Homeუცხოეთიშემოსავლების ვარდნა და რეკორდულად გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი რუსეთში

შემოსავლების ვარდნა და რეკორდულად გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი რუსეთში

Published on

spot_img

2026 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკამ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების ზრდისა და ენერგორესურსების ექსპორტის წყალობით ზრდას აჩვენებდა, მნიშვნელოვანი ვარდნა დაიწყო. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პირველ კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის 7 მაისის ანგარიშის მიხედვით, კლება უფრო მაღალია – 0,5%. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პირველი ნეგატიური მაჩვენებელია 2023 წლის შემდეგ. პარალელურად, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა 5,88 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 79 მლრდ აშშ დოლარს) მიაღწია, რაც უკვე 55%-ით აღემატება მთელი წლისთვის დაგეგმილ მაჩვენებელს. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2026 წლისთვის დეფიციტი 3,786 ტრილიონი რუბლი (მშპ-ის 1,6%) უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ ოთხ თვეში მიღწეულმა შედეგმა პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

დეფიციტის მთავარი მიზეზი გაზრდილი ხარჯებისა და ენერგოსექტორიდან შემოსავლების მკვეთრი ვარდნის ერთობლიობაა. ნავთობისა და გაზის შემოსავლები წლიურად 38,3%-ით შემცირდა. 2025 წლის ბოლოს ენერგოსექტორის შემოსავლები უკვე 25-27%-ით იყო შემცირებული, რის გამოც ხელისუფლებამ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 2026 წლის 1 იანვრიდან 20%-დან 22%-მდე გაზარდა.

საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი რეცესიის ზღვარზეა. კრიტიკული ფაქტორების ერთობლიობამ – დასავლურმა სანქციებმა, ენერგოსექტორის ტექნოლოგიურმა იზოლაციამ და ომის პირდაპირმა ხარჯებმა  რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული სანქციების ახალი ტალღა, ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტისა და სხვა საკვანძო ფიგურების მონაწილეობით, ენერგეტიკულ სექტორს განსაკუთრებით შეეხო. პარალელურად, ევროკავშირმა მიზანში ამოიღო რუსული „ჩრდილოვანი ფლოტი“ – გაურკვეველი წარმომავლობის ტანკერების ქსელი, რომელსაც მოსკოვი სანქციების გვერდის ავლით ნავთობის არალეგალური ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. სადაზღვევო სერვისების აკრძალვამ და პორტების მკაცრმა მონიტორინგმა ამ ქსელის ეფექტურობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამერიკულმა სანქციებმა კი პრაქტიკულად დაბლოკა რუსეთის მცდელობები არქტიკული შელფის საბადოების ათვისების მიმართულებით. ტექნოლოგიური იზოლაცია მოპოვებას შეუძლებელს ხდის.

ამას ემატება დონალდ ტრამპის მიერ წარსულში დაწყებული „ენერგეტიკული დომინაციის“ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც 2026 წელს კვლავ აქტიურად გამოიყენება როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ვაშინგტონმა მაქსიმალური ზეწოლა განახორციელა რუსეთის მოკავშირე ირანსა და ვენესუელაზე, რამაც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეუზღუდა. შედეგად, ნავთობდოლარების შემოდინება რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს სამხედრო ფაქტორიც ამძიმებს. 2026 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სიღრმეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშებით საწვავის წარმოება დაახლოებით 20%-ით შეამცირეს. ამან შიდა ბაზარზე დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. „ენერგეტიკული ზესახელმწიფო“ იძულებული გახდა, თავად დაეწყო ბენზინის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რაც არა მხოლოდ ფინანსური ზარალია, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებსაც არღვევს და სხვა სექტორებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ვითარების სიმძიმეს რუსი მაღალჩინოსნებიც აღიარებენ. 15 აპრილს გამართულ ეკონომიკურ თათბირზე ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის მშპ იანვარ-თებერვალში 1,8%-ით შემცირდა. მან პირდაპირ მიმართა მინისტრებს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იმაზე დაბალია, ვიდრე ამას მთავრობა და ცენტრალური ბანკი ელოდნენ და მოითხოვა ახალი ზომების მიღება ეკონომიკის „გამოსაცოცხლებლად“.

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა აღიარა, რომ ქვეყნის ეკონომიკური რესურსები დიდწილად ამოწურულია. მან სიტუაციას „რთული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ბიზნესს უწევს ადაპტაცია მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და მუშახელის დეფიციტის პირობებში.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ეკონომიკის „გადახურება“ პიკს აღწევს და მხოლოდ 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს კლებას: „ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა, ხოლო ინფლაციური წნეხი, რომელიც მიწოდების ჯაჭვების რღვევითა და ენერგო-დეფიციტით არის გამოწვეული, მოითხოვს კიდევ უფრო მკაცრ ზომებს“, – მიაჩნია ნაბიულინას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) აპრილში რუსეთის 2026 წლის ზრდის პროგნოზი 0,8%-დან 1,1%-მდე ოდნავ გააუმჯობესა, თუმცა ეს შეფასება ნავთობის ფასების ზრდის მოლოდინზე იყო დაფუძნებული და მაისის რეალობას აღარ შეესაბამება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთარი პროგნოზი მკვეთრად შეამცირა: 1,3%-ის ნაცვლად მხოლოდ 0,4%-იან ზრდას ელოდება, რაც პრაქტიკულად ნულოვან ზრდას და რეცესიის დაწყებას ნიშნავს.

ასე რომ, 2026 წელს რუსეთის ეკონომიკის რეცესია აღარ არის მხოლოდ თეორიული პროგნოზი. სახეზეა რეალობა, რომელიც დასავლური სანქციების წნეხითა და ომის პირდაპირი ეკონომიკური ხარჯებით არის გამოწვეული. ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის მეორე ნახევარი გარდამტეხი იქნება იმის დასანახად, თუ რამდენად გაუძლებს რუსეთის სახელმწიფო ფინანსები ამ მასშტაბურ წნეხს.

დასასრულს, საქართველოზე გავლენასაც შევეხოთ. რუსეთში მიმდინარე კრიზისი საქართველოსთვის იმპორტირებული ინფლაციის რისკს ქმნის. ქვეყანაში ინფლაცია ისედაც მატების გზაზეა, ხოლო რუსეთის ფაქტორი არსებული სურათის კიდევ უფრო გაუარესებას ნიშნავს. თუმცა, ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკური კრიზისი თეორიულად შეიძლება შესაძლებლობასაც ნიშნავდეს. საქართველოსთვის ჩნდება შანსი, რომ იქნებ როგორმე დაშორდეს არასტაბილურ რუსულ ბაზარს და ეკონომიკა გადაამისამართოს ევროპულ და აზიურ ალტერნატიულ დერეფნებზე.

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

სხვა სტატიები

აშშ-სა და ვენესუელას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა

2026 წლის 30 აპრილს, აშშ-სა და ვენესუელას შორის საავიაციო მიმოსვლა ოფიციალურად განახლდა. პირველმა კომერციულმა რეისმა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით სიმბოლურად დაასრულა შვიდწლიანი იზოლაციის პერიოდი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები „ოპეკიდან“ და „ოპეკი პლუსიდან“ გადის – დარტყმა მოსკოვსა და თეირანზე

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE), ოფიციალურად ტოვებს „ოპეკსა“ (OPEC) და „ოპეკი პლუსის“ (OPEC+) გაერთიანებას. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 1 მაისიდან შედის.

ევროკავშირმა აზერბაიჯანულ ტანკერებს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირის საბჭომ 2026 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის კუთვნილ ხუთ ტანკერს სანქციები მოუხსნა. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს“ – ASCO-ს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ხომალდები 2025 წლის ივლისსა და ოქტომბერში დაასანქცირეს. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მათ ადანაშაულებდნენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში ყოფნასა და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში.