Homeააფ-მედიაგაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

Published on

spot_img

რა იწვევს ფასების მატებას და რას უპირისპირებს ეროვნული ბანკი


საქსტატის მიერ 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,9 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ამ ჯგუფში ფასები მომატებულია 5,8 პროცენტით; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საშუალოდ 5,3 პროცენტით გაძვირდა; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0,5 პროცენტით არის გაძვირებული, ხილი და ყურძენი 3,7 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული 2,1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2,1 პროცენტით, თევზეული 1,6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 1,2 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 0,7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები 0,5 პროცენტი, ზეთი და ცხიმი 0,1 პროცენტით. საინტერესოა, რომ საქსტატის მონაცემებით მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაიაფებულა 2,5 პროცენტით, აგრეთვე გაიაფდა რძე, ყველი და კვერცხი 1,5 პროცენტით. თუმცა, საბოლოო ჯამში ოფიციალური მონაცემებითაც კი, ინფლაცია 6%-ს „უკაკუნებს”.


ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა ხალხს გარკვეული პროგნოზების საშუალებას აძლევს და მეტნაკლებად შეუძლია გეგმა იქონიოს. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.


2026 წლის იანვარში 4%-მდე გაზრდილი ინფლაცია, თითქმის 2%-ით არის უკვე მომატებული. „თიბისი კაპიტალი” დეკემბერში 6%-იან ინფლაციას ელოდება.


ასეთი ზრდა უკვე საგანგაშო სურათს ქმნის, რადგან სურსათისა და ყოველდღიური მოხმარების საქონლის ჯგუფებში ფასების მკვეთრი ზრდა კატასტროფულ შედეგს იძლევა. ინფლაციის ზრდას რომ თან მრავალი მრავალი რისკი ახლავს, არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ. პირველ რიგში, გაზრდილი ინფლაცია ძირითადად მოსახლეობას აღარიბებს – ხელფასები და თუნდაც, სოციალური შემწეობები ვერანაირად ვერ ეწევა ფასების მატებას, რის შედეგადაც რეალური შემოსავალი მცირდება. მეორე მხრივ, სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება, რადგან დაბალშემოსავლიანი ოჯახები ყველაზე მეტად ზარალდებიან. მათი ხარჯების დიდი ნაწილი სურსათსა და კომუნალურ გადასახადებზე მოდის, რაც მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აქცევს.


ინფლაციის ზრდა არც ადგილობრივ ბიზნესს აძლევს ხელს, გაზრდილ ხარჯებს დასაფარად მეტი შემოსავალი სჭირდება. საწარმოებსა და მომსახურების სფეროს კომპანიებს უწევთ ფასების ზრდა, რაც საბოლოოდ ისევ მომხმარებელს აწვება.
1 აპრილიდან ელექტროენერგიის ფასის 33% მდე გაზრდამ, როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს გაურთულა არსებობა. თვეში, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დენს ვინც მოიხმარს, ტარიფი 19,05 თეთრიდან 24,05 თეთრამდე გაუძვირდა. მატება 26%-ია. საშუალო სტატისტიკური ოჯახისთვის, რომელიც თვეში, მაგალითად, 250 კვტ.სთ დენს მოიხმარს, ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ 12,5 ლარით გაეზარდა. გაზრდილი კომუნალური ხარჯები პირდაპირ ამცირებს ოჯახების თავისუფალ ბიუჯეტს სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად იმ კატეგორიას გაუძვირეს ტარიფი, ვინც ყველაზე ნაკლებს, თვეში 100 კვტ.სთ-მდე ენერგიას მოიხმარს. ამ სეგმენტისთვის დენი 15,04 თეთრიდან 20,04 თეთრამდე გაძვირდა, რაც 33%-იან გაძვირებას ნიშნავს.


მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც 220- 380 ვოლტ დენს მოიხმარს, 1 კილოვატ საათის ფასი 29,93 თეთრიდან 35,26 თეთრამდე გაიზარდა. ზრდა 17,8%-ია. ელექტროენერგია წარმოების, შენახვისა და მომსახურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ტარიფის მატება ზრდის ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულებას. ბიზნესი იძულებულია გაზრდილი ხარჯები პროდუქციის საბოლოო ფასში ასახოს. ეს პირველ რიგში შეეხება სურსათის წარმოებას (საცხობები, მაცივრები), ფარმაციასა და მომსახურების სფეროს. იწვევს ადგილობრივი წარმოებისთვის კონკურენტუნარიანობის შემცირებას. გაძვირებული საწარმოო ხარჯების გამო, ქართულ ნაწარმს გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქტებს, ასევე, ექსპორტზე გასატან პროდუქციასაც ეზრდება თვითღირებულება.


ინფლაციის მაღალი დონე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას ასუსტებს და ინვესტიციების მოზიდვას ართულებს. ეს კი უკვე სისტემურ საფრთხედ იქცევა, რადგან ეკონომიკის სტაბილურობა პირდაპირ არის დამოკიდებული ინვესტიციებზე და ბიზნესის განვითარებაზე. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, თან უკეთეს ეკონომიკურ ზრდას ელოდება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა, – ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია მითითებული.


უფრო დეტალურად, სებ-ი 2026 წლის თებერვალში გაკეთებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში 5%-ის ეკონომიკურ ზრდას და 3,7%-ის ინფლაციას მოელოდა. განახლებული შეფასებით კი, წელს ეკონომიკური ზრდა 6,5%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4,9% იქნება. აღსანიშნია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 6 მაისს გაიმართა და სებ-ის პროგნოზირებული ინფლაციის მაჩვენებელს არსებული ინფლაცია უკვე აღემატებოდა.


ინფლაციის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა გადაწყვიტა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. საყურადღებოა, რომ ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.


ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის მთავარ მიზეზად უცხოეთში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. განსაკუთრებით აღინიშნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რომელმაც საწვავის ფასების ზრდით წლიურ ინფლაციას დამატებით 0,8 პროცენტული პუნქტი შემატა. ბანკის თქმით, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ხანგრძლივობასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების მასშტაბზე. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, გლობალურ ბაზრებზე დიზელისა და სასუქის გაძვირება სოფლის მეურნეობის ხარჯებს ზრდის და სურსათის ფასებზე აისახება, ხოლო ადგილობრივად დამატებით წნეხს ქმნის ელექტროენერგიის ტარიფის, სიგარეტისა და ავტომობილების იმპორტის აქციზის ზრდა. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი მყარ პოზიციაზეა და სუვერენული რისკის პრემია დაბალ დონეზე რჩება, რაც ინვესტორების პოზიტიურ განწყობაზე მიუთითებს.


„საბოლოოდ, მიწოდების შოკის მძლავრი, თუმცა დროებითი გავლენის გათვალისწინებით, 2026 წელს მთლიანი ინფლაცია საშუალოდ 4,9 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა 2027 წელს კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2,5 პროცენტამდე შემცირდება. თავის მხრივ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ნორმალიზებას ეგზოგენური შოკის ამოწურვა, შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა და გაცვლითი კურსის მიმდინარე მყარი პოზიციაც შეუწყობს ხელს”, – წერს ეროვნული ბანკი.


თუმცა ეს ნაბიჯი, რომელიც თითქოს ინფლაციის კონტროლს ემსახურება, ექსპერტების თქმით, რეალურად მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მოსახლეობისთვის ეს ნიშნავს, რომ სესხები – იპოთეკური, სამომხმარებლო და სხვა ტიპის კრედიტები უფრო მაღალი პროცენტით გაიცემა. ოჯახებისთვის, რომლებიც უკვე სესხით ცხოვრობენ, ეს დამატებითი ფინანსური ტვირთია. თუ ყოველთვიური გადასახადები იზრდება, ხოლო ხელფასები იგივე რჩება, ეს რეალურად ცხოვრების დონის ვარდნას იწვევს.


ექსპერტთა შეფასებები


ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით, დღემდე ინფლაციის არსებული მაჩვენებელი ისეთი კრიტიკული არ იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი შეეცვალა. „საქმიანი დილის” ეთერში მარეგულირებლის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას ეკონომისტი პრევენციული ხასიათის ნაბიჯს უწოდებს.


„ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სიტუაცია ჯერ იმ დონემდე კრიტიკული არ იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა. როგორც წესი, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მაშინ ზრდის, როცა ინფლაცია ბევრად უფრო მაღალი და კონტროლიდან გასვლის რისკის ქვეშაა. ამიტომაც იყო მოლოდინი, რომ განაკვეთი უცვლელი, 8%-ის დონეზე დარჩებოდა.


შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გადაწყვეტილება უფრო პრევენციულ ხასიათს ატარებს. სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს გაკეთებული აქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მომავალში ინფლაციური წნეხის ზრდას ელოდება და სწორედ ამის წინასწარ შესაკავებლად მიიღო განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება”, – ამბობს მაკალათია.


მაკალათიას თქმით, ხშირია ტენდენცია, როდესაც ინფლაცია ძირითადად გარე მიზეზებს ბრალდება, მაშინ როცა ნაკლები ყურადღება ექცევა შიდა ეკონომიკურ პოლიტიკას. ამის მაგალითად პანდემიამდელ პერიოდს ასახელებს, როდესაც თურქეთში მაღალი ინფლაცია იყო და ხშირად ისმოდა მოსაზრება, რომ თურქეთის ინფლაცია საქართველოსაც გადმოედებოდა, რადგან ორ ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს. თუმცა რეალური სურათი უფრო კომპლექსური იყო.


„თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც პროდუქცია შემოგაქვს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ინფლაციაზე უფრო სწრაფია, მაშინ იმპორტირებული პროდუქტი, წესით, უნდა იაფდებოდეს. სწორედ ასეთი პროცესები მიმდინარეობდა მაშინ თურქეთში. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ სივრცეში მარტივად დამკვიდრდა ნარატივი, რომ თურქეთის ინფლაცია ავტომატურად საქართველოს ინფლაციასაც ზრდიდა. დღესაც მსგავსი მიდგომაა”, – განაცხადა მაკალათიამ.


ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ფასების საერთო ზრდაში გადამწყვეტი წილი სურსათის გაძვირებაზე მოდის, ხოლო მთავარი შიდა მიზეზი ეკონომიკაში ფულის ჭარბი მიწოდებაა.


„თუ კონკრეტულ მონაცემებს შევხედავთ, 5,9% იან ინფლაციაში ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით, 40%-ზე მეტი სურსათის ჯგუფზე მოდის. ანუ მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 2.58 პროცენტული პუნქტი სწორედ სურსათის გაძვირებამ განაპირობა.


მართალია, ტრანსპორტის ჯგუფში ორნიშნა, დაახლოებით 10%-იანი ინფლაცია ფიქსირდება, რაც საწვავის გაძვირებითაა განპირობებული, თუმცა მთლიან ინფლაციაში მისი წვლილი დაახლოებით 1,2 პროცენტული პუნქტია. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ მთლიანად საწვავის გაძვირებას დავაბრალოთ ქვეყანაში ფასების საერთო ზრდა.


საგარეო ფაქტორები კი ნამდვილად არის, მაგრამ მთავარი მიზეზი რაც არის, ეს არის, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს უშვებს ბრუნვაში, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება და მერე ამ ზედმეტად გამოშვებული ფულის ამოღებას ცდილობენ ჩვენი ჯიბიდან”, – განაცხადა მაკალათიამ.


ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, ინფლაციის მიზეზი ფულის მასასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ და არა ვაჭრობის სექტორის გადაწყვეტილებებში. მისი თქმით, წლების განმავლობაში ქვეყანაში ფულის მასა ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თავად ეკონომიკა, რამაც ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის შემცირება გამოიწვია, ეკონომიკის ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად.


„ჩვენთან ეკონომიკის ზრდის გეგმაზომიერად არ იზრდებოდა ფულის მასა. დავაკვირდეთ _ 2014 2016 წლებიდან დღემდე, ფულის მასა ხუთჯერ არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ეკონომიკა გაორმაგებულიც კი არ არის რეალურ მონაცემებში. ნომინალურად კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ ბუტაფორიული ზრდაა. გამადიდებელი შუშა რომ მივაშუქოთ და გავადიდოთ, მისი შემადგენლობა ხომ არ იცვლება… დიდად ჩანს, ეკონომიკა 113 მილიარდია, მაგრამ სინამდვილეში, 2019 წლის ფასებში რომ დავთვალოთ, ის არის 72 მილიარდი. ფულის მასის არაგეგმაზომიერი ზრდა ნაწილობრივ აითვისა ეკონომიკურმა ზრდამ, ხოლო რაც ვერ აითვისა – პირდაპირ მიაწვა ფასებს”, – განმარტავს ეკონომისტი.


ეკონომისტი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ „საგარეო ფაქტორების შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შიდა გადაწყვეტილებები აუცილებელია. მაგალითად, საწვავზე აქციზის შემცირება ინფლაციის ტვირთს შეამსუბუქებდა. მისი თქმით, თურქეთსა და პოლონეთში მოქმედებს მცოცავი აქციზის სისტემა, რომელიც ნავთობის ფასის ზრდისას გადასახადს ამცირებს, რათა საწვავის გაძვირებამ სხვა პროდუქტებზე არ მოახდინოს გავლენა.


პაატა ბაირახტარი ყურადღებას ამახვილებს, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ინფლაცია ორნიშნაა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და უმძიმესი ტვირთია მოქალაქეებისთვის. თავის გამართლება იმით, რომ ნავთობი გაძვირდა, არგუმენტად ვერ გამოდგება. მისი აზრით, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა ნაწილობრივ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამაც გამოიწვია, რომლის აუცილებლობა, მისი შეფასებით, ნამდვილად არ არსებობდა.


საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში მიიჩნევენ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დაეტოვებინა. როგორც Gალტ &ამპ; თაგგარტ-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ BMG-ს განუცხადა, განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით გაზრდა ინფლაციის შენელებას ვერ უზრუნველყოფს, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ინფლაცია გამოწვეული არის ერთჯერადი და მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებიდან. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე უნდა შენარჩუნებულიყო. Galt & Taggart-ში ამ არგუმენტის გასამყარებლად აღნიშნავენ იმასაც, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში ისედაც მკაცრი იყო.


ოპონენტები და ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ საწვავზე აქციზის განაკვეთების შემცირებას, თუმცა „ქართული ოცნება” ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. ეს პოლიტიკა კიდევ უფრო აძლიერებს ინფლაციურ წნეხს, რადგან საწვავის ფასის ზრდა ავტომატურად გადადის სხვა პროდუქტებზე და საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ხარჯებს ზრდის.
ხელისუფლების პოზიციაა, რომ გადასახადების შემცირებით, საბიუჯეტო შემოსავალი შემცირდება. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტის ზრდა გადასახადებით ყოველთვის საყოველთაო სიკეთე არ არის. ზოგჯერ ჯობია ბიუჯეტში ნაკლები თანხა შევიდეს, მაგრამ ხალხს ნაკლები ამოაცალონ ჯიბიდან. როდესაც გადასახადები და აქციზები ზედმეტად მაღალია, ეს პირდაპირ აზარალებს ეკონომიკურ აქტივობას, ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და საბოლოოდ ისევ ზრდის სოციალური პრობლემების მასშტაბს. საბოლოოდ კი ასეთი სურათი გვაქვს: ინფლაციის ზრდა და რეფინანსირების მკაცრი პოლიტიკა ერთობლივად აჩქარებს მოსახლეობის გაღარიბებას. გამოსავალი, ექსპერტების აზრით, არის შიდა რეგულაციების გადახედვა, აქციზის მოქნილი მექანიზმების დანერგვა და ეროვნული ბანკის მხრიდან ფულის ემისიის შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფლაციის ტვირთი კიდევ უფრო მძიმე გახდება და ეკონომიკური კრიზისი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მწვავედ აისახება.


თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

შედარებით ახალი მინისტრების ქონებრივი დეკლარაციები

ცოტა ხნის წინ დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.