საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
– პარლამენტის მიერ 01.04.2026-ში მიღებული #1477-Vმს-XIმპ კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში.
ცვლილებები ეხება საგადასახადო კოდექსის 185 ე და 188-ე მუხლებს და მნიშვნელოვნად ცვლის მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრის წესს.
ცვლილებების თანახმად, მსუბუქი ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი დიფერენცირებულია მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვითკანონი ორ ძირითად კატეგორიას გამოყოფს:
– 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილები: აქციზის განაკვეთი შეადგენს 1.50 ლარს ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე; რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. ხოლო მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი 60 პროცენტით მცირდება.
– 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები: აქციზის განაკვეთი მკვეთრად იზრდება და შეადგენს 4.50 ლარს 1 სმ3-ზე; ამ ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.
რაც შეეხება ელექტროძრავიან მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს.
უნდა შეინიშნოს, რომ რომ ავტომობილის წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის (ან დაბეგვრის ოპერაციის) წელსა და ავტომობილის გამოშვების წელს შორის.
შეღავათები ჰიბრიდებისთვის და სანქციები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე:
კანონმდებლობა გარკვეულ შეღავათებს აწესებს ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ტრანსპორტისთვის, თუმცა მკაცრდება მიდგომა მარჯვენასაჭიან მოდელებზე.
ჰიბრიდული ავტომობილები: 0-დან 6 წლის ჩათვლით მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, დადგენილი აქციზის განაკვეთი 60 პროცენტით მცირდება
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: იმ ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი სამმაგდება.
ეს ეხება როგორც ახალ (0-6 წელი), ისე ძველ (6 წელზე მეტი) ავტომობილებს.
გარდამავალი დებულებები: ვის შეეხება ძველი ტარიფი?
კანონი ითვალისწინებს სპეციალურ პირობებს იმ იმპორტიორებისთვის, რომლებმაც ავტომობილის შეძენა ან ტრანსპორტირება კანონის ამოქმედებამდე დაიწყეს. ძველი ტარიფით დაბეგვრა შესაძლებელია, თუ:
– ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა;
– ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნულია საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში 2026 წლის 2 აპრილამდე ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას და რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია კონტეინერის ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
– ავტომობილის საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადებით (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში _ საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადებით (CMR)) ან გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად 2026 წლის2 აპრილამდე მიღებას/ჩატვირთვას და რომელშიც მითითებულია ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN/შასის ნომერი) ან/და ავტომობილის შესახებ სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/ რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა;
– ავტომობილის თავისი სვლით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 2 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/ რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა.
_ 01.04.2026-ში მიღებული #1456-Vმს-XIმპ კანონით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის 36 ნაწილის შემდეგ დაემატა 37 ნაწილი, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმისგან გამოითხოვოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია. აღნიშნული უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორი კონკრეტული შემთხვევის დროს:
_ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების პროცესში;
_ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ საუბარია იმ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ ორგანული კანონის 528 მუხლით.
კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კანონი ადგენს მკაცრ პროცედურულ ჩარჩოს. საგადასახადო ორგანო ინფორმაციას გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კოდექსის 70-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
ცვლილებები ასევე აზუსტებს მოპოვებული ინფორმაციის გაცემის შეზღუდვებს. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება ამ გზით მიღებული მონაცემების გადაცემა კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირებისთვის. ერთადერთი გამონაკლისი კვლავ საერთაშორისო თანამშრომლობაა — ინფორმაციის გადაცემა დასაშვებია სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის, თუ ამას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დაუყოვნებლივ არ შედის ძალაში. კანონით დადგენილია გარდამავალი პერიოდი და ის ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
(ფაქტორინგული კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას იხილავთ ქვემოთ, `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონში.)
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
_ ფინანსთა მინისტრის 24.04.2026-ის #120 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ №996 ბრძანებაში. კერძოდ, დაკორექტირდა 83-ე მუხლის, მე-13 პუნქტი, რომელიც აქციზური საქონლის ჩამორთმევას ეხება.
აქციზური საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გაუქმდა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია პარალელურად შიდა აუდიტის დეპარტამენტსაც მიეწოდებოდა. აღნიშნული ცვლილება ემსახურება ბიუროკრატიული პროცესების ოპტიმიზაციას და საგამოძიებო უწყების ოპერატიულ ინფორმირებას.
საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა
_ ფინანსთა მინისტრის მიერ 03.02.2026-ში მიღებული #994 და #996 ბრძანებებში შესული ბოლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის ჩამოწერის პროცედურა დაზუსტდა და გამარტივდა. ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისი ნაწარმის უტილიზაცია უწევთ.
მთავარი ცვლილებები და პროცედურა
- ახალი ფუნქციონალი ელექტრონულ პორტალზე
გადამხდელებს, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში წარმოებული და აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერას, ელექტრონულ განცხადებაში — „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება~ — დახვდებათ სპეციალური მოსანიშნი ღილაკი: „საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი~.
ამ ველის მონიშვნა სავალდებულოა შესაბამისი კატეგორიის ნაწარმის ჩამოწერისას.- ჩამოწერისა და განადგურების წესი
კანონმდებლობა მწარმოებელს აძლევს უფლებას, ჩამოწეროს ის ნაწარმი, რომელიც უვარგისია შემდგომი მიწოდებისთვის ან რეალიზაციისთვის.
პროცესი ხორციელდება ადგილზე გასვლით, პროცედურა სრულდება საქონლის სრული განადგურებით.- საგადასახადო შეღავათი (აქციზისგან გათავისუფლება)
მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ამ წესით ჩამოწერილი ნაწარმის აქციზური მარკები ავტომატურად ჩაითვლება უტილიზებულად. შესაბამისად, აღნიშნული მარკები აღარ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, რაც ბიზნესს ზედმეტი საგადასახადო ტვირთისგან ათავისუფლებს.
საგადასახადო რეგულაციებით ასევე განისაზღვრა პერიოდი, 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში სრული განადგურების ფორმით ჩამოწერილ ნაწარმზე, მწარმოებლის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული აქციზური მარკების სერიული ნომრები (ან მათი დიაპაზონი) ასევე ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაიბეგრება აქციზით.
ცვლილება საინვესტიციო ოქროს იმპორტის წესში
_ ფინანსთა მინისტრის მიერ 03.04.2026 ში მიღებული #105 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ~ ბრძანებაში.
იმისათვის, რომ იმპორტიორმა ისარგებლოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით, ოქროს ზოდები და ფირფიტები (გარდა მონეტებისა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
სავალდებულო მარკირება: ოქროს ზოდზე ან ფირფიტაზე მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი დამამზადებელი ქარხნის ლოგო, პროდუქციის სერიული ნომერი, წონა და სინჯის აღმნიშვნელი დამღა.
დოკუმენტური დასტური: დეკლარანტმა აუცილებლად უნდა წარადგინოს ASSAY სერთიფიკატი ან დაუზიანებელი შეფუთვა, რომელზეც მწარმოებლის მიერ დატანილია შესაბამისი ინფორმაცია.
ინვოისის სიზუსტე: წარდგენილ ინვოისში ან ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი თითოეული ერთეულის სერიული ნომერი და მახასიათებლები.
მნიშვნელოვანი სიახლეა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან გაჩნდება ეჭვი ინფორმაციის სისწორეში, უწყებას უფლება აქვს მოითხოვოს:
აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა და დამატებითი კვლევა წარდგენილი მონაცემების გადამოწმების მიზნით.
აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს 2026 წლის 12 მარტის #72 ბრძანების დაზუსტებულ რედაქციას და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ძვირფასი ლითონების ბაზრის გამჭვირვალობას და აღკვეთს არასტანდარტული ოქროს „საინვესტიციო~ სტატუსით იმპორტს.
ცვლილება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონში
_ პარლამენტის მიერ 29.04.2026-ში მიღებული #1547-Vმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ~ კანონში, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებას.
ცვლილებების თანახმად, ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა, ხოლო მისი წარმომადგენელი ამ სფეროში არის სსიპ – ინვესტიციების სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შედის.
სააგენტო ახლა უკვე უფლებამოსილია იყოს ინვესტორის ოფიციალური წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში, ამისათვის მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს.
სააგენტო ეხმარება ინვესტორს:
– საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიისა თუ ნებართვის აღებაში.
– ნებისმიერი სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში.
მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მეშვეობით წარმომადგენლობა არ ზღუდავს ინვესტორს, სურვილის შემთხვევაში, პირადად ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით დაამყაროს კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
კორექტირებული კანონით, ინვესტორს უფლება აქვს მოითხოვოს სააგენტოს ჩართულობა ქონების შეძენის პროცედურებში და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ლიცენზიების გაცემას თუ ინვესტიციის განხორციელებას.
თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ როგორც ინვესტორთან, ისე სააგენტოსთან, რაც შეეხება მომსახურების საფასურს, მას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
თუმცა, კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან გამონაკლისს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობა მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების მონიტორინგი
კანონი აწესებს მკაცრ კონტროლს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციებზე:
– მონიტორინგი და ანგარიშგება: სააგენტო ვალდებულია აწარმოოს ასეთი ინვესტიციების სისტემატური მონიტორინგი და ანგარიშები წარუდგინოს მთავრობას.
– უწყებრივი რეესტრი: იქმნება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების სპეციალური რეესტრი.
– სახელმწიფო კონტროლის ზედამხედველობა: ინვესტორს შეუძლია აცნობოს სააგენტოს მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ. სააგენტო შეისწავლის პროცესს და თუ აღმოაჩენს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევას ან სხვა შემაფერხებელ გარემოებას, ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის მთავრობას.
ამ მიზნით, სააგენტოს აქვს უფლება, მაკონტროლებელი ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.
ახალი რეგულაციები და სანქციები საზღვაო და შიდა წყლების უსაფრთხოების სფეროში
_ 28.04.2026 წ.-ის #1524-Vმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები აწესებს ახალ სანქციებს და აზუსტებს არსებულ წესებს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ცვლილებები ეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და მოიცავს სამართალდარღვევათა ფართო სპექტრს – სანავიგაციო ნიშნების ხელშეუხებლობიდან გემების რეგისტრაციის წესებამდე.
სანავიგაციო ნიშნების ხელშეუხებლობა
კოდექსს დაემატა 1131 მუხლი, რომელიც კრძალავს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა თუ ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლას ან მათში შეღწევას. აღნიშნული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია ნიშნების დაზიანება, ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში 500 ლარით.
უსაფრთხოების წესების დარღვევა შიდა სახმელეთო წყლებში
მნიშვნელოვნად დაკონკრეტდა 1145 მუხლი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ნაოსნობის წესებს არეგულირებს.
ზოგადი უსაფრთხოებისა და ნაოსნობის წესები: ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ნაოსნობის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის, ხოლო განმეორებისას – 1 000 ლარს.
იურიდიული პირების შემთხვევაში, ნაოსნობის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 000 ლარით, ხოლო განმეორებით – 2 000 ლარით ისჯება.
გემების რეგისტრაცია და იდენტიფიცირება:
ურეგისტრირო მცურავი საშუალების მართვა: ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი – 1 000 ლარით. განმეორებისას სანქცია ორმაგდება (1 000 და 2 000 ლარი შესაბამისად).
სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის გარეშე მართვა: თავდაპირველად ითვალისწინებს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 100 ლარს ფიზიკური და 200 ლარს იურიდიული პირებისთვის.
შეჩერებული რეგისტრაციის მქონე საშუალების მართვა: ჯარიმდება 500 ლარით (ფიზიკური პირი) ან 1 000 ლარით (იურიდიული პირი), განმეორებითი დარღვევა იწვევს ჯარიმას 1 000 და 2 000 ლარის ოდენობით.
ტექნიკური ინსპექტირება და სახანძრო უსაფრთხოება
ახალი რეგულაციები მკაცრ მოთხოვნებს უყენებს აღიარებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ტექნიკურ ინსპექტირებას. თუ ასეთი ორგანიზაცია დაარღვევს წესებს, რამაც შექმნა ქონების ან გარემოს დაზიანების საფრთხე, იგი დაჯარიმდება 5 000 ლარით.
გარდა ამისა, 11418 მუხლით განისაზღვრა სანქცია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას: 500 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 1 000 ლარი იურიდიული პირებისთვის.
ამ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილება ენიჭებათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შედის.
საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები უფლებამოსილნი არიან განიხილონ საქმეები, რომლებიც ეხება უსაფრთხოების, ნაოსნობისა და ტექნიკური სტანდარტების დარღვევებს.
ცვლილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში
_ 14.04.2026-ში მიღებული #1490-Vმს-XIმპ კანონით, ცვლილება განხორციელდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ~ კანონში.
ცვლილების შედეგად დაკორექტირდა რეგისტრაციის წესი და ვადები, სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია შესაბამისი წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს რეგისტრაციის თაობაზე. სამსახური ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სუბიექტის დაშვება სპეციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც ორგანიზაციამ10 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარდგენილ განაცხადს 30 სამუშაო დღის ვადაში სწავლობს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ხარვეზიანია, სუბიექტს მის გამოსასწორებლად 10 სამუშაო დღე ეძლევა. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, სამსახური 5 სამუშაო დღეში ახორციელებს ორგანიზაციის რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში.
კანონის თანახმად, საჯაროა როგორც რეგისტრაციის შესახებ განცხადება და განაცხადი, ისე თავად რეესტრში შეტანილი ყველა ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ამ დოკუმენტების, მათ შორის ორგანიზაციის წესდებისა და ბოლო ამონაწერის საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე.
რეგისტრირებული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია. სამსახური დეკლარაციას 30 სამუშაო დღეში სწავლობს, ხოლო მისი შინაარსი სრულად საჯაროა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად. მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს როგორც თავად სამსახურის გადაწყვეტილება, ისე სხვა პირის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადება.
საკითხის შესწავლის პროცესში სამსახურს აქვს უფლება მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს. ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
თუ ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, მას შეუძლია საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას მოითხოვოს რეგისტრაციის გაუქმება. სამსახური გადაწყვეტილებას 30 სამუშაო დღეში იღებს, რის შემდეგაც ორგანიზაცია იშლება რეესტრიდან და მისი მონაცემები ვებგვერდიდან იშლება.
საჯარო რეესტრის მიერ დაწყებულ შესაბამის საქმეებს წარმოების პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადაიბარებს. კანონის ძირითადი მუხლები, რომლებიც რეგისტრაციისა და მონიტორინგის წესებს განსაზღვრავს, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
_ 01.04.2026-ში მიღებული #1465-Vმს-XIმპ კანონის საფუძველზე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ ორგანულ კანონში, რომელიც 2027 წლის 01.01-დან ამოქმედდება.
ცვლილება მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებას და საფინანსო სექტორის რეგულირების გაუმჯობესებას და იგი რამდენიმე საკვანძო ასპექტს მოიცავს.
საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა სიის გაფართოება
ახალი კანონით, ფაქტორინგული სუბიექტები ოფიციალურად ხდებიან საფინანსო სექტორის სრულუფლებიანი წარმომადგენლები. ეროვნულ ბანკს ენიჭება მათი რეგულირებისა და კონტროლის სრული უფლებამოსილება, რაც მოიცავს:
– რეგისტრაცია და ლიცენზირება: ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ფაქტორინგული კომპანიების რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესებს.
– კაპიტალის კონტროლი: რეგულატორი დაადგენს მოთხოვნებს კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და მისი ფორმირების წესზე. ასევე, შეამოწმებს სახსრებისა და მესაკუთრეების ქონების წარმომავლობას.
– ადმინისტრაციული ზედამხედველობა: ეროვნული ბანკი დაადგენს შესაფერისობის კრიტერიუმებს კომპანიის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისთვის.
ეროვნული ბანკის ახალი საზედამხედველო უფლებამოსილებები
განახლებული კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს ენიჭება სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობას. კანონს დაემატა 528 მუხლი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელს შეუძლია:
რეგისტრაცია და კონტროლი : განახორციელოს ფაქტორინგული კომპანიებისა და პლატფორმების რეგისტრაცია, მათი შემოწმება და რეგულირება.
კაპიტალის გამჭვირვალობა : მოითხოვოს ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
სანქციები და შეზღუდვები : დარღვევების შემთხვევაში , ეროვნულ ბანკს შეუძლია შეაჩეროს ოპერაციები, აკრძალოს მოგების განაწილება და დივიდენდების გაცემა, ან დააწესოს ფულადი ჯარიმები.
ადმინისტრაციული კონტროლი : განსაზღვროს ადმინისტრატორებისა და მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება.
ახალი რეგულაციები მკაცრად განსაზღვრავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის წესებს. ფაქტორინგულ კომპანიებსა და პლატფორმებში არსებული ინფორმაცია გარიგებებისა თუ ნაშთების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ:
– შესაბამისი გარიგების მხარეებზე;
– ეროვნულ ბანკსა და მასთან არსებულ დავების განმხილველ კომისიაზე;
– საგადასახადო ორგანოსა და სასამართლოზე (სპეციალურ შემთხვევებში);
– ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე.
სხვა პირებს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეწოდებათ. ასევე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს FATCA-ს (უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტი) მოთხოვნების შესრულება.
ეს ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს საფინანსო ბაზრის გამჭვირვალობისა და სტაბილურობისკენ, რაც უზრუნველყოფს ახალი ფინანსური ინსტიტუტების მოქცევას ერთიანი საზედამხედველო სტანდარტების ქვეშ.
_ ეროვნული ბანკის მიერ 24.04.2026-ში მიღებული #96/04 ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემაში ჩართვის წესი.
წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე, რეგისტრირებულ მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და ამ ლიცენზიების მაძიებელ პირებზე.
რეგულაცია ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ პირდაპირი ტექნიკური ინტეგრაცია საგადახდო სისტემასთან შეტყობინებების შუამავლის გარეშე გასაგზავნად და მისაღებად.
მონაწილეობის ძირითადი კრიტერიუმებია, რომ სუბიექტი ვალდებულია მუდმივად აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან მოთხოვნას:
კიბერუსაფრთხოება : ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ფორმალიზებული პროცესები ინფორმაციის დასაცავად მისი შენახვის, მიმოცვლისა და დამუშავების ეტაპზე. სავალდებულოა კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის პოლიტიკა, ქსელისა და სისტემების უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები და მონაცემთა შიფრაცია. სუბიექტმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს თანამშრომელთა ტრენინგები და წელიწადში ორჯერ _ ქსელის სისუსტეების სკანირება.
საოპერაციო რისკების მართვა : აუცილებელია ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს თაღლითური ოპერაციების გამოვლენას და ბიზნესუწყვეტობის გეგმას (BCP). ეს უკანასკნელი უნდა ითვალისწინებდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმას (DRP) და რეგულარულად იტესტებოდეს.
სამართლებრივი შესაბამისობა : სუბიექტს დანერგილი უნდა ჰქონდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ასევე სანქციების რეჟიმების დაცვის მექანიზმები. ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებისთვის აუცილებელია SWIFT სისტემაში რეგისტრირებული BIC კოდი.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს განცხადება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას 60 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციაში ხარვეზია, სუბიექტს ეძლევა 30 დღე მის გამოსასწორებლად. თუმცა, თუ აუდიტი კრიტიკულ ან მაღალი რისკის შემცველ შეუსაბამობას გამოავლენს, ბანკი მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას.
საგადახდო სისტემაში ჩართვის შემდეგ, სუბიექტი ვალდებულია:
– წელიწადში ერთხელ განახორციელოს ინფორმაციული უსაფრთხოების დამოუკიდებელი აუდიტი.
– ყოველწლიურად ჩაატაროს შეღწევადობის ტესტირება.
– პერიოდულად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს შესაბამისობის დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნები.
დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საზედამხედველო ზომები, მათ შორის ფულადი ჯარიმები, ან შეუჩეროს სუბიექტს სისტემაში მონაწილეობის უფლება.
იხილეთ ასევე:
– 08.04.2026-ის ფინანსთა მინისტრის #109 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე~ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 08.04.2026-ის მთავრობის #152 დადგენილება, „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე~ ამავე პირის 2025 წლის 22 იანვრის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 16.04.2026-ის მთავრობის #157 დადგენილება, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/ კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მარიამ აფრასიძე

