Homeააფ-მედიაგასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

Published on

spot_img

ერთ-ერთი მიზეზი მომსახურების დაბალი ხარისხი და შეუსაბამოდ მაღალი ფასია

საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულის ტურიზმმა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკებისა და გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევების ფონზე ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ იზიდავს ვიზიტორთა ნაკადს, სექტორში არსებობს პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ეს ეხება, ძირითადად, საზღვაო სეგმენტს, სადაც უარყოფითი გავლენა ამინდმა და ზოგადად, რეგიონში არსებულმა ვითარებამ მოახდინა. სამთო კურორტებზე შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა, ინფრასტრუქტურული და კადრებთან დაკავშირებული საკითხები ტურისტული ობიექტებისთვის დიდი გამოწვევაა.

მიმდინარე პერიოდში ტურისტული ნაკადი შემცირდა, განსაკუთრებით ევროპისა და ე.წ. გალფის ქვეყნებიდან. ბალანსი გამოსწორდა მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, მაგრამ სექტორი ზრდის დინამიკას ჩამორჩა. სპეციალისტები და ბიზნესის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ძირითადი ნაკადი კვლავ მეზობელ ქვეყნებზე მოდის, რაც აძლიერებს რისკებს და აქტუალურს ხდის ტურისტულ ნაკადთა დივერსიფიკაციას.

ამასთან, ინფლაციურმა პროცესებმა გამოიწვია ის, რომ ზღვისპირა კურორტებზე დასვენება ზოგჯერ არაპროპორციულად ძვირია მიწოდებულ სერვისთან შედარებით. პიკურ პერიოდებში მუნიციპალური ქსელები (წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა და საცობები) სერიოზულ დატვირთვას ვერ უმკლავდება. მაღალმთიან რეგიონებში მწვავედ დგას კვალიფიციური პერსონალისა და პროფესიონალი გიდების ნაკლებობის პრობლემა.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, „საქსტატის“ ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით, 2 734 504-მდე შემცირდა.

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის მონაცემებით კი, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის პირველ 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა 2.5 მლრდ დოლარი, რაც შარშანდელი იანვარ-ივლისის ჯამურ შემოსავლებთან შედარებით არსებითად არ შეცვლილა.

ტურიზმში არსებულ გამოწვევასთან დაკავშირებით 4 სექტემბერს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემაც გააკეთა განცხადება. დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მან ტურიზმის კლების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, ტურიზმის დარგი სამომავლოდ გაიზრდება.

„ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ მიმართულებით მაინც გვაქვს, თუმცა თავდაპირველად, ჩვენც და სხვა საფინანსო ინსტიტუტებსაც, როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, მოლოდინი გვქონდა, რომ ტურიზმის ნაწილზე იქნებოდა უარყოფითი გავლენა და შემცირება იქნებოდა მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ყველაფერი დასტაბილურდებოდა. შემცირება რეალურად ძალიან მიზერულია, თითქმის არ არის, იგივე დონეზეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია, ზრდა რომ არ შეიმჩნევა.

ვითარება აჩვენებს, რომ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და დამშვიდდება, იმ მომენტიდან ტურიზმის ნაკადები დაუბრუნდება წინა დონეს და იმავდროულად მოიმატებს კიდეც. ეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ზაფხულის წვიმიანობამ განსაკუთრებით შიდა ტურიზმი დააზარალა, რადგან დამსვენებლების უმეტესობა შეკვეთებს, ძირითადად, ამინდის გათვალისწინებით გეგმავს, ამიტომ უხვნალექიან სეზონზე მოქალაქეები მეტწილად უარს ამბობენ დასვენებაზე.

სასტუმროებში ჯავშნებისა და შეკვეთების მკვეთრმა კლებამ მასპინძლობის ინდუსტრია ფინანსური რისკების წინაშე დააყენა. ქობულეთში მდებარე სასტუმრო „მირაჟის“ დირექტორის ჟუჟუნა ჯინჭარაძის ინფორმაციით, თუკი უცხოელები გართობას ნებისმიერი ამინდის პირობებში ცდილობენ, ადგილობრივები გადაწყვეტილებას ამინდიდან გამომდინარე იღებენ.

„უამინდობა ძალიან გვიშლის ხოლმე ხელს, ფაქტობრივად ასეა – ერთი კვირა თუ მუშაობ, მომდევნო კვირა შესაძლოა ამინდის გამო ჩაგივარდეს. მით უმეტეს, როცა საქმე შიდა ტურისტებს ეხება. თუკი უცხოელი ამინდის გამო განწყობას არ იფუჭებს და მაინც გადის გარეთ, ტერიტორიის დასათვალიერებლად ან რესტორანში ჯავშნის ვიზიტს, ადგილობრივი ტურისტები ამ დროს ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ამას ხელს უშლის ინფრასტრუქტურის არქონაც, საკმარისია, 1-2 დღე რომ იწვიმოს, ვერაფერს სთავაზობ ჩამოსულ სტუმარს, დრო რომ გაიყვანოს საინტერესოდ. ბათუმში ამ მხრივ ბევრად უკეთესი სიტუაციაა, იქ სხვანაირი გართობაა. მეტი კაფე-ბარი უნდა იყოს, ახალგაზრდობისთვის მეტი გასართობი ობიექტი. კურორტს ზაფხულობით მუსიკალური ფესტივალები აცოცხლებს. როცა ესეც არ არის, ძნელია მოიზიდო დამსვენებელი. ფაქტობრივად ჩავარდა სეზონი.

რაც შეეხება ვიზიტორთა სტრუქტურას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად, რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ, ხოლო ევროპული ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ნაკლებად არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა სასტუმროს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება ანაკლიაში, სადაც რამდენიმე სპეციფიკური გამოწვევაა, რაც სასტუმროების აქტიურ მუშაობას აფერხებს. ძირითადი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და კლიმატური პირობებია, რაზეც „თეთრი სახლი ანაკლიაში“ სასტუმროს დამფუძნებელი მარინე თოდუა ამახვილებს ყურადღებას.

„კლიმატურმა პირობებმა ძალიან შეგვიშალა ხელი, რის გამოც დამსვენებლების სიმცირე იყო, მაგრამ უფრო მეტი დაბრკოლება ინფრასტრუქტურამ შეგვიქმნა. განმუხურთან დამაკავშირებელი ხიდი ვერ განათდა და სამუშაოები, რაც მას მწყობრში მოიყვანდა, რატომღაც არც ჩატარებულა. ენგურიდან შემოშვებული წყლის ნაკადის გამო, შავი ზღვის ამ ნაწილში, ანაკლიის პერიმეტრზე წყალი ხშირად იმღვრევა, განმუხურში ეს პრობლემა არ არის, იქ უფრო სუფთა წყალია, მაგრამ იქ გადასვლის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ არის ხიდის მოუწესრიგებლობის გამო. იმედია, ეს პრობლემა მომავალი წლისთვის მაინც მოგვარდება. გარდა ამისა, წლებია, ბულვარი ჩაბნელებულია, ამის მოწყობა მაინც შეიძლებოდა, ამ მხრივაც არაფერი გაკეთდა“, – აღნიშნა მარინა თოდუამ.

მისი თქმით, ვერც ფესტივალების ჩატარებამ გამოაცოცხლა კურორტი, რადგან დროული ინფორმირება ვერ მოხერხდა და დადებითი ეფექტი ამ მხრივაც ვერ მიიღეს.

„ანაკლიაში ტურისტული აქტივობებიც შემცირდა. არჩევანი ძალიან მცირეა, რა სტუმარიც ახლა არის, თავისუფლად ავუდივართ, მაგრამ ტურისტების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობა არ არის. დამსვენებლები ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოები არიან, ეს აშკარად იგრძნობა. თუ გადაივსო აჭარა, მაშინ უფრო მოდიან აქ, სხვა მხრივ პასიურობაა. ძირითადად მაინც ადგილობრივი ტურისტების იმედად ვართ, უცხოელები წელს არ ყოფილან, შემთხვევითი ტურისტების გარდა, რომლებიც სვანეთში ისვენებენ.

რაც შეეხება აქტივობებს, რამდენიმე ფესტივალი ჩატარდა, მაგრამ გვიან გაცხადდა, შესაბამისად, ღონისძიებებმაც თითქმის უხმაურად ჩაიარა. ამ მიზეზის გამო რამდენიმე შეკვეთაც გავაუქმეთ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სასტუმროს დამფუძნებელმა.

მთის კურორტებზე ცოტა უკეთესი ვითარებაა ტურისტების რაოდენობის კუთხით, თუმცა, ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემა და კადრების სიმცირე სეგმენტისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს „ლენტეხის მთის სასტუმროს“ დამფუძნებელი ნინო ფეტელავა.

„სეზონის დასაწყისში რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა, ძირითადად, რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა აგვისტოდან მდგომარეობა შეიცვალა. ამინდი მაინც და მაინც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ მთის კურორტებზე ამას პრობლემა დიდად არ შეუქმნია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მაგალითი ამ კუთხით აშკარად დადებითია. აქ უფრო ინფრასტრუქტურაა გამოწვევა, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მაგრამ დენის და წყლის მიწოდების საკითხები სათანადოდ მოგვარებული არ არის, ხან ერთი ითიშება, ხან – მეორე.

ჩვენთან გართობაზე ორიენტირებული ტურისტი ნაკლებად ჩამოდის, უფრო ბუნება აინტერესებთ, ავთენტური კულინარია, ტრადიცია, წეს-ჩვეულებები და სხვა, ამიტომ დამსვენებლების რაოდენობაც მეტია. კურორტს გამართული ინფრასტრუქტურა რომ ჰქონდეს და ჩამოთვლილი პრობლემები მოგვარდეს, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნებოდა. გიდების სიმცირეა, ეს ფუნქციაც ჩვენ შევითავსეთ, კლდე- ღრეებში დავყვებით ტურისტებს, რომ დავათვალიეროთ აქაურობა და დასვენებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევქმნათ, რის შესაძლებლობაც გაგვაჩნია. ცხადია, ინფრასტრუქტურაც და გიდების მოუგვარებელი პრობლემა ტურისტული ინდუსტრიის საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება, ორივე მიმართულებაში გარკვეული დაბრკოლებაა“, – აღნიშნა ნინო ფეტელავამ ჩვენთან საუბრისას.

სამთო კურორტებზე პრობლემაა ადგილობრივი კადრების ნაკლებობა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ მძიმე ვითარებაა რაჭაში, სადაც ვერაფრით ხერხდება თანამშრომლების მოძიება და შესაბამისად, დარგის განვითარებაც ფერხდება. ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი ადასტურებს, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც ტურისტულ სექტორში მუშაობის მსურველი ადამიანური რესურსი კატასტროფულად მცირდება.

„რაჭა ლამაზია, ხალხი კეთილია, კარგი მარნებია, სეზონი მოკლეა… ყველამ ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ დაცარიელებული სოფლები?! ადგილობრივი ახალგაზრდობა თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც ტურისტულ სექტორში მუშაობის მსურველი ადამიანური რესურსი კატასტროფულად მცირდება.

ქართველი და უცხოელი ტურისტები რაჭაში ძირითადად ბუნების სანახავად მიდიან. რაც ძალიან აკლია რაჭას, ეს არის მოწყობილი გადასახედები, მარკირებული საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკები, სასეირნო ადგილები, სათავგადასავლო პარკები ან კულტურული ცენტრები, ინფორმაციული ტურიზმის თანამედროვე „ინფო ცენტრი“, გზებზე უსაფრთხოების პროპაგანდა მოსახლეობისთვის და მოგზაურებისთვის.

ლეგალური წარმოშობის ინვესტიციები, მეურნეობები, მაღალი კლასის სასტუმროები, დაცული ტერიტორიების მაღალი ხარისხი და პოპულარიზაცია, ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის წვდომა იაფ კრედიტებთან და დახვეწილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ძალიან დაეხმარებოდა რაჭას!

გვახსოვდეს, რომ რაჭისთვის შეიქმნა „რეგიონული განვითარების გეგმა“, სადაც დეტალურად არის აღწერილი რა და როგორ უნდა გაკეთდეს. როგორც ყველა სხვა გეგმა, ესეც სადმე იქნება „გადანახული“. ასეთ გეგმებს ხომ განმახორციელებლები სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ზოგიერთები დაწერენ, მშვენივრად არის ყველაფერიო. არადა როგორმე უნდა გავცდეთ „ტაში ბიჭო გიორგუნას“, – აღნიშნა ია თაბაგარმა.

მცირე და საშუალო ბიზნესს თუკი პრობლემა აქვს, პრემიუმ-კლასის დასვენებაზე მოთხოვნა წლევანდელ სეზონზე შედარებით მაღალია. ამ სეგმენტში სტუმრების ძირითად ნაკადს საერთაშორისო ბაზრები წარმოადგენს. განსაკუთრებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპული ბაზრებიდან. საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ირან-ისრაელის კონფლიქტმა ტურისტული ნაკადების შემოსვლა დროებით კი შეაფერხა, თუმცა სექტორმა დანაკლისის შევსება შეძლო.

„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ზაფხულის სეზონი ჩვენთვის საბოლოოდ მაინც წარმატებული გამოდგა. პირველი რვა თვის შედეგით თუ ვისმჯელებთ, სასტუმროების შემოსავლები ზუსტად იმავე ნიშნულზეა, რაც შარშან გვქონდა. რეგიონში შექმნილმა დაძაბულობამ და ომმა ტურისტების ნაკადი ორი თვით შეაჩერა, თუმცა ეს ჩამორჩენა უკვე სრულად ავინაზღაურეთ.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ფინანსური მაჩვენებლით ზუსტად იმავე დონეზე ვართ, სადაც წინა წელს ვიყავით. გარე ფაქტორები რომ არა, სასტუმროს მიმართულებით სულ მცირე 7-8%-იანი ზრდა გვექნებოდა.
აღმოსავლეთის რეგიონიდან ვიზიტორები ფაქტობრივად ამოვარდა – გალფის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების რაოდენობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, აშკარა მატებაა რუსეთიდან და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ მხრიდან საკმაოდ დიდი ნაკადი შემოდის. ამასთანავე, ძალიან კარგი ტენდენციაა ის, რომ ზრდა გვაქვს ევროპული ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ზოგადად კი მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და არასტაბილურობა, 2026 წელს საერთაშორისო ტურიზმის განმსაზღვრელი ფაქტორებად იქცა. მოგზაურობის რისკების მართვის სერვისების წამყვანი პროვაიდერის, Global Rescue-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოცდილი მოგზაურების თითქმის 29% მა უსაფრთხოების მიზნით უკვე შეცვალა მარშრუტი.

მათ შორის, ვინც გეგმები შეცვალა, 9%-მა ალტერნატიული მიმართულებები აირჩია, 7%-მა მოგზაურობები გადადო, ხოლო 6%-მა ისინი საერთოდ გააუქმა. გაურკვევლობის მიუხედავად, მოგზაურთა 71% თავის თავდაპირველ გეგმებს მიჰყვება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტურისტების 72% დანიშნულების ადგილის არჩევისას გეოპოლიტიკურ პირობებს ითვალისწინებს და 42%-მა განაცხადა, რომ ეს ფაქტორი „გადამწყვეტად“ მოქმედებს მათ დაჯავშნაზე. ეს ყოველივე კი საქართველოზეც ავტომატურად მოქმედებს, რადგან ქვეყანა გეოპოლიტიკური რისკების რეგიონშია.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.

პროფესორ ნიკა კვარაცხელიას თქმით, თუ ვინმე ფულს ხარჯავს საქართველოში, ძირითადად, აზარტულ თამაშებში. პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ანალოგიური გამოწვევის წინაშე მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა.

„მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ, რომელია მხარჯველი და არამხარჯველი ტურისტი. ვიზიტორი, რომელიც შედის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უკვე მხარჯველია. თუნდაც, რომ მეტი არ დახარჯოს, 300-400 დოლარს მარტო ცხოვრებისთვის ხარჯავს. აქ არის გასათვალისწინებელი სათამაშო ბიზნესის ფორმა, სასტუმროებში განთავსებული კაზინოები მუშაობენ აქტიურად, რაც ტურისტს ასევე აინტერესებს. ბევრიც ძირითადად გასართობი ტურიზმით არის დაინტერესებული. არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ მხარჯველი ტურისტი მოიზიდოს. საბერძნეთიც კი, რომელიც ჩვენთან შედარებით, განვითარებული ქვეყანაა, ამ მხრივ პრობლემას აწყდება“, – განაცხადა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, თითქოს რუსები ნაკლებ ფულს ხარჯავენ საქართველოში.

„ვინმე თუ ფიქრობს, რომ საქართველოში რუსები ნაკლებ ფულს ხარჯავენ, ასე ნამდვილად არ არის. ტაჯიკეთიც კი, რომელიც პატარა ქვეყანაა, ყოველწლიურად 1,2 მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს. თვითონ ამერიკელების რაოდენობა რამდენია და რამდენს ხარჯავენ დღეში, ესეც არის მნიშვნელოვანი. ერთი ამერიკელი გვირჩევნია ერთ რუსს, მაგრამ ისინი არ ჩამოდიან, ხოლო ერთი ტურისტის ხარჯს არ შეუძლია დიდი მოგების მოტანა, სარგებელი მოაქვს მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხს. ამ თვალსაზრისით, მართალია, გალფის ქვეყნების წარმომადგენლები ბევრს ხარჯავენ, მაგრამ მათ გართობის და მოგზაურობის სხვა ინტერესები აქვთ. ისრაელიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ მდიდარი ხალხია, საქართველოში არ ჩამოვლენ მოთამაშის ან აქედან წასულების გარდა, რომლებსაც არც ისე ბევრი ფული აქვთ, მაგრამ უყვართ საქართველო.

ჩვენთან დიდი პრობლემაა მომსახურების ხარისხი, რომელიც ტარიფს ნაკლებად ან თითქმის ვერ პასუხობს და ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით. ამიტომ ვისაც ფული აქვს, სხვა ქვეყანაში მიდის. მაღალი ფასის გამო საქართველოში დასვენების ალტერნატივა ადგილობრივებისთვისაც კი უცხოური ქვეყნები გახდა, ევროპის მიმართულება ამ მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია“, – დასძინა ჩვენთან საუბრისას ნიკა კვარაცხელიამ.

ამდენად, 2026 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ორმაგი გამოწვევებისა და ადაპტაციის პერიოდია. მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილური ამინდისა, ინდუსტრიამ ზოგადი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო, თუმცა სექტორის გრძელვადიანი მდგრადობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და ფასების ადეკვატური ბალანსის პოვნა, რაც ქვეყანას როგორც ადგილობრივი, ისე მაღალმხარჯველი საერთაშორისო ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

ლევან ნატროშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო სტატიები

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

TSQ-ის ციფრულ მახეში გაბმული ხალხი

ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.