დენის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი კრიპტომაინინგის გამო გაზრდილი მოხმარებაა
2026 წლის აპრილიდან საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის გაძვირებული გადასახადის გადახდა მოუწევს. სატარიფო ცვლილება მოსალოდნელი იყო, თუმცა, ნახტომისებრ ზრდას ალბათ ბევრი არ ელოდა. 30 მარტს სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის დენის ტარიფი – 5 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე გაძვირდა. ცხადია, ეს ყველაფერზე იმოქმედებს, განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაზე.
ეკონომისტების დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. უმეტესობა თანხმდება, რომ ამით სოციალური ფონი საგრძნობლად დამძიმდება. დენის გაძვირება გამოიწვევს ფასების შესაბამის მატებას მომსახურების სფეროში და თავისთავად ინფლაციასაც გაზრდის. მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებით გაძვირდება ადგილზე წარმოებული პროდუქცია, ძირითადად, კვების სეგმენტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან სფეროს წარმოადგენს.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ ცვლილების უმთავრესი მიზეზი არის ჭარბი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება.
„გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ მოეხდინა დიდი ზეგავლენა. კომისიამ მიიჩნია, რომ ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.
ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილება შეაფასეს საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტშიც~. კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ფორმირება რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაცაა იმპორტზე დამოკიდებულება და ქსელში განხორციელებული ინვესტიციები.
„ორი მსხვილი კომპონენტი აქვს ტარიფს: ერთი ელექტროენერგიის ღირებულებაა და მეორე _ გადაცემა-გატარების ტარიფი, ანუ რა ღირს ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე და რა ჯდება მისი მიტანა მომხმარებლამდე. რა თქმა უნდა, მესამე კომპონენტი არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც 18% იან ტვირთად აწვება ამ ტარიფს”, _ აღნიშნა ჩახვაშვილმა და დასძინა, რომ სისტემის სტაბილურობისთვის ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა გადამწყვეტია.
„მოხმარება 3%-ით არის გაზრდილი, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მოხმარებაც გაზრდილია და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო მეტად მიაქვთ. ალბათ, პირველადი ნაბიჯები უნდა იყოს, რომ გენერაციის ობიექტები დაგვემატოს სისტემაში, თორემ ეს ტარიფის ზრდა არ არის კატასტროფული. რეალურად რომ შევხედოთ, ისტორიულად, ტარიფების დიდი ზრდა გვქონდა 2021-ში, მერე უკან ჩამოვიდა. თუმცა ბოლო 10-15 წლიან პერიოდს რომ შევხედოთ, ელექტროენერგიის ტარიფი ბევრად უფრო ნაკლებად არის გაზრდილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის”, _ განაცხადა ჩახვაშვილმა.
თავის დროზე, როცა ტარიფი ძვირდებოდა, ერთადერთ არგუმენტად სახელდებოდა ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც 3,30-მდე იყო გაუფასურებული, ახლა კურსი 2,70-ს ჩამოსცდა, ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურია და ნდობაც მაღალია, თუმცა გადასახადი მაინც ნახტომისებურად გაიზარდა.
ენერგეტიკოსების ნაწილი მკვეთრად უარყოფითად აფასებს სემეკის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ გადასახადის გაიაფება თუ არა, მინიმუმ შენარჩუნება შესაძლებელი იყო. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ყურადღებას ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებზე ამახვილებს და მათ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, სემეკმა ამჯერადაც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მითითებები შეასრულა და მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ იმოქმედა.
„გადასახადის ზრდა აბსოლუტურად არ ჯდება არცერთ კანონზომიერებაში. დარწმუნებული ვარ, არის რეზერვი, გადასახადი მინიმუმ შეენარჩუნებინათ, თუკი არ გააიაფებდნენ. ყველაზე ცუდი სცენარითაც კი, 0,5 თეთრზე მეტად არ უნდა გაძვირებულიყო. რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს კატასტროფა და მოსახლეობის ღალატის ტოლფასია.
ვფიქრობ, დენის ტარიფის გადახედვისას ყველა შესაძლებლობა იყო, რომ ტარიფი შეენარჩუნებინათ. ლარის სტაბილურობა ამის საშუალებას იძლევა, თუკი კურსის მიზეზით ძვირდებოდა გადასახადი, კეთილი ენებათ და ამავე მიზეზით გაეიაფებინათ. ყველა ნორმალური სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, მესმის, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს სტრუქტურა მუდმივად კომპანიების დიქტატის ქვეშ იმყოფებოდეს და ყოველთვის მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს?! სამწუხაროდ, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე არც ამჯერად იზრუნა”, _ განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას.
ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ გადასახადის გაძვირების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიღებული, თუმცა დროებით შეაჩერეს მისი სისრულეში მოყვანა საახალწლო პერიოდის გამო.
„კომპანიებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე, რასაც არ ასრულებენ. ორივე _ „თელასიც” და „ენერგო-პრო ჯორჯიაც” ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელთანაც ყველას უჭირს წინააღმდეგობის გაწევა. შეიძლება ერთი ან რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაგრამ სემეკი მათ მოთხოვნას ყოველთვის ასრულებს. რაც გაკეთდა, სერიოზული დარტყმაა ბიზნესზეც, მოსახლეობაზეც და ყველაზე.
რის ხარჯზე მოხდა, რა მიიღეს მხედველობაში, მიჭირს საერთოდ ახსნა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული, უბრალოდ, წინასაახალწლოდ არ გააძვირეს, გადავადდა, თორემ მაშინაც გადაწყვეტილი იყო”, _ აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ენერგეტიკოსების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც გაძვირების მომხრეა.
სექტორში საუბრობენ სხვადასხვა ვერსიაზე, რაც ფასს მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა და მასშტაბურ გაძვირებას აიცილებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მაინინგის პროცესის სრული გაკონტროლება და მაღამთიანი რეგიონის, კერძოდ სვანეთის მოსახლეობისთვის ლიმიტირებული გადასახადის დაწესებაა, რაც სატარიფო პოლიტიკას გარკვეულწილად დაალაგებს.
ასეთი მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის შეფასებითაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხი დიდი პრობლემაა ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ენერგეტიკოსი მომხრეა, სვანეთის შემთხვევაში გადასახადის ისეთივე მექანიზმი იქნას შემოღებული, როგორც თავის დროზე ყაზბეგის მიმართ გაზის სეგმენტში გაკეთდა.
„დენის ტარიფზე საუბრისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა ვარიანტი. ერთ-ერთი არის კრიპოტოვალუტაა, რადგან სვანეთში არ ხდება მოხმარებული დენის საფასურის ამოღება. ლოგიკურია, ფასი უნდა გადაიხადო, მაგრამ რატომღაც ეს პრობლემურ საკითხად იქცა. ამასობაში იქ ელექტროენერგიის დიდი მოხმარებაა და კომპანიისთვის დანაკარგი მატულობს. შეიძლება სვანეთში ისეთი მექანიზმის შემოღება როგორც ყაზბეგის მოსახლეობას დაუწესდა გაზთან დაკავშირებით, ანუ ნორმირებული რაოდენობა წლის განმავლობაში. მესმის, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობამ დენის გარკვეული რაოდენობა უფასოდ უნდა მიიღონ, მაგრამ ლიმიტს თუ გადააჭარბებენ, გადაიხადონ კიდეც.
სწორედ ამას არიან ამოფარებულნი კრიპტოვალუტების მწარმოებლები და მათი საქმიანობის გამო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა. უფასო მოხმარებაა და ამით არის განპირობებული, რომ კრიპტოვალუტის წარმოებამ თბილისიდან და სხვა რეგიონებიდანაც სვანეთში გადაინაცვლა. მესტიის მუნიციპალიტეტი გახდა თავშესაფარი და ჩვენ ნათლად ვხედავთ გადასახადისგან თავის არიდებას. ეს უნდა გაკონტროლდეს. სახელმწიფომ ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რაც სიტუაციას დაალაგებს: მოიხმარე? გადაიხადე, არ გადაიხდი და აგე პასუხი!
დატა ცენტრების მიმართაც ანალოგიური მოსაზრება მაქვს. ვთვლი, რომ მათზეც ისეთივე ტარიფი უნდა მოქმედებდეს, რასაც სხვა გადამხდელები იხდიან”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია არაბიძემ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ამის ერთ-ერთი მიზეზად სულ უფრო ხშირად კრიპტოვალუტის მაინინგი სახელდება. ციფრული ვალუტის გამომუშავებით დაკავებული საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდაზე საუბარია სემეკის ანგარიშშიც.
„2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 2024 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 3.2%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში მოხმარების ზრდა განაპირობა პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების, უნივერსალური და საჯარო მომსახურების მიმწოდებლების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის ზრდამ.
2025 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირიმომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია გარკვეული კატეგორიის (მრეწველობის, ლითონის მადნების მოპოვება, მაინინგი და სხვა) პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით”, – ვკითხულობთ სემეკის ანგარიშში.
2025 წელს ქვეყნის მთელი ელექტრო მოხმარების 4%-ზე მეტი მაინინგით დაკავებულ საწარმოებზე მოდიოდა. კერძოდ, გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 14.336 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, ხოლო მაინინგით დაკავებული საწარმოების მოხმარება 605 მლნ კვტ.სთ იყო (2024 წელს, მაინინგით დაკავებული საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 468 მლნ კვტ.სთ შეადგინა).
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული დატა ცენტრებთან და ციფრული ვალუტის მაინინგთან. პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ქეთევან ბაკურაძის შეფასებით, ტარიფის ერთბაშად მატებას და დენის მოხმარების ზრდას ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგი იწვევს.
„გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილი ელექტრომოხმარება დაასახელეს. თუმცა რეალობა სხვაგვარია: საქართველოში არც ახალი მსხვილი საწარმოები გახსნილა და არც მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილა, პირიქით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ამ ფონზე ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა იწვევს მოხმარების ზრდას? ერთ-ერთი პასუხი არის _ კრიპტომაინინგი და ის ბიტკოინები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება.
შედეგად, მათი მილიარდების ფასს „ქართული ოცნება საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე იხდის: პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, სტუდენტებისა და მცირე ბიზნესების ხარჯზე. იმ ადამიანების, რომლებსაც ისედაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი.
ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ოცნებას” ახლა და მომავალში შეუძლია მოსახლეობისთვის, ეს არის გაძვირებული ცხოვრების უფრო და უფრო გართულება, იზოლაცია და გადარჩენისთვის უმძიმეს პირობებში ბრძოლა”, _ განაცხადა ქეთევან ბაკარიძემ.
სემეკის გადაწყვეტილებას აფასებენ ექსპერტულ წრეშიც. ეკონომისტები ფიქრობენ, გადასახადის გაზრდა თითქმის ყველა მიმართულებით აისახება ფასებზე, პირველ რიგში კი სურსათს გააძვირებს, რაც ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრებას შეეხება. ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის თქმით, სატარიფო ცვლილება საბოლოოდ მოსახლეობის მდგომარეობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს და მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს:
„ცხადია, რომ სოციალური ტვირთი მოსახლეობისთვის არის მძიმე. რატომღაც ამაყობენ ეკონომიკური ზრდით, ბოლო წლებში მიღწეული შედეგებით, მაგრამ ამ დროს მიმზიდველი სტატისტიკის ფონზე უმუშევრობა მაინც რჩება გამოწვევად. მოსახლეობა სარგებელს ვერ იღებს, მდიდრდებიან კონკრეტული კომპანიები და ადამიანები, რაც ბევრ კითხვას ბადებს.
მე არ ვარ ენერგეტიკოსი, რომ დავაკონკრეტო, ზუსტად რამდენი თეთრით შეიძლებოდა ტარიფის კორექტირება, თუმცა არსებული არგუმენტები, რასაც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, გნებავთ სემეკისგან, ვისმენთ, მიუღებელი მგონია. უკვე პრობლემური გახდა ინფლაციის კონტროლი. 2026 წლის თებერვალში საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 4.6% იყო, სასურსათო ინფლაცია კი 9.5%-ის დონეზე დაფიქსირდა. ტარიფების 33-პროცენტიანი მატებით დაახლოებით 0.5-1.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება ინფლაციის საერთო მაჩვენებელი.
საბოლოოდ ყველაზე ღარიბი მოსახლეობა დაზარალდება, თუმცა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მწარმოებლებიც, რადგან ფასების კორექტირება მათაც მოუწევთ, ეს ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედებს”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯანიაშვილმა.
ტარიფის გაძვირებას ეკონომისტები უწოდებენ „მიწოდების შოკს”, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა სეგმენტში საწარმოო დანახარჯები გაეზრდებათ, რაც ავტომატურად უბიძგებთ, გარკვეული გავლენა მოახდინონ ფასებზე და მომსახურება გააძვირონ. მიიღებს თუ არა რთულ გადაწყვეტილებას, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუმცა არ მალავს, რომ სემეკის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია. იგი ეჭვობს, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ შეთანხმებას, რაც მოკვლევის საფუძველი უნდა გახდეს.
„კომუნალური გადასახადების გაძვირება ჩვენს სეგმენტზე ძალიან მძიმედ აისახება, რადგან შემდგომი ეტაპი საფასო ცვლილებებია. უკიდურეს სიტუაციაში ბევრს მოუწევს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, წაგებაზე ხომ არ წავლენ კომპანიები?! ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ინფლაცია გაიზრდება და ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით. ადვილი მისახვედრია, რომ ამას მოჰყვება კიდევ რაღაცების გაძვირება, რადგან ელექტროენერგიაზეა მიბმული თუნდაც წყალი.
მარტო სარესტორნო ბიზნესი ხომ არ არის, კომუნალურზეა დამოკიდებული უამრავი წარმოება, რომელიც ამუშავებს პროდუქციას, რომელსაც რესტორანი იყენებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კარტელური გარიგება მოხდა გარკვეულ სუბიექტებს შორის, რაზეც ალბათ სუს-ის კომისიამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.
ქვეყნის დამანგრეველი გადაწყვეტილებაა, მარტო სარესტორნო ბიზნესს კი არა, მთელ ქვეყანას შემოარტყეს სილა. მომსახურების სექტორში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება, გაძლებაზე მოგვიწევს მუშაობა”, _ განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
ასეთი აჟიოტაჟის ფონზე „გალტ ენდ თაგარტმა” წლევანდელი ინფლაციის პროგნოზი 3-დან 4.2%-მდე გაზარდა. როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, ელექტროენერგიის გაძვირების ეფექტი ინფლაციაზე 0.7 პროცენტული პუნქტი იქნება.
„ჩვენ მოგვიწია პროგნოზების გადახედვა, რა დროსაც გავითვალისწინეთ არა მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა (რასაც კონფლიქტის 2-3 თვე გაგრძელების შემთხვევაში, სხვა სასაქონლო კატეგორიებზეც ექნება გავლენა), არამედ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც.
ჩვენი შეფასებით, ტარიფის ცვლილების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტი ინფლაციაზე, აპრილიდან მოყოლებული 0.7 პროცენტული პუნქტი იქნება. 2027 წლისთვის ეს გავლენა ამოიწურება (ე.წ. საბაზო ეფექტი). ამასთან, ეფექტი შეიძლება ჩაითვალოს ერთჯერადად, რის გამოც შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული რეაგირება არ მოახდინოს. თუმცა გასათვალისწინებელია არაპირდაპირი ეფექტებიც, რაც მცირე ბიზნესისთვის ტარიფის გაძვირებით არის განპირობებული.
თუ წლის დასაწყისში საშუალო წლიურ ინფლაციას 3%-ის ფარგლებში ველოდით, ახლა პროგნოზი 2026 წლისთვის 4.2%-მდე გავზარდეთ. ეს გათვლა ეყრდნობა დაშვებას, რომ ირანის ირგვლივ არსებული ესკალაცია 2-3 თვეში გადაიჭრება, რის შემდეგაც ნავთობზე ფასები კლებას დაიწყებს, თუმცა ომამდელ ნიშნულს (65-70 დოლარს) მაინც ვერ დაუბრუნდება და წლის ბოლომდე 80 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება”, _ განაცხადა ქავთარაძემ.
ამდენად, ელექტროენერგიის გაძვირებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც სოციალურ უკმაყოფილებაში სავარაუდოდ არ გადაიზრდება, მაგრამ ცხოვრების ხარისხზე ნამდვილად იმოქმედებს. როგორც ჩვენი რესპონდენტები ირწმუნებიან, ცხოვრება გაურთულდება ქვეყნის მოქალაქეებს, ხოლო ბიზნესისთვის მძიმე ტვირთად იქცევა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ წლის ბოლოს იგეგმება ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფის გადახედვაც. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ გაძვირება ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია.
ლევან ნატროშვილი

