არგენტინის მემარჯვენე-ლიბერტარიანელი პრეზიდენტის – ხავიერ მილეის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირება და ცნობილი „ბენზოხერხი“, რომლითაც სახელმწიფო ხარჯების „მოხერხვას“ აპირებდა, რეალურად ხდება. მილეის ადმინისტრაციამ მმართველობის პირველ 26 თვეში (2026 წლის თებერვლის მონაცემებით) სახელმწიფო ხარჯების 67 მილიარდი დოლარის ეკვივალენტით შემცირება შეძლო.
არგენტინის ფისკალური ანალიზის ინსტიტუტის (IARAF) ანგარიშის მიხედვით, მილეის მასშტაბურმა ეკონომიკურმა „შოკურმა თერაპიამ“ შედეგი გამოიღო: სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-ში 2023 წლის 19,5%-დან 14,32%-მდე შემცირდა. ხარჯების კლებამ მთავრობას საშუალება მისცა აღმოეფხვრა დეფიციტი და შეექმნა ფისკალური პროფიციტი, რაც მილეის ეკონომიკური პროგრამის მთავარი საყრდენია.
ძირითადი მიმართულებები, სადაც ხარჯები შეიკვეცა:
1. პროვინციებისთვის განკუთვნილი ტრანსფერები შემცირდა მნიშვნელოვნად. Buenos Aires Times-ის მიხედვით, კაპიტალური ტრანსფერები შემცირდა 98,4%-ით. ეს არის თანხები, რომლებიც პროვინციებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მშენებლობისთვის და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის გადაეცემოდათ. მილეიმ ეს მუხლი თითქმის სრულად „მოჭრა“. მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც გამოიყენებოდა ყოველდღიური ხარჯებისთვის, შემცირდა დაახლოებით 74-76%-ით. დისკრეციული ფონდები, ანუ ის თანხა, რომელიც პრეზიდენტის სურვილით „დამატებით“ გადაეცემა პროვინციებს კონკრეტული პროექტებისთვის, საშუალოდ 89,5-90%-ით არის შემცირებული.
2. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სუბსიდიები;
3. საჯარო სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები;
4. სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატია (გაუქმდა 13 სამინისტრო და გათავისუფლდა ათასობით საჯარო მოხელე).
აქვე, 2026 წლის მარტის მონაცემებით, წლიური ინფლაცია დაახლოებით 33,1%-მდე შემცირდა (შედარებისთვის, მილეის მოსვლისას ის 200%-ს აჭარბებდა).
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდას, მიუხედავად საწყისი რეცესიისა, 2026 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ არგენტინის მშპ 4%-ით გაიზრდება.
პირველი ბიუჯეტი მილეის მოსვლის შემდეგ და პირველი პროფიციტი
არგენტინის კონგრესმა სენატმა 2026 წლის ბიუჯეტი 2025 წლის 26 დეკემბერს, ხანგრძლივი დებატების შემდეგ დაამტკიცა. ეს იყო ხავიერ მილეის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პირველი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. 2023 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მილეი 2024 და 2025 წლებში მუშაობდა 2023 წლის ბიუჯეტის ვადის გაგრძელებითა და კორექტირებით. 2023 წლის ბიუჯეტის სამი წლის განმავლობაში (2023, 2024, 2025) გამოყენება არგენტინის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური უთანხმოებებითა და მაღალი ინფლაციით. ბიუჯეტის მიღება შესაძლებელი გახდა 2025 წლის ოქტომბრის შუა პერიოდის არჩევნებში მილეის პარტიის La Libertad Avanza („თავისუფლება წინ“) წარმატების შემდეგ, რამაც მას კონგრესში მეტი გავლენა შესძინა.
ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლებია: ეკონომიკური ზრდა: 5%; წლიური ინფლაცია: 10,1%; კვლავ პრიორიტეტია „ნულოვანი დეფიციტი“ და მკაცრი ფისკალური ბალანსი.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის რესურსების დაახლოებით 85% მიმართულია სოციალურ სფეროზე (ჯანდაცვა, განათლება, პენსიები), თუმცა შენარჩუნებულია მკაცრი ფისკალური დისციპლინა.
ხავიერ მილეის მმართველობის პერიოდში მიღწეული ბიუჯეტის პროფიციტი არგენტინისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ქვეყანას მსგავსი შედეგი 14 წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2010 იყო ბოლო წელი, როდესაც ქვეყანას ჰქონდა წლიური პროფიციტი. ამის შემდეგ, 2024 წლამდე, არგენტინა მუდმივად ბიუჯეტის დეფიციტით ცხოვრობდა.
2026 წლის თებერვლის მონაცემებით, არგენტინამ ზედიზედ მეორე თვეში დააფიქსირა ფისკალური პროფიციტი. თებერვალში პირველადმა პროფიციტმა 1,4 ტრილიონი პესო შეადგინა, ხოლო ფინანსურმა პროფიციტმა (ვალის პროცენტების გადახდის შემდეგ) – 144 მილიარდი პესო.
წლის პირველ ორ თვეში სახელმწიფო სექტორმა დააგროვა მშპ-ის დაახლოებით 0,4%-ის ტოლფასი პირველადი პროფიციტი და 0,1%-იანი ფინანსური პროფიციტი.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, იანვარში მშპ წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდამ 1,9% შეადგინა. ბიუჯეტის მიერ სტიმულირებული სექტორებიდან ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა თევზჭერამ (+50,8%) და სოფლის მეურნეობამ (+25,1%), რაც ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია;
ინფლაციის ტემპი ჯამში შემცირებას განაგრძობს. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 33,1%-მდე დაიკლო (2025 წლის თებერვლის 66,9%-თან შედარებით), თუმცა თვიური მაჩვენებელი 2,9% იყო, რაც მოლოდინზე ოდნავ მაღალია.
საგარეო ვალი პროცენტულად მცირდება, ინვესტორთა მიმართ ნდობა იმატებს
მართალია ნომინალური საგარეო ვალი ბოლო 3 წელიწადში ოდნავ იზრდება, თუმცა, რადგან ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მშპ-თან მიმართებაში საგარეო ვალი პროცენტულად იკლებს. 2024 წელს ვალი მშპ-ის 84,6%-ს შეადგენდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 70-75%-მდე ჩამოვიდა, 2026 წლის პროგნოზით მოსალოდნელია 58-60%-მდე შემცირება.
2026 წლის იანვარში არგენტინამ განახორციელა ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გადახდა – 4,3 მილიარდი დოლარი გლობალურ ბონდებზე. გადახდისთვის მთავრობამ გამოიყენა როგორც საბიუჯეტო პროფიციტი, ისე 3 მილიარდი დოლარის მოცულობის „Repo“ სესხი 6 საერთაშორისო ბანკისგან (Repo – Repurchase Agreement არის სესხი, როდესაც მსესხებელი (ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი) დროებით ყიდის ფასიან ქაღალდებს ბანკებზე იმ პირობით, რომ მოგვიანებით მათ უკანვე გამოისყიდის წინასწარ დათქმულ ფასად).
არგენტინამ სრულად დაფარა აშშ-ის ხაზინისგან 2025 წლის ოქტომბერში მიღებული 2,5 მილიარდი დოლარის სავალუტო სვოპი (აშშ-მა არგენტინას მისცა 2,5 მილიარდი დოლარი, რომელსაც ფული სჭირდებოდა რეზერვების შესავსებად ან ვალების გადასახდელად, რადგან საკუთარი დოლარი არ ჰქონდა). როდესაც ქვეყანა სრულად და დროულად ფარავს სვოპს, ის აჩვენებს, რომ მას აქვს ნაღდი დოლარი და აღარ სჭირდება სხვისი დახმარება რეზერვების „ხელოვნურად“ შესანარჩუნებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, „სვოპის“ დაფარვა ნიშნავს, რომ არგენტინამ „ვალი დააბრუნა“ და ფინანსურად ფეხზე დადგა. ეს მოვლენა აღიქმება, რომ ქვეყანა უფრო სანდო ხდება ინვესტირებისთვის.
მიუხედავად წარმატებული გადახდებისა, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანას ჯამში 10 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალის მომსახურება უწევს, რაც კვლავ დიდ წნეხად რჩება ფინანსებისთვის. ცენტრალურმა ბანკმა (BCRA) დაიწყო დოლარის აქტიური შესყიდვა და 2026 წელს 10-იდან 17 მილიარდ დოლარამდე რეზერვების დაგროვებას გეგმავს.
დასასრულს, კვლავ მთავარ საკითხს რომ შევეხოთ: მილეის ადმინისტრაციამ შეძლო დეფიციტური ხარჯვის თითქმის 14 წლიანი პერიოდის დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკას ჯერ კიდევ აქვს გამოწვევები (საგარეო ვალის მომსახურება, ინფლაციის თვიური რყევები), არგენტინა პირველად მრავალი წლის შემდეგ ფინანსურად უფრო სტაბილურ მდგომარეობაშია.
თემურ იობაშვილი

