Homeუცხოეთირუსულმა გიგანტებმა აქციების გაუფასურებით $240 მილიარდი იზარალეს

რუსულმა გიგანტებმა აქციების გაუფასურებით $240 მილიარდი იზარალეს

Published on

spot_img

მოსკოვის ბირჟაზე კრიზისია, თუმცა პლატფორმას გაკოტრება ჯერ არ ემუქრება

მოსკოვის საფონდო ბირჟა (MOEX) 1997 წლის აზიური ფინანსური კრიზისისა და დეფოლტის შემდეგ ამჟამადაც უმძიმეს კრიზისს განიცდის. მოსკოვის ბირჟის ძირითადი ინდექსი 40%-ით დაეცა და 2024 წლის მაისში მიღწეული პიკური მაჩვენებლიდან (3,500 პუნქტი) 2026 წლის ივლისში 2,000 პუნქტიან კრიტიკულ ნიშნულს ჩამოსცდა. მხოლოდ 2026 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ბაზარმა დააფიქსირა ზედიზედ 18-კვირიანი უწყვეტი კლება, რამაც რუსული სააქციო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 240 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტით შეამცირა.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საფონდო ბირჟის მასშტაბური კრიზისისა, არსებობს კონკრეტული სექტორები და არიან კონკრეტული კომპანიები, რომლებმაც არსებულ სიტუაციაშიც მოახერხეს პოზიციების შენარჩუნება და მდგომარეობის გაუმჯობესებაც კი. რუბლის გაუფასურების და მზარდი ინფლაციის პირობებში ოქროზე მასშტაბურად გაზრდილმა მოთხოვნამ ძვირფასი ლითონის მომპოვებელი საწარმოების აქციები გააძვირა. მზარდია აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ბიზნესები. მართალია, მათი უმეტესობის აქციები ბირჟაზე აღარ ივაჭრება, მაგრამ კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდობით რუბლის გარანტირებულად მიღების ხარჯზე. მოგება გაზარდეს ადგილობრივმა სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქსელებმა – უცხოური ბრენდების ბაზრიდან გასვლის შემდეგ რუსულ კომპანიებს დარჩათ მონოპოლია. ასევე მოგებაზეა ელექტროენერგიისა და შიდა კომუნალური სექტორის კომპანიებიც. თუმცა, მიუხედავად ამ სექტორების მოგებაზე მუშაობისა, ბაზრის დანაკარგი სხვა სექტორებში იმდენად დიდია, რომ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჯამურად 240 მილიარდია ზარალი.

სააგენტო „როიტერსის“ მონაცემებით, დასავლური მეორადი სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური იზოლაცია და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი ზრდა ქვეყნის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიებს გადახდისუუნარობის პირას აყენებს. სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კატასტროფულმა მატებამ ბიზნესისთვის ფინანსური რესურსები უკიდურესად გააძვირა.

რუსეთის ბიუჯეტის მთავარი დონორები – ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე უმძიმეს დარტყმას იღებენ.

სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ (Gazprom) საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიულ მინიმუმამდე – დაახლოებით 24.8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც მისი 2008 წლის პიკური ღირებულების (360 მილიარდი დოლარი) მხოლოდ 6.8%-ია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა სუბსიდიებმა და რუბლის კურსმა კომპანიას ფინანსური სტაბილურობა ნაწილობრივ შეუნარჩუნა, ჩინეთის მიერ გაზსადენის პროექტის – „ციმბირის ძალა 2“-ის პროექტის გაყინვა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მის გრძელვადიან საექსპორტო პოტენციალს.

სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“ (Rosneft) აგრეთვე ფინანსურ კრიზისშია. მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნის გამო, კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 25%-ით დაეცა.

კომპანიაში ვითარება მნიშვნელოვნად გაამწვავა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რის გამოც მხოლოდ 2025 წლის 24 ოქტომბერს, „როსნეფტის“ საბაზრო ღირებულება ერთ დღეში 127 მილიარდი რუბლით შემცირდა. ბოლო დროს ამას დაემატა 2026 წლის ივნისში რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე – მათ შორის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული უკრაინული დრონების იერიშები, რამაც მოსკოვის ბირჟაზე ნავთობის სექტორის აქციები ბოლო წლების მინიმუმამდე გააუფასურა.

ფინანსური ზარალის პარალელურად, კომპანია აზიურ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, დასავლური სანქციების გამო, ინდურ გიგანტ Reliance Industries-თან ანგარიშსწორება უკიდურესად გართულდა, რაც მიწოდებას პერიოდულად აფერხებს და კომპანიის მოგების მარჟას მინიმუმამდე ამცირებს.

კერძო კომპანია „ნოვატეკი“ (Novatek), რომლის ძირითადი აქციონერები რუსი ოლიგარქები, ლეონიდ მიხელსონი (24.76%) და გენადი ტიმჩენკო (23.49%) არიან, ხოლო 9.99%-იან წილს „გაზპრომიც“ ფლობს – ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი მწარმოებელია. მკაცრი საერთაშორისო სანქციების გამო კომპანიამ დაკარგა წვდომა სპეციალიზებულ Arc7 კლასის ყინულმჭრელ ტანკერებზე, რამაც მისი აქციების ფასი საგრძნობლად შეამცირა. გარდა ამისა, პროექტ „არქტიკ LNG-2“-დან უცხოური პარტნიორების გასვლამ და ტექნოლოგიურმა ბლოკადამ კომპანიას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.

მაღალი ინფლაციისა და ჩინურ ბანკებთან ტრანზაქციების ბლოკირების ფონზე, მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნამ სხვა წამყვანი ინდუსტრიებიც საკმაოდ დააზარალა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესი ბანკის – „სბერბანკის“ (Sberbank) აქციების ფასი 2026 წლის ივნის-ივლისში 16%-ით შემცირდა (აქციის ფასი 307 რუბლიდან 257 რუბლამდე ჩამოვიდა, მათ შორის, ერთ სესიაზე ფასი 10.92%-ით დაეცა). ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებამ მკვეთრად გაზარდა დეფოლტის რისკები, რის გამოც ბანკი იძულებული გახდა კორპორაციული დაკრედიტების პროგნოზი შეემცირებინა.

კატასტროფული აღმოჩნდა 2026 წლის ივნის-ივლისის პერიოდი ციფრული გიგანტისთვის, „ვკ ჯგუფისთვის“ (VK Group), რომლის აქციებმა ბირჟაზე 45.2%-იანი მყისიერი კლება აჩვენა. ივლისის შუა რიცხვებში კომპანიის აქციის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 117.1 რუბლი შეადგინა. მიუხედავად შიდა ბაზარზე არსებული სარეკლამო მონოპოლიისა, საერთაშორისო სერვერულ ინფრასტრუქტურაზე წვდომის დაკარგვამ კომპანია მძიმე ტექნოლოგიურ კრიზისში შეიყვანა.

პარალელურად, მზარდ ზარალს განიცდის რუსეთის ნაციონალური ავიაკომპანია „აეროფლოტი“ (Aeroflot), რომლის აქციების ფასი ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე 27.3%-ით გაუფასურდა (40.9 რუბლიდან 29.2 რუბლამდე დაეცა, 17 ივლისის სესიაზე კი ერთ დღეში 14.14% დაკარგა). დასავლური კომპონენტების დეფიციტის გამო, კომპანია იძულებულია გამოიყენოს იძულებითი „კანიბალიზაციის“ მეთოდი და ნაწილებად დაშალოს ავიაპარკში არსებული Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავები სხვა ხომალდების შესაკეთებლად.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის მშპ-ის ზრდის ტემპი 2026 წლის ბოლოსთვის 0.4%-მდე შენელდება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შიდა ინვესტორების მიერ კაპიტალის მასშტაბური გატანა, რომელიც მიმდინარე წელს უკვე 65 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟამ დაკარგა თავისი პირველადი ფუნქცია. ბაზარი ვეღარ უზრუნველყოფს ეკონომიკის დაკრედიტებას და ქვეყანა შედის გრძელვადიანი, ღრმა სტრუქტურული რეცესიის ფაზაში.
ასე რომ, რუსულ საფონდო ბაზარზე კრიზისია და რიგი კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვის საფონდო ბირჟა სტაბილურად მუშაობს და გაკოტრება არ ემუქრება. ბირჟის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული იზოლაციაა. დასავლური სანქციების გამო ბირჟამ შეაჩერა ვაჭრობა დოლარსა და ევროში და მთლიანად გადავიდა ჩინურ იუანზე, რუბლსა და ოქროზე. ამ ფორმით მუშაობა ზღუდავს ბირჟის საერთაშორისო განვითარებას, თუმცა, ქვეყნის შიგნით მის არსებობას საფრთხეს არ უქმნის. მისი შემოსავალიც სტაბილურია, რადგან ვაჭრობის საკომისიოებიდან დიდ მოგებას იღებს.

მოსკოვის ბირჟა რუსეთისთვის სისტემური მნიშვნელობის ფინანსური პლატფორმაა. ამიტომ სანამ სახელმწიფო ბიუჯეტს და ცენტრალურ ბანკს ფული არ ამოეწურება, მის გაკოტრებას არ დაუშვებს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა სტატიები

არნახული გეოგრაფიისა და შემოსავლების მუნდიალი

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ხშირად ფულის გამოსამუშავებელ მანქანად განიხილება, ის მაინც არ არის ერთიანი ეკონომიკური კომპლექტი. იგი მჭიდროდ დაკავშირებული ორი, მაგრამ განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: FIFA-ს გლობალური შემოსავლების სისტემა და მასპინძელი ქალაქების ლოკალური ეკონომიკები.

„შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“: პუტინი ომში ინიციატივას კარგავს

ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული, რუსეთის ომების ისტორიაში „ზურგი“ – მოსახლეობის, სამრეწველო რესურსების და ინფრასტრუქტურის ხელშეუხებელი სიღრმე – ყოველთვის იყო გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი და სწორედ ეს ისტორიული არგუმენტი დაშალა ან, სულ მცირე, სერიოზულად დააზიანა უკრაინამ დრონებითა და რაკეტებით.

ელექტროსკუტერი – საცობებისაგან თავის არიდების არცთუ უსაფრთხო საშუალება

ვიდრე ჩვენს ქალაქებში ელექტროსკუტერზე „ამხედრებულები" სათანადო ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ალბათ გარკვეული (თუ დიდი არა) დრო კიდევ გავა. მართალია, „სქროლვით" გადაადგილებას ჯანსაღი ცხოვრების წესთან ბევრი საერთო არ აქვს, თუმცა ნამდვილად ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.