Homeკითხვა-პასუხიდეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს...

დეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი

Published on

spot_img

კითხვა: დეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 000 (პირობითად) აშშ დოლარს, ხოლო მომსახურების საგანი გულისხმობს კონკრეტულ ბიზნეს-სექტორში, რეგიონული და საერთაშორისო ბაზრების შესწავლას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. თანხის ნაწილი გადახდილ იქნა წინასწარ დეკემბრის თვეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდა იმავე თვის ბოლოს, როდესაც განხორციელდა ზემოხსენებული ანგარიშის მოწოდება.
სააქციო საზოგადოებას არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციები.
გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება სააქციო საზოგადოება და რა პერიოდში?
2) ხარჯში უნდა გატარდეს აღნიშნული მომსახურების თანხა, თუ აყვანილ იქნეს არამატერიალურ აქტივად?
3) არის თუ არა იმის რისკი, რომ აღნიშნული მომსახურების მიზნობრიობა, სააქციო საზოგადოების მოცულობისა და ეკონომიკური საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს და გადაკვალიფიცირდეს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია?

პასუხი: 1) ვინაიდან აღნიშნული მომსახურების მიმღები არის საქართველოს რეზიდენტი დასაბეგრი პირი, ხოლო გამწევი – არარეზიდენტი პირია, ამ მომსახურების გაწევის ადგილად ჩაითვლება საქართველო, სსკ 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად. ამიტომ ეს მომსახურება უნდა დაიბეგროს დღგ-ით, უკუდაბეგვრის წესით სსკ 161-ე მუხლის 1-„ა“ და 3-„ა“ პუნქტების მიხედვით, იმ თვეში, როდესაც დასრულდა ამ მომსახურების გაწევა, ხოლო თუ არარეზიდენტისთვის თანხა გადახდილია ავანსის სახით, მაშინ, როცა ავანსი იქნა გადახდილი.
მომსახურებისთვის გადახდილი საზღაური დაიბეგრება თუ არა გადახდის წყაროსთან არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით, დამოკიდებულია იმაზე, ჩაითვლება თუ არა ის თანხის მიმღებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად სსკ 104-ე მუხლის მიხედვით, რაც დასმული კითხვიდან ნათლად არ ჩანს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, რაც აღნიშნულია ამ მუხლის 1-„გ“ პუნქტში:
„1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:…
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;
გ.გ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;
გ.დ) მომსახურება დაკავშირებულია საქართველოს რეზიდენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან;
გ.ე) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არის საქართველო და მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ.ვ) მომსახურების გაწევა დაკავშირებულია ტვირთების გადატანასთან ან მგზავრთა გადაყვანასთან და ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი არის საქართველო;…
გ.თ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება“.
ამ დებულებების გათვალისწინებით, რადგან მომსახურების გამწევი „ოფშორშია“ რეგისტრირებული, თუ საზღაური დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, გადასახადის განაკვეთი იქნება 15%, სსკ 134-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად:
„11. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით“.
დაბეგვრა მოხდება იმ თვე(ებ)ში, როცა მოხდა არარეზიდენტისთვის თანხების გადახდა, რაც მოცემულ შემთხვევაში – დეკემბერია.
თუ გადახდილი საზღაური არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან, მაშინ სამსჯელო ხდება, ხომ არ წარმოიშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი სსკ 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, როგორც „კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება“, იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების ფაქტობრივი ფასი მის საბაზრო ფასს აღემატება. ეს გამომდინარეობს სსკ 127-ე მუხლიდან „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ზოგადი პრინციპები“, რომლის მე-3 და მე-5 ნაწილებში აღნიშნულია:
„3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად…

  1. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტთან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად“.
    2) როგორც წესი, ასეთი სახის საკონსულტაციო ანგარიშების მომზადება განიხილება მიმდინარე პერიოდის ხარჯად და არ წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს, რადგან არ წარმოშობს რამე უფლებას მიმღები მხარისთვის და არც იდენტიფიცირებად აქტივს წარმოადგენს, რადგან შეუძლებელია მისი განცალკევება, ან გამოყოფა საწარმოდან და გაყიდვა, გადაცემა, ლიცენზიით ან იჯარით გაცემა, ან გაცვლა.
    3) ჩვენთვის უცნობია, რას საქმიანობს ეს სააქციო საზოგადოება და რამდენად არის ის შემხებლობაში იმ „კონკრეტულ ბიზნეს-სექტორთან“, რომელთან დაკავშირებითაც მომზადდა ეს საკონსულტაციო ანგარიში. როგორც ჩანს, მისი საქმიანობა სხვაა, ვიდრე ის, რასაც ეს ანგარიში შეეხება. თუ საზოგადოება, საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოდავების შემთხვევაში, ვერ შეძლებს დაასაბუთოს, რომ ამ ანგარიშის მომზადება უკავშირდება საზოგადოების ახლანდელ ან მომავალ ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ, ცხადია, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი წარმოიშობა სსკ 982 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტიდან გამომდინარე:
    „1. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:…
    ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება“.
    აღვნიშნავთ, რომ პრაქტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში გადამხდელები ახერხებენ ხოლმე გაწეული ხარჯის ეკონომიკური მიზანშეწონილობის ახსნას.

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

მსგავსი სტატიები

ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა…

კითხვა: ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან...

ღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე და მერე ჩემ მიერ იქნა დასმული 0.01 ლარად. ახლა მოხდა მისი დემონტაჟი...

კითხვა: ღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე და...