Homeააფ-მედიაქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

Published on

spot_img

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2/3 ქალაქებშია თავმოყრილი


საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა მცირდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმების შესაძლებლობას მაინც მოკლებულია. სამუშაოს მონახვა განსაკუთრებით რეგიონებში ჭირს. ახალგაზრდებს დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ და შესაბამისად, უწევთ მშობლიური კუთხის დატოვება. სამუშაოს მაძიებელთა ნაწილი ქვეყნიდან მიდის, ზოგიც სოფლიდან დიდ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. რეგიონებში ძირითადად ხანდაზმულები და არასრულწლოვანთა გარკვეული ნაწილი რჩება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც მკვეთრად უარყოფითად აისახება.


არსებული რეალობიდან გამომდინარე, ოფიციალური სტატისტიკაც საკმაოდ მძიმეა. კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 62,7% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. სოფლის ტი პის დასახლებებში მოსახლეობის წილი უკვე 38%-ზე ნაკლებია.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,941 მილიონი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 0,3%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 452) და დადებითი მიგრაციული სალდო (17 127) დაფიქსირდა. მარტივად რომ ვთქვათ, გასულ წელს, ახალშობილთა რაოდენობასთან შედარებით 6 452-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აქედან სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად წასული ადამიანების რიცხვს საქართველოში გადმოსახლებულთა რაოდენობამ 17 127-ით გადააჭარბა. ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. სწორედ ამ მონაცემებით დასტურდება, რომ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა ემიგრაციის საგრძნობი კლების ხარჯზე კი არ გაზრდილა, არამედ უცხოელი რეზიდენტების მოჭარბებულმა შემოსვლამ მოახდინა გავლენა. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.


რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას ასაკობრივ ჭრილში, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19,0%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 62,9%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი _ 18,1%-ით განისაზღვრა.


როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დემოგრაფიული თვალსაზრისით ტერიტორიული უთანასწორობაა. შესაბამისად, პრობლემა ექმნება სოფლის მეურნეობას და რეგიონებში მოქმედ წარმოებას, რომელიც რეალურად ვერ ვითარდება. რეგიონებში ყველგან მუდმივად სეზონური მუშახელის პრობლემაა. თითქმის შეუძლებელია კვალიფიცირებული კადრის პოვნაც.


რეგიონებიდან ქალაქებისკენ მიგრაცია, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ურბანიზაცია და ემიგრაცია გლობალური მასშტაბის გამოწვევაა. სოფლების დაცარიელება დიდი ხნის ტენდენციაა განვითარებული ქვეყნებისთვის და უკვე პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სხვა სურათია. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, წამყვან ქვეყნებში სოფლად წარმოების განვითარების დონე არ ფერხდება და მატერიალური დოვლათიც იქმნება. აგრარული მეურნეობები თუ მცირე ბიზნესი სრული დატვირთვით მუშაობს და ქვეყნის ეკონომიკაში თავისი წვლილი შეაქვს. საქართველოში ამ მხრივ დიდი ჩამორჩენაა. ამიტომაა, რომ სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6%-ს არ აღემატება, რაც 15-წლიანი მინიმუმია (ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო _ 11%).


აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, რეგიონის ქვეყნებს შორის, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი ყველაზე მაღალი სომხეთშია, სადაც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 2024 წელს 8,4% იყო. მას მოსდევს თურქეთი 7,3%-იანი წილით, მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია, სადაც სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2024 წელს 6,5%-ს შეადგენდა.


საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეების უმეტესობა ან საზღვარგარეთაა, ან თავმოყრილია ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. იმისთვის, რომ მიგრაციის პრობლემა მოგვარდეს, რეგიონებში დასაქმების საკითხი უნდა გადაიჭრას. ექსპერტმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესს დემოგრაფიის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს, რაც თავის მხრივ, რეგიონებში წარმოების განვითარების საშუალებას მოგვცემს.


„რეალურად რეგიონები შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, პრაქტიკულად, დაცლილია. კახეთსა და ქართლში ამ მხრივ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა. ასევე თბილისის შემოგარენში და რამდენიმე ადგილას, სადაც ისტორიულად ადგილობრივი სოფლის მეურნეობის კულტურა განვითარებულია (მაგალითად, ქუთაისის ზონის სოფლებში). ეს არის მევენახეობა, ღვინის წარმოება, გაყიდვა და ექსპორტი. თუნდაც მემწვანილეობა საკმაოდ შემოსავლიანია და მოსახლეობამ იცის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დამაგრებით კეთილდღეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში ხდება, სხვაგან ყველგან დიდი პრობლემებია. რთულ მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით ზემო იმერეთი, გურია და ნაწილობრივ სამეგრელო, სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვა.


ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი რეგიონში ყოფნა გამართლებულია, მენტალურად უნდა იყოს მიბმული თავის მშობლიურ კუთხეზე, მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მათ შორის, სპორტული მოედნები, რაგბის და ფეხბურთის მიმართულებები, ასევე ხელოვნება და კულტურა, რაც მშობლიურ მიწა-წყალზე დარჩენის მოტივაციას გაზრდის. შესაბამისად, დემოგრაფიულ ვითარებაზეც დადებითად აისახება.


წარსულს თუ გადავხედავთ, დემოგრაფიული სურათი იქმნებოდა რეგიონებში და დღეს კი მოსახლეობისგან დაცლილია. სოფლის სკოლებში ადგილობრივი ბავშვების მეათედი არ სწავლობს, ეს კატასტროფაა”, _ განაცხადა პაატა აროშიძემ ჩვენთან საუბრისას.


მან ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მხრიდან რეგიონების განვითარებისა და დასაქმების კუთხით შეიძლება გატარდეს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოების, განათლების და კულტურის როლის გაძლიერებას, რაშიც მთავრობასთან ერთად, ბიზნესიც უნდა ჩაერთოს.


„როდესაც მთავრობა საბაზრო ეკონომიკის აშენებას ცდილობს, მისი როლი ეკონომიკაში ჩარევის კუთხით შეზღუდულია, თუმცა შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონებში ბიზნესის გადატანას. მაგალითად, განათლების რეფორმას თუ გავითვალისწინებთ, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი გადაინაცვლებს რეგიონებში. დადებითია, რაც ამ პროცესს მოჰყვება. შესაბამისად, ახალგაზრდები თავიანთ რეგიონებთან ახლოს ყოველთვის იქნებიან.


როცა ახალგაზრდა დიდ ქალაქში მიდის სწავლის მიზნით, უკან თითქმის არასდროს ბრუნდება, ამით კი შრომის ბაზარს მუშახელი აკლდება. ბიზნესი, განსაკუთრებით ტურისტული და ლოგისტიკის მიმართულებები თავს იყრის ბათუმსა და თბილისში. ღვინის წარმოების კუთხით კახეთი გამოირჩევა. „წყალი მარგებელს” თუ არ ჩავთვლით, გურიაში სხვა არაფერი მეგულება. მთის კანონი ამ მხრივ კარგია, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს და დასაქმების შესაძლებლობა შექმნას რეგიონებში, ეს საგადასახადო შეღავათების დაწესებით მიღწევადია.


რეალურად თუ ადამიანმა თუ არ ისურვა რეგიონში ცხოვრება და იქ დასაქმება, იძულებით ფორმას მთავრობა ვერ გამოიყენებს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ხალხს დააბრუნებს და დაასაქმებს რეგიონებში”, _ განაცხადა პაატა აროშიძემ.


სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლების მხრიდან მეტ პასუხისმგებლობას ითხოვს და საუბრობს კონკრეტულ ფაქტორებზე, რაც რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას აფერხებს. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დაბალი მასშტაბი სწორედ რეგიონებში მოსახლეობის სიმცირით არის გამოწვეული. ამიტომ თუკი არ განვითარდება წარმოება და ეკონომიკა, არ გაჩნდება სამუშაო ადგილები და სოფლად მცხოვრებლების მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მოქალაქეები ყოველთვის შეეცდებიან დიდ ქალაქებში წასვლას და თუნდაც ქვეყნიდან გასვლას, რათა საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.


„ისეთ მოცემულობაში ვართ, როცა ქალაქში მოდის ყველა, ვინც ვერ გარბის საზღვარგარეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა. მოსახლეობას მისცეს ცოტა მიწები და მასზე მოყვანილი პროდუქციით გლეხი ოჯახს ვერ არჩენს. ხალხს გაუძვირეს სასმელი და სარწყავი წყალი, შემდეგ შემოიღეს ოფიციალური სასაკლაოები, სადაც საქონლის დაკვლა ძვირი ჯდება, ამანაც დაამძიმა მდგომარეობა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მეცხოველეობას მისდევდა. სათიბ-საძოვარი მიწების ნაწილი აუქციონებზე იყიდება, ეს ყველაფერი ხალხს რეგიონებში ცხოვრების სტიმულს უკარგავს.


არის სოფლები, სადაც პირველკლასელთა რაოდენობა მუდმივად მცირდება, შობადობას სიკვდილიანობამ გაუსწრო, 150-200 ათასი ადამიანი მიდის ყოველწლიურად საქართველოდან უცხოეთში დასაქმების მიზნით, იზრდება იმპორტი და მცირდება ექსპორტი, თითქმის ყველა მიმართულებაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, _ აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სათანადოდ ვერ ახდენს გავლენას, მშპ-ის ზრდის პარალელურად მისი კეთილდღეობა ვერ უმჯობესდება

.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკური ზრდა არის ციფრებით თამაში, მოსახლეობა ამას რეალურად ვერ გრძნობს და მისი კეთილდღეობა არ უმჯობესდება. მაღალშემოსავლიანებსა და საშუალო ან დაბალშემოსავლიანთა შორის დიდი განსხვავებაა, რაც აჩვენებს, რომ ზრდა ერთეული ადამიანების ხარჯზეა და ამით საქართველო ნელ-ნელა კვდება. გლეხს წაართვეს ყველა საშუალება ჩამოიტანოს პროდუქცია და ივაჭროს ქალაქში ანუ ბაზარი წაართვეს, ესეც დიდი პრობლემაა. ბაზარში დგას ვაჭარი, რომელიც მოგებას იღებს, ხოლო გლეხი ზარალდება.


ხალხი გამორბის მშობლიური ადგილებიდან, რადგან სხვა საშუალება არ რჩება. ფიქრობენ, ქალაქი დიდია და პურის ფულს მაინც იშოვიან. აქედან გამომდინარე, დღეს ვხედავთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ამიტომ აუცილებლად უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რომ ვინც არის იქ დარჩენილი, ისინი მაინც დავიცვათ. ბევრია გასაკეთებელი, რომ ხალხს უკეთეს პირობებში მოუწიოს ცხოვრება”, _ განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.


რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას, დემოგრაფების ინფორმაციით, ქვეყნიდან მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით გადის, თუმცა ყველაზე ხშირად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო. დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის შეფასებით, ტენდენცია გაგრძელდება, სანამ არ შეიქმნება ნორმალური საცხოვრებელი პირობები რეგიონებში, რაც სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.


„რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში, მოსახლეობა ინტენსიურად გადის სამშობლოდან უკეთესი მომავლის საძიებლად თუ სხვა მიზნით, რაც ადგილზე მუშახელის დიდ პრობლემას ქნის და წარმოება _ ეკონომიკის რეალური სექტორი _ ვერ ვითარდება. ბევრი მიზეზია, მარტო სოციალური ეკონომიკური პრობლემა არ არის, განათლების მიღების მიზნითაც ბევრ გადის, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან დაბრუნების სურვილი იშვიათად უჩნდებათ. ამ ყველაფერს მივყავართ იქითკენ, რომ რეგიონები ცარიელდება, განსაკუთრებით მთიანი ტერიტორიები, რასაც რეალურად ვერაფერი შველის.
ხალხი აქტიურად ცდილობს სოფლებისაგან „თავის დაღწევას”, მძიმე მდგომარეობაა. ამის შესაჩერებლად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რაც შეუწყობს ხელს ადამიანების დამაგრებას სოფლად და მიგრაციის დონეს შეამცირებს. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ოჯახების შექმნას, დაუნიშნოს პირველი, მეორე, მესამე ბავშვის გაჩენისას სათანადო შემწეობა, შექმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უმუშევრობა პრაქტიკულად გაანულოს რეგიონებში და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, დაძაბული პოლიტიკური პროცესებიც მიგრაციას ზრდის, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობას ამცირებს”, _ განაცხადა ავთანდილ სულაბერიძემ ჩვენთან საუბრისას.


ქვეყნის მოსახლეობის ემიგრაცია იმიგრაციას უმეტესწილად აჭარბებს. მთლიანობაში 2015-2025 წლებში საქართველო 240 428-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა (საუბარია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ადამიანებზე). გარდა ამისა, საინტერესოა მიგრაციული სალდოს მონაცემებიც წლების მიხედვით, რომელიც ემიგრანტთა და იმიგრანტთა მაჩვენებელების საფუძველზე ყალიბდება. 2025 წელს ქვეყნიდან 114 374 ადამიანი გავიდა, თუმცა 131 5011 შემოვიდა, 2024 წელს 121 425 ადამიანი გავიდა და 135 811 შემოვიდა. 2023 წელს დისბალანსი მკვეთრად გამოხატული იყო _ ემიგრანტთა რიცხოვნობამ 245 064 ადამიანი შეადგინა, ხოლო იმიგრანტთა რაოდენობამ _ 205 857; 2022 წელს ემიგრანტები _ 125 269, იმიგრანტები _ 179 778; 2021 წელს ემიგრანტები _ 99 974, იმიგრანტები _ 74 008; 2020 წელს ემიგრანტები _ 74 264, იმიგრანტები _ 89 996; 2019 წელს ემიგრანტები _ 105 107, იმიგრანტები _ 96 864.


სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ ათასობით ბავშვი წყვეტს სწავლას იმ მიზეზით, რომ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში მიდის. ბოლო 6 წელიწადში, საქართველოს სკოლებიდან საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად 22 737 მოსწავლე წავიდა. ამ მიზნით, მხოლოდ 2025 წელს 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში.
სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელს კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ ახასიათებს.


რეგიონებში დასაქმება და მაღალი მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ცხოვრების დონის უთანასწორობას. ამ პრობლემის შემცირება შეუძლებელია ძლიერი დეცენტრალიზაციის გარეშე, რომელიც ყველაზე ეფექტიანი გზაა რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნისა და სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად.


ლევან ნატროშვილი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.

შედარებით ახალი მინისტრების ქონებრივი დეკლარაციები

ცოტა ხნის წინ დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.