Homeააფ-მედია„ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ იყიდა

„ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ იყიდა

Published on

spot_img

რა იცვლება ამ გარიგებით საბანკო სექტორში და რას უნდა ელოდეს მომხმარებელი


საბანკო სექტორში აქტივების სიდიდით მეოთხე ბანკმა, „ბაზისბანკმა~, მესამე უმსხვილესი ბანკი _ „ლიბერთი ბანკი~ შეიძინა. გარიგება მოიცავს Hunnewel Partners-სგან (რომლის ერთ-ერთი პარტნიორია ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე) აქციათა საკონტროლო – 95.99%-ის წილის გამოსყიდვას. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, ყველა იმ ბანკში მიიღებს მომსახურებას, რომელ ბანკთანაც აქვს ურთიერთობა. გაერთიანების პროცესი ერთი წელი უნდა გაგრძელდეს. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ბაზარზე მესამე მსხვილი ბანკის შექმნით კონკურენცია გაიზრდება და ეს პროცესი საბანკო პროდუქტების მაღალ საპროცენტო განაკვეთებსაც შეეხება. ეს არის ერთადერთი რამ, თუკი ამ ბანკების გაერთიანებით მომხმარებელი იხეირებს. თუმცა რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი – „გაზრდილი კონკურენცია” „შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით”, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება.


ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გარიგების კვლევა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულს დაასრულა და დაასკვნა, რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა. „ბაზისბანკმა” „ლიბერთი ბანკის” მფლობელ ჰოლდინგთან – Hუნნეწელ Pარტნერს-თან ნასყიდობის შეთანხმებას 17 აპრილს მოაწერა ხელი. რამდენი გადაიხადეს „ბაზისბანკის” მფლობელებმა, უცნობია _ ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. „ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, „გარიგება ორივე მხარისთვის სარფიანი იყო”.


„ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა ეს გარიგება ორივე მხარისთვის სარფიანი იყო. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაგვესრულებინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გარიგება ასევე სარფიანია იმ მინორიტარი აქციონერებისათვის, დაახლოებით 4%, ვისაც „ლიბერთი ბანკში” აქციები აქვთ”, – განაცხადა ცაავამ.


„ჰუალინდ ჯგუფის” („ბაზისბანკის” მესაკუთრე) საქართველოს წარმომადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მო ვლუმ აღნიშნა, რომ ორი ბანკის რესურსების გაერთიანებით, დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.


„ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში 2007 წლიდან საქმიანობს და დღემდე დიდ უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ჩვენს მიერ საქართველოში ინვესტირებული კაპიტალი უკვე 600 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. რაც ეკონომიკის სტაბილურობისა და ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის დასტურია. დარწმუნებული ვარ, „ბაზისბანკისა” და „ლიბერთი ბანკის” რესურსების გაერთიანებით და მათი მაღალკვალიფიციური გუნდების კოორდინირებული თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას~, – განაცხადა მო ვლუმ.


ამასთანავე ირაკლი რუხაძემ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას წინ წელიწადნახევრიანი მუშაობა უძღოდა. იგი ამბობს, რომ „ლიბერთის” გაყიდვის გამო სინანულსაც გრძნობს, ვინაიდან ბანკის განვითარების იმ პოზიციამდე მისაყვანად, როგორიც დღეს არის, ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა და ბოლო რვა წლის განმავლობაში ბანკის აქტივების ზომა 1,7 მილიარდი ლარიდან 6,1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.


„ფაქტობრივად, ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია კონკურენციის გაზრდისთვის. აგრეთვე გაერთიანებულ ბანკს მეტი რაღაცების გაკეთება შეეძლება. დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის გუნდი ამ ყველაფერს მაღალი სინერგიით აითვისებს. „ბაზისბანკი” არ არის ჩემთვის უცხო ბანკი, 90-იანებში მე ვიყავი მისი პირველი კლიენტი. „ლიბერთის~ გაყიდვაზე სინანული მაქვს, რადგან „ლიბერთის~ გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, რომ იქამდე მიგვეყვანა, სადაც ახლა არის. ბანკი იყო მხოლოდ ერთი პროდუქტის – მიკროკრედიტების გარშემო შექმნილი, ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების და ეს იყო ძალიან ძვირი – 70 100% იყო ამ კრედიტების განაკვეთი. ჩვენ შევძელით განაკვეთის შემცირება, ხოლო საპენსიო სესხები ბანკის კრედიტების მხოლოდ 10%-ია. 5700 ადამიანი მუშაობს ჩვენ ბანკში და ჰყავს 1,8 მილიონი მომხმარებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 3,.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ეს დიდი მიღწევაა”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.


„ბაზისბანკისა” და „ლიბერთი ბანკის” გაერთიანება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა დოჭვირმა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა. ბექა დოჭვირმა ამ გარიგებას საქართველოს საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა უწოდა, როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსით.


„ბაზისბანკისა” და „ლიბერთი ბანკის” გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც. საბოლოოდ, „ბაზისბანკის” მიერ „ლიბერთი ბანკის” შეძენა არ არის მხოლოდ კომპანიების გაერთიანება – ეს არის ნაბიჯი უფრო კონკურენტული, მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო სისტემისკენ”, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.


მისი განცხადებით, ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა ორივე ბანკთან, ვინაიდან საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვს რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობას როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ასევე სექტორში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, გარიგებაში ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული, მათ შორის ის, რომ ორივე ბანკის მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული იყოს. მისივე თქმით, აღნიშნული გაერთიანების შემდეგ საბანკო სექტორს უფრო მეტად დაეტყობა გაზრდილი კონკურენცია. მისივე შეფასებით, ორ წამყვან ბანკთან შედარებით, ზომა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ არის კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ ბაზარზე მესამე – უფრო სერიოზული მოთამაშე გაჩნდეს.


„ჩვენ ბანკებთან ერთად ამ გაერთიანების თუ შერწყმის ნასყიდობის პირობებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. მათ რამდენიმეჯერ მოგვმართეს, შემდეგ შეიცვალა პირობები. ეს ხომ ძირითადად მაინც ორი მხარის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. რასაც კანონი გვავალდებულებს, ჩვენ შევაფასეთ ამ შესაძლო გარიგების, მაშინ ჯერ კიდევ პოტენციური გარიგების გავლენა საქართველოში ფინანსური ბაზრის კონკურენტულ მდგომარეობაზე და შევაფასეთ პოზიტიურად. როდესაც ზომით მესამე და მეოთხე ბანკი ერთიანდება და ჩნდება უფრო მსხვილი მესამე საბანკო ინსტიტუტი, ეს ცალსახად, კონკურენციის განვითარებას უწყობს ხელს. Kონკურენცია ყოველთვის კარგია. პირველ რიგში, ის იწვევს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საბანკო პროდუქტზე, უფრო მისაღები დანახარჯებით, მისაღები ფასებით, ანუ საპროცენტო განაკვეთების დაწევას, საკომისიოების შემცირებას და ა.შ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მესამე ბანკი, ახლა უკვე „ბაზისბანკი” და „ლიბერთი” ერთიანად, უფრო აქტიურები გახდებიან ბაზარზე და უფრო მეტად დაეტყობა ჩვენს ბაზარს გაზრდილი კონკურენცია. იცით, რომ „ბაზისბანკი” ეს არის ჩინური ბანკი, ის არ არის ახალი ინვესტორი ბაზარზე, მაგრამ ეს მომავალში ახალი უცხოური დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაა, რადგან მათ უნდა გააფართოონ ეს ბანკი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პოტენციალი სრულად იქნება რეალიზებული”, – განმარტა ნათია თურნავამ.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ ადრეა ჯერ იმის თქმა, ამ ორი ბანკის გაერთიანებით რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა. მისი თქმით, ამ პროცესის პირდაპირ სესხების პროცენტებზე მიბმა რთულია, თუმცა „ბაზისბანკის» მიერ „ლიბერთის~ ყიდვა კონკურენციის და ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


„დღეს რთულია საუბარი, თუ რა ვადა დასჭირდება ამ ორი ბანკის გაერთიანებას, ვინაიდან ორი უმსხვილესი ბანკის გაერთიანებაზეა საუბარი. აქამდე იყო ორი უმსხვილესი ბანკი, დღეის მდგომარეობით ამ სისტემაში იქნება სამი უმსხვილესი კომერციული სტრუქტურა. მსხვილი მომხმარებლებისთვის, კორპორატიული მომხმარებლებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, მეტი კონკურენცია იქნება. რაც შეეხება მცირე მომხმარებელს, ასე პირდაპირ ძალიან რთულია, რომ ეს გარიგება კონკრეტულ პროცენტებს ან რაიმე პროდუქტებს მივაბათ. ცალსახაა, რომ ამ გაერთიანების შემდეგ ბანკს ექნება ამბიცია, რომ კიდევ უფრო ინოვაციური იყოს, მომხმარებელს ახალი პროდუქტები და ახალი მომსახურებები შესთავაზოს. ამ გაერთიანებით უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ბანკს მოემსახუროს იმ კლიენტთა ბაზას, რომელსაც დამოუკიდებლად აქამდე ვერ ემსახურებოდა, მსხვილ კლიენტებზე არის საუბარი. „ბაზისბანკს” აქვს ასევე სადაზღვევო მიმართულებაც და ამ მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ განვითარდეს”, – ამბობს ძნელაძე.


„ბაზისბანკის” შესახებ


„ბაზისბანკი” ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, „ბაზისბანკის” წმინდა მოგება 40 პროცენტით გაიზარდა და 122.4 მილიონი ლარი შეადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზრდა ორმა ფაქტორით არის განპირობებული: საპროცენტო შემოსავლის 17.2%- იანი და არასაპროცენტო შემოსავლის 14.6%-იანი მატებით, ასევე საოპერაციო ხარჯების შემცირებით. ამავე პერიოდში, ბანკის მთლიანი აქტივები 4.93 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა სასესხო პორტფელმა 12.4%-იანი ზრდა აჩვენა და 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა უმეტესწილად დაფინანსდა მომხმარებელთა დეპოზიტების 35.7%-იანი მატებით, რომელმაც 3.45 მილიარდ ლარს მიაღწია. ბაზრის წილი საცალო სესხების მიხედვით 3.1%, ხოლო დეპოზიტების მიხედვით, 4.2%-ია. ამ მაჩვენებლებით, „ბაზისბანკი” ბაზარზე მე-4 ადგილს იკავებს (მე-3 ადგილს _ „ლიბერთი”).


ბანკის მაკონტროლებელი აქციონერია „ჰუალინგ ჯგუფი”, რომელიც „ბაზისბანკის” სააქციო კაპიტალის 91.694%-ს ფლობს. დარჩენილი აქციები ეკუთვნის მი ზაიცის და მინორიტარ აქციონერებს, რომლებიც ერთობლივად ფლობენ ბანკის სააქციო კაპიტალის 8.306%-ს. 2025 წლის მონაცემებით, ბანკში 895 ადამიანია დასაქმებული.


„ლიბერთი ბანკის” შესახებ


„ლიბერთი ბანკი”, საქართველოში, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.


2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკის აქტივები 6 მილიარდ ლარს შეადგენს, კაპიტალის მოცულობა 733.5 მილიონი ლარია. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.3 მილიარდი ლარი, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მილიარდი ლარია. 2025 წელს, ბანკის წმინდა მოგებამ 126 მილიონი ლარი შეადგინა. გაყიდვამდე ბანკის აქციონერები იყვნენ Hუნნეწელ Pარტნერს-ის დამფუძნებლები – ირაკლი რუხაძე 31.31%, ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა. „ლიბერთი ბანკში” დასაქმებულია 5 600 ადამიანი.


ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.