რა ქონებას და შემოსავალს აჩვენებენ საწვავის ბიზნესში მყოფი კომპანიები
საქართველოში ბოლო ერთ თვეში 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 40 თეთრით, დიზელი კი 70-75 თეთრით გაძვირდა. არადა, აპრილიდან მთავრობას სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების რეკორდული ზრდის შესახებ დასკვნა უნდა დაედო და პროდუქტის გაიაფების გზებიც უნდა დაესახა. სამთავრობო და საპარლამენტო კომისიებს გასაიაფებელი პროდუქტების სიაში სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად ნავთობპროდუქტებიც ჰქონდა შეტანილი.
ეკონომისტთა დიდ ნაწილს ნაკლებად სჯეროდა, რომ მთავრობის ამგვარი „ძალისხმევა” ფასებს შეამცირებდა. ახლა კი ხელისუფლებას, მის მიერ შექმნილი კომისიების უშედეგო (ჯერჯერობით) მუშაობის გასამართლებლად საკმაოდ ობიექტური მიზეზი გამოუჩნდა. ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის (საიდანაც მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის) ბლოკირებამ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. მართალია, საქართველო ამ სრუტის გავლით ნავთობპროდუქტებს არ იღებს, თუმცა არსებული შეფერხება ზოგადად ზრდის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებს. მაგალითად, ტანკერების ნაწილი ალტერნატიული, უფრო გრძელი მარშრუტით გადაადგილდება, ამასთან იზრდება საომარი რისკის დაზღვევა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში საერთაშორისო ბირჟებზე პროდუქტს აძვირებს, რაც თავის მხრივ საქართველოს ბაზარზეც აისახება. სპეციალისტების მოსაზრებით, კონფლიქტის გახანგრძლივება ნავთობპროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს და არ არის გამორიცხული ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარამდეც კი ავიდეს. ამ დროისთვის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 110 დოლარია.
სანავთობო ბაზრებზე ასეთი ისტერიის ფონზე დავინტერესდით, როგორია იმ ნავთობკომპანიების ფინანსური მდგომარეობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ვინაიდან 2025 წლის ფინანსური ანგარიშგებები მხოლოდ 1 ოქტომბრისთვის გამოქვეყნდება, ჩვენ მათი 2024 წლის გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებები მიმოვიხილეთ.
შპს „ლუკოილ-ჯორჯია” (ს/ნ 204976302)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს KPMG Georgia-მ ჩაატარა. შპს „ლუკოილ-ჯორჯია” 2002 წლის 28 თებერვალს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობის და ნავთობქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობის სასაწყობე ბაზების ქსელის საშუალებით. „ლუკოილ-ჯორჯიას” ბენზინგასამართი სადგურები მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს. 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, კომპანიას მთლიანად LITASCO SA (Lukoil International Trading and Supply Company, იგივე სს „ლიტასკო”) ფლობდა, რომელიც ასევე საჯარო სააქციო საზოგადოება „ლუკოილის” მიერ საბოლოოდ კონტროლირებული საწარმოა. 2024 წელს, 100%-იანი საკუთრების წილი კომპანიაში LITASCO SA-სგან LUKOIL International GMBH-ს გადაეცა, რომელიც საბოლოოდ ასევე საჯარო სააქციო საზოგადოება „ლუკოილის” მიერ კონტროლირებულ საწარმოს წარმოადგენს.
ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ 2024 წელი „ლუკოილ-ჯორჯიასთვის” საკმაოდ წარმატებული იყო. 2024 წელს კომპანიის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 280,7 მილიონი ლარით გაიზარდა და 766,3 მილიონი ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, „ლუკოილ-ჯორჯიას” აქტივების ღირებულებამ 134,8 მილიონი ლარი შეადგინა, 62,3 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი 63,9 მილიონი ლარი იყო, 35,5 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. 2024 წელს ასევე გაიზარდა კომპანიის მოგება 18,5 მილიონი ლარით, 35,5 მილიონ ლარამდე.
კომპანიას აქვს საკუთარი – 23 და იჯარით აღებული – 27 ავტოგასამართი სადგური, ასევე 10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის ძირითადი მომწოდებელია კომპანია LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD, რომელიც LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი დაკავშირებული კომპანიაა.
შპს „რომპეტროლ საქართველო” (ს/ნ 204493002)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი”-მ ჩაატარა. შპს „რომპეტროლ საქართველო” 2005 წლის 5 დეკემბერს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საწვავის იმპორტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურების და საწყობის ქსელით, რომელიც მთელს საქართველოშია განთავსებული. საცალო ქსელი 70 ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს. კომპანიას 63 ბენზინგასამართი სადგური მესამე მხარეებისგან იჯარით აქვს აღებული და „რომპეტროლის” ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებენ. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი საწარმო იყო KMG International N.V. , რომელიც საბოლოოდ კონტროლდებოდა სააქციო საზოგადოების Sovereign Wealth Fund Samruk-Kazyna-ს მიერ (ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის 100%-იანი მფლობელობით). კომპანიას შესყიდვების და სავაჭრო ვალდებულებების უმრავლესობა KMG International N.V.-ის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ჯგუფში შემავალი სხვა საწარმოების მიმართ აქვს. შედეგად კომპანია ეკონომიკურად დამოკიდებულია მფლობელ გუნდზე.
2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულება 43,9 მილიონი ლარი იყო, 11,8 მილიონი ლარით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა იყო 8,0 მილიონი ლარი, 7,4 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 244,6 მილიონი ლარი შეადგინა – 11,9 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. საანგარიშო პერიოდში, „რომპეტროლ საქართველომ”, 2023 წლის ზარალიან წელთან შედარებით, 7,4 მილიონი ლარის მოგება მიიღო.
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიაში საშუალოდ 800 ადამიანი იყო დასაქმებული.
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” (ს/ნ 202352514)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი”-მ ჩაატარა. კომპანია 2006 წელს დაფუძნდა. ჯგუფს აკონტროლებს შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია”, რომელსაც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100% ეკუთვნის. მშობელ კომპანიას აკონტროლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია. ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა. შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და მათი საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 107 ავტოგასამართი სადგურით და 13 კლიენტთა მომსახურების ცენტრით. ამ სადგურების ნაწილი არის ჯგუფის მფლობელობაში, ხოლო ნაწილი იჯარითაა აღებული. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიებია – შპს „ს მარკეტს” (100%), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი სამტრედია” (75%), შპს „ინდუსტრი კომპანი” (100%), შპს „ობიექტი” (55%).
საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა კომპანიის აქტივების ღირებულება 34,4 მილიონი ლარით 252,9 მილიონ ლარამდე. ამავე პერიოდში ნეგატიური კაპიტალის მოცულობამ 152,1 მილიონი ლარი შეადგინა. „ჯგუფი თავის საოპერაციო საჭიროებებს პარტნიორის დახმარებით აფინანსებს საკუთარი კაპიტალის, მშობელი საწარმოსგან და შპს „სოკარ ჯორჯია გაზისგან” მიღებული სესხების და ადგილობრივი ბანკისგან აღებული სესხის ფორმით”, – აღნიშნულია ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.
2024 წელს კომპანიამ 619,5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 22,2 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა” 2024 წელი, ისევე როგორც 2023 წელი ზარალით დაასრულა, თუმცა ზარალის მოცულობა 41,4 მილიონი ლარით, 1,6 მილიონ ლარამდეა შემცირებული.
2024 წელს ჯგუფში, საშუალოდ, 1645 ადამიანი იყო დასაქმებული.
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” (ს/ნ 202161098)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „ბიდიო აუდიტმა” ჩაატარა. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” არის დახურული სააქციო საზოგადოება, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა როგორც შპს „კანარგო სტანდარტ ოილ პროდაქტსი”, ბრენდირებული სასურსათო მაღაზიებითა და ავტოსამრეცხაო ცენტრებით აღჭურვილი ბენზინგასამართი სადგურების პრემიუმ-ქსელის შექმნის მიზნით. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა. 2024 წლის ბოლოსათვის სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” ექსპლუატაციას უწევდა 119 სადგურს, რომელთაგან 10 არის კომბინირებული ბენზინის და გაზის სადგური, ხოლო 1 – მხოლოდ გაზგასამართი სადგური. ჯგუფი ოპერირებს როგორც საცალო, აგრეთვე საბითუმო სეგმენტში. კომპანია არის შემდეგი შვილობილი კომპანიების დამფუძნებელი: შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი” (100% – ავტოსახარჯი მასალები), შპს „ერთობა 2018″ (100% – მეკავშირე მხარეზე გაცემული სესხები), შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია-ვაკე” (50% – ბენზინგასამართი სადგურის ოპერირება), შპს „ჯაჭვის ხიდი” (40% – ბენზინგასამართი სადგურის ოპერირება) და შპს „ვისოლ ჯგუფი” (33.5% – სარეკლამო მომსახურება).
2024 წლის მდგომარეობით, ჯგუფის მფლობელები და მათი კუთვნილი პირდაპირ ფლობილი წილები იყო: „ჰელვეცია პეტროლიუმ ჰოლდინგი ბ.ვ.” მალტა (25,00%), საბოლოო მფლობელები – გიორგი რამიშვილი – 62%, ალექსი თოფურია – 28,5%, დევიდ ბორგერი – 9,5%; „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი” (მალტა 62,50%), საბოლოო მფლობელები – სამსონ ფხაკაძე – 50%, ლევან ფხაკაძე – 50%; შპს „სტანდარტ ოილ ჰოლდინგი” (10,86%), საბოლოო მფლობელები – ნუგზარ აბრამიშვილი – (58%), ლევან ფხაკაძე – (42%); ფ/პ ლევან ფხაკაძე (6,25%); ფ/პ ნუგზარ აბრამიშვილი (6,25%).
საანგარიშო პერიოდში, კომპანიის სხვადასხვა მაკონტროლებელი მხარის მიერ ფლობილი ეფექტური წილები იყო: საბოლოო მფლობელები: ლევან ფხაკაძე (37,50%), სამსონ ფხაკაძე (31,25%), გიორგი რამიშვილი (15,50%), ალექსი თოფურია (7,12%), ნუგზარ აბრამიშვილი (6,25%), დევიდ ბორგერი (2,38%).
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულებამ 335,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 10,9 მილიონი ლარით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი 133,4 მილიონი ლარი იყო, დაახლოებით 30 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 238,3 მილიონი ლარით 880,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა წმინდა მოგება, 1,1 მილიონი ლარით 35,9 მილიონ ლარამდე.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (ს/ნ 206237491)
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს KPMG Georgia-მ ჩაატარა. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოა. იგი 2006 წელს დაფუძნდა. კორპორაციის შვილობილი კომპანიებია: შპს „გარდაბნის თბოსადგური”, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2″, შპს „გარდაბნის თბოსადგური 3″, GOGC Trading S.A, შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანია”, შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე”, შპს „საქართველოს გაზის ბირჟა”. ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქვეყნის გაზმომარაგების უსაფრთხოებისა და სოციალური გაზის სექტორის შეუფერხებელი მომარაგება, მაგისტრალური გაზსადენების სისტემისა და ბაქო-სუფსის (ქართული სექციის) ოპერატორი სუბიექტებისთვის იჯარით გადაცემა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილების საფუძველზე, მაგისტრალური გაზსადენების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების კონკრეტული პროექტების განხორციელება, თბოელექტროენერგიის გენერაციის სექტორის განვითარება და თბოელექტროგენერაციის ახალი ენერგოეფექტური ობიექტების მშენებლობა. ასევე, თბოელექტროგენერაციის, როგორც სოციალური გაზის სექტორის, შემადგენელი ნაწილის ხელშეწყობა, ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, მოპოვების სფეროში სახელმწიფოსა და კონტრაქტორებს შორის გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების ფარგლებში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების შესრულება.
ნავთობის ტრანსპორტირების საფასური მიიღება ბაქო-სუფსის მილსადენის საშუალებით ნავთობის ტრანზიტისთვის.
2024 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ღირებულებამ 2,2 მილიარდი ლარი შეადგინა, დაახლოებით 150 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში კაპიტალის მოცულობა 1,3 მილიარდი ლარი იყო, 184,2 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. ჯგუფის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს გაზის საბითუმო რეალიზაცია, რომელიც შეადგენს მთლიანი შემოსავლის 71%-ს. 2024 წელს კომპანიის შემოსავლები 243,8 მილიონი ლარით, 1,6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. წლის განმავლობაში კომპანიამ 183,4 მილიონი ლარის მოგება მიიღო – 133,1 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით.
შპს „პორტალ +” (ს/ნ 405148521)
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „ეკოვის საქართველო აუდიტმა” ჩაატარა. გაცემულია აუდიტორული დასკვნა უარყოფითი მოსაზრებით. „პორტალ +” დაფუძნდა 2016 წლის მაისში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობა. კომპანიას იჯარით აქვს აღებული ბენზინგასამართი სადგურები. 2024 წლის განმავლობაში კომპანიამ შეწყვიტა თავისი ძირითადი საოპერაციო საქმიანობა და შემოსავლები მიღებულია მხოლოდ იჯარით აღებული ბენზინგასამართი სადგურების ქვეიჯარით გაცემიდან. კომპანიის მეწილეები არიან – შპს „პ3″ – 50% , შპს „სითი ოილი” – 50%. შპს „პ3″-ის დამფუძნებლები არიან ნოდარ ხუხაშვილი (50%) და შალვა ხუხაშვილი (50%), ხოლო შპს „სითი ოილის” 100%-იანი წილის მფლობელი არის უჩა გოგნიაშვილი.
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულებამ 6,3 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მონაცემები 122 ათასი ლარით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით. ამავე პერიოდში ნეგატიური კაპიტალის მოცულობამ 2,9 მილიონი ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 67,9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 14,5 მილიონი ლარით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. საერთო მოგება კი 3,8 მილიონი ლარი იყო, თითქმის 2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2023 წელს.
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი” (ს/ნ 208213119)
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ეკოვის საქართველო აუდიტმა” ჩაატარა. შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის” დირექტორია ნოდარ კვირიკაშვილი. დირექტორს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამი წევრისგან. კომპანიის მომწოდებლები არიან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის ძირითად მომწოდებლებს წარმოადგენენ: Maddox DMCC, SOCAR, „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”. დოკუმენტის მიხედვით, საავიაციო საწვავის რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის” მთავარ კლიენტებს წარმოადგენენ: შპს „ავიაქსელი”, სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, World Fuel Services LTD, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში არსებულ წამყვან ავიაკომპანიებს, ასევე კომპანიის კლიენტია WIZZ AIR Hungary.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების ღირებულება 3,8 მილიონი ლარით 34,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში კაპიტალის მოცულობა 9,02 მილიონი ლარი იყო, თითქმის 600 ათასი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. კომპანიის 2024 წლის შემოსავალმა 229,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 43,4 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდა ფრენების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. კომპანიის შემოსავლები ტერიტორიული განაწილების მიხედვით არის შემდეგი: თბილისი – 118,8 მილიონი ლარი, ქუთაისი – 84,1 მილიონი ლარი, ბათუმი – 26,8 მილიონი ლარი. კომპანიის დაბეგვრამდე მიღებულმა მოგებამ 6,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 340 ათასი ლარით ჩამორჩება 2023 წლის მაჩვენებელს.
შპს „რეპსოლი” (ქონექთი) (ს/ნ 405074128)
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „ინოქსმა” ჩაატარა. შპს „რეპსოლი” 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია უჩა ლურსმანაშვილი. კომპანიის ძირითად საქმიანობაა nავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზის მეშვეობით. 2024 წლის 17 აპრილს შპს „რეპსოლმა” შეიძინა შპს „არგუმენტის” 100% წილი, რომელშიც გადაიხადა 1,6 მილიონი ლარი.
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულებამ 109,3 მილიონი ლარი შეადგინა, 39,4 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. ასევე გაიზარდა კაპიტალის მოცულობა 6,7 მილიონი ლარით, 33,7 მილიონ ლარამდე. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა და 519,9 მილიონ ლარს მიაღწია. 2023 წელთან შედარებით, მატება 229,1 მილიონი ლარს აღემატება. კომპანიის წმინდა მოგება კი თითქმის 6 მილიონი ლარით, 4,7 მილიონ ლარამდე შემცირდა.
კომპანიის ბენზინგასამართი სადგურები განთავსებულია: კახეთში, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთსა და აჭარაში. 2024 წელს კომპანიაში 754 თანამშრომელი იყო დაქირავებული. 2024 წლის ბოლოსთვის კომპანია ოპერირებას უწევდა 100-ზე მეტ ერთეულ ბენზინგასამართ სადგურს, „ქონექთის” ბრენდის ქვეშ.
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) (ს/ნ 404391136)
რაც შეეხება საქართველოში ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, მას 2021 წლის შემდეგ ფინანსური ანგარიშგება არ გამოუქვეყნებია (?!). მოქმედი კანონმდებლობა ამის გამო განსაზღვრავს სანქციებს, რასაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური (სარასი) გვიდასტურებს:
„კანონის თანახმად სუბიექტი ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს. განსხვავებული საანგარიშგებო პერიოდის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა”.
მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ასე განსაზღვრავს სუბიექტების პასუხისმგებლობას:
„1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას:
ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით;
ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით;
გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით;
დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს წერილობითი გაფრთხილება ეგზავნება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად ფულადი ჯარიმის შესახებ აქტით დამატებით ვადას განუსაზღვრავს. სამსახურის მიერ სუბიექტისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით~.
სავარაუდოდ, სარასის მიერ „სან პეტროლიუმ ჯორჯია” რამდენჯერმე იქნება დაჯარიმებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, „სან პეტროლიუმ ჯორჯიასთვის” (და ასევე ზოგიერთი სხვა მსხვილი კომპანიისათვის) ზემოთ აღნიშნული მოცულობის ჯარიმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანონის დარღვევისაგან თავი შეიკავოს. მას ურჩევნია, რომ მისი მასშტაბის კომპანიისთვის „მცირე” მოცულობის ჯარიმა გადაიხადოს და ფინანსური ანგარიშგება არ გამოაქვეყნოს. ასეთი სამწუხარო ფაქტების მოსაგვარებლად მოქმედ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანაა საჭირო.
ეკა ხარაზი

