Homeუცხოეთიგარიგება პუტინთან - რამ გამოიწვია აშშ-ის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება

გარიგება პუტინთან – რამ გამოიწვია აშშ-ის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება

Published on

spot_img

მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.

მოკლედ მივყვეთ გეოპოლიტიკურ და ლოგისტიკურ ჯაჭვს, რომელმაც ვაშინგტონს ამ უკიდურესად წინააღმდეგობრივი ნაბიჯის გადადგმა აიძულა – დაწყებული ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან, დასრულებული უკრაინული დრონების იერიშებითა და აშშ-ის შიდაპოლიტიკური ბრძოლით.

ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ლოგისტიკური კოლაფსი

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე საწვავის კატასტროფული გაძვირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო კონფლიქტია. აშშ-ის სამხედრო ძალების ქმედებებს ირანმა ჰორმუზის სრუტის პარალიზებით უპასუხა, რომელზეც გლობალური ნავთობპროდუქტების გადაზიდვების თითქმის 20% მეტი მოდის.

ომის საწყის ეტაპზე სრუტის სრული ბლოკირების გამო, დიზელის მიწოდება ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისა და ამერიკის მიმართულებით პრაქტიკულად შეწყდა. მართალია, მოგვიანებით საერთაშორისო საზღვაო კოალიციის ძალისხმევით გემების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, ბოლო მონაცემებით კი, სულაც დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, მაგრამ უსაფრთხოების რისკები კვლავ მაღალია. გაცილებით იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ირანი ახერხებს სრუტეში მოძრავი ტანკერების დაზიანებას.

თუმცა ენერგეტიკული შოკის საფუძველი მხოლოდ საზღვაო მარშრუტების ჩაკეტვა არ ყოფილა. კრიზისი გააღრმავა წარმოების მასშტაბურმა ვარდნამ, რაც სპარსეთის ყურის ნავთობგადამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი პირდაპირი დარტყმების შედეგი იყო. დარტყმების პროცესი 2026 წლის მარტის დასაწყისიდან დაიწყო, როდესაც ირანულმა რაკეტებმა ჯებელ ალისა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და რას-ლაფანის (კატარი) სტრატეგიული ენერგეტიკული კომპლექსები დააზიანეს. გაზაფხულის განმავლობაში ირანის ავიაციამ და სარაკეტო ძალებმა სისტემატური იერიშები მიიტანეს მეზობელი არაბული ქვეყნების უმსხვილეს ქარხნებზე, რამაც ქალაქ ფუჯაირას (არაბთა გაერთიანებული საამიროები) კრიტიკული ობიექტების ნაწილობრივი ან სრული პარალიზება გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ივლისის მიწურულს, როდესაც დარტყმა მოხდა საუდის არაბეთის ნავთობგიგანტის, Saudi Aramco-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე – აბკაიკისა (Abqaiq) და ხურაისის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსებზე. პარალელურად, იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აგვისტოს დასაწყისში პარალიზებული გახადეს ჯუბაილისა და ჯაზანის საწარმოები, ხოლო ოქტომბერში Aramco-ს იანბუს ობიექტებზე მიტანილმა თავდასხმებმა კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირებასთან ერთად, ამ კოორდინირებულმა დაბომბვებმა უშუალოდ მზა დიზელის გლობალური წარმოების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რამაც ბაზარზე ფიზიკური დეფიციტი შექმნა და ფასების ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.

შექმნილმა რისკებმა ლოგისტიკური ხარჯები კატასტროფულად გაზარდა:

საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ტარიფები 400%-ით გაძვირდა;

მსხვილი სატრანსპორტო კომპანიები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ მოკლე მარშრუტებზე და ტანკერები აფრიკის კონტინენტის გარშემო, კეთილი იმედის კონცხის გავლით გაეშვათ;

ამ ყველაფერმა ტრანსპორტირების მანამდე არსებულ ვადას 14-დან 18 დღემდე დაუმატა, რამაც საწვავის თვითღირებულება მკვეთრად გაზარდა;

შედეგად, დიზელის ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე ყველა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და ბარელზე 130 დოლარს მიაღწია, რამაც ჯაჭვური რეაქცია იქონია დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებზე.

უკრაინული დრონების ომი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან

სანამ შეერთებული შტატები და ასევე მისი პარტნიორი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის პრობლემის მოგვარებას და შესაბამისად, საწვავის ფასების შემცირებას ცდილობდნენ, დიზელის გლობალურ ბაზარს მეორე მხრიდანაც მიადგა მძლავრი დარტყმა. უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სისტემატური და მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

სამიზნეში მოხვდა ისეთი გიგანტური ობიექტები, როგორებიცაა ნიჟნი ნოვგოროდის, სამარისა და კრასნოდარის გადამამუშავებელი კომპლექსები. ექსპერტების შეფასებით, უკრაინული დრონების წარმატებული დაბომბვების შედეგად რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელით (დაახლოებით 12-14%-ით) შემცირდა. რუსეთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპისა და აზიის მასშტაბით დიზელის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს, იძულებული გახდა, შიდა დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საწვავის ექსპორტზე დროებითი ემბარგოც კი გამოეცხადებინა.

საერთაშორისო ბაზრიდან მილიონობით ტონა რუსული დიზელის გაქრობამ კიდევ უფრო შეამცირა ისედაც შემცირებული გლობალური მარაგები, რამაც ფასების ახალ მკვეთრ მატებას შეუწყო ხელი.

ამ ფონზე, ვაშინგტონში აქტიურად განიხილებოდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მორიგი პაკეტი – ე.წ. „გრემის კანონი“ (სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიციირებული კანონპროექტი). ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა უკომპრომისო სანქციებს ნებისმიერი მესამე ქვეყნისა თუ კომპანიის მიმართ, რომელიც რუსულ ენერგეტიკულ სექტორთან ითანამშრომლებდა, და მიზნად ისახავდა კრემლის ნავთობდოლარების სრულ ბლოკადას.

ბევრი სკეპტიკოსი მიიჩნევდა, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ანტირუსული სანქციების ეფექტურობას, ამ კანონზე ვეტოს დაადებდა. თუმცა, კონგრესის ორპარტიული ზეწოლისა თუ საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ამასობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე დადგა უმთავრესი გამოწვევა – მოახლოებული შუალედური არჩევნები. ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის საგარეო გეოპოლიტიკაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხარჯები და შემოსავლებია. აშშ-ის ეკონომიკაში კი დიზელის საწვავი უმნიშვნელოვანესია. მასზეა დამოკიდებული მთელი სატვირთო ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა.

ამერიკულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ფასმა გალონზე (დაახლოებით 3.78 ლიტრი) 5.80 დოლარს გადააჭარბა, ზოგიერთ შტატში (მაგალითად, კალიფორნიაში) კი 7 დოლარსაც მიაღწია. საწვავის გაძვირებამ გამოიწვია სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა (ინფლაციის ახალი ტალღა); ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო რეიტინგების ვარდნა – დემოკრატებმა გაძვირებული საწვავის თემა მთავარ საარჩევნო იარაღად აქციეს.

თეთრ სახლში გააცნობიერეს, რომ თუ ფასები სასწრაფოდ არ დასტაბილურდებოდა, რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას დაკარგავდნენ. ტრამპმა გამოსავალი მარტივ ფორმულაში დაინახა: ბაზარზე დიზელის მიწოდების სასწრაფო გაზრდა, თუნდაც ეს წყარო რუსეთი ყოფილიყო.

საკუთარი გეგმის განსახორციელებლად, 2026 წლის 13 სექტემბერს, ირლანდიაში ყოფნისას ტრამპმა საჯარო სივრცეში პირდაპირ მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის

„მისტერ ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. ჩვენ ველაპარაკეთ მისტერ ზელენსკის ამის შესახებ. იქ სხვა უამრავი სამიზნეა. ნუ არტყამთ დიზელის საწვავს. ეს მთელ მსოფლიოს აზარალებს. დაე, მისდიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელის საწვავს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის ოპონენტებმა მომენტალურად წამოიწყეს მწვავე კამპანია, რომლის ფარგლებშიც ტრამპი ღალატში, პუტინთან ფარულ გარიგებასა და კრემლისთვის ფინანსური შემოსავლების აღდგენის მცდელობაში დაადანაშაულეს. თუმცა, კიევმა ვაშინგტონის ეს თხოვნა უგულებელყო. უკრაინულმა სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა განაგრძეს რუსული ენერგეტიკული ობიექტების დრონებით განადგურება, რამაც კიდევ უფრო დააზიანა ტრამპის იმიჯი და აჩვენა, რომ მისი გავლენა პარტნიორებზე წინასაარჩევნოდ სუსტდებოდა.

მიუხედავად მზარდი კრიტიკისა და უკრაინის უარისა, ტრამპმა უკან არ დაიხია. საგანგებო დეკრეტით, პრეზიდენტმა „ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ დროებით შეუჩერა მოქმედება გრემის კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც კრძალავდნენ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტს.

საბოლოო შეთანხმების მიხედვით, უახლოეს დღეებში აშშ-ის პორტებში რუსული დიზელის პირველი პარტიები შევა. ცნობილი გახდა კონკრეტული ციფრებიც:

პირველ ეტაპზე საუბარია 3 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის სასწრაფო შესყიდვაზე.

ეს მოცულობა ამერიკულ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ტანკერით შევა, რაც შეამცირებს დეფიციტს აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობსაცავებში.

ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები დემოკრატიული პარტიიდან ამ მოცულობას სასაცილოს უწოდებენ. სენატის ენერგეტიკული კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 3 მილიონი ბარელი არის „ზღვაში წვეთი“ იმ ფონზე, როდესაც აშშ დღეში საშუალოდ 4 მილიონ ბარელამდე დიზელს მოიხმარს. მათი თქმით, ეს მოცულობა ფასებს ვერ დაწევს და ტრამპმა ეს ნაბიჯი მხოლოდ სანქციებისთვის გვერდის ავლის პრეცედენტის შესაქმნელადგადადგა.

დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზებით, ტანკერების გამოჩენა ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს ბირჟებზე. სპეკულაციური წნეხი მოიხსნება და აშშ-ის საცალო ბაზარზე დიზელი შესაძლოა გალონზე 20-30 ცენტით გაიაფდეს. თუმცა, თუ ახლო აღმოსავლეთში ლოგისტიკა არ გამოსწორდა და უკრაინამ რუსული ქარხნების დაბომბვა არ შეწყვიტა, 3 მილიონი ბარელი ბაზარს მხოლოდ 2-3 დღით ეყოფა. თავის მხრივ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების ასეთი დემონსტრაციული შეჩერება ასუსტებს დასავლურ კოალიციას და სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს და ინდოეთს უნთებს მწვანე შუქს, კიდევ უფრო თამამად იყიდონ რუსული რესურსები.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სხვა სტატიები

Wilson-ის ევოლუცია – სპორტული იმპერია ჩიკაგოდან

ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.

სავაჭრო ომის მორიგი სერია – შეერთებულმა შტატებმა ჩინურ ტექნოლოგიებს ახალი სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.

როგორ მოიტანა წარმატება Hyundai-სა და Genesis-ის განცალკევებამ

Hyundai-სა და Genesis-ის ისტორია ამტკიცებს, რომ გონივრული განცალკევება ხშირად იმაზე ძლიერი ბიზნეს-ინსტრუმენტია, ვიდრე მასშტაბური გაერთიანებები.