კითხვა: 1) ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა, ქონების შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეტანა და ქონების შპს-ის განთავსებულ კაპიტალში შეტანა არის თუ არა ერთი და იგივე ცნება/ქმედება?
2) ჩემს შემთხვევაში, უძრავი ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა ამ შპს-ის 33% წილის სანაცვლოდ ჩაითვლება მიწოდებად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მე ფიზიკურმა პირმა ჩემი ქონება მივყიდე შპს-ს, სწორად მესმის? და თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ შემთხვევაში მე, ფიზიკურმა პირმა, უნდა გადავიხადო დღგ ანუ უნდა დავრეგისტრირდე დღგ-ის გადამხდელად, რადგან საუბარია კომერციულ ფართზე 100000 ლარზე მეტი ღირებულებით? თუ ეს ასე არ არის, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ და კონკრეტულად რა გადასახადის გადახდა მომიწევს მე როგორც ფიზიკურ პირს და როდის?
3) ის, რომ შპს-ს შეუძლია საკუთარი ქონების გასხვისება, გასაგებია, მაგრამ შპს-ის კაპიტალში (საწესდებო კაპიტალში, განთავსებულ კაპიტალში) არსებული ქონების გაყიდვაც ასევე შეუზღუდავად შეუძლია?
4) თუ შპს-ს უპრობლემოდ შეუძლია კაპიტალში განთავსებული ქონების გასხვისება, გასხვისების შემდეგ კომპანია გადაიხდის მხოლოდ დღგ-ს, ასეა? და თუ დამფუძნებლები (ფიზიკური პირები) გადაწყვეტენ დარჩენილი თანხის სრულად გატანას/განაწილებას, ამ შემთხვევაში იქნება საჭირო მოგების გადასახადის და დივიდენდზე გადასახადის გადახდა 15%+5%?
პასუხი: 1) ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ამოღებული იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონიდან, ამ კანონში შეტანილი ცვლილებების ძალით, როდესაც ძალაში შევიდა 2008 წლის 14 მარტის №5913–Iს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ამ ცვლილებების თანახმად, მაშინდელი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის „გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“ მე-6 ნაწილის ასე იქნა ჩამოყალიბებული:
„6. საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციების რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით“.
შევნიშნავთ, რომ ამ ცვლილების არსი ჩვენთვის გაუგებარია. „საწესდებო კაპიტალი“ იყო გასაგები, ბუნებრივი ტერმინი.
რაც შეეხება ცნებებს: „ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა“ და „ქონების შპს-ის განთავსებულ კაპიტალში შეტანა“ – ეს ერთი და იგივეა.
2) დიახ, თქვენს შემთხვევაში „უძრავი ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა ჩაითვლება მიწოდებად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურმა პირმა თავისი ქონება მიყიდა შპს-ს“, – ეს ასეა, რადგან, ჯერ ერთი, უძრავ ქონებაზე შეიცვალა მესაკუთრე (საგადასახადო მიზნებისთვის) სსკ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით:
„1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ“;
მეორეც, სსკ 151-ე მუხლის მიხედვით მიწოდებად არ ჩაითვლებოდა, თუ კაპიტალში ქონების შეტანის სანაცვლოდ მოიპოვებდით ამ შპს-ის 50% ან მეტ წილს, თქვენ კი 33% წილის მფლობელი გახდით. ეს აღნიშნულია ამ მუხლის 1-ლ და მე-7 ნაწილებში:
„მუხლი 151. იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა
- პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება…
- ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი“.
თუმცა, დღგ-ით დაბეგვრა აქ არაფერ შუაშია, რადგან აქტივების შეტანა კაპიტალში დღგ-ით არ იბეგრება, რადგან ამის თაობაზე საგადასახადო კოდექსში არსებობს სპეციალური დათქმა 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ პუნქტის სახით:
„7. საქონლის მიწოდებად არ განიხილება:..
ბ) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა…
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ“.
საშემოსავლო გადასახადის თანხა ამ გასხვისებიდან (რადგან ქონების სანაცვლოს მხოლოდ 33% წილი იქნა მოპოვებული) გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, რადგან სსკ 135-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „5. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე“, ხოლო სსკ 153-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით:
„არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ“.
3) დიახ, შპს-ს ნამდვილად შეუძლია კაპიტალში განთავსებული ქონების გასხვისება (თუ რამე განსხვავებული არ წერია თავად შპს-ის წესდებაში). ამის ამკრძალავი კანონისმიერი ნორმა არ არსებობს!
4) შპს-ს შეუძლია კაპიტალში განთავსებული ქონების (მათ შორის, კომერციული დანიშნულების ფართის) გასხვისება და გასხვისების შემდეგ, ეს კომპანია გადაიხდის დღგ-ს ამ გაყიდვიდან. ამის შემდეგ, თუ შპს-ის პარტნიორები (ფიზიკური პირები) გადაწყვეტენ დარჩენილი თანხის სრულად გატანას/განაწილებას, ამ შემთხვევაში იქნება საჭირო გაცემულ დივიდენდზე 5% საშემოსავლო გადასახადისა და 15% მოგების გადასახადის (ფორმულით [/0.85*15%])გადახდა. თუმცა შევნიშნავთ, რომ ფართის გაყიდვიდან მიღებული თანხა (დღგ-ის გარეშე) და კომპანიის მოგება ერთმანეთის ტოლი არ იქნება! ჯერ ერთი, კომპანიის მოგება ამ გაყიდვიდან უფრო ნაკლებია, ვიდრე მიღებული თანხა, რადგან გაყიდული ფართის თვითღირებულება აღიარდება ხარჯად, ხოლო მეორეც, ზოგადად, კომპანიის მოგება (ან ზარალი) მრავალი შემადგენელი კომპონენტისგან ფორმირდება და არა მხოლოდ ერთი გაყიდვის ოპერაციიდან.
შევნიშნავთ ასევე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონის 145-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ავალდებულებს შპს-ების ხელმძღვანელ პირებს გარკვეული სიფრთხილის გამოჩენას მოგების განაწილებისას, კერძოდ:
„1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას“.

