რატომ შეიქმნა პრობლემა და რა არის გამოსავალი?
ყველა მეწარმე სუბიექტს, რომელსაც საჯარო რეესტრში კომპანიის ხელახალი რეგისტრაცია ევალებოდა და ეს არ გააკეთა, შემოსავლების სამსახურის სერვისებთან წვდომა შეეზღუდა. ეს, ფაქტობრივად, საწარმოს პარალიზებას ნიშნავს. უფრო მეტიც, თუ წლის ბოლომდე მეწარმე სუბიექტები საკუთარ საწარმოებს თავიდან არ გადაარეგისტრირებენ, 2027 წლიდან მათი კომპანიების ლიკვიდაცია დაიწყება.
ასე რომ, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს, ამავე კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, სხვა შეზღუდვებთან ერთად, 2026 წლის 1 აპრილიდან საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ.
ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი 2021 წლის 4 აგვისტოს იქნა მიღებული და 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ახალმიღებული კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი ვალდებული იყვნენ, 2026 წლის 1 აპრილამდე განეახლებინათ საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემები ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში (თავდაპირველი რედაქციით, ეს ვადა 2022 წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული, თუმცა შემდგომ რამდენჯერმე გადავადდა). შეგახსენებთ, თუ რას მოითხოვდა ეს კანონი მისი 254-ე მუხლის – „გარდამავალი დებულებების” ძალით:
„1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით…
- ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე.
- რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით”.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნები ინდივიდუალურ მეწარმეებზე არ ვრცელდება.
ზემოაღნიშნული 254-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრმა იმ საწარმოების, რომლებმაც არ განაახლეს თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალი კანონის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო მონაცემები მიაწოდა შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს.
რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას. კერძოდ, შეიზღუდა: ავტორიზებული გვერდის წწწ.ესერვიცე.რს.გე გამოყენება, ელექტრონული და მატერიალური ფორმით კომუნიკაცია. მათ შორის, შეზღუდვა მოიცავს: საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის მომსახურებით სარგებლობას, საწარმოზე აქციზური და არააქციზური მარკების გაცემას, საწარმოს მიერ წარდგენილი აქციზური და არააქციზური მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურებას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნებას, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებას (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენას). ასევე იზღუდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში საგადასახადო/საბაჟო დავის დაწყება ან მიმდინარე დავაში მონაწილეობა.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დირექტორები ვეღარ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კომპანია რჩება წარმომადგენლის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებებს. ამასთანავე, მათი ფინანსები ფაქტობრივად ბლოკირებულია: იზღუდება საბანკო ანგარიშების მართვის უფლება – ვერ გაიტანენ თანხას, ვერ გახსნიან ახალ ანგარიშს, ვერ აიღებენ კრედიტს და ვერ განკარგავენ არსებულ რესურსებს. ქონებრივი და საგადასახადო შეზღუდვების გამო კომპანია ვერ შეძლებს ქონების განკარგვას და საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობას.
შემოსავლების სამსახურში ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, რეგისტრაციის ვადის შესახებ საინფორმაციო შეტყობინება წინასწარ გაეგზავნა. ასევე, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდათ შეტყობინება – „არ აქვს გავლილი რეგისტრაცია”.
„უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, ამ თარიღამდე, მარტის დასაწყისში, დაახლოებით 270 ათას მეწარმეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი ხელახალი რეგისტრაცია, გაეგზავნა შეხსენების შეტყობინება. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, რომ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდებოდა გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც ავტომატურად განხორციელდა საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. იმ საწარმოებს, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ, ვინაიდან ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარეს, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ავტომატურად შეეზღუდათ საგადასახადო-საბაჟო სერვისებზე წვდომა”, – ამბობს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.
ამასთანავე, შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ საგადასახადო/საბაჟო პროცედურებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და საწარმოს რეგისტრაცია აღდგება მას შემდეგ, რაც კომპანია შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას – სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნულ საკითხზე რეგისტრაციაშეჩერებულმა პირებმა საქართველოს იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
„იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო-საბაჟო სერვისებზე წვდომა აღუდგეთ, მათ შესაბამისი განცხადებით დროულად უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია. როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, სისტემა ავტომატურად მიიღებს ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და შემოსავლების სამსახურის სერვისებზე წვდომა კვლავ აღდგება”, – აცხადებს ლევან დგებუაძე.
შპს „ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის” პარტნიორი და დირექტორი გიორგი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ კანონის გარდამავალ დებულებებში პირდაპირ იყო მითითებული, რომ მეწარმეებს, რომლებიც ხელახალ რეგისტრაციას ვერ გაივლიდნენ, შემოსავლების სამსახურის სერვისებთან წვდომა შეეზღუდებოდათ. მისი თქმით, ეს ბიზნესისთვის რთული მდგომარეობაა, მაგრამ მათ ეს უნდა სცოდნოდათ. თუმცა გარკვეულწილად თავად მეწარმეების დაუდევრობამაც ითამაშა როლი.
„ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ” 2022 წლიდან ამოქმედდა. რეგულაციები სრულიად ახალი იყო და გარდამავალ დებულებებში მითითებული იყო, რომ არსებული კომპანიების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი იყო. ვადა რამდენჯერმე გადაიწია, თუმცა წელს აღარ გადაიდო. მეწარმეებს ეს მოთხოვნები უნდა სცოდნოდათ. ინფორმაცია საჯარო იყო. ვინც რეგისტრაცია არ გაიარა, რს.გე-ზე წვდომა არ აქვს,
ასევე შეეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა – თანხა ირიცხება, მაგრამ ვერ განკარგავენ. დირექტორი აღარ არის უფლებამოსილი. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუმცა გვაქვს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელმაც ეს ვალდებულება დააწესა. ბევრმა მაინც არ შეასრულა და იძულების მექანიზმი ამოქმედდა. როგორც კი მეწარმე მოიყვანს კომპანიას კანონთან შესაბამისობაში, შეზღუდვები მოიხსნება. საჯარო რეესტრი შაბათ-კვირასაც კი მუშაობდა, სარეგისტრაციო მოსაკრებელიც გაანახევრეს. ახალი კანონის მიზანიც იყო არამოქმედი კომპანიების გასუფთავება რეესტრიდან. ეს არ არის ტრაგედია – მივიდნენ რეესტრში და პრობლემა მოგვარდება. ხარჯი დაახლოებით 200 ლარია. ჩემი აზრით, მოსაკრებელი არ უნდა ყოფილიყო. რადგან დამავალდებულე, არ უნდა გადამახდევინო, მაგრამ ეს ხარჯი გვაქვს”, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
შპს „კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ფიქრობს, რომ მეწარმეები უკეთ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი, განსაკუთრებით იმაზე, რომ რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის სერვისებზე წვდომა შეეზღუდებოდათ.
„მეწარმეებს დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში ადრე უნდა მოეყვანათ. დრო ნამდვილად იყო. თუმცა, როგორც ჩანს, კომუნიკაციაში პრობლემა მაინც არსებობდა. საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი კომპანიისთვის ამის გაკეთება პრობლემა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ამას საგადასახადო შეზღუდვები რომ მოჰყვებოდა, შემოსავლების სამსახურის მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა. კანონის დონეზე ეს ყველაფერი გაწერილი იყო, რაღაცა დონის კომუნიკაცია იყო, არ ვიცი „ესემესები” თუ გაუგზავნეს, მაგრამ ჩანს, რომ პრობლემა მაინც შეიქმნა, ვინაიდან ბევრ კომპანიას საგადასახადო სერვისებზე წვდომა შეეზღუდა”, – ამბობს დავით პაპიაშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ ყველა მეწარმეს, ვისაც რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდა, შეტყობინება გაუგზავნეს და გააფრთხილეს, რომ მათ მიმართ საკანონმდებლო შეზღუდვები ამოქმედდებოდა.
გადამხდელთა ნაწილი აპროტესტებს ძველი დეკლარაციების (ანუ, რომელთა საანგარიშგებო პერიოდი 2026 წლის 1 აპრილამდე სრულდებოდა) წარდგენის შეზღუდვას რს.გე-ზე და რიგი სპეციალისტები ამ ნაწილში მათ ეთანხმებიან. საუბარია იმაზე, რომ 2026 წლის 1 აპრილი იყო 2025 წლის ქონების გადასახადის წარდგენის ბოლო დღე, და გადამხდელებს, თუნდაც მათ სარეგისტრაციო მონაცემები არ განეახლებინათ, ამ დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა არ უნდა შეზღუდოდათ! მართლაც, 2025 წლის ბოლომდე თუ ამ საწარმოების სარეგისტრაციო მონაცემები იმ დროისთვის მოქმედ კანონს არ არღვევდა, მაშინ ამ პერიოდის (ანუ, 2025 წლის) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა რატომ უნდა შეზღუდოდათ მათ 2026 წლის 1 აპრილს მომხდარი გადაცდომის გამო?
ანალოგიურად, რატომ უნდა ეზღუდებოდეთ ამ საწარმოებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილს სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვადა არ დაიცვეს, 2026 წლის მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების) დეკლარაციების წარდგენა?! ეს გაუგებარია. მარტში ხომ არ დაურღვევიათ მათ კანონი?!
ვფიქრობთ, 2025 წლის ქონების წლიურ გადასახადთან და 2026 წლის მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული შეზღუდვები იყო გადაჭარბებული და შესაბამისად – არასწორი. „მეწარმეთა შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებები არ მოითხოვდა შემოსავლების სამსახურიდან ასეთი სადამსჯელო ზომების დაწესებას 2026 წლის 1 აპრილამდე არსებული საანგარიშო პერიოდების მიმართ!
ცალკე საკითხია ის, რომ საწარმოთა გასაახლებელი სარეგისტრაციო მონაცემები ხშირ შემთხვევაში ეხება მხოლოდ მათი კაპიტალის ოდენობასა და მასში პარტნიორთა წილებს, და მათი განახლება (თუ მხოლოდ განახლებაა და არა _ ცვლილებების შეტანა) დიდი არაფერი ინფორმაციის მომტანია საზოგადოებისთვის. თავად განსაჯეთ: ერთ-ერთი გასაახლებელი მონაცემი იყო საწარმოთა განთავსებული კაპიტალი. „მეწარმეთა შესახებ” ახალმა კანონმა ეს „განთავსებული კაპიტალი” კი განსაზღვრა, მაგრამ არ განმარტა, რა უნდა მოსვლოდა მის წინამორბედ ტერმინს „საწესდებო კაპიტალს” – იყო თუ არა „განთავსებული კაპიტალი” მისი შემცვლელი. ამასთან, კანონმა დაუშვა, რომ „განთავსებული კაპიტალი” საწარმოებს შეიძლება არც განესაზღვრათ. შედეგი? ლამის ყოველი 10-დან 8 საწარმომ, მათ შორის ისეთებმაც, რომელთაც წარსულ წლებში დიდი ოდენობით საწესდებო კაპიტალი ჰქონდათ, რეესტრში განთავსებულ კაპიტალად „არ არის განსაზღვრული” დააფიქსირეს. განა ეს უფრო ინფორმატიულია საზოგადოების ფართო ფენებისთვის?! ნამდვილად არა.
შეზღუდვების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თუ მეწარმე 2026 წლის ბოლომდე არ გაივლის განახლებულ რეგისტრაციას, 2027 წლის 1 იანვრიდან მას დამატებით სამთვიანი ვადა მიეცემა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდება საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე. თუ ამ ვადაშიც არ წარადგენს განცხადებას, საჯარო რეესტრი მიიღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო დანიშნავს ლიკვიდატორს. ამის შემდეგ დაიწყება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ეკა ხარაზი, გიორგი ცერცვაძე

