Homeინტერვიუინტერვიუ საქართველოს ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტ ტატა ბერიძესთან

ინტერვიუ საქართველოს ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტ ტატა ბერიძესთან

Published on

spot_img

ტატა ბერიძე – დაიბადა 1978 წ. 18 თებერვალს ქ. თბილისში. 

2019 წლის მარტში დააარსა ა(ა)იპ „ბუღალტერთა კავშირი“ და დაფუძნების დღიდან მისი პრეზიდენტია. 

2021 წლიდან არის ICB/ICFM GLOBAL (UK)-ის (სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ინსტიტუტის) ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო მმართველი საბჭოს მუდმივი წევრი. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– მადლობა ქალბატონო ტატა ინტერვიუზე დათანხმებისთვის. თავდაპირველად, გვიამბეთ თქვენი ბიოგრაფიის ადრეული წლების შესახებ. 

– დავიბადე საქართველოში, ოჯახში, სადაც შრომა, განათლება და პასუხისმგებლობა ყოველთვის უმთავრესი ღირებულებები იყო. ბავშვობიდანვე მქონდა დამოუკიდებლობისა და ორგანიზებულობის ძლიერი განცდა. 

განათლება ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით მივიღე, თუმცა 1990-იანი წლების საქართველოში, მიუხედავად გარდამავალი პერიოდისა და ახალი შესაძლებლობების გამოჩენისა, ქალის როლი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად ოჯახსა და შვილების აღზრდასთან ასოცირდებოდა, რის გამოც კარიერული გზა დროებით მეორე პლანზე ინაცვლებდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ პროფესიული საქმიანობა მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, ბავშვების გაზრდის შემდეგ დავიწყე. 

ეს გზა ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ ყოფილა – ბუღალტერია იქცა ინტელექტუალური გამოწვევის, პასუხისმგებლობისა და თვითრეალიზაციის სივრცედ. დღეს ჩემი გამოცდილება მაგალითია იმისა, რომ ქალს შეუძლია თან აიწყოს კარიერა, მართოს ოჯახი და დატოვოს საკუთარი გავლენა საზოგადოებაში, გახდეს თანამედროვე ბიზნესისა და ფინანსების ლიდერი. 

– რამ განაპირობა ბუღალტრის პროფესიის არჩევა? 

– ინტელექტუალური თავისუფლება და სტაბილური შემოსავალი ის ღირებულებებია, რის გამოც ბევრი ირჩევს ბუღალტერიას. ეს არის სტაბილური, პატივსაცემი და ძლიერი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პროფესიაში რეალურ საყრდენს ეძებს. ბუღალტერია წარმოადგენს მუდმივ ინტელექტუალურ მოძრაობას – პროფესიას, რომელიც არასდროს გაძლევს მოდუნების საშუალებას და სწორედ ამიტომ არასდროს ხდება მოსაბეზრებელი. 

– კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით? 

– დიახ, სრულიად. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ ამ გზას ავირჩევდი – უბრალოდ უფრო ადრე და მეტად თამამად. 

– როგორ შეიქმნა ბუღალტერთა კავშირი, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ხართ? 

– საქართველოს ბუღალტერთა კავშირი ჩემი ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა როგორც უნიკალური პროფესიული პლატფორმა – ამბიციური, ინტელექტუალურად თავისუფალი ადამიანების სივრცე, სადაც წევრებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ სფეროს ნამდვილი ლიდერები, მუდმივად განვითარდნენ და შექმნან გავლენიანი პროფესიული წრე. აქ ყალიბდება ინტელექტუალური საუნჯე, მიმდინარეობს მაღალი დონის პროფესიული მსჯელობა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მენტალურ ჯანმრთელობას და პროფესიის რეალური პოტენციალის გაძლიერებას. საქართველოს ბუღალტერთა კავშირი წევრებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და თავად წარმართონ საკუთარი პროფესიული გზა. სწორედ ამიტომ, ვინც აქ არის, განსხვავებას გრძნობს და იცის – აქ პროფესიული ამბიციები აღარ არის უბრალოდ ოცნება, არამედ რეალური შესაძლებლობაა. 

– ვინ იყო თქვენი მთავარი მხარდამჭერი ამ გზაზე? 

– უპირველესად – ჩემი ოჯახი, როგორც სიძლიერის და სიმშვიდის მთავარი საყრდენი, შემდეგ კი ადამიანები, რომლებმაც იდეა მიიღეს და ეს გზაც გაიზიარეს. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის იდგა ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, ხედვა და შინაგანი ძალა, რომელმაც ეს გზა წარმატებული გახადა. 

– რამდენი წევრია ბუღალტერთა კავშირში და როგორ ხდება მასში გაერთიანება? 

– დღეს კავშირში დაახლოებით 30 000 წევრია, მათ შორის ასობით აქტიური პროფესიონალია, რომლებიც გავლენიან პოზიციებს იკავებენ. გაწევრება ეფუძნება მკაცრ, გამჭვირვალე კრიტერიუმებს – ხარისხი ყოველთვის რაოდენობაზე მაღლა დგას. აქ ყველა წევრს აქვს უნიკალური შესაძლებლობები: განვითარება, საერთაშორისო კავშირები და რეალური გავლენის შექმნა პროფესიულ წრეში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბუღალტერთა კავშირი არის ადგილი, სადაც პროფესიული ამბიციები რეალობად იქცევა. 

– ქალისთვის დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა რთულია? 

– დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყოველთვის გამოწვევაა – სირთულეებთან ერთად ეს შესაძლებლობაა, გამოავლინო ლიდერის უნარები და მოახდინო რეალური გავლენა. გამოცდილება გვასწავლის, რომ პასუხისმგებლობა, სტრატეგიული ხედვა და რესურსების მართვა ნამდვილ ლიდერს ახასიათებს – ის, რაც არ განისაზღვრება გენდერით. 

– ბუღალტერთა კავშირის მართვის გარდა კიდევ რა საქმიანობით ხართ დაკავებული? 

– ვარ დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და მენეჯერთა ინსტიტუტის – ICB/ICFM Gლობალ-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 150 000-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს, რაც მაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მივიღო იმ გლობალური პროფესიული და სასწავლო სტანდარტების შექმნაში, რომლებიც ბუღალტრის და მენეჯერის პროფესიაში მკვიდრდება სიდნეიდან ნიუ იორკამდე. 

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბუღალტრის პროფესია მსოფლიოში 5 ყველაზე სტრესულ სფეროს შორის შედის. გლობალური გამოკითხვების (FloQast & UGA) მონაცემებით, გადაწვის დონე შოკისმომგვრელია: ბუღალტერთა 99% განიცდის პროფესიულ გადაწვას, 24% კი კრიტიკულ ზონაშია. 

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პლატფორმაზე ჩემი ინიციატივები პიროვნული კეთილდღეობის დაბალანსებას ემსახურება. ამჟამად ვმუშაობთ ჩარჩოს შექმნაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო პროტოკოლით მკაფიოდ განვსაზღვროთ ბუღალტრის უფლება-მოვალეობები და საბოლოოდ დავამსხვრიოთ „ყველაფერშიკობის“ სტერეოტიპი.

ამ პროცესში ჩემი ხედვა მკაფიოდ არის განსაზღვრული: 

• ფუნქციების გამიჯვნა: ბუღალტერი უნდა ფოკუსირდეს აღრიცხვაზე და ანალიტიკაზე, ნაცვლად იმისა, რომ ითავსებდეს იურისტის, კადრების სპეციალისტის თუ ადმინისტრატორის როლს; 

• სამუშაო სტანდარტების დაწესება: პროფესიული საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო პროტოკოლებს, რომლებიც იცავს სპეციალისტს ქრონიკული გადატვირთვისგან და აღიარებს მენტალური ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას. 

ბუღალტერია არის მაღალტექნოლოგიური და ინტელექტუალური სფერო, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას და არა გაუთავებელ ქაოსს. 

– თქვენი დაკვირვებით ,როგორ ხდება ბუღალტრების ადაპტაცია ციფრულ ტექნოლოგიებთან ,რომლებიც უფრო და უფრო ვითარდება? 

– ბუღალტერი დიდი ხანია აღარ ებრძვის ტექნოლოგიებს – პირიქით, ის მეგობრობს მათთან. სწრაფად სწავლობს, ადაპტირდება და იყენებს ციფრულ შესაძლებლობებს, რათა გაიმარტივოს სამუშაო, გაზარდოს შედეგიანობა და გაძლიერდეს პროფესიულად. 

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა ბუღალტრების პროფესია ჩაანაცვლოს? 

– არა. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს „რუტინას“, მაგრამ პროფესიონალს – ვერასდროს. ანალიტიკა, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებები ადამიანის წილად დარჩება. ნათელი მაგალითი არის კომპიუტერი, რომელიც წლების წინ შემოვიდა – მან მარტივად გააქრო ბევრი რუტინული სამუშაო, მაგრამ იმავდროულად უამრავი ახალი პროფესია შექმნა და პროფესიონალებს ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. 

– ვინაიდან ციფრულმა ტექნოლოგიებმა ქვეყნებს შორის საზღვრები მოშალა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ბუღალტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებსაც ემსახურებიან. რა ჭირდება საქართველოში ბუღალტერს იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას მოემსახუროს? თქვენ ან თქვენს ახლობლებს ხომ არ გქონიათ მსგავსი სერვისის გაწევის შემთხვევები? ასეთ საქმიანობას აქვს ზრდის პერსპექტივა? 

– მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე, კვალიფიციურ პროფესიონალებზე ამხელა მოთხოვნა არასდროს ყოფილა. კომპანიები ეძებენ ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს – და სწორედ აქ ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა საქართველოში მყოფ ბუღალტერს. ჩვენი პროფესიული სასწავლო ცენტრი, ერთადერთი ექსკლუზიური პარტნიორი ICB-UK საქართველოში, აერთიანებს ცოდნას, სერტიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც წევრებს უნიკალურ უპირატესობას აძლევს საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ეს არის გზა რეალური პროფესიული გავლენის, გლობალური გამოცდილებისა და კარიერული ზრდისკენ. 

– საქართველოში, სადღეისოდ, ბევრ პროფესიაში არის კვალიფიციური კადრების სიმცირე. თქვენი დაკვირვებით, ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროშიც ასეა? 

– ბუღალტერია და აუდიტი მხოლოდ პროფესიები არ არის – ეს ბიზნესისა და ეკონომიკის ჭეშმარიტი ბურჯებია. ისინი უზრუნველყოფენ სიზუსტეს, გამჭვირვალობას და პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შედეგებში აისახება. დასანანია, რომ პროფესია განიცდის დაბერებას, და კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების დეფიციტი ძალიან მკვეთრია. ამასთან, თანამედროვე სახელმწიფო და ბიზნესი საჭიროებს მრავალფუნქციურ სპეციალისტებს და ექსპერტებს, რომელთა მომზადება დიდ დროს, სისტემურ სწავლასა და უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს მიდგომები და ბუღალტერი აღიქმოდეს არა მხოლოდ რუტინული საქმიანობის შემსრულებლად, არამედ სტრატეგიულ სიმყარედ, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრადობას და ფინანსურ გამჭვირვალობას. 

– ცოტა ხნის წინ, ტაშკენტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე საპატიო სპიკერად იყავით მიწვეული. რა იყო ამ კონფერენციის მთავარი გზავნილი და რას ეხებოდა თქვენი გამოსვლა? 

– ტაშკენტში ჩემი გამოსვლა ფოკუსირებული იყო ფსიქოლოგიაზე, როგორც თანამედროვე ბუღალტრისა და აუდიტორის წარმატების მთავარ ინსტრუმენტზე. ძირითადი გზავნილი მარტივია: ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და შინაგან შეგრძნებებს – მხოლოდ ასე მოი პოვებთ ნდობას დამკვეთებშიც. ინტუიციის განვითარება, სტრესის მართვადა მენტალური ჯანმრთელობა წარმოადგენს ჩვენი პროფესიულ წარმატების ნამდვილ ქვაკუთხედს, რომელიც ქმნის შედეგებს და განსაზღვრავს პროფესიონალის ეფექტიანობას თანამედროვე ციფრულ გარემოში. 

– რას მოიცავს საქართველოს ბუღალტერთა კავშირის თანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან? 

– გაფორმებული მემორანდუმები გულისხმობს განათლებას, გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას. ეს არის კარი გლობალურ ბაზარზე ჩვენი წევრებისთვის. ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარების, არამედ საქართველოს ბუღალტერთა საერთაშორისო სცენაზე პოზიციონირების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენი პროფესიონალები იღებენ უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში და ყალიბდებიან გლობალური პროფესიული სცენის ღირსეულ მოთამაშეებად, რაც მათ საშუალებას აძლევს გახდნენ მოთხოვნადები საერთაშორისო ბაზარზე. 

– ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სფეროში როგორი კონკურენციაა ამჟამად, როგორ დაახასიათებდით ბაზარზე შექმნილ ვითარებას? 

– ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სფერო დღეს ძალიან დინამიკურია და კონკურენტული. საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, სიზუსტე და პროფესიული პასუხისმგებლობა უფრო და უფრო ფასდება, რადგან კომპანიები სანდო, მაღალპროფესიონალურ მომსახურებას ეძებენ. ბაზარზე უპირატესობა აქვთ მათ, ვინც მუდმივად განავითარებს საკუთარ უნარებს, ადაპტირდება ციფრულ და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან და შეძლებს კომპლექსური საკითხების ეფექტიან მართვას. 

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

– 2026 წლიდან ჩვენს სასწავლო ცენტრში დაიწყება ელიტური საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამები, რომლებიც ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის სფეროში პროფესიონალებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ მსოფლიოში აღიარებული დი პლომები, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ საერთაშორისო კარიერულ შესაძლებლობებს. 

ICFM & ICB UK-თან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ გლობალური ლიდერობის პოზიციის გაძლიერებას, რათა თითოეულ წევრს მივაწოდოთ პრესტიჟული, სანდო და მომავალზე ორიენტირებული განათლება, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ბიზნეს-სტანდარტებს და იმ დონეს, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. 

ასევე, 21 თებერვალს საქართველოს ბუღალტერთა კავშირი უკვე ტრადიციულად რიგით მე-7 ფინანსისტების და ბუღალტრების დაჯილდოების გრანდიოზულ საღამოს უმასპინძლებს. ამ ცერემონიას ჩვენი სფეროს 200-ზე მეტი პროფესიონალი შეუერთდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ფინანსური სფეროს ყველა პროფესიონალს შეუერთდნენ ამ განსაკუთრებულად პრესტიჟულ დასამახსოვრებელ ღონისძიებას. 

– რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ? 

– 30 წელია დაოჯახებული ვარ და მყავს ტრადიციული ქართული ოჯახი: მეუღლე და სამი შვილი. ჩემი ოჯახი არა მხოლოდ საყრდენია ჩემთვის, არამედ მტკიცებულება იმისა, რომ ქალი წარმატებით ახერხებს პირადი და პროფესიული ცხოვრების გაერთიანებას. თუმცა, ამ ბალანსის მიღწევა არ ხდება მარტივად – ის ყოველდღიური შრომისა და ცხოვრებისეული სიბრძნის გარეშე წარმოუდგენელია. 

– ჩვენი საუბრის დასასრულს, გვიამბეთ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? 

– ჩემს თავისუფალ დროს არასოდეს ვუთმობ მხოლოდ დასვენებას – ის ყოველთვის პროდუქტიული და შემოქმედებითი უნდა იყოს. მიყვარს ბუნება, მოგზაურობა, ფერწერა, ლიტერატურა, პოეზია, არქიტექტურა და ახალი კულტურების აღმოჩენა. 

ამავე დროს, ჩემს დროს ძირითადად სოციალურ პროექტებს ვუთმობ, განსაკუთრებით ქალთა მხარდაჭერასა და პროფესიულ მენტორინგს. ვცდილობ გავუზიარო ჩემი გამოცდილება სხვებს და დავანახო, რომ ქალებს შეუძლიათ თამამად დასახონ მიზნები, მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას, იყვნენ წარმატებული დედები, მეუღლეები და იმავდროულად მქონდეთ შემოსავლიანი პროფესია ან საკუთარი ბიზნესი. თუ ვინმეს დასჭირდება მხარდაჭერა, ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო. 

ესაუბრა ეკა ხარაზი

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

ინტერვიუ “თავისუფალი უნივერსიტეტის” ლექტორ ლია ნადიბაიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს 2025 წლის ოქტომბრის №10(310)-ში

ინტერვიუ სააქციო საზოგადოება “ნიკორას” გენერალურ დირექტორ ირაკლი ბოქოლიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2025 წელს, ჟურნალ "ბიზნესი და მენეჯმენტი"-ს №1(76)-ში

ინტერვიუ შპს “ეკოფრეს” კომერციულ დირექტორ დავით ფოცხიშვილთან

დავით ფოცხიშვილი: „თავი იჩინა პრობლემებმა, რაც საქართველოშიც იყო - როცა იძულებული ხარ შენ ყველა გადასახადი პატიოსნად გადაიხადო და ამ დროს იმპორტზე პროდუქციას ვიღაცა დაბალი ფასის ინვოისით შემოიტანს, მერე ნაღდ ფულზე ვაჭრობს. ასეთთან კონკურენციას ვერ გასწევ“.