მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული ინიციატივა შეცვალა – სახელმწიფო ბანკი აღარ შეიქმნება
რამდენიმე თვის წინ, მთავრობის მიერ გამოცხადებული „ეკონომიკის განვითარების ბანკის” ნაცვლად „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” შეიქმნება. „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიციატივის ცვლილებაზე მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. რაც ცნობილი გახდა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში”-ს ბაზაზე ახალი ინსტიტუცია უნდა შეიქმნას, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ისიც ითქვა, რომ კორპორაცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს და ის როგორც სესხების, ასევე კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს გააერთიანებს.
როგორ გაჩნდა იდეა სახელმწიფო ბანკის დაარსებაზე
„ქართული ოცნების” ინიციატივის – სახელმწიფოს ბანკის დაფუძნების შესახებ თებერვლის დასაწყისში გახდა ცნობილი. ისიც იყო მითითებული, რომ ახალი ორგანიზაცია კომერციული ბანკების კონკურენტი არ უნდა ყოფილიყო.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს „ბანკი” და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში”, – ჩაიწერა მთავრობის 30 იანვრის განკარგულებაში.
სახელმწიფო ბანკის იდეაზე ბევრს ძველი ამბებიც გაახსენდა. „საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა „ქართული ოცნების” მთავრობას 2014 წელსაც ჰქონდა – შესაბამისი კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა, მაგრამ ის კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.
თებერვალშივე, ირაკლი კობახიძემ უფრო დააკონკრეტა, როგორი უნდა ყოფილიყო „სახელმწიფო ბანკი”. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილიო. ასევე მაშინ გაირკვა, რომ იგეგმებოდა „საქართველოს განვითარების ფონდის” (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი”) ლიკვიდაცია. კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და „აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო ბანკის სახით გაერთიანდება.
„რეალურად შერწყმაზეა საუბარი. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.
საუბარია განვითარების ფონდზე, რომელიც „აწარმოე საქართველოსთან” ერთად გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი”, – თქვა კობახიძემ. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად უფრო ოპტიმალური მართვა იქნება შესაძლებელი.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ „ეკონომიკის განვითარების ბანკმა” ფისკალური რისკები არ უნდა შექმნას და ახალი საფინანსო ინსტიტუტი არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე, გარდა იმ პროგრამებისა, რომლებიც უკვე არსებობს (აწარმოე საქართველოში; მხარდაჭერის პროგრამები). ამასთან, კაკაურიძემ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს იმისთვის არის ჩართული, ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნამ ბიუჯეტზე ფისკალური რისკები რომ არ წარმოქმნას.
„საქართველოს განვითარების ფონდი” უქმდება, ვინ გააგრძელებს მის ფუნქციებს?
4 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „სააქციო საზოგადოების `საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”.
ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ, მისი აქტივები და პროექტები შეერწყმება ეკონომიკის სსიპ „აწარმოე საქართველოში”-ს და როგორც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდნენ, მის საფუძველზე ახალი ფინანსური ინსტიტუტი – „ეკონომიკის განვითარების ბანკი” უნდა დაფუძნებულიყო.
პარლამენტში გაუქმების მხარდასაჭერად საკითხის გატანამდე, „საქართველოს განვითარების ფონდმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წინასწარი შეფასებით ფონდის მოგებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ფონდმა წელი 27 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და ყველა ფინანსური ინდიკატორი დადებითია. ფონდმა გაზარდა როგორც ლიკვიდურობა, აგრეთვე – აქტივები და კაპიტალი. 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასაჯაროვდება.
ფონდის მხარდაჭერით, პროექტები განხორციელდა ენერგეტიკის, მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე ბრენდული სასტუმროების მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის მიმართულებით. ფონდის პროექტებს შორისაა:
„გარდაბნის თბოელექტროსადგური” – საინვესტიციო მოცულობა 233 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 49%-ის კაპიტალით მონაწილეობდა;
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
– საინვესტიციო მოცულობა 188 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 8.2 მლნ დოლარის კრედიტით მონაწილეობს;
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC – საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 66.6%-ის კაპიტალით მონაწილეობს;
რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, შპს „ნოვატეკ ინტერნეიშენალი” – საინვესტიციო მოცულობა 11.3 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 1.8 მლნ ევროს სესხით მონაწილეობს;
„პანექსი” (Panex), სენდვიჩ პანელების საწარმო – საინვესტიციო მოცულობა 6.2 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 48%-ის წილით მონაწილეობდა.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ტურიზმის მიმართულებით ფონდმა შემდეგი პროექტების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა: „ბორჯომი-ლიკანი”, Radisson Collection Tsinandali, „ლოპოტა სპა რეზორტი” (გაფართოება), Gino Wellness Rabati, „როიალ ბატონი” (რამდენიმე წელია დახურულია), კურორტი „საირმე”, Best Western Kutaisi და „ჰილტონ აბასთუმანი” – პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა 160 მლნ აშშ დოლარამდეა.
„საქართველოს განვითარების ფონდს”, ანუ ყოფილ „საპარტნიორო ფონდს” წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით „საპარტნიორო ფონდის” ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი „საქართველოს განვითარების ფონდმა” ახალი სესხების გაცემა განაახლა.
„განვითარების ბანკის” იდეის მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კვლავ აქტიურად განიხილებოდა „განვითარების ბანკის” პერსპექტივები. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ვინც ცხადია იდეის მომხრე იყო, ინიციატივას დაეთანხმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაც. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე აცხადებდა, მისი მოლოდინით, ახალ ფინანსურ ინსტიტუტს უფრო მეტად საინვესტიციო ფონდის ფუნქციები ექნება, რამაც მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს.
„ზოგადად, კარგი ინიციატივაა, როდესაც სახელმწიფო ბანკის შექმნაზეა საუბარი, რომელიც უფრო იქნება მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესზე. ქვეყანაში არსებობს კომერციული ბანკები, რომლებიც ძალიან კარგად არის განვითარებული, რეგიონს თუ შევადარებთ, ლიდერები ვართ, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს საინვესტიციო ბანკები.
შესაბამისად, სწორედ აქ მოგვევლინება ეს ბანკი და ეს იქნება უფრო საინვესტიციო ბანკი. განსხვავება რა არის? კომერციული ბანკები, თუ პროექტი კომერციული არ არის, მაქსიმალურ რისკებს იზღვევენ, შესაბამისად, უზრუნველყოფის გარეშე, როგორც წესი, არ გასცემენ სესხს, სტარტაპებს არ აფინანსებენ, დამწყებ ბიზნესს არ აფინანსებენ. საინვესტიციო ბანკები კი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ კონკრეტულად ბიზნესი განავითაროს. აქ უკვე სხვა რისკებია, ანუ გამოსავლიანობა უფრო ნაკლები პროცენტია. თუ კომერციული ბანკი 95%-იან გამოსავლიანობას ეძებს, საინვესტიციო ბანკი შეიძლება 60-70%-ზე წავიდეს, ანუ უფრო მეტი რისკი აიღოს.
აქ უკვე სტარტაპების კომპონენტიც ნამდვილად შემოვა, უფრო მეტ ბიზნესგეგმას შინაარსობრივად შეხედავს და დავუშვათ, ვენჩურული კაპიტალის თემაც – სარისკო კაპიტალიც. სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები, ასეთი სახელმწიფო ბანკები ყველა ქვეყანაში არის და ჩვენთანაც რომ გაჩნდება, ძალიან კარგი იქნება”, – მიაჩნია ჭელიძეს.
მისი თქმით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება, რადგან ისეთი ბიზნესები, რომლებსაც უზრუნველყოფა არ აქვთ და ვერ ემსახურებიან სესხს, ისინიც მიიღებენ დაფინანსებას.
„მოლოდინია, რომ უფრო ადგილობრივი წარმოება, ისეთი ბიზნესები, რომლებიც იმპორტს ანაცვლებს ან ექსპორტზე არის ორიენტირებული – უფრო ესენი იქნება პრიორიტეტში. შეიძლება გაკოტრებული ქარხანა იყიდოს საინვესტიციო ფონდმა, განავითაროს, წინ წამოწიოს და მერე გაყიდოს. საინვესტიციო ბანკის შინაარსი უფრო მაღალ რისკებზეა დაფუძნებული. რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება ფინანსურ სექტორში, უფრო დაბალი პროცენტი და უფრო მეტი გაცემული სესხი იქნება. პოლონეთი არის კარგი მაგალითი ამის”, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ BMG-სთან საუბრისას.
ბიზნესის მრჩეველი და საბანკო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე მიხეილ გაფრინდაშვილი, „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ სახელმწიფო ბანკის შექმნის მორიგ მცდელობას კრიტიკულად აფასებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში” განაცხადა, მსგავსი ინსტიტუტის არსებობის ლოგიკური საჭიროება არ არსებობს და პროექტი მხოლოდ მაღალ რისკებს შეიცავს.
მიხეილ გაფრინდაშვილი ორ მთავარ კითხვას სვამს: ვინ უნდა დააფინანსოს ეკონომიკის განვითარების ბანკი და რა იქნება დაფინანსების წყარო. მისი შეფასებით, საქართველოში საბანკო სექტორი ერთადერთი „ევროპულად აწყობილი” სფეროა, რომელიც ბიზნესებს წარმატებით აფინანსებს, ხოლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისედაც საერთაშორისო დონორები (მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი) კურირებენ.
ბიზნესის მრჩეველი პირდაპირ მიუთითებს კორუფციულ საფრთხეებსა და საპენსიო დანაზოგების შესაძლო არასწორ გამოყენებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო ბანკი შეიძლება იქცეს ე.წ. „კარმუშკად” კონკრეტული ჯგუფებისთვის.
„მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად: ცხადია, ეს ბანკი რითეილს ანუ საცალო სექტორს ვერ დააფინანსებს – ეს სასაცილოა. თუ ბიზნესსექტორს დააფინანსებს, ჩნდება კითხვა – რატომ? კომერციული სექტორი ბიზნესს შესანიშნავად აფინანსებს და, მართლაც, საქართველოში ერთადერთი ევროპულად აწყობილი სექტორია.
თუ საუბარია სამთავრობო, გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ ისედაც აფინანსებენ საერთაშორისო ინსტიტუტები, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი (ADB). ექნებათ კი მათ იმის სურვილი, რომ ეს თანხები რომელიმე ადგილობრივი სახელმწიფო ბანკის გავლით მოახვედრონ ეკონომიკაში?! რა თქმა უნდა – არა. მაშინ რაზეა საუბარი, საერთაშორისო პროექტებზე?! ესეც სასაცილოა.
შესაბამისად, ეს ინიციატივა უფრო „კარმუშკის” მოწყობას ჰგავს. არსებობს საფრთხე, ვინმემ თვალი დაადგას საპენსიო ფონდის ₾8.5-მილიარდიან კაპიტალს და ის ამ ბანკის დაფინანსების წყაროდ აქციოს. საბოლოო ჯამში, ამ თემაზე საუბარიც კი ორ დიდ რისკს შეიცავს: პირველი – არსებული საბანკო სექტორის ჩამოშლა და მეორე – საპენსიო ფონდის არასწორად გამოყენება”, – განაცხადა მიხეილ გაფრინდაშვილმა.
„სახელმწიფო ბანკის შექმნა აშენებული საბანკო სექტორის ნგრევის ტოლფასია”, – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნის დაანონსება.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სექტორისთვის – საბანკო სისტემისთვის, დამაზიანებელია. შეკითხვაზე – რამდენად წონიანი შეიძლება იყოს მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბანკი იმ სექტორს დააფინანსებს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მიმზიდველი არაა და შეიძლება, უფრო იაფადაც, ვინაიდან ბიზნესის შეფასებით, საბანკო კრედიტი ქვეყანაში ძვირია – ნიკა ალავიძემ თქვა:
„ქართულ ბანკებს გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის პრობლემა არ აქვთ; მთავარი ბარიერი საკრედიტო რესურსის ფასია, რასაც ხშირად თავად სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართავი მუშაობა განაპირობებს”.
მისივე თქმით, პარადოქსულია, როცა კერძო ბანკები სესხის გაცემისთვის მზად არიან, სახელმწიფო ქმნის კვაზი-ბანკს.
„მთავარი რისკი ის არ არის, რომ ეს „სახელმწიფო ბანკი” დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები ვერ აფინანსებენ; მთავარი რისკია, რომ დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები შეგნებულად არ აფინანსებენ, ეკონომიკური არამიზანშეწონილობის გამო.
განვითარება არ იზომება დახარჯული ფულით. საჯარო ფინანსებში მსგავსი კონსტრუქციები ხშირად სრულდება პოლიტიკურად მოტივირებული პროექტებით და რისკის გადატანით გადასახადის გადამხდელებზე. წარმატებული განვითარების ინსტიტუტები გამოირჩევიან ვიწრო მანდატით, დამოუკიდებელი მმართველობით და ძლიერი ზედამხედველობით. ისინი ფასდებიან შედეგით და არა დახარჯული ბიუჯეტის ზომით.
საქართველოს უკვე აქვს ის, რაც განვითარებისთვის საჭიროა: ძლიერი საბანკო სექტორი, საერთაშორისო კაპიტალზე წვდომა და IFI-ებთან თანამშრომლობა. პრობლემა არა – ინსტრუმენტების დეფიციტში, არამედ მათი გამოყენების წესებშია”, – აცხადებს ეკონომისტი.
ნიკა ალავიძის აზრით, მართალია, საბანკო სექტორი ამ ეტაპზე „დიპლომატიურად დუმს”, მაგრამ მათ მოუწევთ ხმის ამოღება, რადგან სახელმწიფო ბანკი ბაზარზე არათანაბარ პირობებს ქმნის.
„იმედია, ერთი ქალაქი – ერთი ბანკისკენ არ წავა ქვეყანა”, – სარკასტულად აღნიშნა მან.
„ეკონომიკის განვითარების ბანკის” ნაცვლად – „განვითარების კორპორაცია”
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ თავისივე ინიციატივაში ცვლილებები შეიტანა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აწარმოე საქართველოში”-ს ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. თუმცა მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი”, არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” იქნება.
„დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით სააგენტო „აწარმოე საქართველოში”-ს ბაზაზე ახალი ინსტიტუცია შეიქმნება სახელწოდებით – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. მასში მოხდება მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში”-ს დაემატება ახალი ინსტრუმენტები. ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს სინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო”, – განაცხადა კობახიძემ.
ჩვენი მხრიდან კი რაც შეგვიძლია ვთქვათ, შემდეგია. მთავრობის ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად „სახელმწიფო ბანკის” შექმნას გულისხმობდა და ახლა „ეკონომიკის განვითარების კორპორაციის” ფორმით ხორციელდება, კვლავ მწვავე კრიტიკის საგანია. ოპონენტები ხაზს უსვამენ რამდენიმე მთავარ არგუმენტს:
ფინანსური რისკები: სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც პირდაპირ ჩაერევა საბაზრო პროცესებში, შესაძლოა ბიუჯეტზე დამატებით ტვირთად იქცეს და კერძო სექტორის კონკურენცია შეაფერხოს.
ინსტიტუციური გაურკვევლობა: სახელის შეცვლა „ბანკიდან” „კორპორაციაზე” არ ცვლის არსს – ოპონენტების აზრით, მთავრობა მაინც ცდილობს ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას, ბუნდოვანი ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით.
პოლიტიკური მოტივაცია: კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური საჭიროება, და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ხელისუფლების გავლენის გასაძლიერებლად ეკონომიკურ სექტორში.
ალტერნატივების უგულებელყოფა: უკვე არსებული ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერება და რეფორმირება უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ახალი სტრუქტურის შექმნა ნულიდან.
სახელის შეცვლა ვერ მალავს მთავარ პრობლემას – ხელისუფლება კვლავ ცდილობს ისეთი ინსტიტუციის შექმნას, რომლის მიზნები და შედეგები ბუნდოვანია. სწორედ ამ გაურკვევლობისა და შესაძლო ფინანსური რისკების გამო, კრიტიკა არ წყდება არც მაშინ, როცა ლაპარაკი იყო „სახელმწიფო ბანკზე”, და არც ახლა, როცა უკვე „კორპორაციას” ქმნიან.
თემურ იობაშვილი

