Homeააფ-მედიამსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

Published on

spot_img

ტრამპმა ვენესუელის პრობლემის უჩვეულო გადაწყვეტა იპოვა

აშშ-ის სპეცრაზმმა მიმდინარე წლის იანვარში ნიკოლას მადუროს კარაკასის რეზიდენციაში შტურმი განახორციელა და ის ამერიკული ციხისკენ გზას გაუყენა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ვენესუელის ნავთობზე კონტროლია. თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანმიმდევრული იყო. მან ქვეყნის დროებით მმართველად, წინამორბედის შეპყრობიდან 2 დღეში, პარლამენტის წინაშე ფიცი 56 წლის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს (Delcy Rodriguez) დაადებინა. მის მიმართ ტრამპის მხრიდან ქებას მუქარაც მიჰყვა – „თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის; ალბათ უფრო დიდს, ვიდრე მადურო“.

სექტემბრის დასაწყისში, როდრიგესმა და აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა ხელი ქვეყნებს შორის „უდიდეს“ სანავთობო ხელშეკრულებას მოაწერეს. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობმოპოვების დარგში ვენესუელის გასული წლების პერიპეტიებს „ააფის“ №12(312)-ში შევეხეთ, ამჯერად მხოლოდ ამ ისტორიული გარიგების წინმსწრებ დეტალებსა და სამომავლო პერსპექტივებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

იმის გარდა, რომ ვენესუელის ახალი მეთაური დელსი როდრიგესი მადუროს ხელისუფლებაში ვიცე-პრეზიდენტი იყო, იგი ამავდროულად სანავთობო ინდუსტრიის მიმართულებას უძღვებოდა. იგი უგო ჩავესის მსოფლმხედველობის (ე.წ. chavismo) მიმდევარია, თუმცა ქვეყანაში 2026 წლის იანვრის ხელისუფლების ცვლილების მომწყობთათვის მაინც მისაღები კანდიდატი აღმოჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ 2017-2025 წლებში მის მიმართ თვით აშშ-მა, კანადამ, ლათინური და სამხრეთ ამერიკის უმეტესმა ქვეყნებმა, ევროკავშირმა და შვეიცარიამ მადუროს ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები არ დაიშურეს – ავტ.).

დონალდ ტრამპს კარგა ხანს უჭირდა ამერიკული ნავთობკომპანიების დარწმუნება, რომ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განეხორციელებინათ – მათზე ვერც საზოგადოების ზეწოლამ გამოიღო შედეგი. ამასთანავე, თავდაპირველად უშედეგო გამოდგა რამდენიმე წინასწარი მოლაპარაკება მადუროს მემკვიდრესთან, დელსი როდრიგესთან, რომელთანაც საბოლოო შეთანხმების მიღწევა მხოლოდ თვეების შემდეგ მოხერხდა.

ყველაფრის მიუხედავად, 28 აგვისტოს საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით ვგებულობთ: „ეს ისტორიული გარიგება ამერიკის ნავთობის მარაგებს ორჯერ მეტად ზრდის, მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს ნავთობმომარაგებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ბენზინის ფასებს ყველა ამერიკელისთვის“.

ამას მოჰყვა საინფორმაციო განცხადება თეთრი სახლიდან:

„ჩვენს ნახევარსფეროში სტაბილური და დაბალი ღირებულების ნავთობმომარაგების უზრუნველყოფა – მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ნავთობის გარიგებით, პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა უზრუნველყო აშშ-ის კონტროლი ვენესუელაში ნავთობის დადასტურებული რეზერვების უდიდეს ნაწილზე (65 მილიარდი ბარელი), რაც მნიშვნელოვნად ზრდის აშშ ის ამჟამინდელ, დაახლოებით 46 მილიარდ ბარელიან ტერიტორიულ რეზერვებს 111 მილიარდ ბარელამდე. ეს გარიგება უზრუნველყოფს ჩვენს ენერგეტიკულ დომინირებას მომდევნო საუკუნის განმავლობაში – ყველაფერი ეს მოხერხდა შეერთებული შტატებისთვის ნულოვანი ხარჯებით. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის მთავრობას ანიჭებს მმართველობის ძლიერ უფლებებს, ეკონომიკურ საკუთრებას და გარანტირებულ დაბალფასიან რესურსებს ამერიკულ კერძო ნავთობკომპანია NABEP-თან, რომელიც ამ ახალი რეზერვების გათვალისწინებით, მსოფლიოში სიდიდით მეორე კერძო ნავთობკომპანია გახდება“.

მოგვიანებით, დელსი როდრიგესმა შეთანხმება Telegram-ზე დაადასტურა: „ვენესუელა აცხადებს ისტორიულ შეთანხმებას შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის აღდგენაზე“.

ქვეყნის დროებითმა მმართველმა განაცხადა, რომ შეთანხმება 17 სტრატეგიულ საბადოს მოიცავს, სავარაუდოდ $100 მილიარდზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს და მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოსთვის საგადასახადო შემოსავლების სახით $209 მილიარდზე მეტს გამოიმუშავებს. მან ასევე ისაუბრა პროექტში კერძო ოპერატორების მონაწილეობაზე, ნავთობმოპოვების ზრდაზე, სანავთობო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოდერნიზაციაში ინვესტიციების ჩადებაზე.

ნავთობი ვენესუელიდან – „ჰაერი“ აშშ-ის ეკონომიკას

ვენესუელის ნავთობი ამერიკის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 2026 წელს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააოთხმაგა, რითაც ქვეყნიდან ნავთობის გადაზიდვების ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია (დაახლოებით 600.000 ბარელი დღეში). მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს, ამ ქვეყანასთან ვაჭრობას სანქციები დაუწესა, ეს რეკორდული მატებაა. ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაციის მონაცემებით, ვენესუელა აშშ-ისთვის ნავთობის იმპორტის სიდიდით მეორეა (კანადის შემდეგ).

ისტორიულ გარიგებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ეს ურთიერთობა: თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები ამერიკულ კერძო ოპერატორთან ერთად ახალ ერთობლივ პროექტში 55%-იან წილს მიიღებს (რაც გადანაწილდება საწარმოს წილსა და ნავთობის თვითღირებულებით შესყიდვის უფლებაზე). ნავთობის საბადოების 100-წლიანი კონცესიით გადაცემა კომპანია NABEP-ისთვის, მას საერთო რეზერვების მიხედვით მსოფლიოში სიდიდით მეორე კერძო ნავთობკომპანიად აქცევს Saudi Aramco-ს შემდეგ.

ვენესუელას 303 მილიარდი ბარელი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს, საიდანაც ეს ამერიკული ოპერატორი 65 მილიარდ ბარელს გააკონტროლებს, – ვკითხულობთ ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაციის ბიულეტენში (Energy Information Administration – EIA). მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები წმინდა (ნეტო) ექსპორტიორი და მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ის მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს. ეს ეკონომიკური ფაქტორებით აიხსნება: ამერიკული ნავთობი ძირითადად მსუბუქი და დაბალგოგირდოვანია (ე.წ. „ტკბილი“), ხოლო აშშ-ის გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ისტორიულად მძიმე და მაღალგოგირდოვანი (ე.წ. „მჟავე“) ნავთობის მისაღებად არის ოპტიმიზებული. ვენესუელური ნავთობიდან მიიღება ასფალტი, სამრეწველო ზეთები, დიზელი და რეაქტიული საწვავი. აშშ იმპორტს იმიტომ კი არ ახორციელებს, რომ მისი ნავთობისგან დიზელი არ კეთდება, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული ქარხნები სპეციალურად არის აგებული მძიმე ნავთობის გადასამუშავებლად. თუ ისინი მხოლოდ მსუბუქ ნავთობს გამოიყენებენ, მათი ძვირადღირებული და რთული დანადგარები უფუნქციოდ დარჩება, რაც წამგებიანია.

ქარხნების უმეტესობა 1970-იან წლებში აშენდა, როდესაც ვენესუელა ამერიკის ნედლი ნავთობით მომარაგების მთავარი წყარო იყო. ამიტომაც, ვენესუელური ნავთობის იმპორტის ზრდა ამერიკული ქარხნებისა და ზოგადად ეკონომიკისთვის ჰაერივით საჭიროა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანთან „წერტილოვანი“ ომის პროცესში, რომელმაც გლობალური ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი შეაფერხა. შეერთებული შტატები ბევრი ქვეყნისთვის მიწოდების ჯაჭვის ბოლო პუნქტია; განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ შეუძლია ახლო აღმოსავლეთიდან საავიაციო საწვავის ან დიზელის გარანტირებულად მიღება.

ამას ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აშშ-ისთვის ნავთობის სტრატეგიული რეზერვის (Strategic Petroleum Reserve, SPR) აღდგენაში, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ამცირებს სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტის შემცირების კომპენსაციის მიზნით. 1982 წლიდან, როცა რეიგანის ადმინისტრაციამ SPR-ი მაქსიმუმამდე (714 მილიონი ბარელი) შეავსო, 5 აგვისტოს მონაცემებით ნავთობის მარაგი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო – 289 მლნ. ბარელი.

ამერიკელ ინვესტორთა დარწმუნების პროცესი

ხელისუფლებაში მადუროს მოსვლის (2013) შემდეგ, ვენესუელის ნავთობმოპოვება მკვეთრად შემცირდა. მას შემდეგ პირველად, მიმდინარე წელს, აშშ-ის მთავრობამ ვენესუელური ნავთობის მოპოვების გაზრდის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამერიკული ნავთობკომპანია Citgo Petroleum Corporation-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ამჟამინდელი მმართველი დირექტორის ლუიზა პალასიოსის თქმით, ქვეყანა დღეში დაახლოებით 1,2 მილიონ ბარელს აწარმოებს, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელზე თითქმის 150 000 ბარელით მეტია.

თუმცა, ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ დღიურ 3,5 მილიონ ბარელზე, რომელსაც ქვეყანა 1990-იანი წლების ბოლოს სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე აწარმოებდა. უგო ჩავესის და მადუროს რეჟიმებმა ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურა იმდენად გააუარესეს, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. პალასიოსის რწმუნებით, ვენესუელაში ნავთობის წარმოების უწინდელ დონეზე დაბრუნებას მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიციები სჭირდება.

Chevron-ის გარდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არცერთ სხვა ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიას არ გამოუჩენია ვენესუელაში რესურსების გამოყოფის სურვილი. ადგილობრივი მთავრობა კვლავ კორუმპირებულია, რასაც მოწმობს მისი სავალალო რეაგირება ბოლო დროს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ქვეყანაში კორუფციისა და დანაშაულის დონე კვლავ მაღალია, ხოლო პოლიტიკური სტაბილურობა – მერყევი.

შეერთებული შტატების მიერ კერძო უცხოური ნავთობსაბადოების უჩვეულოდ დაუფლება, შეიძლება ამერიკული ნავთობგიგანტებისთვის იმის სიგნალი იყოს, რომ ვენესუელაში ინვესტირება კვლავ უსაფრთხოა.

„ეს შესაძლოა უკეთესობისკენ იყოს მიმართული, რადგან მსხვილი ნავთობკომპანიები, როგორც ჩანს, ამჟამად აშშ-ის საკანონმდებლო ბაზასთან ურთიერთობენ, რამაც შესაძლოა ინვესტიციები დააჩქაროს“, – განაცხადა Lipow Oil Associates-ის პრეზიდენტმა ენდი ლიპოუმ.

შესაძლოა, Chevron-ი ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს აშშ-ის მთავრობის ჩართულობა ვენესუელის შიდა საქმეებში.

„აშკარაა, რომ მხოლოდ ამ კომპანიის ინვესტიციები არ იქნება საკმარისი სამხრეთამერიკულ ქვეყანაში პიკური წარმოების დასაბრუნებლად“, – მიაჩნია Tortoise Capital-ის უფროს მენეჯერ რობ ტამელს.

და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა სხვა ამერიკულ კომპანიებს უკვე აქვთ დაბანდებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

„ვენესუელაში დასაბანდებელი ინვესტიციები კონკურენციაში იქნებიან მსხვილი ნავთობკომპანიების მიერ სხვა ქვეყნებში დაგეგმილ პროექტებში მისაღებ კაპიტალთან“, – თქვა ტამელმა და აქვე დაამატა – „ვენესუელაში ნავთობის დამატებითი მოპოვების დაწყებას, სავარაუდოდ, არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება“.

ამერიკელ ექსპერტთა გამოხმაურებები

„ეს საშინელი გარიგებაა. როდრიგესმა ეროვნული სიმდიდრის 20% არაფრის ფასად გასცა. ვფიქრობ, ის უბრალოდ ვაშინგტონიდან წამოსულ მოთხოვნებს ასრულებს“, – ამბობს ელიოტ აბრამსი, ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელასა და ირანში.

ეს კომენტარი, 1 სექტემბერს თეთრი სახლის მიერ ვენესუელასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ მოკლე ინფორმაციის გამოქვეყნებას მოჰყვა. აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობის სექტორში North American Blue Energy Partners-ის (NABEP) მეშვეობით იმოქმედებს, რომელიც ვენესუელაში Chevron-ის შემდეგ სიდიდით მეორე კერძო ნავთობმომპოვებელი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვეტოს უფლებას იძენს NABEP-ის დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის დანიშვნაზე. შეთანხმების თანახმად, საბჭოს წევრების უმრავლესობა აშშ-ის მოქალაქე უნდა იყოს.

აშშ-ირანის ომის გამო საწვავის ფასების ზრდის გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ნავთობის მოპოვების ზრდამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის შვება გამოიწვიოს. აშშ ის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგ ბერგუმმა Fox Buciness-ს განუცხადა, რომ შეთანხმება „გლობალური ენერგეტიკული ბაზრის გეოპოლიტიკურ ცენტრს ახლო აღმოსავლეთის ბოთლის ყელივით ვიწრო ზონებიდან დასავლეთ ნახევარსფეროში დააბრუნებს“.

ელიოტ აბრამსი აღიარებს, რომ შეერთებული შტატებისთვის ლოგიკურია ვენესუელასთან თანამშრომლობა, ვიდრე სპარსეთის ყურიდან მომარაგება არასტაბილური რჩება. თუმცა, ის შეთანხმების პირობებს იმდენად ცალმხრივად აფასებს, რომ ისინი „კოლონიალიზმის შესახებ ციებ-ცხელების მაგვარ ბოდვას“ ჰგავს.

თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება „აშშ-ის ეზოში მტრულად განწყობილი გარე ძალების გავლენას აღმოფხვრის“ და აცოცხლებს „მონროს დოქტრინას“ – მე-19 საუკუნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას, რომლის მიხედვით, სამხრეთი ამერიკა შეერთებული შტატების ექსკლუზიური გავლენის სფეროდ ითვლებოდა.

ორივე ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეთანხმება სასარგებლოა როგორც ვენესუელელებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის. ამის მიუხედავად, ის მაინც შეიცავს ე.წ. ხაფანგებს და პასუხგაუცემელ კითხვებს. მაგალითად, კითხვებს ბადებს დროითი გრაფიკი. ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმება მოგების გენერირებას ორ სამ წელიწადში დაიწყებს. ენერგეტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვენესუელის ნავთობის სექტორის მძიმე მდგომარეობის გამო, რეალისტური ვადა ათი წელია.

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტის ბეიკერის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლუის პაჩეკომ BBC Mundo-ს განუცხადა, რომ ვენესუელაში ნავთობის წარმოების 30 წლის წინანდელ დონემდე დაბრუნებას, მომდევნო რვა წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

„მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ და რა მიზნით მართავს ამ რესურსებს“, – თქვა პაჩეკომ. – „დანიშნავენ თუ არა ისინი ამ ფულის სამართვად იმავე ადამიანებს, რომლებმაც უკვე გაფლანგეს საუკუნის უდიდესი ნავთობის ბუმი? ეს კატეგორიულად არ უნდა მოხდეს“.

რა წერია შეთანხმებაში?

ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ კერძო ნავთობკომპანია NABEP-ს, რომელიც ვენესუელაში სიდიდით მეორე კერძო ნავთობმომპოვებელი და დადასტურებული ოპერატორია, 17 საბადოზე 100-წლიანი კონცესია მიანიჭა. როგორც აღვნიშნეთ, ამ საბადოთა ჯამური დადასტურებული მარაგი დაახლოებით 65 მილიარდ ბარელს შეადგენს.

ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, NABEP-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგიული კაპიტალის ოფისს მისი მშობელი კორპორაციის აქციების 35% იანი წილი გადასცა, რაც შეერთებული შტატებისთვის ასობით მილიარდ დოლარამდე ღირებულებისა და დივიდენდების ტოლფასია.

NABEP-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიანიჭა უფლება, წარმოების ღირებულებით შეიძინოს ყველა მიმდინარე და სამომავლო საბადოდან მოპოვებული ნავთობის გარანტირებული 20%, რომელსაც NABEP-ი ამუშავებს. ეს უზრუნველყოფს დაბალი ღირებულების ნავთობის სტაბილურ მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს ნავთობის სტრატეგიული რეზერვის (SPR) შევსებას, რომელიც ჯო ბაიდენმა ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს სამხედრო და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებისთვის საჭირო მარაგების გარანტირებას.

NABEP-მა ასევე მიანიჭა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს პროდუქციის დარჩენილი 80%-ის შესყიდვის უპირატესი უფლება, რაც საგანგებო სიტუაციებში ჩვენს ნახევარსფეროში ენერგიის გარანტირებულ წყაროს უზრუნველყოფს.

აშშ-ის მთავრობას აქვს ვეტოს უფლება დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის დანიშვნაზე. NABEP-ის დირექტორთა საბჭოს უმრავლესობა უნდა იყოს აშშ-ის მოქალაქე. NABEP-ს ეყოლება შესაბამისი რეპუტაციის მქონე ამერიკელი აუდიტორები, იურისტები და მრჩევლები. აშშ-ის მთავრობის შეთანხმება NABEP-თან რეგულირდება აშშ-ის კანონმდებლობით და ექვემდებარება აშშ-ის სასამართლოების იურისდიქციას.

ვენესუელური ნავთობის მილიონობით ბარელი მოიპოვება ამერიკული საბურღი დანადგარებით და გადაიტუმბება შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ეს ხელს შეუწყობს მილიარდობით ინვესტიციის შეერთებულ შტატებში მოზიდვას და ქვეყანაში ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

შეთანხმების დასკვნით ნაწილში ხაზგასმითაა აღნიშნული საუკუნის გარიგების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია: „მონროს დოქტრინის“ ხელახლა ამოქმედება და ჩვენი ნახევარსფეროდან უცხოელი მოწინააღმდეგეების განდევნა. NABEP-ის მიერ ოპერირებადი ნავთობის საბადოების უმეტესობას ადრე აკონტროლებდნენ ან მართავდნენ რუსული და ჩინური ფირმები, ან მადუროსა და ჩავესის კორუმპირებული მეგობრები. ეს უცხოელი აქტორები ძარცვავდნენ ვენესუელას რესურსებს აშშ-ის მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ და ვერ უზრუნველყოფდნენ ვენესუელის ინფრასტრუქტურასა თუ განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას“.

რას მოუტანს სანავთობო გარიგება ვენესუელას?

ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია. შემდგარ გარიგებაში 45%-იანი წილი ამ პრობლემებს სრულად ვერ გადაჭრის, მაგრამ ის შეიძლება მოტივაციის ფაქტორი გახდეს სკეპტიკურად განწყობილი ვენესუელის საზოგადოებისთვის.

მიმდინარე წლის 24 ივნისის მძლავრმა მიწისძვრებმა (7,2 და 7,5 მაგნიტუდის) ქვეყანას უდიდესი ზარალი მიაყენა (5000-მდე დაღუპული და 17000-მდე დაშავებული ადამიანი) და პოლიტიკური და ბიზნესის არასტაბილურობა გაამწვავა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებით, ნგრევით გამოწვეულმა პირდაპირმა ზიანმა $20 მილიარდს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დიდწილად დაუზიანებელი დარჩა (მხოლოდ ქვეყნის ყველაზე პატარა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა), ხელისუფლების მხრიდან კრიზისზე არასათანადო რეაგირებამ მმართველ გუნდში განხეთქილებები და ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ამან, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პოდკასტში ლუიზა პალასიოსმა აღნიშნა, პოლიტიკური და მით უმეტეს ეკონომიკური სტაბილურობის მცირე იმედი დატოვა.

ვენესუელას ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, ამუშავებული ნავთობის ინდუსტრია და შესაბამისად, მილიარდობით შემოსავალი სჭირდება.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო სტატიები

საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.

TSQ-ის ციფრულ მახეში გაბმული ხალხი

ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.