-151-ე მუხლები, რომლებიც შეიცავს ისეთ საკითხებს, სადაც ორაზროვნება იკვეთება, ეს საკითხი შეიძლება პრაქტიკაში კი არის დალაგებული, მაგრამ უმჯობესია ფართო საზოგადოებისთვის უფრო სწორად ჩამოყალიბებული მიმართულებები გახდეს. ზოგადად პროცესი უკეთესობისკენ მიდის და ამ ყველაფერს დრო სჭირდება. 

– როგორია თქვენი სამომავლო პროფესიული გეგმები, კერძო სექტორში გადასვლაზე თუ გიფიქრიათ? 

– ნაფიქრი ალბათ ყველას აქვს, მაგრამ რამდენჯერმე შეგნებული უარი ვთქვი. ჩემი პრინციპი ყოველთვის ასეთი იყო: 365 დღის განმავლობაში ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, ხარისხი იქნება ერთი, თუ ჩვენს საქმეს ოდნავ რაღაცას დავაკლებთ, ხარისხიც დაიკლებს. თუ ჩვენ ოდნავ იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე შეგვიძლია, ჩვენც გავიზრდებით, სახელმწიფოც და ყველა მიმართულებას ეშველება. ცოდნა, გამოცდილება, მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი სხვა დონეზე გადავა. ჩვენი განათლებით სხვა ურთიერთობებიც დალაგდება. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურები. გულწრფელად მგონია, რომ სახელმწიფო სამსახურში დადებული თითოეული აგური სიამაყით მავსებს. იგივე ჩვენი მიდგომა, გადაწყვეტილების მიღება, ტრეინინგები, ეს ყველაფერი გაერთიანებულია ამ სამსახურში, შემდეგ მე კერძო სექტორს ვუზიარებ. ბოლომდე არ ვიცი, კერძო სექტორში ასეთი პროდუქტიულობის განცდა თუ მექნება. მქონია შემოთავაზებები, მაგრამ უარი მითქვამს, იმიტომ რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ამას ისიც უსვამს ხაზს, რომ წლების განმავლობაში, ჩემი საქმის სანიმუშო და მაღალ დონეზე შესრულებისთვის ოთხჯერ მაქვს მიღებული როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე ფინანსთა მინისტრის სამსახურებრივი „მადლობის სიგელი“ და ეს ერთგვარ სიამაყეს მგვრის ყოველთვის. 

– თავისუფალი დრო ალბათ, თქვენთვის ისეთივე დეფიციტია, როგორც ბევრი სხვა თქვენი კოლეგისთვის. და როდესაც მას გამოძებნით, როგორ იყენებთ? რა გიყვართ? რამე ჰობი ხომ არ გაქვთ? ასევე, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? 

– საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს და მინდა, ამ ცხოვრებაში ბევრი ემოცია გამოვცადო. თავისუფალ დროს დავდივარ ლაშქრობაში. ფეხით მიყვარს სიარული და 2010 წლიდან, მეგობრებთან ერთად, მთელი საქართველო შემოვიარე, ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი, თუ სადმე შეგხვდით კარვითა და ჩანთით, არ გაგიკვირდეთ. 2014 წელს ალპინიზმმაც გამიტაცა, მეგობრებთან ერთად მყინვარწვერი დავლაშქრეთ. რაჭიდან ვარ, დილაობით თოვლიან კავკასიონს შევყურებდი და ვფიქრობდი, ახლოდან როგორი იქნებოდა, თოვლში სიარული როგორი იყო, რა განწყობა დამეუფლებოდა, როგორი იქნებოდა უჰაერობის განცდა. ასე რომ, ძალიან მიყვარს მთა და ჩემი ერთ-ერთი დიდი ჰობი მთებში სიარულია.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ჩემი მეუღლეა თაკო მოდებაძე, გვყავს 4 წლის შვილი – კესანე. ახლა მეორე ბავშვს ველოდებით. იდეალური მეუღლე მყავს, ყოველთვის გვერდში მიდგას, ძალიან მშრომელია. ბავშვთა განმავითარებელ წიგნებს და ბარათებს ქმნის. თავად შეისწავლა, სერტიფიცირებაც გაიარა, პროგრამებიც იყიდა. ძირითადად, ბავშვების მეტყველების განვითარებაზე მუშაობს. თუ ვინმეს ამის საჭიროება აქვს, არ ზარდება, ეხმარება, სიამოვნებს სიკეთის კეთება. თავისი პერსონალური ბლოგიც აქვს.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2025 წლის ივლისის №7(307)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში