Homeააფ-მედიაყულევის ქარხნიდან ექსპორტის არნახული ზრდა

ყულევის ქარხნიდან ექსპორტის არნახული ზრდა

Published on

spot_img

რუსული ნავთობის კვალის ეჭვები და კრიტიკა

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მისი მმართველი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი” კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოდან ნავთობპროდუქტების რეკორდული ექსპორტი დაფიქსირდა. 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია პირველად გავიდა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტოგოს რესპუბლიკაში. ტოგოში ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოულოდნელმა და მასშტაბურმა ზრდამ ეჭვი გააჩინა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე ანალიტიკურ ორგანიზაციებში. ყველაზე დიდი ეჭვი უკავშირდება რუსეთზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ხელისუფლების ოპონენტები კითხულობენ, ხომ არ ხდება საქართველო რუსული ნავთობის „გამთეთრებელი” ჰაბი, სადაც რუსული ნედლეული ფორმალურად „ადგილობრივ პროდუქტად” გარდაიქმნება და შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გადის.

ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ნავთობის მოპოვება მინიმალურია, ხოლო ყულევის ახალმა ქარხანამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა. კრიტიკოსები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე, ვარაუდობენ, რომ დოკუმენტებში მითითებული „ნედლი ნავთობის” ნაცვლად, რუსეთიდან შესაძლოა მზა ნაწარმი (დიზელი ან ბენზინი) შემოვიდა და ექსპორტზე პირდაპირ „ქართული პროდუქტის” სახელით გავიდა.

ტოგო ცნობილია როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონალური ჰაბი, სადაც ხშირად ხდება იაფი, ზოგჯერ კი დაბალი ხარისხის ან სანქცირებული საწვავის გადატვირთვა. გავლენიანი ფიგურები, მათ შორის აფრიკის ყველაზე მდიდარი მილიარდერი, ნიგერიელი ალიკო დანგოტე აფრთხილებდა ბაზარს ტოგოს სანაპიროებთან რუსული „ფასდაკლებული” პროდუქციის მოჭარბებაზე.

ტოგო საქართველოსთვის სრულიად ახალი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყანა, რომელთანაც აქამდე ვაჭრობის ისტორია თითქმის არ არსებობდა, უცებ ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებად იქცა, რამაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ყურადღება მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური უწყებები და ყულევის ქარხნის მფლობელები ამ ეჭვებს უარყოფენ და ზრდას ქარხნის მიერ სრული ციკლით მუშაობის დაწყებას უკავშირებენ, თუმცა, ოფიციალური მონაცემებითაც კი, მთავარი ნედლეული სწორედ რუსეთიდან შემოტანილი ნავთობია და ნებისმიერ შემთხვევაში, ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა საქართველო სანქცირებული რუსული ნავთობის ექსპორტზე გატანის სქემის მონაწილე იყოს – რჩება.

საქსტატის ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაუჯერებლად გაიზარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებში სერიოზულ ეჭვებს აჩენს. 2025 წელს საქართველომ 148,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს. ამ ექსპორტის დაახლოებით 54% (დაახლოებით 80 მლნ დოლარი) გაფორმდა როგორც „ადგილობრივი ექსპორტი~ და არა რეექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტმა ქვეყანაში „არსებითი გადამუშავება~ გაიარა. მხოლოდ 2026 წლის იანვარში ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 58,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება 2025 წლის იანვრის მაჩვენებელს (11,7 მლნ დოლარი). თებერვლის თვეში დაახლოებით 31,9 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტებია ექსპორტზე გატანილი.

2022 წლამდე საქართველოდან ნავთობპროდუქტები მცირე მოცულობით გადიოდა, ძირითადად რეექსპორტის სახით. 2022 წლიდან კი მაჩვენებლები მკვეთრად და „არაბუნებრივად~ გაიზარდა, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის ხარჯზე.
ყულევის ქარხანას აქვს ფიზიკური შესაძლებლობა მასშტაბური წარმოებისთვის?
გარდა იმ ეჭვებისა, რომ საქართველოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შესაძლოა სანქცირებული რუსული ნავთობის ერთგვარ „გამტარად” გვევლინებოდეს, ხელისუფლების ოპონენტები თუ სხვადასხვა ექსპერტები სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ასევე ეჭვებს გამოთქვამდნენ, რომ „ბლექ სი პეტროლიუმს” არ ჰქონდა ნავთობპროდუქტების წარმოების სრული ციკლის შესაძლებლობა და მხოლოდ ზედაპირული ჩარევით არის შესაძლებელი არსებული საწვავის ტიპის მცირე ცვლილება, შემდეგ კი უკვე „გადამუშავებული” პროდუქტის გატანა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჩაფიქრებულია როგორც სრული ციკლის საწარმო, მისი ტექნიკური აღჭურვა რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში იწერებოდა მედიაში, რომ „ბლექ სი პეტროლიუმის” განვითარება 6 ფაზად არის დაყოფილი და სრული საწარმოოო ციკლის მიღწევა 2028 წელს არის ნავარაუდები.
პირველი ფაზა იყო (2025 წლის ბოლო – 2026 წლის დასაწყისი), როცა ექსპლუატაციაში შევიდა პირველი ატმოსფერული დანადგარი, რომლის წლიური სიმძლავრე 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა.

რაც შეეხება სრულ ტექნოლოგიურ ციკლს ოფიციალური გეგმით, „ევრო-5″ სტანდარტის დიზელის, 92-95 მარკის ბენზინისა და საავიაციო ნავთის (ჟეტ A-1) წარმოებისთვის საჭირო ღრმა გადამუშავების დანადგარების ინტეგრაცია მხოლოდ 2028 წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ოპონენტები და ექსპერტები მიუთითებენ რამდენიმე გარემოებაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დღევანდელ მდგომარეობასაც. კრიტიკოსების აზრით, 1,2 მილიონი ტონის გადამუშავება დღიურად დაახლოებით 24,000 ბარელს ნიშნავს, რაც „სრული ციკლის” მქონე ქარხნისთვის მცირეა. გამოცემა Fორბეს-ის ანალიზის მიხედვით, ქარხნის სტრატეგია შესაძლოა უფრო მეტად ორიენტირებული იყოს სანქცირებული ნავთობის რეორიენტაციაზე, ვიდრე რეალურ, სიღრმისეულ გადამუშავებაზე. არგუმენტად მოყვანილია შემდეგი გარემოება, რომ 2025 წლის ოქტომბერში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ქარხანას უფლება მიეცა ხარისხის ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს დიზელი, თუ ის „სალიცენზიო საქმიანობისთვის” გამოიყენება. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ხდება არა ნედლი ნავთობის გადამუშავება, არამედ მზა პროდუქციის შერევა (ბლენდინგ) ან ფორმალური გადამუშავება.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი” აცხადებს, რომ თანამშრომლობს ამერიკულ კომპანია Honeywell-თან, რათა დანერგოს მაღალი ხარისხის საწვავის წარმოების ტექნოლოგიები. თუმცა, ამ ტექნოლოგიების სრული დანერგვა მხოლოდ მომავალ წლებშია მოსალოდნელი.

ასე რომ, ფიზიკურად ქარხანა ფუნქციონირებს, თუმცა მისი დღევანდელი შესაძლებლობები, სავარაუდოდ, შემოიფარგლება პირველადი გადამუშავებით (ნაფტა, მაზუთი, დიზელი), ხოლო მაღალტექნოლოგიური, სრული ციკლი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

ქარხნის მესვეურები

ოფიციალური და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი” (Black Sea Petroleum) მართავს, რომლის საკუთრების სტრუქტურა და მმართველი რგოლი რამდენიმე ძირითად ფიგურასა და კომპანიას უკავშირდება. ძირითადი მფლობელები და ბენეფიციარები არიან:

მაკა ასათიანი – კომპანიის დამფუძნებელი და ძირითადი მფლობელი. 2024 წლის დეკემბრიდან ის ქარხანას საკუთარი კომპანიის, MK Capital-ის მეშვეობით ფლობს;
დავით ფოცხვერია – 2025 წლის თებერვალში კომპანიის 29,34%-იანი წილის მფლობელი გახდა მისი კომპანია Dunamis LLC. ის ასევე იკავებს კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას;

კონსტანტინე (კოტე) გოგელია – მაკა ასათიანის მეუღლე, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პუბლიკაციაში ქარხნის „საბოლოო მესაკუთრედ” მოიხსენიებს. მას რუსეთში ნავთობის ბიზნესთან მრავალწლიანი კავშირი აქვს (კომპანიები Nefteresurs და Arctic Bunker).

კომპანიის მმართველ გუნდში ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზეა „ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური განვითრების მინისტრი ლევან დავითაშვილი. დავითაშვილი 2025 წლის სექტემბერში ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. დავითაშვილი სახელმწიფო თანამდებობას 2025 წლის 24 ივნისამდე იკავებდა.

„ბლექ სი პეტროლიუმის” მმართველ გუნდშია აგრეთვე კახი ჟორდანია, მაკა ასათიანის შვილი, რომელიც ასევე ფიგურირებს პროექტის პრეზენტაციებში. საგამოძიებო მედიის (როგორიცაა The Insider-ი) ინფორმაციით, მას ბიზნესკავშირები აქვს რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან.

აღსანიშნავია, რომ ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობა აქვს მიღებული საპარტნიორო ფონდს, რომელმაც პროექტის განხორციელებისათვის 8,2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

სანქციების რისკი და გადარჩენა

2026 წლის მარტში ყულევის ნავთობტერმინალი და ქარხანა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში მოხვედრის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი სანქციებს მესამე ქვეყნის პორტს დაუწესებდა. ევროკავშირის ეჭვები რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. ერთ-ერთი მიზეზი იყო რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების ყულევში შესვლა და ნავთობის ჩამოცლა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი არალეგალურად ახერხებდა სანქცირებული ნავთობის გაყიდვას. ასევე, არსებობდა ეჭვი, რომ ყულევის ქარხანა გამოიყენებოდა რუსული ნავთობის „გადამისამართებისთვის”, სადაც ის ფორმალურად ქართულ პროდუქტად გარდაიქმნებოდა ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად. სანამ ევროკავშირის მიერ სანქციების საფრთხე რეალური არ გახდა, ქარხანა პრაქტიკულად მხოლოდ რუსულ ნავთობს გადაამუშავებდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სანქციებიდან გადარჩენა ქარხანამ იმიტომ შეძლო, რადგან საქართველოს მთავრობამ და ტერმინალის ოპერატორმა SOCAR-მა წერილობითი პირობა დადეს ევროკავშირის წინაშე, რომ ყულევი აღარ მიიღებს სანქცირებულ გემებს და დაიცავს რუსულ ნავთობზე დაწესებულ „ფასის ზედა ზღვარს”.

სანქციების თავის არიდებაში საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ქვეყნების პრორუსული ორიენტაციის მთავრობებიც დაეხმარათ – სანქციების პაკეტს უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაადეს ვეტო, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით იყო განპირობებული. სანქციების თავიდან ასაცილებლად, „ბლექ სი პეტროლიუმმა” ასევე განაცხადა, რომ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობს ყაზახური და თურქმენული ნედლეულით.

როგორც ცნობილი გახდა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. თუ დაფიქსირდება სანქცირებული გემების მიღება ან რუსული ნავთობის რეექსპორტი, ევროკავშირი მზადაა, საკითხი დაუყოვნებლივ დააბრუნოს დღის წესრიგში. ასევე, 2026 წლის 21 იანვრიდან ევროკავშირში უკვე მოქმედებს აკრძალვა იმ პროდუქტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლეულისგან არის დამზადებული. ეს ნიშნავს, რომ ყულევის ქარხანა ევროპულ ბაზარზე წვდომას მაინც ვერ მიიღებს, სანამ სრულად არ გადავა არარუსულ ნედლეულზე.
სანქციების პაკეტიდან ყულევის ქარხნის ამოღებას გამოეხმაურა ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე.

„სინამდვილეში ყულევის პორტი გადარჩა დასანქცირებას ამერიკის და ევროკავშირის აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულების გამო. ამ პორტიდან გადის აზერბაიჯანული მზა ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი. მისი დასანქცირება უდიდესი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის.

ყულევის პორტი შარში გაეხვა მის მახლობლად მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო. ქარხანა ჯერაც არ ამუშავებულა, მაგრამ ნოემბერ, დეკემბერ, იანვრის თვეში მოასწრო რუსული ნედლი ნავთობიდან 116 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები „წარმოება” და გაყიდვა. ამ აფიორის ჩატარება ყულევის ტერმინალის გარეშე შეუძლებელი იყო. უმოქმედო ქარხანა ვერაფერს აწარმოებდა.

ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის. ჩვენი ინფორმაციით თებერვალშიც აქვს ჩადენილი მსგავსი მანიპულაცია. თებერვლის ცოდვებიც ჩამოწერა ევროკავშირმა და დღევანდელი დღით იწყება თუ არა ათვლის წერტილი, ეს მალე გამოჩნდება”, – დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში.

„ერთი რამ ფაქტია, რომ ოთხ თვეში საქართველოსთან გატანილი იქნა 170 მილიონი დოლარის მზა პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქცია შექმნილა. სად არის ბიუჯეტში დღგ? (სავარაუდოდ, ზოგადად `გადასახადები~ იგულისხმა, რადგან ექსპორტი დღგ-ით არ იბეგრება _ რედ. შენიშვნა) ნახევარი მილიარდი ლარის პროდუქცია რომ შექმნა, დაახლოებით ას მილიონ ლარზე მეტი ხელფასი უნდა გაცემულიყო მუშებზე და იქიდან 20 მილიონი ბიუჯეტში შესული. არაფერი მსგავსი არ ხდება. შემოვიდა გემი, ჩაისხა ტერმინალში; შემოვიდა მეორე გემი ჩაისხა გემში და ტანკერმა გაიტანა გასაყიდად. მანიპულაციაა. ეკონომიკაში არაფერი არ რჩება, მაგრამ ამ პროცესებთან დაკავშირებული ერთი მუჭა ადამიანები ნაღებს ხსნიან”, – განაცხადა გოცირიძემ.

რუსულ ნავთობზე უარის თქმა – ყულევის ქარხნისთვის წაყენებული პირობა

მას შემდეგ რაც, ევროკავშირის სანქციების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ყულევის ქარხანას მოუწია „თამაშის წესების” შეცვლაზე ფიქრი. თუკი სიტუაციის დაძაბვამდე მთლიანად რუსულ ნავთობს ღებულობდა, 2026 წლის აპრილის მონაცემებით მდგომარეობა შეცვლილია.

ქარხანამ მუშაობა 2025 წლის ბოლოს სწორედ რუსული ნედლეულით დაიწყო. 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე პერიოდში საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 265,000 ტონა ნედლი ნავთობი მიიღო. ძირითადი მომწოდებელი რუსული კომპანია RUSSNEFT-ია.

ევროკავშირის სანქციების რისკის გამო, კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა” 2026 წლის მარტის ბოლოს განაცხადა, რომ იწყებს რუსული ნედლეულის ჩანაცვლებას თურქმენული ნავთობით. კომპანიის გენერალური დირექტორის, დავით ფოცხვერიას განცხადებით, ეს არის პირველი ეტაპი რუსულ მიწოდებაზე დამოკიდებულების სრულად მოსახსნელად.
დივერსიფიკაციის გეგმის შემდეგი ეტაპი ყაზახური ნავთობის იმპორტს ითვალისწინებს. კომპანია მუშაობს ლოგისტიკურ საკითხებზე, რათა უზრუნველყოს ნედლეულის ტრანსპორტირება აზერბაიჯანის გავლით.

ასევე განიხილება აზერბაიჯანი, როგორც პოტენციური მომწოდებელი და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალური აზიის ნედლეულისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ არსებული რუსული ნედლეული. ამისთვის თურქმენულ ნავთობზე ვმუშაობთ, შემდგომ ეტაპზე კი ყაზახურ და სხვა ალტერნატიულ წყაროებზეც”, – აცხადებს ფოცხვერია.

მისი თქმით, ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაცია პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის საექსპორტო შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ევროკავშირის ბაზარი ამ ეტაპზე დახურულია იმ პროდუქციისთვის, რომელიც რუსული ნავთობით არის წარმოებული, ხოლო ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება ამ შეზღუდვას მოხსნის.

ამასთან, როგორც დავით ფოცხვერია აღნიშნავს, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი” ამ მიმართულებით შეხვდა, არის აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ თურქმენული ნავთობის ტრანზიტის დაწყება. როგორც ფოცხვერია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შეთანხმებები დიდი ხანია მიღწეულია, თურქმენული ნავთობის პრაქტიკული ტრანსპორტირება ჯერ არ დაწყებულა.

„სამწუხაროდ, და გარკვეულწილად მოულოდნელადაც, ჩვენი მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება გაჭირდა. თურქმენულ ნავთობზე შეთანხმება რამდენიმე თვის წინ უკვე მიღწეული გვაქვს, თუმცა მისი ტრანსპორტირება ჭიანურდება”, – აცხადებს ფოცხვერია.

მისივე თქმით, „ბლექ სი პეტროლიუმი” იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაააქტიუროს ალტერნატიული მიწოდების ჯაჭვი.

„როგორც კი ეს სარკინიგზო ჯაჭვი ამოქმედდება, ამას ავტომატურად მოჰყვება სხვა წყაროების, მათ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტიც”, – აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი დავით ფოცხვერია.

ასეა თუ ისე, ყულევის ნავთობქარხანა რჩება ერთ-ერთ ყველაზე სადავო პროექტად. ოპონენტების აზრით, მისი ექსპორტის მაჩვენებლები არარეალურად გამოიყურება, დამფუძნებლები და ისტორია რუსულ კაპიტალთან არის დაკავშირებული, ხოლო სანქციების არიდება მხოლოდ დროებითი „გადარჩენის” შედეგია. ხელისუფლება ქარხანას წარმატების ისტორიად წარმოაჩენს, მაგრამ კრიტიკოსებისთვის ის კვლავ რუსული ნავთობის გამტარია. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამო, პროექტი საზოგადოებაში განიხილება როგორც ეკონომიკური შესაძლებლობა და იმავდროულად – პოლიტიკური საფრთხე.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.