Homeააფ-მედიაბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

Published on

spot_img

ექსპრეზიდენტი რადევი ხელისუფლებაში ბრუნდება


უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში ჩატარდა. ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის მემარცხენე-ცენტრისტულმა „პროგრესული ბულგარეთის ალიანსმა~, ქვეყნის საპარლამენტო ორგანოში ხმების დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო და აშკარა გამარჯვება მოიპოვა. გავიხსენოთ, რომ რადევი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადამდე გადადგა 2026 წლის 23 იანვარს. იანვრიდან აპრილამდე რადევს არავითარი სახელმწიფო თანამდებობა აღარ ეკავა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოაყალიბა და გააძლიერა მემარცხენე-ცენტრისტული ალიანსი. 2026 წლის 19 აპრილს კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც საკმაო უპირატესობით მოიგო. სამთვიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნებულმა რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთი ევროპულ გზას გააგრძელებს, თუმცა… ძლიერი ევროპა კრიტიკულ აზროვნებასა და პრაგმატიზმს მოითხოვს. საინტერესოა, რას უნდა უქადდეს ბულგარული არჩევანი ევროპულ ერთიანობას.


ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ შავიზღვისპირა ქვეყანაში მერვე საპარლამენტო არჩევნებია. ვადამდელი არჩევნები, კონსერვატორებით დაკომპლექტებული მთავრობის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ყველაფერს კი, წინ 2025 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და კორუფციული მმართველობის დასრულების მოთხოვნით გამოვიდა.
რუმენ რადევის ალიანსმა, სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გახადა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ცენტრალურ თემად. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ კოალიციის მხარდამჭერთა ერთი ნაწილი პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები იყვნენ, ხოლო მეორე – ისინი, ვისაც სინამდვილეში მართლაც აღელვებდა ქვეყნის კორუფციულ გარემოში თანაარსებობა.


გარდა ამისა, ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.


ბულგარეთი ევროკავშირში და მისი ეკონომიკური შესაძლებლობები


ბულგარეთი 2007 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის წევრია; მიმდინარე წლის 1 იანვარს ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო ევრო და ევროზონის 21-ე ქვეყანა გახდა; რაც შეეხება შენგენის ზონას, იგი საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე პასპორტის კონტროლის გაუქმების შემდეგ, 2025 წლის 1 იანვრიდან მისი სრულუფლებიანი წევრია.


ბულგარეთის ეკონომიკა დიდი კერძო და მცირე საჯარო სექტორებით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოქმედებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WBG) მონაცემებით, ბულგარეთს განვითარებული, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა აქვს. ის ევროკავშირის (EU), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრია.


ქვეყნის ეკონომიკამ საუკუნის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. თუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2000 წლის მაჩვენებელი 13,15 მილიარდი დოლარი იყო, მიმდინარე წლის ბოლოს მისი საპროგნოზო სიდიდე 148,12 მილიარდი იქნება. ბულგარეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლილ მშპ ის ნომინალურ მაჩვენებელს 23 850 დოლარს ვარაუდობენ. რაც შეეხება IMF-ის დაანგარიშებული მშპ-ის წლიური ცვლილების დინამიკას, იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მატულობს.


ევროსტატის მონაცემებით, ბულგარეთს ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2023 წელს ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი (398,81 ევრო) ჰქონდა. იგივე წყაროზე დაყრდნობით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო თვიური დარიცხული ხელფასი 1 262 ევროს შეადგენდა.


ბულგარეთის ეკონომიკაში მშპ-ის წილობრივი განაწილება სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება: მომსახურების სფერო – 67,4%, მრეწველობა – 27,5%, სოფლის მეურნეობა – 5,1%.


2001 წლიდან ბულგარეთის ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას მეტწილად უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, დაბალი გადასახადებით, შეზღუდული რეგულირებით (რომელიც მხოლოდ მცირე მასშტაბით განხორციელდა) და სამუშაო ძალის სიიაფით ცდილობდა. ეს პოლიტიკა წარმატებული იყო მაღალი ზრდის ტემპის (2004-2008 წლებში) პერიოდში – წელიწადში მშპ-ის 6%-ზე მეტით მატება. როგორც გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში გამოჩნდა, კვალიფიკაციის, ინოვაციებისა და წარმოების ტემპის მიღწეული დონით და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებით „შორს წასვლა~ ნაკლებსავარაუდო იყო, მით უფრო, ინდუსტრიულად ისე განვითარებული ევროკავშირის ქვეყნების ფონზე, როგორებიც ბულგარეთს მეზობლად ჰყავს.


დაბალი საპროცენტო განაკვეთები ქვეყანაში ინვესტიციებისა და სამომხმარებლო სესხებისადმი ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა. ამის შედეგი იყო, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ბუმი დაიწყო. ბულგარეთში, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებიდან 10 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასები 101,5%- ით გაიზარდა, რამაც თითქმის სრულად გაანეიტრალა ყველა ეკონომიკური შოკი. ამჟამად, საცხოვრებელი ბინების ფასები ევროპაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება – ეროვნული ზრდა 2025 წელს 18,3%-ს აღწევს. დედაქალაქი სოფია ფასების ზრდის ლიდერია, სადაც კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი 1500 2000 ევროა. ზღვისპირა ქალაქებში, როგორიცაა ვარნა და ბურგასი, ფასების უფრო მაღალი ზრდა შეინიშნება – წელიწადში 20%. ეს ზრდა განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა დაბალი იპოთეკური განაკვეთები, რაც ადგილობრივ უძრავ ქონებას საშუალებას აძლევს, ევროპაში კონკურენტუნარიანი დარჩეს. 2025 წელს საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2,74-2,79%-ია. უცხოური ინვესტიციები ასევე ხელს უწყობს ბულგარეთის ეკონომიკურ ზრდას და უძრავი ქონების ბაზარს. ევროს შემოღებაც საცხოვრებელი ფართობის ფასის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა, რადგან ბევრი უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებას ინფლაციისა და სავალუტო რყევებისგან თავის დაცვის საშუალებად მიიჩნევს.


ბულგარეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდე ($23850) ევროკავშირის 27 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 70%-ია (2025), ხოლო ქვეყნის ნომინალური მშპ ($148,12 მლრდ.) ევროკავშირის 27 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 43%-ია (2025). ამავე დროს, ბულგარეთი ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 38-ე ადგილზეა (2025), რაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების უმეტესობაზე მაღალია; მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-40 ადგილით, იგი ბელგიას, ესპანეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და პორტუგალიას უსწრებს. ბულგარეთს ასევე აქვს ევროკავშირში ყველაზე დაბალი პირადი და კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები, ხოლო ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ბოლოსწინა შედეგი აქვს დაბალი სახელმწიფო ვალის სიდიდით – მშპ-ის 16,2%.


ეკონომიკა იმპორტზეა ორიენტირებული: 2018 წელთან შედარებით, მისი სიდიდე 101,5%-ით გაიზარდა და 2025 წლის მონაცემებით 52,6 მილიარდი დოლარი გახდა. ამ მაჩვენებელში საკმაოდ დიდი ნაწილი (70% ზე მეტი) ევროკავშირის ქვეყნებზეა, რომელთაგან ყველაზე მეტი (11,6%) გერმანიიდან შემოდის; მოწინავე ხუთეულში არიან რუმინეთი (7,68%), იტალია (6,0%), საბერძნეთი (4,53%), ნიდერლანდები (3,91%). ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ბულგარეთი ყველაზე „დიდი მოცულობის~ პროდუქციას თურქეთის (8,46%), რუსეთისა (6,67%) და ჩინეთისგან (5,67%) ყიდულობს.


ექსპორტს რაც შეეხება, 2018 წელს 28,47 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა; IMF-ს მონაცემებით, იგი 77,7%-ით გაიზარდა და 2025 წლის ბოლოს 50,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებში ბულგარეთიდან ყველაზე მეტი საექსპორტო პროდუქციის მიმღები გერმანიაა – 13,5%; შემდეგ მოდიან რუმინეთი (11,1%), იტალია (8,02%), საბერძნეთი (6,01%) და პოლონეთი (4,17%). „არაევროპელ~ იმპორტიორებს რაც შეეხებათ, ისინი არიან თურქეთი (5,39%), ჩინეთი (3,05%) და აშშ (2,98%).


ისევ არჩევნები და გაპრემიერებული პრეზიდენტი


19 აპრილის არჩევნები, 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პირდაპირი შედეგია. ქვეყანამ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გადაიტანა. ისინი 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ პროტესტის სახით დაიწყო, მაგრამ სწრაფად გადაიზარდა მთელი პოლიტიკური სისტემისა და კორუფციის წინააღმდეგ პროტესტში. დეკემბერში მთავრობა გადადგა და პრეზიდენტი იძულებული გახდა დროებითი (ტექნიკური) კაბინეტი დაენიშნა.


რუმენ რადევმა პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა, რათა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესძლებოდა. მან პარტია „პროგრესული ბულგარეთი~ 2 მარტს დაარეგისტრირა. მისი გადადგომის შემდეგ ვაკანტური პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ დაიკავა. წარსულში ჟურნალისტი, ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, ვინც ბულგარეთის პრეზიდენტი გახდა.


30 აპრილს გამართულ ეროვნული ასამბლეის 52-ე მოწვევის პირველ სხდომაზე, ბულგარეთის პარლამენტის 240 წევრმა მანდატები შემდეგი პროპორციით გაინაწილეს: 131 მანდატით აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა კოალიციამ „პროგრესული ბულგარეთი~; პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის~ და „დემოკრატიული ძალების კავშირის~ ალიანსმა 39 ადგილი დაიკავეს; პარტია „განაგრძე ცვლილებები~-სა და კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის~ ბლოკმა 37 ადგილი მიიღო და 16+21 პროპორციით ორ ფრაქციად გაიყო; პარტიებს „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის~ 21, ხოლო „აღორძინებას~ 12 მანდატი ხვდათ წილად.


8 მაისს შედგა ეროვნული ასამბლეის მორიგი სხდომა, რომელზეც ქვეყნის პრემიერ მინისტრად რადევის კანდიდატურას მხარი 124-მა პარლამენტარმა დაუჭირა (ყველანი კოალიცია „პროგრესული ბულგარეთი~-დან). სხდომაზე მყოფი პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის~ და „დემოკრატიული ძალების კავშირის~ ალიანსის 36-მა წევრმა, ხმის მიცემისას „თავი შეიკავა~, ხოლო დანარჩენი პარტიებიდან დამსწრე 70 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო.
122 დეპუტატის ხმებით აირჩიეს ბულგარეთის ახალი მთავრობის წევრები: რადევის მიერ წარდგენილი 4 ვიცე-პრემიერი და 18 მინისტრი. გალაბ დონევი, რომელიც მანამდე ორჯერ ხელმძღვანელობდა ქვეყნის ტექნიკურ მთავრობას, გახდა ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი; ალექსანდრ პულევს ვიცე-პრემიერობასთან ერთად ეკონომიკის, ინვესტიციებისა და მრეწველობის მინისტრის პოსტი ხვდა წილად. მათ გარდა დანიშნული 16 მინისტრიდან 5 ქალია.


„პროგრესული ბულგარეთის~ პროგრამაში ახალი მთავრობის მთავარი მიზნებია ეროვნული ინტერესების დაცვა ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მოდერნიზაციის დაჩქარება და უფრო განვითარებული ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონის მიღწევა, მშვიდობის შენარჩუნება და შეიარაღებულ კონფლიქტებში ქვეყნის ჩართვის თავიდან აცილება. სხვა დაპირებები მოიცავს ეკონომიკური სექტორების ძირითადი სექტორების სტიმულირებას, ბიზნესზე ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას და დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. სოციალურ სფეროში აქცენტი კეთდება დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაზე, შემოსავლების ზრდაზე, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფასა და განათლების სექტორის რეფორმირებაზე. კოალიციური პროგრამის პირველ ნაბიჯებს შორისაა ფასების კონტროლის ინიციატივები და სასამართლო კანონმდებლობაში ცვლილებები.


დასავლეთში რადევს პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რასაც თავად უარყოფს. საარჩევნო კამპანიის დროს ის თავს არიდებდა ყველაფერს, რასაც შეიძლება რუსული ორიენტაციის ბრალდებები გამოეწვია, თუმცა არჩევნების შემდეგ მან საგარეო ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის მოსკოვთან დიალოგის თაობაზე. პრეზიდენტობის პერიოდში იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს ბულგარეთის მტერი და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების უშედეგობასა და არაეფექტიანობას აღიარებდა. რადევი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავისი სკეპტიციზმითაა ცნობილი. მას ეკუთვნის ფრაზა: „უკრაინა განწირულია რუსეთის წინააღმდეგ ომში, ხოლო იარაღით კიევის უზრუნველყოფა პრობლემის გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს~.


დასასრულს, ახალი მთავრობის წევრთა გამოცხადების შემდეგ, ევროპული პრესის მიმოხილვის რამდენიმე ამონარიდს გავეცნოთ.


ბულგარული პორტალი Club Z: „რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და რადევის პრორუსული განცხადებებიც კი არაფერს შეცვლის. ჩვენ ევროპის შიდა წრეს ვეკუთვნით და ვერავინ გაგვრიცხავს იქიდან… ბულგარეთი ევროკავშირის, ნატოს, შენგენის და ევროზონის წევრია. სხვათა შორის, იმავეს ვერ ვიტყვით უნგრეთსა და რუმინეთზე. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ რადევმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ბრიუსელში რაიმე რუსოფობური განცხადებით ან სხვა რამით შეგვარცხვინოს… მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ან სხვა რომელიმე ბულგარელი პოლიტიკოსი ევროპის შუაგულში გამოძვრეს და მეამბოხეობა გაითამაშოს~.


ხორვატული გაზეთის – Jutarnji List-ის („დილის გაზეთი“) მოსაზრებით, არც რადევი, არც სლოვაკეთის ლიდერი ფიცო და არც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბაბიში ევროკავშირისთვის ისეთივე ტვირთად ვერ იქცევიან, როგორც ორბანი იყო:
„ისინი ვერ გაბედავენ ევროკავშირისთვის მუხრუჭის როლის შესრულებას, რადგან იციან, რომ ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მათი ქვეყნებისთვის; ეს განსაკუთრებით ბულგარეთს ეხება, რომელიც, ბოლო წლებში კოლოსალური ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის უღარიბეს ქვეყნად რჩება. უბრალოდ წარმოდგენაც რთულია სიტუაციის, როდესაც ბულგარეთი ევროკავშირის სახსრებს დაკარგავს. მათ შეუძლიათ ევროკავშირის ესა თუ ის გადაწყვეტილება დაბლოკონ, მაგრამ თითქმის ყველაფრის დაბლოკვას, როგორც ამას ორბანი აკეთებდა, ისინი ვერ შეძლებენ… ახალი ორბანი ევროკავშირში ასე სწრაფად არ გამოჩნდება“.


ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.