Homeუცხოეთიაშშ-სა და ვენესუელას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა

აშშ-სა და ვენესუელას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა

Published on

spot_img

2026 წლის 30 აპრილს, აშშ-სა და ვენესუელას შორის საავიაციო მიმოსვლა ოფიციალურად განახლდა. პირველმა კომერციულმა რეისმა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით სიმბოლურად დაასრულა შვიდწლიანი იზოლაციის პერიოდი.

აეროპორტის მონაცემების თანახმად, რეისი №AA3599, რომელსაც American Airlines-ის რეგიონული შვილობილი კომპანია Envoy Air ახორციელებდა, მაიამიდან 30 აპრილს, დილის 10:11 საათზე გაფრინდა. თვითმფრინავი Embraer E175, რომლის ტევადობაც დაახლოებით 75 მგზავრია, ვენესუელის დედაქალაქში დაახლოებით სამი საათის ფრენის შემდეგ დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა (DOT) 2019 წლის მაისში შეაჩერა. მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა და უსაფრთხოების რისკები იყო. ვაშინგტონმა მაშინ ნიკოლას მადუროს რეჟიმი ლეგიტიმურად არ ცნო, რასაც მკაცრი ეკონომიკური სანქციები და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა.

რაც შეეხება ახლანდელი მიმოსვლის აღდგენას, ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია 2026 წლის დასაწყისში ვენესუელაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებთან. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცრაზმმა იანვარში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნიკოლას მადურო საკუთარ რეზიდენციაში აიყვანა და აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარადგინა, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დელსი როდრიგესი დაინიშნა. მადუროს ხელისუფლების ჩამოშორებისა და გარდამავალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შემდეგ, აშშ-მა დაიწყო სანქციების შემსუბუქების პროცესი. ფრენების აღდგენა ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი ეტაპია.

American Airlines-ის პირველი ავიარეისის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში ბაზარზე დაბრუნდებიან United Airlines-ი და ვენესუელური კომპანია Laser Airlines-ი. ამჟამად ცალმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 450-600 აშშ დოლარიდან იწყება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ექსპერტები ფასების დასტაბილურებას ელიან.

ანალიტიკოსების აზრით, პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური შინაარსს ატარებს:

პოლიტიკურად არის მკაფიო სიგნალი, რომ აშშ აღიარებს ვენესუელის ახალ კურსს;

ეკონომიკური თვალსაზრისით კი, მოთხოვნა კოლოსალურია. აშშ-ში ვენესუელური დიასპორის სიმრავლის გამო (განსაკუთრებით ფლორიდაში), ფრენებზე რეგისტრაცია რამდენიმე კვირით ადრე შეივსო.

ფრენების აღდგენა ნიშნავს ტვირთბრუნვის ზრდას, ბიზნეს-კავშირების აღდგენას და ვენესუელაში უცხოური ინვესტიციების დაბრუნების შანსს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფლაციით დატანჯული ვენესუელური ეკონომიკისთვის.

პოლიტიკური დაძაბულობა მკვეთრად იკლებს. მიმოსვლის აღდგენა ნიშნავს, რომ ვენესუელა აღარ აღიქმება „გარიყულ სახელმწიფოდ“ (pariah state) და ბრუნდება საერთაშორისო საზოგადოებაში.

როგორც იანვრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან დელსი როდრიგესს აცნობა, რომ გახსნის ქვეყნის მასშტაბით კომერციულ საჰაერო სივრცეს, რაც ამერიკელებს საშუალებას მისცემს ეწვიონ ქვეყანას.

„ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში წასვლა და ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა.

„თითქმის შვიდი წლის განმავლობაში არ არსებობდა პირდაპირი კომერციული რეისები შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დღეს ვცვლით ამ მდგომარეობას. მაიამსა და კარაკასს შორის ფრენები განახლდა“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პლატფორმა X-ზე, უკვე შესრულებული რეისის შემდეგ.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ პ. დაფიმ განაცხადა, რომ ეს ფრენა მხოლოდ ავიამიმოსვლის დაბრუნებას არ ნიშნავს.

„დღეს საქმე მხოლოდ კიდევ ერთ ფრენას არ ეხება. ეს არის კრიტიკული ეტაპი შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ურთიერთობის გაძლიერებაში და ეკონომიკური შესაძლებლობების გახსნაში ორივე ქვეყანაში“, – თქვა დაფიმ.

„მშობლებს შეეძლებათ კვლავ დაუკავშირდნენ შვილებს, პაპა-ბებიები შეძლებენ შვილიშვილებთან დაკავშირებას, ხოლო ოჯახებს შეეძლებათ იმ ადგილის ნახვა, რომელსაც ოდესღაც სახლს უწოდებდნენ“, – განაცხადა მაიამი-დეიდის ოლქის (Miami-Dade County) მერმა დანიელა ლევინ კავამ რეისის გაფრენამდე (მაიამი-დეიდი არის ყველაზე დიდი ვენესუელური თემის დასახლება შეერთებულ შტატებში). საერთაშორისო ანალიტიკოსები ფრენების განახლებას „ისტორიულ ნაბიჯად“ აფასებენ. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს მოგზაურებს სიფრთხილისკენ, სანამ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება საბოლოოდ არ გამოსწორდება.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა სტატიები

არნახული გეოგრაფიისა და შემოსავლების მუნდიალი

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ხშირად ფულის გამოსამუშავებელ მანქანად განიხილება, ის მაინც არ არის ერთიანი ეკონომიკური კომპლექტი. იგი მჭიდროდ დაკავშირებული ორი, მაგრამ განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: FIFA-ს გლობალური შემოსავლების სისტემა და მასპინძელი ქალაქების ლოკალური ეკონომიკები.

„შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“: პუტინი ომში ინიციატივას კარგავს

ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული, რუსეთის ომების ისტორიაში „ზურგი“ – მოსახლეობის, სამრეწველო რესურსების და ინფრასტრუქტურის ხელშეუხებელი სიღრმე – ყოველთვის იყო გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი და სწორედ ეს ისტორიული არგუმენტი დაშალა ან, სულ მცირე, სერიოზულად დააზიანა უკრაინამ დრონებითა და რაკეტებით.

რუსულმა გიგანტებმა აქციების გაუფასურებით $240 მილიარდი იზარალეს

2026 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ბაზარმა დააფიქსირა ზედიზედ 18-კვირიანი უწყვეტი კლება, რამაც რუსული სააქციო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 240 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტით შეამცირა.