FIFA-ს ფინანსური მასშტაბები მსოფლიო ეკონომიკური გიგანტების ფონზე
FIFA ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით მიღებულ შემოსავალს რეკორდულ $15 მილიარდად აფასებს. კატარში გამართული წინა მუნდიალის შემოსავალი $7,6 მილიარდს შეადგენდა. შემოსავლების ასეთი მნიშვნელოვანი მატება ძირითადად ფინალური ტურნირის მონაწილეთა 32-დან 48 გუნდამდე გაზრდით, ასევე რეკლამისა და ბილეთების ფასების ზრდითაა განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ხშირად ფულის გამოსამუშავებელ მანქანად განიხილება, ის მაინც არ არის ერთიანი ეკონომიკური კომპლექტი. იგი მჭიდროდ დაკავშირებული ორი, მაგრამ განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: FIFA-ს გლობალური შემოსავლების სისტემა და მასპინძელი ქალაქების ლოკალური ეკონომიკები. მაშინაც კი, როდესაც ისინი მჭიდროდ არიან კოორდინირებულნი, მათი შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. FIFA-მ მიიღო უფრო პირდაპირი შემოსავლის ნაკადი ბილეთების გაყიდვიდან, მაუწყებლობის უფლებებიდან, სპონსორობიდან და ლიცენზირებიდან. მასპინძელი ქალაქები ხშირად აწყდებიან ვიზიტორებისა და ტურიზმის შემოსავლების, სამთავრობო ხარჯების, ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და ტურნირის შემდგომი გამოწვევების უფრო რთულ ნაზავს.
ისტორიაში პირველად მუნდიალი სამ ქვეყანაში ჩატარდა, რამაც ორგანიზატორის მხრიდან ხარჯებიც გაზარდა. სწორედ ამიტომ 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ტურნირი ყველაზე ძვირადღირებული გახდა: FIFA-ს მიერ ჩემპიონატისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი $3,756 მილიარდია, რაც კატარში გამართული 2022 წლის ფინალური ტურნირისას ორჯერ აღემატება.

ხარჯების ზრდის მთავარი ფაქტორებია – ტურნირის მონაწილეთა 48 გუნდამდე მატება, მატჩების სამი ქვეყნის 16 ქალაქში გადანაწილება და საერთოდ რაოდენობის 104-მდე ზრდაა. საწყისი ოფიციალური ბიუჯეტის მიხედვით FIFA-ს ოპერაციული ხარჯები $1,122 მილიარდამდე გაიზარდა, საპრიზო ფონდი და კლუბების ჰონორარები – $1,007 მილიარდამდე. პერსონალის შენახვის ხარჯებმა $380 მილიონი შეადგინა, ხოლო ეროვნულ ნაკრებთა მომსახურებისა და ტრანსპორტირების ხარჯებმა – $193 მილიონი.
საწყის ეტაპზე FIFA 2023-2026 წლების სრულ შესარჩევ ციკლში $13 მილიარდის მიღებას პროგნოზირებდა, საიდანაც $8,911 მილიარდი უშუალოდ ფინალური ტურნირიდან უნდა შემოსულიყო (სატელევიზიო უფლებებით – $4 მილიარდი, სპონსორებისგან – $1,786 მილიარდი, ხოლო მატჩზე დასასწრები ბილეთებით – $2,088 მილიარდი). თუმცა, ტურნირის დასრულების შემდეგ რეალურმა მაჩვენებლებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბილეთების ფასების კატასტროფულმა ზრდამ და ოფიციალურ გადაყიდვის ბაზარზე (Secondary Market) დაწესებულმა საკომისიომ FIFA-ს ჯამური შემოსავალი რეკორდულ – $15 მილიარდამდე აიყვანა, რაც საპროგნოზო გეგმას მნიშვნელოვნად აღემატება.

ბილეთები, სპონსორები, სატელევიზიო უფლებები და „გამაგრილებელი” პაუზები
FIFA-მ ბილეთების ხელახლა გაყიდვაზე ჯამური 30%-იანი საკომისიო დააწესა, რითაც, მარტივად რომ ვთქვათ, შექმნა ოფიციალური გადაყიდვის ბაზარი. ონლაინ-პლატფორმაზე ფედერაცია 15%-ს მყიდველისგან და 15%-ს გამყიდველისგან იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა გულშემატკივრების სპეკულანტებისგან დაცვის საშუალებად იყო წარმოდგენილი, რეალობამ საპირისპირო აჩვენა.
აღნიშნულ პლატფორმაზე ფასები აბსურდამდე გაიზარდა. მაგალითად, ბრაზილია-ჰაიტის მატჩის ცალკეული ბილეთები 28000 დოლარად გაიყიდა, ხოლო პორტუგალია-კონგოს შეხვედრის – 115000 დოლარად. ტურნირის დაწყებისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფინალის ბილეთი პლატფორმაზე ყველაზე მაღალ ფასად – $11,5 მილიონადაც კი განათავსა, თუმცა ფინალის მოახლოებისას, ამავე საიტზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთები $2,3 მილიონამდე გაიაფდა.

მაღალი ფასები სტადიონების მიღმაც „იკბინებოდა”. მუნდიალის დროს შიდა ფრენები, საკვები და სასტუმროები არნახულად გაძვირდა. ნიუ-ჯერსიში, MetLife-მდე მისასვლელ მატარებელში ნახევარსაათიანი მგზავრობა თუ ჩვეულებრივ, $12,9 ღირდა, ჩემპიონატისას მისი ფასის $150-მდე გაძვირება იგეგმებოდა, თუმცა გულშემატკივრებისა და FIFA-ს მკაცრი პროტესტის შემდეგ, ნიუ-ჯერსის სატრანსპორტო ადმინისტრაციამ მაისში გადაწყვეტილება შეცვალა და ფასი $98-მდე შეამცირა.
მუნდიალის მატჩების ტელევიზიით ჩვენების უფლებები შემოსავლის უდიდეს წყაროდ რჩება. აქ მთავარი უცნაურობა Fox-თან და Telemundo-სთან დადებული ამერიკული გარიგებაა. 2011 წელს Fox-მა დაახლოებით $425 მილიონი გადაიხადა 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ინგლისურენოვანი უფლებებისთვის აშშ-ში, ხოლო Telemundo-მ დაახლოებით $600 მილიონი გადაიხადა ესპანურენოვანი პაკეტისთვის. 2015 წელს FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კონტრაქტები ღია ტენდერის გარეშე გაახანგრძლივა. პირობები არ გახმაურებულა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგალითად, Fox-ი საშინაო მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაახლოებით $485 მილიონს გადაიხდიდა. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 104-მატჩიანი ტურნირის პირობაზე, ეს მაუწყებლისთვის ძალიან მომგებიანი გარიგება ჩანს. ESPN-მა და Univision-მა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ისინი მოლაპარაკებებზე არც კი მიიწვიეს.
ამასთან, FIFA-მ წყლის შესვენების იდეა წამოაყენა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამტკიცებდა, რომ ეს „წმინდა სპორტული საკითხია” და ფედერაცია ამით ფულს არ შოულობს (!!!). თუმცა, ის სამწუთიანი პაუზა, როცა ფეხბურთელები „სულს ითქვამენ”, წყალს სვამენ და მწვრთნელებს უსმენენ, ტელეარხებისთვის ოქროს საბადო იქცა.
Fox Sports-მა განაცხადა, რომ „გამაგრილებელ” პაუზებს რჩეული ბრენდები „აფინანსებენ”. ექსპერტების შეფასებით, ამ არხზე ნახევარწუთიანი რეკლამის საშუალო ღირებულება 200-დან 300 ათას დოლარამდე მერყეობს, ხოლო ფინალური ეტაპის მატჩებისას იგი 750 ათასს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ აშშ-ში ამ პაუზებისას მიღებული სარეკლამო შემოსავალი $250 მილიონს მიაღწევდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორები უზარმაზარ თანხებს იხდიან საკუთარი ბრენდების შეჯიბრთან ასოცირების უფლების მისაღებად. ეჭვგარეშეა, რომ ისეთი გიგანტები, როგორიცაა Adidas და Coca-Cola, საბოლოოდ უზარმაზარ მოგებას მიიღებენ საათობით საეთერო დროიდან და კვადრატული კილომეტრების ფართობის სარეკლამო სივრცეებიდან. მაგალითად, Adidas-მა კონკურენტ Nike-თან „მარკეტინგული დაპირისპირება” იდეალურად გამოიყენა, მოუგო და დაახლოებით 64 მილიონი დოლარი გაიღო მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სარეკლამო კამპანიისთვის – Backyard Legends („ჩვენი ეზოს ლეგენდები”). ამ მასშტაბურ პროექტში ბრენდმა თავისი მთავარი სახეები: ლამინ იამალი, ჯუდ ბელინგემი და ლიონელ მესი გააერთიანა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპონსორებისგან მიღებულმა სარეკლამო შემოსავლებმა Ampere Analysis-ის საბოლოო ფინანსური მონაცემებით $2.4 მილიარდს მიაღწია. ამასთან, ტურნირის ისტორიაში პირველად, ამერიკული ბრენდები სპონსორობიდან მიღებული ჯამური თანხის ნახევარზე მეტს – 52%-ს შეადგენდნენ (შედარებისთვის, 2022 წლის კატარის მუნდიალზე ეს მაჩვენებელი 36% იყო).
მსხვილ პარტნიორებთან გაფორმებული კონტრაქტების საჯარო ღირებულებები ასეთია: Adidas-ის ხელშეკრულება 2030 წლამდე $1 მილიარდს აჭარბებს; Visa ორწლიან ციკლში დაახლოებით $200 მილიონს იხდის; Coca-Cola – დაახლოებით $100 მილიონს თითო ოთხწლიან ციკლზე, ხოლო Budweiser-ი – დაახლოებით $75 მილიონს თითო ტურნირზე. რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის მუნდიალის მეორე დონის (Tier 2) სპონსორებს, თითოეული კონტრაქტების ღირებულება $65-დან $95 მილიონამდე მერყეობს.
მასპინძლების სარგებელი – ჯერ მხოლოდ შესაძლო ეკონომიკური ეფექტი
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში სპორტული, სატრანსპორტო და სასტუმრო ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ამიტომ ფედერალური მთავრობის ძალისხმევა ძირითადად უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო მასპინძელი ქალაქების როლი – სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 104 მატჩიდან 78 შეხვედრას შეერთებული შტატების თერთმეტმა ქალაქმა უმასპინძლა. ეკონომიკური ანალიზის მიხედვით, ტურნირის მიმდინარეობისას ტურისტების მიერ აშშ-ში რეკორდული $30.5 მილიარდი დაიხარჯა (FIFA-ს პროგნოზით, ტურისტებს $7.5 მილიარდი უნდა დაეხარჯათ), თუმცა თავად მასპინძელი ქალაქების ბიუჯეტს ამისთვის $1,8 მილიარდის გაღება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ბევრი დეტალი გასაიდუმლოებულია, ცნობილია, რომ ქვეყნის კონგრესმა საერთო უსაფრთხოებისთვის $875 მილიონი გამოყო. აქედან $250 მილიონი ფედერალურმა სააგენტო FEMA-მ სტადიონების, ფან-ზონების, აეროპორტებისა და სასტუმროების მიმდებარედ უახლესი დრონების საწინააღმდეგო სისტემების (Counter-Drone Measures) დასამონტაჟებლად გამოიყენა. დამატებით, ფედერალური გრანტების სახით, კიდევ $100 მილიონი გამოიყო ქალაქების ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
კანადამ 13 მატჩს უმასპინძლა: შვიდს ვანკუვერში და ექვსს ტორონტოში. ქვეყნის პარლამენტის ბიუჯეტის ოფისის (PBO) შეფასებით, ტურნირისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი საწყისი ფინანსური მხარდაჭერა $337,8 მილიონს შეადგენდა. თავდაპირველი გეგმით, ბრიტანეთის კოლუმბიამ ვანკუვერის მოსამზადებელ სამუშაოებზე $258,4 მილიონი დახარჯა, ხოლო ონტარიომ ტორონტოსთვის $164,4 მილიონი გამოყო. თუმცა, სტადიონების მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების გამო, მასპინძელი ქალაქების საბოლოო დანახარჯები თითქმის გაორმაგდა.
მექსიკის სამმა ქალაქმა (მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი) მუნდიალის 13 მატჩს უმასპინძლა. ფედერალურმა მთავრობამ მასპინძელ რეგიონებში მობილობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციისთვის დაახლოებით $339 მილიონი გამოყო, ხოლო გვადალახარას მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ოფიციალური ფან-ფესტივალის ჩატარებისთვის $3,4 მილიონი დახარჯა.
FIFA-ში ელიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სახელმწიფო ინვესტიციების ყოველი დოლარი დაახლოებით სამჯერ მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. მასპინძელი ქვეყნები არ იღებენ ტელეჩვენების, ბილეთების ან გლობალური სპონსორებისგან მიღებულ წილს. მათი შემოსავალი არაპირდაპირია და ტურიზმზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, სატრანსპორტო სექტორსა და საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. ეს ეფექტი არ აისახება საბანკო ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით; ეს არის პროგნოზი იმისა, თუ როგორ აამუშავა ტურნირმა ადგილობრივი ბიზნესი.
FIFA-ს პრეზიდენტის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) წარდგენილ ანგარიშში, მასპინძელი ქვეყნების პროგნოზირებული ეკონომიკური ეფექტი $80,1 მილიარდს შეადგენს. ტურნირის შედეგად გლობალურ მშპ-ში შექმნილი სუფთა დამატებითი ღირებულება შეფასებულია $40,9 მილიარდად, რაც შედარებისთვის, პანამის წლიური მშპ-ის თითქმის ნახევარია.

რიგით 23-ე მუნდიალს 7 მილიონამდე სტუმარი დაესწრო. FIFA-სა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საწყისი პროგნოზით, ამ მსოფლიო მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას აშშ-ის ეკონომიკაში $30,5 მილიარდის საერთო სოციალურ-ეკონომიკური წვლილი უნდა შეეტანა (მშპ-ში – $17,1 მილიარდი, დასაქმებულთა შემოსავალი – $10,1 მილიარდი, საგადასახადო შემოსავლები – $3,3 მილიარდი); მექსიკის შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი $4,05 მილიარდად შეფასდა, ხოლო კანადის – $3,8 მილიარდად. თუმცა, ტურნირის შემდგომმა დამოუკიდებელმა ანალიზმა აჩვენა, რომ რეალურმა ეკონომიკურმა უკუგებამ აშშ-ში, ტურისტული ნაკადების ნაწილობრივი ჩანაცვლების გამო, დაახლოებით $20 მილიარდი შეადგინა.
მასპინძელი ქვეყნებისთვის FIFA-ს მიერ დაანგარიშებული ტურიზმის საერთო სარგებელი $8,3 მილიარდადაა შეფასებული. 2026 წლის მუნდიალს მსოფლიო მასშტაბით 823 474 სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, მათ შორის 184 679 აშშ-ში. WTO-ში წარდგენილ ანგარიშში ლიდერობს სასტუმროების სექტორი (31 660), შემდეგ მოდის საჰაერო ტრანსპორტი (20 055) და ტექნიკური მომსახურება (17 097). თუმცა, მომხსენებელი განმარტავს, რომ ახალი სამუშაო ძალის 40% დროებითი, დაბალკვალიფიციური მუშაკებია, რომელთა ხელფასი საშუალო ეროვნულზე დაბალია.
საპრიზოები და გადახდები მონაწილეობისთვის ნაკრებებსა და კლუბებს
ჩემპიონატის დაწყებამდე, 48-ვე ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის საერთო პაკეტი $871 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა თავდაპირველად FIFA ამ მიზნით მხოლოდ $727 მილიონის გამოყოფას გეგმავდა. შედარებისთვის, 2022 წლის მუნდიალის საპრიზო ფონდი $440 მილიონი იყო, საიდანაც 10%-ზე მეტი ($42 მილიონი) ჩემპიონმა არგენტინამ მიიღო.
საპრიზო ფონდის ზრდა შეიძლებოდა კიდევ უფრო მცირე ყოფილიყო, FIFA-ს ტურნირის კომერციული წარმატების იმედად, მაისში გადახდების 20%-იანი მომატება რომ არ გამოეცხადებინა. ამ გადაწყვეტილებით, თითოეულმა ფედერაციამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად $2,5 მილიონი მიიღო. ქვეყნებს თავისუფლად შეეძლოთ გადაეწყვიტათ, თუ როგორ დახარჯავდნენ ამ თანხას: შეეძლოთ მისი ვარჯიშებში ინვესტირება ან ბონუსების ნაწილის მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის განაწილება.
უშუალოდ მუნდიალზე, გუნდები საპრიზო ფონდიდან ყველაზე მეტის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ჩემპიონმა ესპანეთმა FIFA-სგან რეკორდული $51 მილიონი მოიგო, თუმცა საქმეში ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობა ჩაერია. ამერიკული ე.წ. „სპორტსმენების გადასახადის” (Lock Tax) მიხედვით, უცხოელი ათლეტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასრულებენ სამუშაოს, იბეგრებიან როგორც ინდივიდუალური პირები. ვინაიდან ესპანეთის ნაკრებმა ტურნირის 8 მატჩიდან 7 სწორედ აშშ-ის სტადიონებზე ჩაატარა, მათი საპრიზო ფონდის ამერიკული წილი სტანდარტული 30%-იანი ფედერალური გადასახადით დაიბეგრა.

როგორც წესი, FIFA წინასწარ თანხმდება ტურნირის მასპინძელ ქვეყნებთან საგადასახადო შეღავათებზე, რაც, დიდი ალბათობით, ჯანი ინფანტინომ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) სასარგებლოდ სრულყოფილად ვერ უზრუნველყო.
ზოგიერთი მედია-საშუალება ამერიკული საგადასახადო ორგანოების მკაცრ პოზიციას იმ კონსპირაციულ ფაქტს მიაწერს, თითქოს ესპანელებმა თასის გადაცემის სამახსოვრო ფოტოში დონალდ ტრამპი განზრახ არ მოახვედრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური თეორიის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, ინტერნეტსივრცეში ამ დამთხვევაზე აქტიურად საუბრობენ.
ვიცე-ჩემპიონმა არგენტინამ ამჯერად $34 მილიონი გამოიმუშავა (ალბათ, ამერიკელ საგადასახადო კანონმდებელთა 30%-იანი „რისხვა” მასზეც გატარდებოდა – ფ.კ.). თუმცა, ჩემპიონატის მოგების ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საპრიზო ფონდი, რადგან კომერციული შემოსავლებიც იზრდება. მაგალითად, 2023-ში არგენტინამ მხოლოდ ჩინეთში ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩიდან დაახლოებით $7 მილიონი გამოიმუშავა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წელს სპონსორებისგან მიღებული კომერციული შემოსავალი 45 მილიარდი პესოთი (დაახლოებით $40 მილიონი იმდროინდელი გაცვლითი კურსით) გაიზარდა.

რაც შეეხება ფონდის განაწილებას, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენილმა გუნდებმა, თითომ $10 მილიონი მიიღეს – სულ რაღაც ერთი მილიონით მეტი, ვიდრე 2022 წლის კატარის მუნდიალზე. სინამდვილეში, ზრდის ძირითადი წილი საუკეთესო გუნდებს მოხმარდა. UEFA-სგან განსხვავებით, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები თითოეული მოგებისთვის თუ ფრისთვის დამატებით ბონუსებს გასცემს, FIFA ზედმეტს არაფერს იხდის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გავიდა გუნდი პლეი-ოფში – სამი ფრით, როგორც კაბო-ვერდე, თუ, არგენტინის მსგავსად უდანაკარგოდ – გადახდები იგივეა.
კიდევ $355 მილიონი გამოიყო იმ კლუბებისთვის, რომელთა ფეხბურთელები მუნდიალზე მონაწილეთა განაცხადში მოხვდნენ. ეს ასევე რეკორდული გადახდაა – წინა ჩემპიონატთან შედარებით, გადახდების საერთო ოდენობა $146 მილიონით გაიზარდა. და ეს მხოლოდ საპრიზო ფონდია; ასევე არსებობს სპეციალური სადაზღვევო ფონდი (Club Protection Programme). მისი სიდიდე ბოლო ტურნირზე არ გამოცხადებულა, თუმცა შედარებისთვის, კატარში ის $70 მილიონი იყო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ისტორიაში პირველად, გადახდები გავრცელდა არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, არამედ საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებზეც, რამაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი გუნდების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. საერთო ჯამში, 19 ივლისს დასრულებული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კომპენსაციების ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით $250 მილიონი შეადგინა. თითოეულ კლუბს უფლება აქვს მიიღოს ანაზღაურება სპორტსმენის მიერ მუნდიალზე გატარებული თითოეული დღისთვის. გამოცემა The Athletic ამ თანხას დაახლოებით 5000 დოლარად აფასებს, სხვები კი – $7000-ად. FIFA საბოლოო თანხას წლის ბოლოს, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებისას განსაზღვრავს.
ევროპულ კლუბებს შორის „მანჩესტერ სიტი” $4,4 მილიონით ლიდერობს კომპენსაციის სახით გადახდილი თანხების ოდენობით. მუნდიალზე „ქალაქელთა” 19 მოთამაშე გაემგზავრა, რომელთაგან ექვსმა მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალში ითამაშა. მათგან ესპანელი როდრი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ბარსელონა”, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, მეორე ადგილზე გავიდა. მის 8 ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული და კლუბს მინიმუმ $3,9 მილიონის გამომუშავება შეუძლია. ათეულში ასევე მოხვდნენ „ბაიერნი” ($3,4 მლნ), „არსენალი” ($3,3 მლნ), პსჟ ($3,2 მლნ), „ატლეტიკო” ($3,2 მლნ), „კრისტალ პალასი” ($2,7 მლნ), „მანჩესტერ იუნაიტედი” ($2,6 მლნ), მადრიდის „რეალი” ($2,6 მლნ) და „მილანი” ($2,4 მლნ). The Athletic-ის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ამ სიაში საბოლოო ციფრები აუცილებლად დაკორექტირდება, თუმცა კლუბების შემადგენლობა იგივე დარჩება.

ფიფას ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში
ტურნირის დაწყებამდე FIFA-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაგეგმილი შემოსავლის უმეტესი ნაწილი (93%) წინასწარი კონტრაქტებით, იურიდიულად უკვე იყო უზრუნველყოფილი.
მსოფლიოს უდიდეს კორპორაციებთან შედარებით, FIFA-ს 2026 წლის ფაქტობრივი წლიური შემოსავალი, რომელმაც რეკორდულ $11,1 მილიარდს მიაღწია, მაინც მოკრძალებულად გამოიყურება. მაგალითად, საცალო ვაჭრობის გიგანტები Amazon (წლიური შემოსავლით $714 მილიარდი) და Walmart ($713.2 მილიარდი) ამდენს სულ რამდენიმე დღეში შოულობენ; Apple-სთვის ($416 მილიარდი) ეს დაახლოებით ერთი კვირის შემოსავალია, ხოლო Nike-სთვის ($46,3 მილიარდი), Netflix-ისთვის ($45,2 მილიარდი), Adidas-სთვის ($24,8 მილიარდი) და McDonald’-ისთვის ($26,9 მილიარდი დოლარი) ამ თანხის შეგროვებას რამდენიმე თვე სჭირდება.
საწყისი პროგნოზით, FIFA წლიური შემოსავლით Airbnb-ს ($12,2 მილიარდი) და eBay-ს ($11,1 მილიარდი) საგრძნობლად ჩამორჩებოდა, თუმცა, რეალური ფინანსური შედეგებით პრაქტიკულად გაუტოლდა eBay-ს. არიან ისეთი ცნობილებიც, რომლებსაც მუნდიალზე აკუმულირებული თანხებით ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ უკვე გადაასწრო – Puma ($8,4 მილიარდი), Electronic Arts ($7,5 მილიარდი), Ferrari ($7,2 მილიარდი), Levi’s ($6,28 მილიარდი), Gucci ($5,9 მილიარდი) და Warner Music Group ($6,4 მილიარდი).
გაცილებით თვალსაჩინო და სამართლიანი იქნება სპორტული ინდუსტრიის ყველაზე შემოსავლიან ფინანსურ მაგნატებთან შედარება. FIFA-ს შემოსავალი პრაქტიკულად იდენტურია ინგლისის პრემიერლიგის სეზონურ ნადავლთან ($8,9 მილიარდი) და აღემატება NHL-ს ($6,8 მილიარდი), გერმანიის ბუნდესლიგას, ესპანეთის ლა ლიგას (თითოეული $6,3 მილიარდი) და ფორმულა 1-ს ($3,9 მილიარდი). თუმცა, ამერიკულ გიგანტებს FIFA კვლავ ჩამორჩება – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) შემოსავლებს ($12,3 მილიარდი) და განსაკუთრებით, ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ($23 მილიარდი) გამომუშავებულ თანხას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი აღარ არის მხოლოდ სპორტული ტურნირი. იგი საყოველთაო ეკონომიკური გიგანტია. შემოსავლების მხრივ, მუნდიალს უკვე შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს უმდიდრეს სპორტულ ლიგებს და მნიშვნელოვნად აჭარბებს მრავალ ცნობილ საერთაშორისო კომპანიასა თუ მედია-აქტივს.
ფრიდონ კერვალიშვილი

