Homeბ&მვინ დააფინანსა და კვლავ აფინანსებს პუტინის ომს?

ვინ დააფინანსა და კვლავ აფინანსებს პუტინის ომს?

Published on

spot_img

„იაფ ენერგორესურსებში“ გაცვლილი უსაფრთხოება

რუსეთ-უკრაინის ომში ახალი ეტაპი დადგა. 4 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, სადაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე პირისპირ შეხვედრა შესთავაზა ნებისმიერ ნეიტრალურ ქვეყანაში და არა მოსკოვში ან კიევში. მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში უკრაინა მზადაა სრულად შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები, რასაც მონიტორინგს აშშ გაუწევს. წერილში შეთავაზებულია ტყვეების გაცვლა „ყველა ყველაზე“ და უკრაინიდან გატაცებული ბავშვების დაბრუნება. პროცესში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად უკრაინა ევროპისა და აშშ-ის ჩართვას მიესალმება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის თუ პირისპირ შეხვედრა სურს, შეუძლია ნებისმიერ დროს მოსკოვში ჩამოვიდესო. ეს პასუხი ნიშნავს, რომ პუტინი გაურბის პირისპირ შეხვედრას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიდერების პირისპირ შეხვედრა „შესანიშნავი“ იქნებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ორივე მხარეს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს. ამ ეტაპზე ზელენსკის და პუტინის შეხვედრა, შესაბამისად ომის დასრულებაც საეჭვოა, თუმცა, იმაზე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, საიდან იშოვნა რუსეთმა იმდენი ფული, რომ შესაძლებლობა მიეცა 2022 წელს უკრაინას თავს დასხმოდა და დღემდე აგრძელებს დაპყრობითი ომის დაფინანსებას.

როგორ დააგროვა პუტინმა ომისთვის საჭირო ფული

ომის დაწყებამდე და საერთაშორისო სანქციების ამოქმედებამდე რუსეთის ფედერაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა სხვადასხვა სავაჭრო ურთიერთობები. უდავო ფაქტია, რომ მისთვის ყველაზე დიდი შემოსავლის მომტანი ენერგეტიკის სექტორია. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითაც, 2009-2021 წლებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 50% ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მოდიოდა. ამას ემატება ქვანახშირის თუ ბირთვული საწვავის ექსპორტი.

2022 წლის თებერვალში დაწყებულ პუტინის ღია აგრესიას და ტერორს უკვე იმხელა მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწაზე არცერთი სამხედრო კონფლიქტის დროს არ ყოფილა. ამ რეალობაში მთელი ცივილიზებული სამყარო ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, რომ პუტინის ხელისუფლება ცალსახად დამნაშავეა, ხოლო ამ ხოცვა-ჟლეტას და ნგრევას არავითარი გამართლება არ აქვს.

თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ემოციური შეფასებები საკმარისი არ არის. რაც დათვლადია, ის უნდა დაითვალოს, ხოლო რაც ფაქტია, ის აუცილებლად უნდა გათვალისწინოს დაინტერესებულმა ადამიანმა. ნებისმიერ აგრესორს დაპყრობითი ომის საწარმოებლად, ჯარის შესანახად და თანამედროვე საბრძოლო იარაღის შესაქმნელად ან შესაძენად საკმარისი მატერიალური რესურსი სჭირდება. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ვნახოთ მონაცემები, თუ ვისი წყალობით დააგროვა პუტინმა იმდენი ფული, რომ უკრაინაზე თავდასხმა მისთვის რეალურად შესაძლებელი გახდა.

უახლეს წარსულში მსოფლიოსთვის ისტორიული გაკვეთილი ჯერ კიდევ 2008 წელს შედგა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ გადასარევად დაინახა, რომ მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა სუვერენულ მეზობელ ქვეყანაში შეჭრა, ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა. მიუხედავად ამისა, წამყვანმა სახელმწიფოებმა „საქართველოს გაკვეთილს“ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს და რეალობაზე „თვალი დახუჭეს“. მათ საერთოდ არ გაითვალისწინეს უსაფრთხოების რისკები და არ მიიღეს ზომები, რომ რუსეთი ეკონომიკურად არ გაეძლიერებინათ. შედეგად, 2008 წლის აგრესიის შემდეგ, ვიდრე 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, დასავლეთი მოსკოვს ენერგორესურსებში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა და ამით პირდაპირ აფინანსებდა პუტინის სამხედრო მანქანას. ერთია მთლიანი საგარეო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლები და, მეორე – უშუალოდ ენერგორესურსების გაყიდვა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. რაც მთავარია, ის ეკონომიკურთან ერთად, ხშირად პოლიტიკური გავლენის იარაღად არის გამოყენებული.

ამერიკული მილიარდები კრემლის ბიუჯეტში

თუ გადავხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკას, 2009-დან 2022 წლამდე პერიოდში, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ენერგორესურსებში ჯამში გადახდილია 182 მილიარდ დოლარამდე. საინტერესოა ამ მონაცემების გადანაწილება სხვადასხვა საპრეზიდენტო ვადებისა და ადმინისტრაციების მიხედვით:

ბარაკ ობამას პრეზიდენტობა (2009-2016 წლები). ამ პერიოდში, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას აწარმოებდა, რუსეთიდან რესურსების იმპორტმა პიკს მიაღწია. აშშ-მა კრემლს 122 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა.

დონალდ ტრამპის პირველი ვადა (2017-2020 წლები). მიუხედავად მედიაში არსებული ნარატივებისა, რომ დონალდ ტრამპი თითქოს რუსეთის ინტერესების გამტარებელია, მისი მმართველობისას რუსული ენერგორესურსების შესყიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა და ჯამში 48 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეგ 48 მილიარდიც კრემლის ჯიბეშია წასული.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა (2021-2024). ბაიდენი 2021-2024 წლებში იყო პრეზიდენტი, თუმცა, ჩვენ ის პერიოდი გვაინტერესებს, სანამ რუსეთი ომს გააჩაღებდა (2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე). სულ რაღაც ერთ წელიწადში და ორ თვეში, ომის დაწყებამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ენერგორესურსებში 12 მილიარდ დოლარამდე გადაურიცხა. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალურად გამოცხადებული „აკრძალვებისა“ და მკაცრი ემბარგოების მიუხედავად, აშშ-მა სხვადასხვა პირდაპირი თუ შემოვლითი გზებით კიდევ 17 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა რუსეთს კრიტიკულად აუცილებელი რესურსების შეძენისას.

ევროპული ტრილიონები: პუტინის მთავარი სპონსორები

რაც შეეხება ევროპას, აქ გაცილებით მასშტაბურ თანხებზეა ლაპარაკი, რომლებმაც ფუნდამენტური როლი ითამაშეს რუსეთის ეკონომიკურ მდგრადობაში. „ევროსტატის“, „მსოფლიო ბანკის“ და ენერგეტიკის სექტორის სტატისტიკის შემსწავლელი სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2022 წლის თებერვლამდე, ევროკავშირის ქვეყნები, პლუს დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად რუსულ ნავთობში, გაზსა და ნახშირში მოსკოვს საშუალოდ 250 მილიარდ დოლარამდე უხდიდნენ. ცალკეულ წელს ზოგჯერ ნაკლებს, ზოგჯერ მეტსაც – საერთაშორისო ფასის შესაბამისად. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 13 წლიან პერიოდში ეს ჯამში 2,5-3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მოსკოვს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გადაუხადა.

ამ სიაში გამოიკვეთა ხუთი ევროპული სახელმწიფო, რომლებმაც კრემლს ყველაზე დიდი ფული გადაუხადეს:

1. გერმანია (დაახლოებით $410 – $440 მილიარდი): მოსკოვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებითა და ნავთობსადენებით წლიურად საშუალოდ 25-35 მილიარდ დოლარს უხდიდა მოსკოვს, რითაც საკუთარი მრეწველობა სრულად გახადა რუსულ გაზზე დამოკიდებული.

2. იტალია (დაახლოებით $230 – $250 მილიარდი): ეს ქვეყანა კრიტიკულად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. რუსეთ-უკრაინის ომამდე იტალიის მიერ მოხმარებული აირის 40%-ზე მეტი პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან მოდიოდა.

3. ნიდერლანდები (დაახლოებით $210 – $230 მილიარდი): ევროპის მთავარი სავაჭრო და ნავთობპროდუქტების ჰაბი. როტერდამის პორტის გავლით ხდებოდა ასეულობით მილიონი ტონა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა, რეზერვუარებში განთავსება და შემდგომი გადამუშავება მთელი კონტინენტისთვის.

4. საფრანგეთი (დაახლოებით $140 – $155 მილიარდი): პარიზი აქტიურად ყიდულობდა როგორც ნავთობპროდუქტებს, ისე ბუნებრივ აირს და ამასთანავე, მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ ბირთვულ სექტორთან ურანის მოწოდების მიმართულებით.

5. პოლონეთი (დაახლოებით $125 – $135 მილიარდი): მიუხედავად მკაცრი ანტირუსული პოლიტიკური რიტორიკისა, ვარშავა 2022 წლამდე „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობისა და იაფი რუსული ნახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი იყო.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გეოპოლიტიკა: მითები და რეალობა

თანამედროვე პროპაგანდის გამავრცელებლები საჯარო სივრცეში დაუღალავად იმეორებენ ნარატივს, თითქოს „პუტინის ხელშემწყობი და მეკავშირე დონალდ ტრამპია“, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი კი, პუტინის პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეები. თუმცა, როდესაც საქმე რეალურ ფაქტებსა და ქრონოლოგიას ეხება, კარგად ჩანს, რომ ეს აზრი ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream 1) მილსადენების მშენებლობას და ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას ხელი სწორედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შეუწყო, რომელმაც თვალი დახუჭა 2008 წლის ომზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მილსადენის მშენებლობა 2010 წლის აპრილში დაიწყო და 2011 წლის ნოემბერში დასრულდა. გაზსადენის საზეიმო გახსნის ცერემონიას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გაუძღვნენ, რაც კრემლის უდიდესი გამარჯვება და გეოპოლიტიკური ტრიუმფი იყო.

მოგვიანებით, როდესაც დღის წესრიგში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი დადგა, ერთადერთი ლიდერი, ვინც მას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაადო და მშენებლობა რეალურად გააჩერა, თავისი პირველი პრეზიდენტობის ვადაში სწორედ დონალდ ტრამპი იყო. ტრამპი პირდაპირ აფრთხილებდა გერმანიას, რომ რუსეთზე დამოკიდებულება როგორც გერმანიის, ასევე ევროპის დანარჩენი ქვეყნების უსაფრთხოებას დაანგრევდა. ევროპის ლიდერებმა ტრამპის მოწოდება არ გაითვალისწინეს, ხოლო როგორც კი ხელისუფლებაში ჯო ბაიდენი მოვიდა, მისმა ადმინისტრაციამ სანქციები მოხსნა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე, რითაც კრემლს გზა კვლავ გაუხსნა ენერგეტიკული ექსპანსიისკენ.

უკრაინა – რამდენი გადაუხადა რუსეთს

ბოლო წლებში რუსეთის აგრესიის ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი უკრაინაა, რომელიც ყირიმის ანექსიის გარდა, დანარჩენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას, ქალაქების ნგრევას და უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს განიცდის. თუმცა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თავად უკრაინაც გარკვეულწილად აძლიერებდა რუსეთის სამხედრო მანქანას, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად უკრაინის სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს. რადგან რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდზე ვამახვილებთ ყურადღებას, უკრაინის შემთხვევაშიც ეს შუალედი ავიღოთ.

უკრაინის მიერ რუსეთისთვის ენერგორესურსებში (ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები, ქვანახშირი) გადახდილი თანხების დინამიკა პერიოდების მიხედვით მნიშვნელოვნად კლებულობდა და საბოლოოდ ნულოვან ნიშნულამდე დავიდა. მონაცემები ეყრდნობა უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურს, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სტატისტიკის მონაცემთა ბაზას და საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებს.

2009 წლიდან 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე უკრაინა რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველი და მასზე თითქმის მთლიანად დამოკიდებული იყო. პიკი მოდის 2011 წელზე, როდესაც უკრაინამ რუსულ გაზში დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი დოლარი გადაიხადა. ჯამში 2009-2013 წლებში უკრაინამ რუსეთს მხოლოდ ენერგორესურსებში დაახლოებით $55 მილიარდი გადაუხადა.

ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის ენერგეტიკული პოლიტიკა შეიცვალა და რუსეთიდან პირდაპირი გზით გაზის ყიდვა კლებისკენ წავიდა. 2014-2021 წლების პერიოდში უკრაინამ მოსკოვს ენერგორესურსებში დაახლოებით $19,5 მილიარდამდე გადაუხადა. 2022 წლის შემდეგ კი, უკრაინას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.

საქართველო – რამდენს ვუხდით ოკუპანტს

აქვე, საქართველოს მიერ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზეც ვთქვათ. ცალკე ტრაგედიაა, ოკუპანტი ქვეყანა რომ სავაჭრო პარტნიორებში ლიდერ ქვეყნებს შორის არის და 2023 წელს, სულაც ნომერ პირველიც გახდა – 2023 წლის იანვრის თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 264 მილიონ დოლარს მიაღწია. მასში ყველა პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ჯამი შედიოდა, თუმცა რადგან ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ, საქართველოს შემთხვევაშიც მხოლოდ რუსული ენერგორესურსების იმპორტზე გავამახვილოთ ყურადღება.

2006 წლამდე საქართველო თითქმის 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე. 2006 წელს 182 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო 2007 წელს უკვე ნაკლები, 115 მილიონი დოლარი გადაუხადა საქართველომ რუსეთს. მიზეზი 2006 წლიდან შაჰ-დენიზის მილსადენის ამოქმედება და რუსული გაზის ჩანაცვლება გახდა. მას შემდეგ, 2015 წლამდე საქართველოს სახელმწიფოს რუსეთისგან 1 დოლარის გაზიც აღარ უყიდია. მდგომარეობა 2016 წლიდან შეიცვალა, როცა საქართველომ ჯერ 4,2 მილიონი დოლარის გაზი იყიდა, შემდეგ დაიწყო მატება და 2020 წელს 37 მილიონ დოლარს მიაღწია, 2022 წელს 112 მილიონს გადააჭარბა, გასულ 2025 წელს კი 202,3 მილიონი დოლარის ბუნებრივი აირია ნაყიდი. ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად, რუსულ გაზში მეტი გადავიხადეთ, ვიდრე აზერბაიჯანულში.

გაზის გარდა საქართველო რუსეთიდან ბენზინს, დიზელის საწვავს და ქვანახშირსაც ყიდულობს. 2006 წელს თუ 14 მილიონი დოლარის საავტომობილო საწვავია რუსეთიდან შემოტანილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს 11,3 მილიონი დოლარის არის ნაყიდი. 2012 წელს მოცულობა 42 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა, მაშინ რუსული საწვავის წილი მთლიან მოცულობაში 7%-ს არ აჭარბებდა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი, საქართველო რეკორდულ შესყიდვებზე გადავიდა და 2022 წელს რუსეთს 431 მილიონი დოლარი გადაუხადა, 2023 წელს 554 მილიონი, გასულ 2025 წელს კი რუსეთისგან 477 მილიონი დოლარის საწვავი და ასევე 96 მილიონი დოლარის ნედლი ნავთობიც იყიდა – ყულევის ქარხნისთვის. მთლიანობაში, გასულ წელს რუსული საწვავის წილმა საქართველოს ბაზარზე 52%-ს გადააჭარბა – ქვეყანა დამოკიდებული გახდა როგორც რუსულ გაზზე, ასევე საავტომობილო საწვავზეც. საბოლოოდ კი, რუსეთისთვის – საქართველოს და ასევე უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნისთვის გადახდილი თითოეული დოლარი ისევ ოკუპანტი ქვეყნის გაძლიერებას უწყობს ხელს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შემდეგი აღვნიშნოთ: ფაქტები და რიცხვები აჩვენებს, რომ 2022 წელს უკრაინაში შეჭრა არ ყოფილა მოულოდნელი კატასტროფა. პუტინმა დაპყრობითი ომის რესურსი დააგროვა იმ ტრილიონობით დოლარის წყალობით, რომელსაც დასავლური დემოკრატიები მას 2008 წლის აგრესიის შემდეგაც კი, ყოველდღიურად, სტაბილურად უხდიდნენ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ დიდწილად შეძლო რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, რუსული გაზი არ აღმოჩნდა შეუცვლელი და ევროპას წლების წინაც შეეძლო სხვა მიმწოდებელი მოენახა. გერმანია, რომელიც მთლიანად „გაზპრომზე“ იყო დამოკიდებული, დღეს რუსეთისგან პირდაპირი გზით საერთოდ აღარ ყიდულობს ბუნებრივ აირს. წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ რუსეთიდან თხევადი გაზის (LNG) შესყიდვაზე უარის თქმა, რადგან ამას ევროკავშირის რეგულაცია ითვალისწინებს. შესაბამისად, მათ შორის საფრანგეთიც იძულებული იქნება აღარ იყიდოს რუსული თხევადი გაზი, რომლის შესყიდვის მოცულობაც იმდენად გაზარდა, რომ ახლა უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს, ვიდრე 2022 წლის ომის დაწყებამდე ყველა სახის გაზსა თუ საწვავში უხდიდა. 2027 წლის სექტემბრიდან კი, ევროკავშირის რეგულაციით, რუსეთიდან ყველა სახის წიაღისეულის შესყიდვა იკრძალება. ეს არის მორიგი მკაცრი გაკვეთილი იმისა, რომ პოლიტიკაში ეკონომიკური სარგებლის გამო ფუნდამენტურ უსაფრთხოებაზე თვალის დახუჭვას ყოველთვის უმძიმესი სისხლიანი შედეგები მოჰყვება. სამყარო კი, სამწუხაროდ ხშირად ვერ სწავლობს წარსულის შეცდომებზე, რაც მორიგი კატასტროფების შედეგი ხდება ხოლმე.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება,..

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით – 2025

2025 წელს საქართველოში1 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი...

ბოლო სტატიები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში