Homeუცხოეთი„შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“: პუტინი ომში ინიციატივას კარგავს

„შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“: პუტინი ომში ინიციატივას კარგავს

Published on

spot_img

რუსეთის ხელშეუხებელი „ზურგის“ მითი უკრაინულმა დრონებმა დაშალეს

ამერიკის შეერთებული შტატების ანალიტიკური კვლევითი ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) მიერ ივლისში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკრაინელები უკვე რუსეთის მიერ საომრად რეკრუტირებულ ადამიანებზე მეტ სამხედროს კლავენ ან ანეიტრალებენ. ასე მაგალითად, რუსეთის დანაკარგები დაახლოებით 30–35 ათასი სამხედროა თვეში, მაშინ როდესაც უკრაინაში საომრად მხოლოდ 27 ათას ახალ ჯარისკაცს იწვევენ. ომის საერთო დანაკარგი კი რუსეთისთვის 1.4 მილიონს გადასცილდა, მათ შორის 450 ათასი მოკლულია. ხოლო უკრაინის დანაკარგები 650 ათასს აღწევს, მათ შორის 150 ათასამდე მოკლულის სახით.

რუსეთ-უკრაინის სასტიკი ომის ყველაზე აუნაზღაურებელი და გამოუსწორებელი შედეგი ასეულ ათასობით სიცოცხლის მოსპობაა. ადამიანს ენა ვერ მოგიბრუნდება ასეთ ტრაგედიაზე სტატისტიკის რაკურსში ისაუბრო. ამავე დროს, როგორც უკრაინის მომხრეები, ასევე ჩემი დაკვირვებით უკრაინის მტრებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ომთან დაკავშირებული მონაცემებისა და სხვადასხვა სტატისტიკის მიმართ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შეუპოვარმა უკრაინამ შეცვალა ომის მსვლელობის დინამიკა და მიუხედავად იმისა, რომ გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებაზე შესაძლოა საუბარი ნაადრევი იყოს, ცხადია, ომის ხასიათი შეიცვალა და რუსეთი სამხედრო, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან და მოულოდნელ ზიანს განიცდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩემი ყოველი დღე იწყება უკრაინული დრონებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის ან რუსეთშივე ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგების ვიდეოებზე თვალის გადავლებით. არადა, სულ რაღაც 4 წლის წინ ჩვენ სულ სხვა რიგს, უფრო სწორედ მწკრივს ვუყურებდით – რუსული ტანკების ათეულობით კილომეტრიან კოლონას, როგორც უკრაინის ოკუპაციის და დამარცხების თითქოს გარდაუვალ ვიზუალიზაციას.

ასეთი სასტიკი და ფართომასშტაბიანი ომი რესურსების ჭიდილია, რაც სრული სიცხადით სწორედ ამ დღეებში ჩანს. 28-ჯერ მეტი ტერიტორიის და მინიმუმ სამჯერ მეტი მოსახლეობის მქონე რუსეთს, რომელმაც ათწლეულები გაატარა სამხედრო მილიტარიზაციის და აგრესიული საგარეო პოლიტიკის პირობებში, თითქოს არ უნდა გაჭირვებოდა იმ უკრაინის დამარცხება, რომლისთვისაც არც შიდა პოლიტიკური რყევები იყო უცხო, ვერც სისტემურ კორუფციას სძლევდა და ვერც კანონის უზენაესობას ამკვიდრებდა. უფრო მეტიც, არც საგარეო პოლიტიკური კურსის გარშემო არსებობდა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. მიუხედავად ამისა, ომის დაწყებიდან 4-ზე მეტი წლის შემდგომ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ რუსეთი კარგავს ომის წარმართვის ინიციატივას და ამჟღავნებს სრულ დაუცველობას მოდერნიზებული უკრაინული სამხედრო-ტექნოლოგიური მანქანის წინააღმდეგ.

უკიდურესად ინტენსიური ინფორმაციული ნაკადის ფონზე, შევეცდები გამოვყო ის მნიშვნელოვანი ძირითადი ასპექტები და ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ჩემი აზრით განსაზღვრავს რუსეთის ეკონომიკურ მდგრადობას და მის მზაობას ომის ეფექტურად წარმოების თვალსაზრისით.

პეკინის აჩრდილი და დელის ორაზროვნება

რუსეთის ეკონომიკის დამოკიდებულება ჩინეთზე ომის დაწყებიდან ოთხ წელიწადში უკვე სტრუქტურულ ხასიათს იძენს. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში ორმხრივმა ვაჭრობამ ჩინეთსა და რუსეთს შორის 134,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს 25,6%-იანი (!) მატებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვან ზრდას ასახავს. ჩინეთი უკვე რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც ომამდელ პერიოდთან შედარებით ორმაგ ზრდას ნიშნავს. რუსეთისთვის საკმაოდ კრიტიკული, ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის დეფიციტურ ნაწილს რუსეთისთვის სწორედ ჩინეთი ფარავს. Bloomberg-ის მონაცემით კი, რუსეთი ფაქტობრივად მთლიანად არის დამოკიდებული ტექნოლოგიების მომარაგების თვალსაზრისით ჩინეთზე. კერძოდ, 2026 წლის გაზაფხულისთვის ჩინეთი უკვე რუსეთის სანქცირებული ტექნოლოგიების იმპორტის 90%-ს ფარავდა. ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, ჩინური საქონლის წილმა რუსეთის იმპორტში 2021 წლის 23%-დან 2024 წელს 57%-მდე მიაღწია (უფრო ახალი მონაცემები ჯერ ხელმიუწვდომელია), მაშინ როდესაც რუსეთის მნიშვნელობა, რომელიც ჩინეთს ენერგორესურსებს აწვდის, თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ასიმეტრია ნათლად აჩვენებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული, ვინ ინარჩუნებს არჩევანის თავისუფლებას და პირიქით.

ინდოეთის შემთხვევაში სურათი კიდევ უფრო ორაზროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დელი რჩება რუსული ნავთობის უმსხვილეს მყიდველად. 2025 წლის ოქტომბერში აშშ-ის მიერ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რომლებმაც დროებით შეაფერხა შესყიდვები დიდი გადამამუშავებელი კომპანიების (Reliance, MRPL, HPCL-Mittal) მხრიდან, ინდოეთმა 2026 წლის შუა პერიოდისთვის ეს პოზიციები არა მხოლოდ აღადგინა, არამედ გააძლიერა კიდეც. ენერგეტიკის კვლევის ფინური ცენტრის (CREA) 10 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის რუსული ნავთობის იმპორტმა 2026 წლის ივნისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4,5 მილიარდი ევროს გაუტოლდა, რაც მაისთან შედარებით 34%-იანი ზრდაა. ივლისში კი მოხმარებამ დღეღამურ 2,6 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ინდოეთის მთლიანი ნავთობის იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს. ამასთანავე, ინდოეთის საწვავის ექსპორტმაც ევროპისკენ რეკორდულ დონეს მიაღწია. ეს კი ნიშნავს, რომ ინდოეთი ფაქტობრივად რუსული ნავთობის გადამამუშავებელ გლობალურ ჰაბად იქცა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინდოეთი რუსეთისთვის არა მხოლოდ დროებითი „სამაშველო რგოლია“, არამედ სულ უფრო მზარდი და მდგრადი შემოსავლის წყაროდაც გადაიქცა. თუმცა, ის ბოლომდე მაინც ვერ ანაცვლებს დასავლური ბაზრებისა და ტექნოლოგიების სტრატეგიულ დანაკარგებს, რომელთა შევსებაც ჩინეთის მსგავსად ინდოეთს არ შეუძლია. რომ შევაჯამოთ, ჩინური ექსპორტი, როგორც მიწოდების არხი, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით და ინდური იმპორტი, როგორც შემოსავლის არხი, განსაკუთრებით რუსული ნედლი ნავთობის სახით, რუსეთის ეკონომიკის მთავარი საგარეო მასაზრდოებელი ფაქტორებია.

დარტყმები, რომლებიც არღვევენ ისტორიულ არგუმენტს

უკრაინის მხრიდან რუსეთის ზურგში, უკანა ხაზზე დარტყმების ინტენსიური კამპანია 2026 წლის ზაფხულში დაიწყო და ის იწვევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის უპრეცედენტო კრიზისს. ნავთობპროდუქტების დეფიციტი  და ბაზარზე არსებული სირთულეები კრემლში გამართულ შეხვედრებზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც აღიარა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს პრობლემები დროებითია. ამავე დროს არ ჩანს არავითარი რეალური ინსტრუმენტი, რაც რუსეთისათვის მიყენებულ ამ დარტყმას ან დააკომპენსირებს, ან რაიმე სახით გამოასწორებს მომავალში. უკრაინის გენერალური შტაბის 4 ივლისის მონაცემებით, სისტემურმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის 42,7% გამოიყვანა მწყობრიდან. მხოლოდ ივნისში დაზიანდა ან განადგურდა 60-ზე მეტი საწყობი რეზერვუარი, ხოლო 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე დანაკარგმა შემცირებული გადამუშავებიდან დაკარგული შემოსავლის და პირდაპირი ინფრასტრუქტურული ზიანის  გამო 13,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2026 წელს უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის უკრაინულმა შეტევამ ივლისის დასაწყისში პირველად მიაღწია ომსკის ქარხნამდე, რომელიც ადრე ხელუხლებელი რჩებოდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ფრონტის ხაზიდან ორი ათას ხუთასზე მეტი კილომეტრით იყო დაშორებული. თუმცა, უკრაინული სამხედრო-ტექნოლოგიური სისტემისთვის ეს მანძილი უკვე მიუღწეველი აღარ არის და 6-7 ივლისს ომსკის და სარატოვის ქარხნებმაც სრულად შეაჩერეს მუშაობა. დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებები არანაკლებ მკაცრია, ვიდრე უკრაინის ოფიციალური სტატისტიკა: Financial Times-ის მონაცემებით უკრაინელთა დარტყმებმა რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის შესაძლოა 20-40% შეუმციროს, ხოლო Bloomberg-ის მიერ ციტირებული Energy Aspects-ის კომპანიის მონაცემებით, რუსეთის ნავთობგადამუშავება ივლისში დავარდა 3,91 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ბოლო 21 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 60%-ზე მეტით არის შემცირებული. ორივე შეფასება ერთსა და იმავეზე მიუთითებს – რუსეთის საწვავის ინდუსტრია სისტემურ, გრძელვადიან ზიანს განიცდის.

ამავე დროს, ცალკე აღნიშვნის ღირსია, ფრონტის ხაზიდან შორს, რუსეთის ზურგში დარტყმების პოლიტიკური მნიშვნელობა. ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული, რუსეთის ომების ისტორიაში „ზურგი“ – მოსახლეობის, სამრეწველო რესურსების და ინფრასტრუქტურის ხელშეუხებელი სიღრმე – ყოველთვის იყო გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი და სწორედ ეს ისტორიული არგუმენტი დაშალა ან, სულ მცირე, სერიოზულად დააზიანა უკრაინამ დრონებითა და რაკეტებით. რუსეთის მოქალაქეებისთვის კი ამ დრამატული ისტორიული მოვლენის გადაფარვა ვერ მოხერხდება ვერც ინტერნეტის შეფერხებით და ვერც პუტინის ინტენსიური დეზინფორმაციული ნაკადით. ვინ ვინ და, რუსეთის მოქალაქეებმა შესანიშნავად იციან რუსული იმპერიის ეს მნიშვნელოვანი ფრაგმენტი – „რუსული იმპერიის ზურგი ხელშეუხებელია“. უფრო სწორედ, ხელშეუხებელი იყო და ახლა უკვე აღარ არის. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც რუსეთის ღრმა ზურგში დარტყმებს „შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს“ უწოდებს, უკიდურესად ფრთხილია და უკრაინელთა ქმედებას ასე განმარტავს: თითოეული დარტყმა ნიშნავს რუსეთის საომარი რესურსის ერთი ერთეულით შემცირებას და კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს მშვიდობისკენ.

ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ანატომია

სწორედ აქ იმალება, ჩემი აზრით, რუსეთისთვის ყველაზე ავისმომასწავებელი სცენარის შტრიხები. 2026 წლის ივლისში საწვავის დეფიციტით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ოკუპირებულ ყირიმში სახელმწიფო ბანკმა VTB-მ თანხის განაღდების ლიმიტები უკიდურესად შეამცირა – 150 000-დან 15 000 რუბლამდე (დაახლ. 500 ლარი) დღეში და 300 000-დან 50 000 რუბლამდე (დაახლ. 1680 ლარი) თვეში. მთელ რუსეთში მოსახლეობა მასობრივად ხსნის საბანკო ანგარიშებიდან ფულს და ნაღდი ფულის მარაგს ინახავს. მაისში საბანკო სისტემიდან 381,2 მილიარდი რუბლი იქნა გატანილი, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 30-წლის განმავლობაში. სწორედ ამის გამო ცენტრალურმა ბანკმა გაამკაცრა ბანკომატებიდან და ბანკებიდან თანხის განაღდების პროცესი. ნაღდი ფულის ასეთი ოდენობით დაგროვება უაღრესად მძიმე პრობლემის ილუსტრაციაა და სამომავლოდ ეს ნიშნავს როგორც საბანკო და ფინანსური სისტემის კრიზისის გაღრმავებას და კორუფციის ზრდას, ასევე შესაძლოა სხვა ნეგატიური პროცესების განვითარებასთან ერთად მთლიანად ეკონომიკური სისტემის რღვევის წინაპირობასაც. თუმცა, რამდენად შეუქცევადი ტენდენციის სახე ექნება ამ პროცესს, ამას დრო გვაჩვენებს.

რუსეთში ეკონომიკა წლის დასაწყისიდან უკვე აღარ იზრდება და ეს არის თავად რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური შეფასება. ზრდის ტემპი პრაქტიკულად გაქრა რუსეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კი: ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის მაისის განცხადებით, 2026 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 1,3%-დან 0,4%-მდე დაეშვა, ხოლო პირველ კვარტალში, სახელმწიფო ხარჯების ზრდის მიუხედავად, მშპ იმავე სამინისტროს შეფასებით უკვე 0,3%-ით შემცირდა. „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ ლიკვიდური აქტივები ომამდელი მშპ-ის 6,5%-დან 2026 წლის აპრილისთვის 1,8%-მდეა შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო „ბალიშიც“ თვალსა და ხელს შუა ქრება. ბიუჯეტის დეფიციტმა წლის პირველ ნახევარში 5,73 ტრილიონ რუბლს (მშპ-ის 2,5%) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,7-ჯერ მეტია. ბიუჯეტის დეფიციტის წლიური სამთავრობო გეგმა, რომელიც 1,6%-ს (3,786 ტრილიონ რუბლს) ითვალისწინებდა, სინამდვილეში პირველივე კვარტალში იქნა გადაცილებული. ნავთობისა და გაზის შემოსავლები 2026 წლის პირველ კვარტალში 45,4%-ით შემცირდა, რაც ორმაგადაა დადასტურებული: ერთი მხრივ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტისა და შვედეთის Stockholm Institute of Transition Economics-ის ივნისის ერთობლივი ანგარიშით („Endgame: The State of the Russian Economy“), მეორე მხრივ, თავად რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით. გთხოვთ აქვე დავაკვირდეთ, რომ ეს მონაცემები ეხება პერიოდს, როდესაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სისტემაზე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

ამ სურათს ემატება რუსული საფონდო ბირჟის უკიდურესად ნეგატიური მდგომარეობაც: MOEX (მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი), რომელიც აერთიანებს რუსეთის 40-50 უმსხვილესი საჯარო კომპანიის აქციათა ღირებულებას (Sberbank-ი, Gazprom-ი, Lukoil-ი, Rosneft-ი და სხვები) და წარმოადგენს რუსული ეკონომიკის ტემპერატურის ერთგვარ საზომს რეალურ დროში, თითქმის 20 კვირაა ზედიზედ ეცემა და ივლისის შუა რიცხვებში ინდექსი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ვარდნის სერია გაცილებით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროინდელი ვარდნა, რაც ცხადყოფს, რომ საბაზრო ინვესტორები რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას სულ უფრო სკეპტიკურად აფასებენ.

რუსული ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დარტყმაა მის „ჩრდილოვან ფლოტზე“ უაღრესად მასშტაბური და უპრეცედენტო შეტევა. ისიც აღვნიშნოთ, რომ 4 ივლისს, ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთმა „შავი ზღვა დაკარგა“. უკრაინის საზღვაო ძალების მონაცემებით, 2022 წლის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის (სამხედრო) ფლოტის დაახლოებით 30% განადგურებულია ან სერიოზულადაა დაზიანებული, რამაც რუსეთი აიძულა ფლოტის დიდი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაესროლა. თავად „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ კი სხვა, სრულიად დამოუკიდებელი კამპანია მიმდინარეობს: 6-17 ივლისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, სახელწოდებით „მოლოჩკა“ (უკრაინულ ჟარგონზე „რძის პროდუქტები“), 159-ჯერ დაარტყეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს, ანუ ტანკერებს და სატვირთო გემებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ნავთობის, საწვავისა და სხვა ტვირთის გადაზიდვას ეწევიან. აზოვის ზღვაში დაზიანებულია 117 რუსული ხომალდი, ხოლო შავ ზღვაში 42. შედეგად, რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში სულ უფრო უჭირს არა მხოლოდ საბრძოლო, არამედ კომერციული ოპერირებაც.

საწვავის დეფიციტი პირდაპირ და უშუალოდ შეეხო რუსეთის რიგით მოქალაქეს და ივლისში ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ივნისის ბოლოსთვის რუსეთის 83 რეგიონიდან 55-მდე ოფიციალურად აცხადებდა სხვადასხვა შეზღუდვებს, არაოფიციალური შეფასებით კი საწვავის დეფიციტმა 78 რეგიონი მოიცვა; ომსკისა და სარატოვის უმსხვილესი ქარხნების 6-7 ივლისს გაჩერების შემდეგ კრიზისი ღრმავდება. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ყირიმსა და სევასტოპოლში (26 ივნისს), ასევე პენზას, ირკუტსკის და ზაბაიკალიეს ოლქებში. ექვს რეგიონში: ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი, მაგადანი და ჩუკოტკა, საერთოდ გაქრა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი საწვავი. გელაპის კვლევითი ინსტიტუტის (Gallup) ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 60% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ინსტიტუტის მთელი 20-წლიანი კვლევის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფლაცია წლიურ 6%-ს მიუახლოვდა, რაც უკვე ასცდა ცენტრალური ბანკის წლიურ 4%-იან სამიზნეს. სოფლის მეურნეობაშიც კრიზისის ნიშნები აშკარაა: 2026 წლის ხორბლის ნათესი ფართობი 26,9 მილიონი ჰექტრიდან (2025 წელს) 25,8–26,3 მილიონ ჰექტარამდე მცირდება, რაც 2014 წლის (25,2 მილიონი ჰექტარი) შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო საგაზაფხულო ხორბლის ფართობის შემცირება ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმს უახლოვდება. მოსავლიანობის პროგნოზი 88 მილიონი ტონიდან 84 მილიონ ტონამდე ეცემა. ეს ცვლილება მოგების არარსებობის, საწვავის დეფიციტისა და საექსპორტო გადასახადების ერთობლივი შედეგია, თუმცა, უკრაინელთა შეტევები და მოშლილი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა ამ მოსავლის აღება-რეალიზაციასაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ყოველივე ამის ფონზე უკრაინას ევროპა და აშშ, ასევე კანადა, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა მნიშვნელოვნად ეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად და ტექნოლოგიურად, და ეს პროცესი შეუქცევადი ხასიათისაა. უფრო მეტიც, უკრაინა ასეთ მძიმე პირობებშიც კი ახერხებს მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკულ დაგეგმვას და სამხედრო-სტრატეგიული სიახლეების უსწრაფეს რეალიზებას, რაც მას უსაფრთხოების კონტრიბუტორ ქვეყნადაც კი აქცევს და მასთან თანამშრომლობის სურვილს ზრდის არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აზიისა და სხვა რეგიონების ქვეყნებშიც.

სამართლიანი მშვიდობა უკრაინას, Слава Україні!

კოკი იონათამიშვილი
პლატფორმა 2025

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა სტატიები

არნახული გეოგრაფიისა და შემოსავლების მუნდიალი

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ხშირად ფულის გამოსამუშავებელ მანქანად განიხილება, ის მაინც არ არის ერთიანი ეკონომიკური კომპლექტი. იგი მჭიდროდ დაკავშირებული ორი, მაგრამ განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: FIFA-ს გლობალური შემოსავლების სისტემა და მასპინძელი ქალაქების ლოკალური ეკონომიკები.

რუსულმა გიგანტებმა აქციების გაუფასურებით $240 მილიარდი იზარალეს

2026 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ბაზარმა დააფიქსირა ზედიზედ 18-კვირიანი უწყვეტი კლება, რამაც რუსული სააქციო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 240 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტით შეამცირა.

ელექტროსკუტერი – საცობებისაგან თავის არიდების არცთუ უსაფრთხო საშუალება

ვიდრე ჩვენს ქალაქებში ელექტროსკუტერზე „ამხედრებულები" სათანადო ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ალბათ გარკვეული (თუ დიდი არა) დრო კიდევ გავა. მართალია, „სქროლვით" გადაადგილებას ჯანსაღი ცხოვრების წესთან ბევრი საერთო არ აქვს, თუმცა ნამდვილად ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.