HomeუცხოეთიWilson-ის ევოლუცია – სპორტული იმპერია ჩიკაგოდან

Wilson-ის ევოლუცია – სპორტული იმპერია ჩიკაგოდან

Published on

spot_img

სასაკლაოს ნარჩენებიდან დაწყებული საუკუნოვანი წარმატების გზა და გლობალური ბიზნეს-ტრანსფორმაცია

სპორტული საქონლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კომპანია Wilson-ი 113 წლის წინ დაარსდა. მაშინ არაფერი წინასწარმეტყველებდა, რომ ხორცის გადამუშავების სუბპროდუქტები კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცეოდა და თავად „უილსონის“ ბრენდი არა სასაკლაოებთან, არამედ, შესაძლოა, ყველაზე არისტოკრატულ სპორტთან – ჩოგბურთთან და გოლფთან იქნებოდა დაკავშირებული.

ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.

ეს დეტალი გვეხმარება გავიგოთ, რატომ ვითარდება ბრენდი დღეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით: ის ოფიციალური პარტნიორია პროფესიულ სპორტში, ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი მასობრივ ბაზარზე და იმავდროულად აქტიურად ქმნის თანამედროვე, ხშირად საკამათო ტექნოლოგიებს. როდესაც ერთი ბრენდი ამდენ საკულტო მოდელს აერთიანებს, მისი დღევანდელი პოტენციალის შეფასება წარსულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია – ასე ადვილად გამოვიტანთ მცდარ ან უსამართლო დასკვნებს.

თავიდან იყო ხორცკომბინატის ფილიალი

1913 წელს ხორცის გადამამუშავებელმა კომპანია Sulzberger and Schwarzchild-მა შექმნა შვილობილი ფირმა Ashland Manufacturing Company. მისი მიზანი იყო ხორცის გადამუშავების სუბპროდუქტების (ტყავი, მყესები და ა.შ.) გამოყენების სხვადასხვა გზის ძიება და პოვნა. კომპანია ჩიკაგოში დაფუძნდა, ​​სადაც მისი შტაბ-ბინა დღემდეა განთავსებული.

1914 წლისთვის Ashland Manufacturing Company-ის პროდუქცია მოიცავდა მუსიკალური ინსტრუმენტების სიმებს, ქირურგიულ ძაფებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია კომპანიის შემდგომი ისტორიისთვის, ჩოგბურთის ჩოგნის სიმებს. კომპანია სწრაფად გაფართოვდა თავად ჩოგბურთის ჩოგნებისა და სპორტული ფეხსაცმლის წარმოებამდე. 1915 წელს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესმენი თომას უილსონი გახდა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ მას სახელი შეუცვალა და Thomas E. Wilson Company დაარქვა. ამჟამინდელი სახელი – Wilson Sporting Goods Company, 1931 წლიდან მოდის.

უილსონის მშობლები შოტლანდიიდან გადასახლდნენ კანადაში, თავად თომასი 1868 წელს ონტარიოს პროვინციაში, ქალაქ ლონდონის მახლობლად დაიბადა. შედარებით ადრეულ ასაკში შეერთებულ შტატებში გადავიდა. ვიდრე საკუთარ ბიზნესს ჩაუდგებოდა სათავეში, უილსონმა ხორცკომბინატ Morris & Company-ში 25-წლიანი მუშაობის სტაჟი დააგროვა, სადაც 1913 წელს პრეზიდენტის თანამდებობაც დაიკავა.

როგორ გარდაიქმნა Wilson-ი დიდ სპორტულ ბრენდად

Ashland Manufacturing Company-ში მისვლისთანავე, უილსონმა ფირმა მშობელი კომპანიისგან გამოყო და სპორტულ საქონელზე ფოკუსირება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ Wilson-ი ძირითადად საჩოგბურთო ინვენტარით არის ცნობილი, ის თავიდანვე სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის – ამერიკული ფეხბურთისთვის, ფრენბურთისთვის, კალათბურთისთვის, ბეისბოლისთვის და გოლფისთვის აწარმოებდა სპორტულ საქონელს.

წარმოების გაფართოების მიზნით, უილსონმა რამდენიმე სპეციალიზებული საწარმო შეიძინა, მათ შორის გოლფის ჩანთებისა და სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლები. ხოლო Chicago Sporting Goods Company-ის შესყიდვის შემდეგ, ბრენდი ბეისბოლის კლუბ Chicago Cubs-ის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. სპეციალიზებული კომპანიების რეგულარული შესყიდვა და მათი ინტეგრაცია ბრენდის სტრატეგიად იქცა.

Wilson-ი სწრაფად იზრდებოდა: 1918 წლისთვის წლიურმა გაყიდვებმა 1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაარსებული კომპანიისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

იმავე წელს თავად თომას უილსონმა მოულოდნელად დატოვა კომპანია და მისთვის უფრო ნაცნობ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესს დაუბრუნდა. ის სათავეში ჩაუდგა Sulzberger and Schwarzchild-ს, რომელსაც იმ დროისთვის უკვე Wilson & Co ერქვა. Thomas E. Wilson Company-მ კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი ამ საწარმოსთან.

Wilson-ი და ჩოგბურთი – Wilson-ის პირველი საჩოგბურთო ჩოგანი 1914 წელს გამოვიდა, სულ რაღაც სამ წელში კი მაღალი ხარისხის მასალებისგან დამზადებული უკვე 28 მოდელი შეიქმნა. კომპანია განუწყვეტლივ ნერგავდა ინოვაციებს, რომლებმაც სწრაფად შეცვალეს ჩოგბურთის სამყარო. მაგალითად, 1934 წელს გამოჩნდა პირველი ტყავის სახელური, რამაც ახალი ინდუსტრიული სტანდარტი დააწესა.

უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის მრავალგზის ჩემპიონმა ჯეკ კრამერმა (Jack Kramer), ბრენდის საჩოგბურთო მიმართულების განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მე-20 საუკუნის შუა ხანებში, Wilson-მა მასთან ერთად სახელობითი ჩოგნის – Jack Kramer Autograph-ის შექმნა გადაწყვიტა. მოდელმა კრამერის თამაშში პრობლემები გააჩინა, თუმცა კომპანიამ ჩოგბურთელის შენიშვნები გაითვალისწინა და მასთან ერთად „Jack Kramer Autograph“-ი სრულად გადააკეთა. სწორედ ეს გაუმჯობესებული ვერსია იქცა იმ „ძლიერ იარაღად“, რომელმაც ბაზარი დაიპყრო. მოდელმა წარმოებაში 35 წელი გაძლო და დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჩოგნად – Wilson-მა ამ სახელობითი ინვენტარის 30 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა.

MELBOURNE, AUSTRALIA – JANUARY 26: Roger Federer of Switzerland plays a backhand in his semi-final match against Hyeon Chung of South Korea on day 12 of the 2018 Australian Open at Melbourne Park on January 26, 2018 in Melbourne, Australia. (Photo by Quinn Rooney/Getty Images)

პირველი ფოლადის ჩოგანი ასევე Wilson-ის პროდუქტი იყო. „დიდი სლემის“ მრავალგზის ჩემპიონმა, ფრანგმა რენე ლაკოსტმა 1953 წელს T2000 შექმნა, რომელზეც ლიცენზია Wilson-მა 1966 წელს შეიძინა. 1967 წელს გამოშვებული „ახალი ხილი“ ახალგაზრდა ჯიმი კონორსმა „დააგემოვნა“ – ლეგენდარული ამერიკელი მას 18 წლის განმავლობაში იყენებდა.

1983 წელს მსოფლიომ იხილა კევლარისა და გრაფიტისგან დამზადებული რევოლუციური ჩოგანი – Wilson Pro Staff. ამ მოდელმა უამრავი ლეგენდარული მოთამაშის აღიარება მოიპოვა, მათ შორის იყო შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამ სერიის სხვადასხვა ვერსიით ასპარეზობდა. შედეგად, Pro Staff-ის ჩოგნით მოასპარეზე სპორტსმენებმა ელიტურ ტურნირებზე ასეულობით ტიტული და მათ შორის არაერთი დიდი სლემის ჩემპიონატი მოიგეს.

ბრენდის კიდევ ერთი ინოვაციური იდეაა ჩოგნის ჩარჩოს გაფართოება, რათა სპორტსმენს დარტყმის მეტი სიმძლავრის უზრუნველყოფა შეეძლოს. პირველი ასეთი მოდელი, Wilson Profile, 1987 წელს გამოვიდა. ერთ-ერთი ბოლო ჰიტი იყო Clash, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და მაშინვე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჩოგანი გახდა. უახლესი გამოშვება კი არის Wilson Ultra V5, რომელიც გამოირჩევა უფრო მოქნილი და სტაბილური ჩარჩოთი, აღჭურვილია აღჭურვილია FORTYFIVE ტექნოლოგიით, რაც ხელს უწყობს სიმძლავრის, ბრუნვისა და კონტროლის გაზრდას.

ჩოგბურთელებში Wilson-ის ბურთებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეთა უმრავლესობამ მყარი საფარისათვის (Hard Court) საუკეთესო ბურთად სწორედ Wilson-ი დაასახელა. ფედერერისა და კონორსის გარდა, ბრენდის ინვენტარს ირჩევენ ჯონ მაკინროი, არტურ ეში, ბილი ჯინ კინგი, პიტ სამპრასი, ტრეისი ოსტინი და სერენა უილიამსი. მოთამაშეთა ასეთი შემადგენლობით, გასაკვირიც არ არის, რომ Wilson-ის ჩოგნებით სპორტსმენებმა „დიდი სლემის“ 500-ზე მეტი ტიტული მოიგეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

Wilson-ი და გოლფი – ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯეკ კრამერმა, Wilson-თან თანამშრომლობით მიღებული შემოსავლის ნაწილი ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე Los Serranos-ის გოლფის მოედნის შესაძენად გამოიყენა. „ჩოგბურთი ჩემი ჰობია, მაგრამ გოლფი საუკეთესო თამაშია“, – თქვა მან. ბრენდმა ეს გატაცება თავიდანვე გაიზიარა.

(Mirrorpix/Newscom) SARAZEN-LS-040716-newscom British Open 1952. Royal Lytham & St Annes Golf Club, Lancashire, 10th July 1952. The 81st Open Championship, was held from 9th to 11th July. Pictured, Gene Sarazen of the USA. (Newscom TagID: mrpphotos335481.jpg) [Photo via Newscom]

Wilson-ის გოლფის პირველი ყვანჯები, ჰენრი ფორდისეული კონვეიერული ტექნოლოგიის გამოყენებით, 1914 წელს დამზადდა. 1933 წელს კი კომპანიამ წარმოადგინა ცნობილი მწვრთნელის, ვილი ოგის (Willie Ogg) მიერ შექმნილი ლითონის ყვანჯები – Wilson Ogg-Mented. ამ მოდელმა წონის გადანაწილებითა და უკეთესი ბალანსით, ინდუსტრიაში ნამდვილი მინი-რევოლუცია მოახდინა.

იმავდროულად, კომპანიამ შექმნა Wilson Advisory Staff – პროფესიონალი სპორტსმენების საკონსულტაციო გუნდი, რომელიც ბრენდის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობდა. გუნდის სულ პირველი წევრი 1922 წელს ამერიკელი მეგოლფე ჯინ სარაზენი (Gene Sarazen) გახდა. სწორედ მან, 1935 წელს Wilson -ის ხელშეწყობით შექმნილი რევოლუციური ყვანჯით (Sand Wedge) „მასტერსის“ ლეგენდარული ტურნირი მოიგო, სადაც ისტორიული დარტყმა (Double Eagle) შეასრულა. სარაზენის ბრენდთან პარტნიორობა მის გარდაცვალებამდე, 1999 წლამდე გაგრძელდა და 75 წლით სპორტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ სახელშეკრულებო კავშირად იქცა. საკონსულტაციო შტაბში დღემდე შედიან წამყვანი მეგოლფეები: პადრაიგ ჰარინგტონი (Pádraig Harrington), გარი ვუდლენდი (Gary Woodland) და ბრენდან სტილი (Brendan Steele).

მე-20 საუკუნის შუა წლებში კომპანიის პრეზიდენტმა ლოურენს აისლიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალთა გოლფის განვითარებაში. 1948 წელს მან დააფინანსა ქალთა პროფესიონალური ასოციაციის შექმნა, რომელიც ამჟამად LPGA-ის (Ladies Professional Golf Association) სახელით არის ცნობილი. დღემდე Wilson-ი გოლფის ისტორიაში კვლავ ყველაზე წარმატებულ ბრენდად რჩება – მისი აღჭურვილობის გამოყენებით სპორტსმენებმა 62 მთავარი ტურნირი მოიგეს, რაც აბსოლუტური რეკორდია და ნებისმიერი კონკურენტის მაჩვენებელს აღემატება.

Wilson-ი და კალათბურთი – Wilson ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის ბურთების პირველი ოფიციალური მიმწოდებელი იყო. პარტნიორობა 37 წელი (1983 წლამდე) გაგრძელდა, რის შემდეგაც NBA-მ კონტრაქტი Spalding-ის ბრენდთან გააფორმა. პროფესიონალური ამერიკული ლიგები იშვიათად ცვლიან აღჭურვილობის მწარმოებლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში Wilson-ის დაბრუნებას კონკურენტის შეცდომამაც შეუწყო ხელი.

2006 წელს Spalding-მა ტრადიციული ტყავის ჩასანაცვლებლად მიკროფიბრის საფარიანი მოდელი წარადგინა. მოთამაშეებს არ მოეწონათ ახალი, სრიალა კომპოზიტური მასალა, რომელიც ხელებს უკაწრავდათ. უკმაყოფილებას ისიც აძლიერებდა, რომ ტესტირებაში კალათბურთელთა მხოლოდ მცირე ჯგუფი მონაწილეობდა. შედეგად, 2020 წლის მაისში გამოცხადდა, რომ 2021 წლის სეზონიდან NBA-სა და WNBA-ს ოფიციალური ბურთების მიმწოდებელი კვლავ Wilson-ი გახდებოდა.

მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, Wilson-ი ორი თვის განმავლობაში აქტიურად უგზავნიდა ახალ პროდუქტს გუნდებს და სპორტსმენებისგან გამოხმაურებებს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ბურთები ზუსტად იმავე მიმწოდებლის ტყავით დამზადდა, რომელთანაც Spalding-ი თანამშრომლობდა.

„არა მგონია, NBA-მ Wilson-თან დაბრუნების გადაწყვეტილება ვინმეს ცუდი შედეგების გამო მიიღო. ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, რას ვაკეთებთ როგორც კომპანია და როგორია ჩვენი ხედვა სპორტის გლობალურად განვითარების ჭრილში“, – განაცხადა Wilson-ის სპორტის გუნდურ სახეობათა გენერალურმა მენეჯერმა კევინ მერფიმ.

2023 წელს ამერიკულმა კომპანიამ სპორტული სამყარო გააოცა პირველი 3D-ბურთის გამოშვებით, რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში ავითარებდა. ესაა ბადისებრი სტრუქტურის „Airless Gen1“-ი, რომელიც ჰაერს თავისუფლად ატარებს და გაბერვა არ სჭირდება – პრინტერზე დაბეჭდილ ბურთს პარკეტი ჩვეულებრივად ისხლეტს.

Wilson-ი მუდმივად ეძებს საუკეთესო სპორტსმენებს, რათა მის პროდუქციას რეკლამირება გაუწიონ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც კალათბურთია. 1980-იან წლებში კომპანიის სახე ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი (Michael Jordan) იყო, რომელსაც ბურთების საკუთარი ხაზი ჰქონდა. გასულ წელს კი ბრენდს ამერიკელი კალათბურთელი ქალი კეიტლინ კლარკი (Caitlin Clark) შეუერთდა, რომელიც WNBA-ს დრაფტზე Indiana Fever-მა პირველ ნომრად აირჩია. ის ჯორდანის შემდეგ მხოლოდ მეორე მოთამაშე გახდა, რომლისთვისაც Wilson-მა კალათბურთის ბურთების სახელობითი კოლექცია შექმნა.

Wilson-ის „სხვა“ მიმართულებები

ჩოგბურთის, გოლფისა და კალათბურთის პროდუქციის გარდა, Wilson-ი დიდი ხანია აწარმოებს ბეისბოლის ბურთებსა და ხელთათმანებს (A2000 მოდელი ამ თამაშში საკულტოდ ითვლება), ფრენბურთის ბურთებს, პადელისა და პიკლბოლის (სპორტი, რომელიც ბადმინტონის, კლასიკური და მაგიდის ჩოგბურთის სინთეზია) აღჭურვილობას.

Wilson-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი ეროვნული საფეხბურთო ლიგაა (NFL). 1941 წლიდან პროფესიონალურ ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში ყველა ქულა Wilson-ის ბურთითაა მოპოვებული. 2024 წელს კომპანიამ ოჰაიოს შტატის ქალაქ ადაში, სპორტული აღჭურვილობის ახალი ქარხანა გახსნა. Wilson-ი იქ ფეხბურთის ბურთებს 1929 წლიდან აწარმოებდა, ხოლო თავად საწარმო კი 1955 წელს განახლდა. დღესდღეობით, ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. შესაძლებელია ტურების მოწყობა, ტერიტორიაზე ასევე არის ფეხბურთის მუზეუმი, რომელიც Wilson-ისა და NFL-ის ისტორიის ღირშესანიშნავ მომენტებს ასახავს.

„ახალი ქარხანა აქტივობისა და ინოვაციების ცენტრია, სადაც Wilson-ის NFL-ის ყველა ბურთი – ცნობილი როგორც „The Duke“, 20-ეტაპიანი შრომატევადი პროცესით, ხელით მზადდება. ეს პროცესი ტრადიციისა და სიზუსტის ზეიმია, რაც უზრუნველყოფს თითოეული ბურთის შესაბამისობას პროფესიონალური თამაშის მკაცრ სტანდარტებთან“, – მიაჩნიათ Wilson-ში.

კომპანიის მართვის სტრატეგია და წარმატების საფუძველი

Wilson-ის საუკუნოვანი ლიდერობის მიღმა ორი ძირითადი ბიზნეს-მიდგომა დგას: პროდუქტის განვითარებაში სპორტსმენების უშუალო ჩართულობა და ბაზრის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება.

კომპანიამ ჯერ კიდევ 1922 წელს დანერგა უნიკალური მოდელი, როდესაც შექმნა პროფესიონალი სპორტსმენების საკონსულტაციო გუნდი (Advisory Staff). ბრენდი მოთამაშეებს მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის არ იყენებდა; ლეგენდარული ჩემპიონები, როგორებიც იყვნენ ჯეკ კრამერი თუ ჯინ სარაზენი, უშუალოდ მონაწილეობდნენ საწარმოო პროცესში. ისინი ინჟინრებთან ერთად ტესტავდნენ აღჭურვილობას, მიუთითებდნენ ნაკლოვანებებზე და სათამაშო ინვენტარს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხვეწდნენ. სპორტსმენის პრაქტიკული ცოდნისა და წარმოების ამგვარმა სინთეზმა ბრენდს პროფესიონალურ წრეებში უალტერნატივო ნდობა მოუპოვა.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კონკურენტული გარემოს სწორი შეფასება და მოქნილობაა. კომპანია არასდროს უშინდებოდა ტექნოლოგიურ რისკებს – იქნება ეს ფოლადის ჩოგნების წარმოება, ახალი მასალების ათვისება თუ 3D-ბეჭდვა. ამასთანავე, Wilson-მა აჩვენა კრიზისების მართვის მაღალი კლასი: როდესაც მთავარმა კონკურენტმა (Spalding) დაუშვა სტრატეგიული შეცდომა და მოთამაშეების აზრი არ გაითვალისწინა, Wilson-მა მომენტალურად გამოიყენა ეს შანსი. მათ მკაცრი ხარისხის კონტროლითა და გუნდებთან წინასწარი კონსულტაციებით NBA-ს უმსხვილესი კონტრაქტი დაიბრუნეს. სწორედ წარმოებისადმი ეს მიდგომა აქცევს ყოფილ ხორცკომბინატს სპორტული ინდუსტრიის გიგანტად.

მეპატრონეთა ცვლილებები

სულ რამდენიმე წლის წინ, საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბრენდს არცერთი ფიზიკური მაღაზია არ ჰქონდა. 2021 წელს სიტუაცია მშობლიურ ჩიკაგოში გამოასწორეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ფლაგმანური მაღაზიაც გაიხსნა. სოჰოს რაიონში, Wilson NYC Flagship-ი გამოჩნდა, სადაც განთავსებულია თომას უილსონის დახურული პარკი – იქ შეგიძლიათ ბრენდის ნებისმიერი პროდუქტის გამოცდა. Wilson-მა გააფართოვა თავისი ფიზიკური ყოფნა აშშ-ში და აქტიურად ვითარდება ჩინეთის ბაზარზე.

მე-20 საუკუნეში კომპანიამ სპორტული ინვენტარის სხვადასხვა მწარმოებელი შეიძინა და თავადაც რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი. ის PepsiCo-საც კი ეკუთვნოდა, რომელმაც 1970-იან წლებში, Wilson-ის საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო.

1985 წლის სექტემბერში, Wilson Sporting Goods-ი Westray Capital Corporation-მა მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, WSGC Holdings, Inc-ის მეშვეობით შეიძინა. 200 მილიონ დოლარად შესყიდვის შედეგად, Wilson-ი გახდა WSGC Holdings-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. 1989 წლის მარტში WSGC Holdings გაერთიანდა Bogey Acquisitions Company-სთან, რომელიც აფილირებული იყო ფინურ მრავალეროვნულ კორპორაცია Amer Group Ltd-სთან. შედეგად, Wilson-ი საბოლოოდ ფინური ჯგუფის მენეჯმენტის საკუთრებასა და მართვაში გადავიდა.

Wilson-ის ახალმა მშობელმა კომპანიამ მაშინვე ისარგებლა თავისი საერთაშორისო გავლენით და დაიწყო უკვე ჩაყრილი საფუძვლის მშენებლობა. Amer Group-ის ხელმძღვანელობით, Wilson-მა გახსნა შვილობილი კომპანიები იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთსა და კანადაში.

Wilson-ის ყიდვისას, გლობალურ ფინურ ჯგუფ Amer Sports-ში Arc’teryx, Salomon, Atomic, Peak Performance და სპორტული საქონლის ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი ბრენდები შედიოდნენ. ამან უზრუნველყო გლობალურ მარკეტინგულ და სადისტრიბუციო ქსელზე წვდომა, რამაც ამერიკული პროდუქცია 100-ზე მეტ ქვეყანაში გაავრცელა. 2018 წლის დეკემბერში, ჩინურმა კომპანიებმა (Anta Sports, FountainVest Partners, Anamered Investments და Tencent) ჩამოაყალიბეს კონსორციუმი, რომელმაც Amer Sports-ის აქციები 5,2 მილიარდ დოლარად გამოისყიდა.

1990-იანი წლების დასაწყისში, Wilson-ს მსოფლიოს სპორტული საქონლის ყველა მწარმოებელ კომპანიას შორის ყველაზე დიდი საბაზრო წილი ეკავა. მთლიანი გაყიდვებით მას ბაზრის 8,5% ეჭირა (ბრენდის ისტორიაში, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ფ.კ.). მისმა უახლოესმა კონკურენტებმა, Anthony Industries, Inc-მა, Johnson Worldwide Associates-მა და Spalding & Evenflo Co, Inc-მა, შესაბამისად, ბაზრის 7%, 4,9% და 4,6% მოიცვეს.

ჰოლივუდის „ვარსკვლავის“ ფინანსური მაჩვენებლები

Wilson-ის ბრენდი, თავისი გამორჩეული W-თი, მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო ცნობადი 2000 წელს ეკრანზე ფილმ „გარიყულის“ გამოჩენამ გახადა. Wilson-ის ფრენბურთის ბურთი, უკაცრიელ კუნძულზე მარტოდ დარჩენილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენკსის პერსონაჟის ერთადერთი თანამგზავრი ხდება. ცნობილია, რომ კომპანიას ამ მარკეტინგულ ხრიკში ერთი ცენტიც არ გადაუხდია.

სამაგიეროდ, მილიარდებია გადახდილი უშუალოდ კომპანიის პროდუქციის შეძენაში. Wilson-ის ბრენდი 2025 წელს სტაბილურად, 13%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა შემოსავალმა 1,307 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2026 წლის მეორე კვარტლის ოფიციალური მონაცემებით, Amer Sports-ში კომპანიის ამ მიმართულებამ (Ball & Racquet) 24%-იანი ნახტომი აჩვენა, რაც ძირითადად Wilson Tennis 360-ის სტრატეგიამ და ჩოგბურთის ეკიპირებაზე გლობალური მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

მშობელი კომპანიის 2025 წლის შემოსავალმა 6,566 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წელთან შედარებით 27%-იანი ზრდა). 2026 წლის პროგნოზით, Amer Sports-ი 8,14 მილიარდ დოლარიან ნიშნულზე გასვლას გეგმავს.

Wilson-ს ოფიციალური წარმომადგენლობები და ოფისები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. ბრენდისთვის ყველაზე სტრატეგიული და მომგებიანი რეგიონი კვლავ ამერიკაა – რეალიზაციის 71% სწორედ აშშ-ზე მოდის (რაც ლოგიკურია NFL-ისა და NBA-ს კონტრაქტების გამო). თუმცა, ბოლო 2 წელში Greater China (დიდი ჩინეთი) და აზიის ბაზარი Wilson-ისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება გახდა.

უშუალოდ ჩიკაგოს სათაო ოფისში, წარმოებებსა და რეგიონულ ფილიალებში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-1800 ადამიანს აღწევს. მთლიანად კონსორციუმში (Amer Sports) კი 15400-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სხვა სტატიები

სავაჭრო ომის მორიგი სერია – შეერთებულმა შტატებმა ჩინურ ტექნოლოგიებს ახალი სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.

გარიგება პუტინთან – რამ გამოიწვია აშშ-ის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება

მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.

როგორ მოიტანა წარმატება Hyundai-სა და Genesis-ის განცალკევებამ

Hyundai-სა და Genesis-ის ისტორია ამტკიცებს, რომ გონივრული განცალკევება ხშირად იმაზე ძლიერი ბიზნეს-ინსტრუმენტია, ვიდრე მასშტაბური გაერთიანებები.