Homeააფ-მედიაპრორუსი ორბანის ეპოქა დასრულდა – უნგრეთს პიტერ მადიარი გაუძღვება

პრორუსი ორბანის ეპოქა დასრულდა – უნგრეთს პიტერ მადიარი გაუძღვება

Published on

spot_img

უნგრელმა ხალხმა თავისი არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გააკეთა

ევროკავშირის ქვეყნებში, ვიქტორ ორბანის მსგავსი მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსი მმართველი თვით მისი სლოვაკი კოლეგა რობერტ ფიცოც კი არ ყოფილა. უნგრელი პრემიერის სახით ამ ევროგაერთიანებაში რუსეთს საიმედო საყრდენი ჰყავდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ აქ მისი ზედიზედ მეხუთე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა არ ნდომოდათ ევროკავშირის ხელმძღვანელებს.

2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „ტისამ” (Tisza) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. პიტერ მადიარის ლიდერობით, პარტია „ტისამ” ხმების დაახლოებით 52-54% მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატი მოიპოვა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ორ მესამედს აღემატება. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა” (Fidesz) ხმების დაახლოებით 38% და 55-57 მანდატი მიიღო, რითაც ის ოპოზიციაში გადავიდა. არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა და თითქმის 80%-ს მიაღწია.

არჩევნების შედეგი ცნობილია და უნგრელების მიერ ხელისუფლების ცვლილებაც შედგა. თუმცა, მაინც გავიხსენოთ რა ხდებოდა ამ ისტორიული არჩევნების წინ.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს Politico-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა. ევროკავშირის მთავარ ოფისში, სულ უფრო გახშირდა „ვიწრო წრეში” უნგრეთის წარმომადგენლის გარეშე შემდგარი შეხვედრები. ევროკავშირის დახურული დისკუსიებიდან ბუდაპეშტისგან მოსკოვისთვის ინფორმაციის გაზიარება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ამიტომაც, გაერთიანების მესვეურები შესაბამისი ზომების გატარებას გეგმავენ.

ყველაფერი გამოიწვია Washington Post-ის ცნობამ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში კონფიდენციალურ შეხვედრათა შესვენებებს იყენებდა, რათა რუსი კოლეგა სერგეი ლავროვისთვის ევროპელ პოლიტიკოსებს შორის საუბრების შესახებ ეცნობებინა. ოფიციალურმა ბრიუსელმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას სერიოზულად ეკიდება. ევროკომისიის პრესსამსახურმა გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნა, რომ უნგრეთის მიერ რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია „შეშფოთებას იწვევს” და ბუდაპეშტისგან განმარტებებს ელიან.

ამ სკანდალს, სულ მალე სიიარტოსთან უშუალო კავშირში მყოფი კიდევ ერთი ამბავი მიჰყვა. პროსამთავრობო გამოცემა Mandiner-მა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომელშიც მამაკაცი, რომლის ხმაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, საბოლჩ პანის ხმას წააგავს, ამბობს, რომ მან სიიარტოს მიერ გამოყენებული ორი ტელეფონის ნომერი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ხელისუფლებას გადასცა. გამოცემამ, ეს მესამე ქვეყნის მიერ უნგრეთის წინააღმდეგ ჩატარებულ „მნიშვნელოვან სადაზვერვო ოპერაციად” შეაფასა.

თავად პანიმ Reuters-ს დაუდასტურა, რომ საუბარი მართლაც შედგა. თუმცა, ის სიიარტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებისას უბრალოდ ნომრებს ამოწმებდა. ოპოზიციონერი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ახლა სადაზვერვო სამსახურებს იყენებს მისი წყაროების გამოსავლენად, რითაც ხელი მის დამოუკიდებელ გამოძიებას ეშლება.

მინისტრი სიიარტო, რომლისგანაც როგორც ბრიუსელი, ასევე მისი ადგილობრივი აუდიტორია ახლა განმარტებას ითხოვს, ამ ამბავს შოკისმომგვრელს უწოდებს და მიაჩნია, რომ მას შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე უცხოური სადაზვერვო სააგენტო უსმენდა. თუმცა, თუ მინისტრის შესაძლო მოსმენებთან დაკავშირებული ეს სკანდალი იმპულსს მოიპოვებს, ეს მაინც ვერ გადაჭრის იმ პრობლემებს, რომლებიც ევროკავშირს ამჟამად უნგრეთთან დაკავშირებით აქვს. ნამდვილად გაუზიარა თუ არა რუსეთს ევროკავშირისა და NATO-ს ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ ის საკითხები, რაც ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა იხილებოდა?

უნგრეთი – ინდუსტრიული ბირთვი და არა მარტო ოფისები

როცა უნგრეთის პრემიერის ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან ღია და ფარულ დაპირისპირებებზე საუბრობდნენ, წინა პლანზე გამოჰქონდათ ოჯახის სიწმინდე, ეროვნული იდენტობა და სხვა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას თითქოს ბრიუსელიდან იმპერატიულად ხელს უშლიან. ამაზე ცოტათი ქვემოთ. ჩვენ კი გვსურს გავერკვეთ, ორბანის გატარებული ევროპული პოლიტიკა დაფუძნებულია თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებზე.

უნგრეთის ეკონომიკა ევროკავშირის მთლიანი მშპ ის მხოლოდ 0,6-0,7%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნის მშპ 240 მილიარდი დოლარი იყო. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური სიდიდე 25128 დოლარია, რაც მსოფლიოში 48-ე მაჩვენებელი გახლდათ. წინა წელთან შედარებით მშპ-ის ცვლილების დინამიკა ბოლო 4 წლის ჭრილში ასე გამოიყურება: 2022 – 4,6%-ით ზრდა, 2023 – 0,9%-ით კლება, 2024 – 2,2%-ით ზრდა, 2025 – 0,4%-ით ზრდა.

მსხვილი სექტორების მიხედვით მშპ-ის წილის ბოლო მაჩვენებლის განაწილება ასეთია: მომსახურების სფერო – 64,8%, მრეწველობა – 31,3%, სოფლის მეურნეობა – 3,9%.
უნგრეთის მთავარი განსხვავება მრავალი ევროპული ეკონომიკისგან არის ჩეხეთის, სლოვაკეთის და პოლონეთის ეკონომიკის მსგავსი ინდუსტრიული ბირთვის შენარჩუნება. 2024 წელს ინდუსტრია, მათ შორის მშენებლობა, უნგრეთის მშპ-ის 29%-ს შეადგენდა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 22,1%-ია. წარმოებაში სხვაობა უფრო მცირეა: უნგრეთის მშპ-ის 15,8%, ევროკავშირის 14,0%-თან შედარებით. სხვაობა შეიძლება უზარმაზარი არ ჩანდეს, მაგრამ თანამედროვე ევროპისთვის ეს წარმოადგენს გამყოფ ხაზს იმ ქვეყანას შორის, სადაც წარმოება კვლავ ბირთვად რჩება და იმ ქვეყანას შორის, სადაც მომსახურება დომინირებს.

უნგრეთი ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა: საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 2025 წელს მშპ-ის დაახლოებით 72% შეადგინა (2023 წლის პიკური 80%-ის შემდეგ), ევროკავშირის საშუალო 50% თან შედარებით. ეს დონე ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნა მიღწეული. აქ ჩანს მთავარი პროპორცია: უნგრული მოდელი ეყრდნობა არა შიდა მოთხოვნას, არამედ ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას.
2017 წელთან შედარებით, ექსპორტის სიდიდე 61,9%-ით გაიზარდა და 2025 წლის მონაცემებით 159,778 მილიარდი დოლარი გახდა. ამ მაჩვენებელში 70,53% ევროკავშირის ქვეყნებზეა, რომელთაგან ლომის წილი (23,4%) გერმანიაზე მოდის; მოწინავე ხუთეულში არიან რუმინეთი (5,69%), პოლონეთი (4,9%), იტალია (4,76%), სლოვაკეთი (4,74%). არაევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრული პროდუქციის მყიდველი უმსხვილესი ქვეყნებია აშშ (6,82%), დიდი ბრიტანეთი (4,02%) და ჩინეთი (1,89%).

იმპორტს რაც შეეხება, 2017 წელს იგი 93,28 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ისიც თითქმის ექსპორტის მსგავსად გაიზარდა და 2024 წლის ბოლოს 150,315 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ სიდიდის 71,36% ევროკავშირის ქვეყნებზეა, რომელთა შორის გერმანიაა უნგრეთის უმსხვილესი „მომმარაგებელი” – 22%. პოლონეთს იმპორტული საქონლის საერთო ოდენობის 6,45% შეაქვს, სლოვაკეთს 6,07%, ავსტრიას 5,66%, ხოლო ჩეხეთს 5,61%. დანარჩენი მსოფლიოდან მოწინავეები არიან ჩინეთი (7,44%), რუსეთი (3,6%) და სამხრეთ კორეა (2,92%).

დარგობრივი განზოგადებით (საექსპორტო მანქანა-დანადგარები 53,5%) აშკარაა წარმოების ჯაჭვებში ღრმა ინტეგრაცია – უნგრეთის დამატებითი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული ინდუსტრიული კლასტერების ფარგლებში იქმნება. შესაბამისად, მან შეძლო ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირება, არა როგორც პერიფერიულმა ქვეყანამ, არამედ როგორც ინდუსტრიულმა ცენტრმა – წარმოების ადგილი, რომელიც ემსახურება გარე მოთხოვნას. ეს ყველაზე თვალსაჩინოა საავტომობილო და აკუმულატორების ინდუსტრიებში. ელექტრომობილების ინდუსტრიაზე ორბანისეულმა ფოკუსირებამ განაპირობა ის, რომ უნგრეთმა 2021 წლიდან აკუმულატორების სექტორში დაახლოებით 26 მილიარდი ევროს უცხოური ინვესტიცია მოიზიდა – ძირითადად ჩინელი და სამხრეთკორეელი მწარმოებლებისგან.

ქალაქ დებრეცენშია ჩინური გიგანტის, ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი CATL ის ქარხანა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა. მთლიანი მოცულობა 7,3 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და აქ 9000-მდე ადამიანია დასაქმებული. გერმანული ავტომწარმოებელი BMW აქვე ახლოს ახორციელებს პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი ევროა, ხოლო ჩინური BYD-ი უნგრეთში საკუთარ პირველ ევროპულ ავტოქარხანას აშენებს.

თითქმის 10-მილიონიანი უნგრეთი ევროკავშირის ეკონომიკის მცირე წილს იკავებს; იგი რეგიონის უმსხვილეს ქვეყნებს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ჩამორჩება, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან საწარმოო ცენტრს წარმოადგენს, განსაკუთრებით საავტომობილო ინდუსტრიაში (Suzuki-ს და Mercedes-ის ქარხნები).

წინასაარჩევნო მანიპულაციები

უნგრეთში 12 აპრილს შემდგარ საპარლამენტო არჩევნებში, სახელისუფლებო პარტია უნგრეთის მოქალაქეთა კავშირის (მისი თავდაპირველი დასახელება ახალგაზრდა დემოკრატთა ალიანსი (უნგრ. Fiatal Demokraták Szövetsége) იყო) რჩეული ვიქტორ ორბანი, ზედიზედ მეხუთედ ცდილობდა ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნებას. Fidesz-დანაა გამოსული ოპოზიციის მხრიდან მისი მთავარი კონკურენტი პიტერ მადიარიც (Péter Magyar), რომლის პოლიტიკაში მოსვლა ხელისუფლების ერთმა სკანდალურმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.

მადიარის მაშინდელი მეუღლე იუდით ვარგა ორბანის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო, რომელიც ბიჩკეს ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილის შეწყალების გარშემო ატეხილ პედოფილურ სკანდალში გაეხვა. ამ ამბავმა, 2024 წლის თებერვალში პარლამენტის წევრის თანამდებობიდან ვარგას და უნგრეთის პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომა გამოიწვია. მადიარმა, როგორც მინისტრის ყოფილმა მეუღლემ, საყოველთაო ყურადღების მიპყრობა მთავრობისა და პარტია Fიდესზ ის კორუფციაში მხილებით შეძლო.

2024 წლის 15 მარტს, პიტერ მადიარმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის სურვილის შესახებ მათთვის, ვინც უკმაყოფილო იყო როგორც მთავრობით, ისე არსებული ოპოზიციით. იგი სათავეში ჩაუდგა მანამდე უცნობ პარტიას „პატივისცემა და თავისუფლება” (Tisztelet és Szabadság – TISZA) და ქვეყნის ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ ლიდერად იქცა. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა პარტიამ თითქმის 30%-ით Fიდესზ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მადიარი საკუთარ თავს „კრიტიკულ” პროევროპელად და კონსერვატორ-ლიბერალად მიიჩნევს.

მაინც რაშია სხვაობა ორბანისა და მადიარის წინასაარჩევნო კამპანიებს შორის?

2014 წლიდან Fidesz-ს (ე.ი. ორბანს) საარჩევნო პლატფორმა არ გამოუქვეყნებია. მათი სლოგანია „მოდით, გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ”.

ორბანმა ბოლო კამპანიაში საკუთარი საარჩევნო რიტორიკა საგარეო პოლიტიკაზე დააფუძნა. მეორე მხრივ, მადიარის მომხრეები შიდა პოლიტიკაზე არიან ორიენტირებულნი. უნგრეთი პროვინციული ქვეყანაა; ხალხს სურსათის ფასები აინტერესებს და ბევრს უბრალოდ არ ესმის, თუ როგორ უკავშირდება უკრაინა მათ ცხოვრებას.

Fidesz-ის საარჩევნო პლაკატებზე ზელენსკი და ევროკავშირის ოფიციალური პირები კარიკატურებად არიან გამოსახულნი. ოპოზიცია ბრიუსელისა და კიევის ხელში მარიონეტებად არის წარმოჩენილი.

1990 წლიდან, უცხოელი მტრების დემონიზაცია Fidesz-ის მუდმივი, ყავლგასული რიტუალია. ადგილობრივ ანალიტიკოსთა მტკიცებით, Fidesz-ი ბრჭყალებში „ომის პარტიაა”. ისინი ამომრჩევლის მობილიზებას, ყოველთვის არა რაღაცისთვის, არამედ რაღაცის წინააღმდეგ ახდენდნენ. მაშინ ისინი ამბობდნენ: „ჩვენ ოკუპირებული ვართ რუსეთის მიერ” – არა საბჭოთა კავშირის, არამედ თავად რუსეთის, და მათ ეს ვნებით სძულდათ. შემდეგ იდეოლოგია შეიცვალა. 1990 იან წლებში ეს იყო მობილიზაცია კომუნისტებისა და უნგრეთის სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ, 2014 წელს ეს იყო მიგრანტები, 2018 წელს – სოროსი და ევროპელი ბიუროკრატები, 2022 წელს – უკრაინა.

ამასობაში, მადიარი საავადმყოფოებს ათვალიერებდა, აჩვენებდა მკურნალობის პირობებს და სამთვიანი ლოდინის სიებს. ის სტუმრობდა სოფლებსა და პატარა ქალაქებს, სადაც მთავრობამ რაღაც აღადგინა – ყველგან არის პლაკატი, რომელზეც გამოსახულია დახარჯული ფორინტების საერთო რაოდენობა. ისინი სტუმრობდნენ მილიონობით დოლარის ღირებულების დახურულ მაღაზიას ან სათამაშო მოედანს და უბრალოდ აღნიშნავდნენ: აი, სად წავიდა თქვენი ფული. ისინი ცოცხლად მუშაობენ კონკრეტულ პრობლემებზე, აბსტრაქტული გარე მტრის მოგონების წინაშე. ეს არის განსხვავება ამ ორ საარჩევნო კამპანიას შორის.

უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში. სწორედ ამიტომ გაყინა ბრიუსელმა უნგრეთისთვის ევროპული ფონდებიდან გადახდები – ეს მისი საჩივრების სიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

სისტემა ორბანის ახლო წრეშია ჩაკეტილი. ქვეყნის მთავარი ოლიგარქი ლორინც მესაროშია – პრემიერის პირადი მეგობარი, რომელთანაც ის ერთ დროს ფეხბურთს თამაშობდა. „ორბანის საფულის” მეტსახელით ცნობილი უმაღლესი განათლების არმქონე ყოფილი სანტექნიკოსი, ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მილიარდერი გახდა. მან „პრივატიზაცია გაუკეთა” ბალატონის ტბისა და კურორტის პლაჟებს. უნგრელები დღემდე აღშფოთებულები არიან: როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი?

ბიზნესთან მცირე შეხებაში მყოფი ვიქტორ ორბანის ნათესავები მსუყე კონტრაქტებს იღებენ, მათ შორის პარლამენტის შენობის ახლოს მდებარე სანაპირო ზოლის რეკონსტრუქციისას – იქ ცოტა ხნის წინ ხეები დარგეს და ქვაფენილები დააგეს. ორბანის მამა ოჯახთან დაახლოებული კომპანიის მეშვეობით მთავარი მაგისტრალების რეკონსტრუქციაში მონაწილეობდა. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამ ყველაფერზე თვალი დახუჭა: მხოლოდ მათ წარადგინეს შეთავაზება, მერე რა? ინტერესთა კონფლიქტი? ვერ შენიშნეს…

ეს უკიდურესად აღშფოთებდათ უნგრელებს. და სწორედ ამაზე ააშენა მადიარმა თავისი საარჩევნო კამპანია: კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგები, კონკრეტული მაგალითები და საავადმყოფოებსა და სოფლებში პირდაპირი ვიზიტები. ის პირდაპირ ამბობდა: ევროკავშირმა შეაჩერა გადახდები, რადგან კორუფცია ნომერ პირველი პრეტენზიაა. საკმარისია!

წინასაარჩევნო ამერიკული მხარდაჭერა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანს 7 აპრილს ბუდაპეშტში ეწვია და ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღიად დაუჭირა მხარი. ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირისადმი დამოკიდებულების ფონზე, ოკეანისგაღმიდან ასეთი კონტრასტული მხარდაჭერა უკვე აღარავის უკვირს.

Euronews-ში ფაქტების გადამოწმების გუნდი The Cube, ვენსის მიერ ნახსენებ ბრიფინგზე უნგრეთის ეკონომიკასთან დაკავშირებული ციტატების ფაქტობრივ ექსპერტიზას შეეცადა.

ციტატა №1 – „ბრიუსელი უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას ცდილობს”.

The Cube-ს შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ევროკავშირი განზრახ ესხმის თავს უნგრეთის ეკონომიკას, რომელიც კვლავ ევროკავშირის დაფინანსების ბენეფიციარია და ინტეგრირებულია ევროპის ერთიან ბაზარზე.

შესაძლოა, ვენსი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ 2026 წლის დასაწყისისთვის ბრიუსელმა გაყინა უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის მინიმუმ 17 მილიარდი ევრო; აღნიშნული შედეგია იმისა, რომ ბუდაპეშტმა ვერ შეძლო საკმარისი რეფორმების განხორციელება კანონისა და წესრიგის ხანგრძლივი დარღვევებისა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ რეფორმებიდან ზოგიერთი მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას, სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდას და სახელმწიფო შესყიდვების პროცესების გამარტივებას. ე.წ. გაყინული თანხები საპარლამენტო არჩევნების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ ევროკავშირს გამოაყოფინებენ ამ თანხებს, რომელთა ოდენობა სავარაუდოდ, ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენს. უნგრეთისადმი გამოყენებული პირობები შეთანხმებულია გაერთიანების ყველა წევრ სახელმწიფოსთან და მიზნად ისახავს ევროკავშირის ბიუჯეტის დაცვას და არა უნგრეთის ეკონომიკის დასჯას.

ისინი ასევე არ არის მუდმივი და თანხები შეიძლება გამოთავისუფლდეს, თუ უნგრეთი დააკმაყოფილებს რეფორმების შეთანხმებულ პირობებს. ადრე პოლონეთს შეექმნა შეფერხებები ევროკავშირის აღდგენის ფონდებიდან მილიარდობით დოლარის გამოყოფის საკითხში. მაშინ პრობლემა სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებულმა საფრთხეებმა შექმნა, მაგრამ საბოლოოდ თანხებმა პირვანდელ ადრესატამდე მიაღწია.

ციტატა №2 – „ბრიუსელი ცდილობს ნაკლებად ენერგოდამოუკიდებელი გახადოს”.

როგორც ჩანს, მისი სიტყვები ევროკავშირის მცდელობას გულისხმობს, თავი შეიკავოს რუსული ნავთობისგან. გაერთიანებამ აღნიშნული კურსი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აიღო; უნგრეთი ამ კურსზე მიერთებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს.

როგორც ჩანს, ეს ასევე ეხება მილსადენ „დრუჟბასთან” დაკავშირებულ დავას, რომელიც უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მთავარი მიმწოდებელია და რომელიც 2026 წლის დასაწყისში დაზიანდა. დაზიანებას მოჰყვა დავა ერთი მხრივ, უნგრეთსა და სლოვაკეთს, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინას შორის. ბუდაპეშტი უკრაინელებს დივერსიაში ადანაშაულებს, კიევი კი აცხადებს, რომ დაზიანება რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგი იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის ენერგოპროდუქტებზე სანქციები დააწესა. აიკრძალა ზღვით რუსული ნავთობის მიღებაც. თუმცა, უნგრეთს, სლოვაკეთს და ბულგარეთს მიენიჭათ გამონაკლისები, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინათ ნავთობის მილსადენებით იმპორტი.

დემოკრატიის შესწავლის ცენტრის (CSD) მონაცემებით, უნგრეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, რომელიც 2025 წელს მისი იმპორტის დაახლოებით 90%-ს შეადგენდა. რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციების პირობებში, უნგრეთის გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანა ცდილობს საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას, რათა ევროკავშირის ეკონომიკა რუსული ნავთობს ჩამოშორდეს.

უნგრეთის მხრიდან რუსულ ენერგიაზე გამიზნულად დამოკიდებულება რთული და წინააღმდეგობრივია. ორბანი ამტკიცებს, რომ „დრუჟბას” მილსადენის მიტოვება მისი ქვეყნისთვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ორბანის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ უნგრეთი არ ცდილობს ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული მარშრუტები, რომლითაც არარუსული ნავთობი შეიძლება მიეწოდოს ქვეყანას.

კავშირიდან გარიცხვა თუ არა, „ვეტოს უფლების” ჩამორთმევა?

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი „უპრეცედენტო 5-ნაბიჯიან გეგმაზე მუშაობს, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის კავშირში ნაწილობრივ გაწევრებას ითვალისწინებს”. გამოცემა 10 ოფიციალურ პირზე და დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ გათვლილი 5 ნაბიჯიდან პირველი არის „უკრაინის მომზადება”, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ევროკავშირი წინასწარ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრების განაცხადს.

მეორე ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების შემსუბუქებული ფორმატის შექმნას ითვალისწინებს;

მესამე ნაბიჯი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გადალახვას ეხება. Pოლიტიცო წერდა, რომ ევროკავშირში უნგრეთის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ არჩევნებში ახლანდელი პრემიერი ვიქტორ ორბანი დამარცხდებოდა – მისი ადგილმონაცვლე კი ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პროცესს მხარს დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ უნგრელები ორბანს კიდევ ერთხელ აირჩევდნენ, გეგმის მეოთხე ნაწილის ამოქმედება გახდებოდა საჭირო;

მეოთხე ნაბიჯი პროცესში დონალდ ტრამპის ჩართვას გულისხმობს. ევროკავშირში თვლიან, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ორბანზე ზეწოლის განხორციელება და მისი პოზიციის შეცვლა შეუძლია, ეს აშშ-ის პრეზიდენტია.

მეხუთე და საბოლოო ნაბიჯი ითვალისწინებს უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, იმ შემთხვევაში, თუ წინა ნაბიჯები წარუმატებელი აღმოჩნდა. Politico წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ორბანს ე.წ. მე-7 მუხლის სანქცია დაუწესონ. ამ შემთხვევაში, უნგრეთს კავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლება აღარ ექნება. მე-7 მუხლის სანქციის დაწესება ევროკავშირს შეუძლია ქვეყნისთვის, რომელიც „გაერთიანების ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით მოქმედებს”.

თუმცა, არჩევნების შედეგმა ამ გეგმების განხორციელება საჭირო აღარ გახადა. გამარჯვებული პიტერ მადიარი მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირის ლიდერებთან ითანამშრომლოს. გაკეთდა განცხადებები, რომ უნგრეთი აგრეთვე შეეცდება ენერგორესურსების დივერსიფიცირებას, თუმცა, ისიც ითქვა, რომ ეს ვერ მოხდება რუსულ რესურსებზე მომენტალურად უარის თქმით.

უნგრეთში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპმა პიტერ მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით პოზიტიური კომენტარი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვიქტორ ორბანს უჭერდა მხარს. ტრამპმა მადიარს „კარგი ადამიანი” უწოდა და აღნიშნა, რომ ის, მისი აზრით, „კარგ საქმეს გააკეთებს” პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მადიარი ადრე ორბანის გუნდის წევრი იყო და ბევრ საკითხში, მათ შორის მიგრაციულ პოლიტიკაში, მსგავსი პოზიციები აქვს, რაც ტრამპისთვის მისაღებია. ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის დამარცხება მას არ ადარდებს. მან აღნიშნა, რომ ორბანი მისი მეგობარია, თუმცა, ამჯერად ის რეიტინგით საგრძნობლად ჩამორჩებოდა ოპოზიციას. თავის მხრივ, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის მზად არის აშშ სთან, როგორც NATO-ს მტკიცე მოკავშირესთან, ურთიერთობის გაგრძელებისთვის და დონალდ ტრამპი უნგრეთის 1956 წლის აჯანყების 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზეც კი მიიწვია.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.