Homeუცხოეთიევროკავშირმა აზერბაიჯანულ ტანკერებს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა აზერბაიჯანულ ტანკერებს სანქციები მოუხსნა

Published on

spot_img

რამ გადაარჩინა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციებს

ევროკავშირის საბჭომ 2026 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის კუთვნილ ხუთ ტანკერს სანქციები მოუხსნა. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს“ – ASCO-ს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ხომალდები 2025 წლის ივლისსა და ოქტომბერში დაასანქცირეს. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მათ ადანაშაულებდნენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში ყოფნასა და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში.

აზერბაიჯანული ტანკერების დასანქცირება

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ASCO-ს და SOCAR-ის ერთობლივი საწარმოს კუთვნილ ტანკერებს: Zaqatala-ს, Shusha-ს, Karabakh-ს, Khankendi-ს და Zangazur-ს. გემების მფლობელებს საერთაშორისო საზღვაო წესების დარღვევაში სდებდნენ ბრალს. კერძოდ, ეჭვობდნენ, რომ მათ გადაჰქონდათ რუსული ნავთობი უფრო ძვირად, ვიდრე G7-ის მიერ ფასზე დაწესებული ლიმიტი იყო.

„აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნო“ – ASCO, როგორც სახელმწიფო საზღვაო გადამზიდავი კომპანია, საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობაა. მისი თანამედროვე სტრუქტურა ჩამოყალიბდა 1990-იან წლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მხარდაჭერით. ASCO-ს ფლოტი 200-ზე მეტ ხომალდს მოიცავს. აქედან სავაჭრო ფლოტში დაახლოებით 20-22 ტანკერია, დანარჩენი კი ბორნები, მშრალი ტვირთის გემები და დამხმარე ხომალდებია.

კომპანია ტანკერებს იყენებს როგორც კასპიის ზღვაში, ისე შავ და ხმელთაშუა ზღვებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად. დასანქცირებული გემების ნაწილი, მაგალითად, Shusha და Karabakh-ი საერთაშორისო წყლებში ოპერირებისთვის 2023-2025 წლებში შეიძინა ASCO-სა და SOCAR-ის ერთობლივმა საწარმომ. მიუხედავად იმისა, რომ ASCO-ს ძირითადი ბაზარი კასპიის რეგიონია, სანქციების დაწესებისას ბრიუსელში გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ტანკერები რუსული ნავთობის ექსპორტში მონაწილეობდნენ, რაც პირდაპირ არღვევდა EU-ს მიერ დაწესებულ ენერგეტიკულ შეზღუდვებს.

კავშირი ყულევის ნავთობტერმინალთან

SOCAR-ის საკუთრებაში არსებული ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურაა. სწორედ აზერბაიჯანული ტანკერების საქმიანობის გამო გაჩნდა ეჭვი ევროკავშირში, რომ ტერმინალი შესაძლოა გამოყენებულიყო რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის. ეს ეჭვები 2025 წლის ბოლოს კიდევ უფრო გაძლიერდა. 2026 წლის თებერვალში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ყულევის ტერმინალის დასანქცირებასაც განიხილავდა რუსული ნავთობის ტრანზიტის ხელშეწყობის ბრალდებით.

მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებამ და SOCAR-მა ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს ბრიუსელის დარწმუნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ EU-ს მიერ სანქცირებული გემები ვერ შევიდოდნენ ქართულ პორტებში; SOCAR-მა კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი ოპერაციები შეესაბამებოდა EU-ს მიერ დაწესებულ „ფასის ჭერს“ და იმპორტის აკრძალვას. საბოლოოდ, ამ ნაბიჯებმა ყულევის ტერმინალი ამ ეტაპზე ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მიღმა დატოვა და სასჯელს გადაარჩინა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, 23 აპრილს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მოხსნა სანქციები დასახელებულ ტანკერებზე. ევროკავშირის განმარტებით, გემების მფლობელებმა აჩვენეს, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს რისკი აზერბაიჯანული გემები გამოყენებული იქნას რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის. თავის მხრივ, ASCO-მ განაცხადა, რომ ეს გემები მესამე პირებზე გრძელვადიანი ჩარტერით იყო გაქირავებული და კომპანიას მათი ყოველდღიური ოპერაციების კონტროლის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, არც ის დადასტურებულა, რომ ეს გემები ნამდვილად არღვევდა სანქციების რეჟიმს. საბოლოოდ რაც ჩანს, ამ ეტაპზე რისკი მოხსნილია და ძველ ამბებში აღარც ევროკავშირი აპირებს ღრმად ჩაძიებას. ASCO-მ და SOCAR-მა ივალდებულეს, რომ მომავალშიც მკაცრად დაიცავენ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და EU-ს სანქციების მოთხოვნებს. ეს მდგომარეობა ევროკავშირისთვისაც მისაღები და დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და აზერბაიჯანისთვისაც.

როგორც აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, ტანკერებისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანისთვის დიპლომატიური გამარჯვებაა, რამაც შეამცირა წნეხი SOCAR-ის სხვა აქტივებზეც, მათ შორის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტანკერებისთვის სანქციების მოხსნის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ASCO-ს და SOCAR-ის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ ბრიუსელის შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის საბჭოს ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტებთან.

გადაწყვეტილების გავლენა აზერბაიჯანსა და საქართველოზე

ევროკავშირის მიერ ტანკერებზე სანქციების მოხსნა აზერბაიჯანისთვის ნიშნავს საზღვაო ოპერაციების საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ხომალდების თავისუფალ გადაადგილებას და ენერგეტიკული ექსპორტის სტაბილიზაციას.

რაც შეეხება გავლენას საქართველოსთვის, ყულევის ტერმინალის EU-ს სანქციების სიიდან ამოღება და აზერბაიჯანული ტანკერების რეაბილიტაცია ამცირებს რისკს, რომ თბილისი რუსული ნავთობის „გადამზიდავ ხიდად“ აღიქმებოდეს. ეს ზრდის საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საერთაშორისო ნდობას. საქართველოსთვის აზერბაიჯანული ტანკერების თავისუფალი ოპერირება მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს ყულევისა და ბათუმის პორტების დატვირთვას და აზერბაიჯანული ნედლეულის შეუფერხებელ ტრანზიტს დასავლეთისკენ. 

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე.  მისი თქმით, ევროკავშირმა აზერბაიჯანის ტანკერები და ყულევის ქარხანა მას შემდეგ ამოიღო სანქციების სიიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და „სოკარმა“ დადეს პირობა, რომ არ მოხდებოდა სანქცირებული რუსული ნავთობის გადაზიდვა ამ პორტიდან.
„ამ სქემაში მთავარი მონაწილე ყულევში მშენებარე ნავთობქარხანა იყო. გაირკვა ასევე, რომ ინდონეზიის ის პორტი, რომელიც ყულევთან ერთად უნდა დასანქცირებულიყო, მართლაც აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში. ყულევი სანქციებს რეგიონში არსებულმა ვითარებამ და აზერბაიჯანის განსაკუთრებულმა როლმა გადაარჩინა. იმედია, ჭკუას ისწავლიან და საკუთარ შემოსავლებს გამოდევნებულები ხელს არ შეუწყობენ რუსეთის სისხლიანი რეჟიმის გაძლიერებას“, – დაწერა რომან გოცირიძემ.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანული ენერგოაქტივებისთვის სანქციების გარშემო ვითარება შემდეგია:

მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან შეზღუდვების მოხსნისა, ხუთივე ტანკერი Zaqatala, Shusha, Karabakh-ი, Khankendi, Zangazur-ი კვლავ რჩება დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ მათთვის კვლავ დაკეტილია ბრიტანული პორტები და შეზღუდულია წვდომა ლონდონის საზღვაო-სადაზღვევო მომსახურებებზე, რაც მათ გლობალურ ოპერირებას გარკვეულ ბარიერებს უქმნის.

რაც შეეხება ყულევის ნავთობტერმინალს და გადამამუშავებელ ქარხანას, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან პირობების დათქმით ამოიღეს. ობიექტი რჩება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ და სანქციების საფრთხე კვლავ დაუბრუნდება დღის წესრიგს, თუკი დაფიქსირდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მომსახურების ან დაწესებული საფასო ზედა ზღვრის დარღვევის ფაქტი.

ამრიგად, ორივე შემთხვევაში პროცესი დასრულებული არ არის და აზერბაიჯანულ მხარეს საერთაშორისო ვალდებულებების მკაცრი დაცვა კვლავ მოუწევს.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.