Homeბ&მამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკების შედარება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკების შედარება

Published on

spot_img

რამ გამოიწვია მაღალი ეკონომიკური ზრდა აშშ-ში და რა აფერხებს ევროპულ ქვეყნებს

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადით დაწყებიდან (2025 წლის იანვარი) გასულ წელიწადნახევარში, აშშ-ის ეკონომიკამ ანალიტიკოსების სკეპტიკური და ნეგატიური პროგნოზები სრულად გააბათილა. 2025 წლის ბოლოს სამთავრობო „შათდაუნით“ გამოწვეული რეცესიული ნიშნების შემდეგ, თეთრი სახლის რადიკალურმა რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა წარმოების მასშტაბურ ლოკალიზაციას, შიდა ინვესტიციების სტაბილურ მატებას და საფონდო ბირჟების რეკორდულ მაჩვენებლებს. იმავდროულად, ევროპაში საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს: ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მზარდი რეგულაციების, მაღალი გადასახადებისა და მემარცხენე პოლიტიკური ექსპერიმენტების გამო ეკონომიკურ სტაგნაციას ებრძვიან.

რამ გამოიწვია ზრდა აშშ-ში

2026 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) წლიურმა ზრდამ 2.1% შეადგინა, რაც წინა კვარტლის კრიზისულ 0.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. 2025 წლის IV კვარტალში, როდესაც აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 0.5%-მდე დაეცა, ქვეყანა პრაქტიკულად იმავე სტაგნაციურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც დღეს ევროკავშირი (0.7%) და დიდი ბრიტანეთია (1.0%). თუმცა, მიზეზები განსხვავებულია. აშშ-ის 0.5%-იანი ვარდნა გამოწვეული იყო შიდა პოლიტიკური მოვლენით, 43-დღიანი სამთავრობო „შათდაუნით“ (2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში), რაც იყო დროებითი შოკი. ევროპის კრიზისი კი უფრო სისტემური და ხანგრძლივია – არის მაღალი გადასახადები, ენერგოკრიზისი და მეტი რეგულაციები.

ამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა რამდენიმე აგრესიულმა ნაბიჯმა განაპირობა:

ტრამპმა მკვეთრად შეამცირა კორპორაციული გადასახადები და დააწესა კაპიტალური დაბანდებების სრული გამოქვითვის წესი. უფრო კონკრეტულად: ტრამპის მიერ 2025 წლის 4 ივლისს ხელმოწერილმა საკანონმდებლო პაკეტმა (ე.წ. „One Big Beautiful Bill Act“ (OBBBA) / Working Families Tax Cuts) მცირე და საშუალო ბიზნესის 20%-იანი საგადასახადო შეღავათი (Small Business Deduction) მუდმივმოქმედ კანონად აქცია. ამავე კანონით, აღდგა კაპიტალური დაბანდებების პირველივე წელს 100%-იანი გამოქვითვის წესი (100% Bonus Depreciation), რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს ახალი დანადგარებისა თუ ტექნოლოგიების ხარჯი მყისვე ჩამოწეროს.

ამან ბიზნესს უბიძგა, მოგება ქვეყნის შიგნით დაებანდებინა, რამაც აღჭურვილობასა და ინტელექტუალურ საკუთრებაში კერძო ინვესტიციების 10%-იანი ზრდა გამოიწვია. თეთრი სახლის ოფიციალური ანგარიშებით, ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან Apple, Meta და OpenAI (პროექტი Stargate), ასობით მილიარდი დოლარის შიდა ინვესტიციები დააანონსეს წარმოებასა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობაში, რამაც კერძო ფიქსირებული ინვესტიციების დაახლოებით 10%-იანი ზრდა განაპირობა. საფონდო ინდექსი S&P 500 ინაუგურაციის შემდეგ 25.2%-ით არის გაზრდილი.

თეთრმა სახლმა მოხსნა მანამდე არსებული ბიუროკრატიული ბარიერები და გარემოსდაცვითი შეზღუდვები. ნავთობისა და გაზის შიდა მოპოვების მაქსიმალურმა ზრდამ აშშ-ს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოუტანა, რამაც ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეული გლობალური ფასების შოკისგან მნიშვნელოვნად დააზღვია.

მიკროჩიპებისა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ადგილობრივი წარმოების წახალისებამ უმსხვილეს კონგლომერატებს ამერიკაში ახალი ქარხნების გახსნისკენ უბიძგა (მაგალითად, Micron-მა ინვესტიციები 250 მილიარდ დოლარამდე გაზარდა). ამან შრომის ბაზარი გააძლიერა და უმუშევრობა 4.2%-იან დაბალ ნიშნულზე შეაჩერა.

ტაქტიკურმა ცვლილებამ ორ ადმინისტრაციას შორის რადიკალურად შეცვალა ბიზნესგარემო და მოიტანა უფრო სწრაფი მაკროეკონომიკური ეფექტი:

ბაიდენის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებდა გიგანტურ სახელმწიფო ხარჯებსა და პირდაპირ სუბსიდიებზე (IRA და IIJA პროგრამები). ტრამპმა ეს „მწვანე პროგრამები“ და მათი დაფინანსება სპეციალური განკარგულებით გაყინა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს თავად გადაეწყვიტა, რომელ სექტორს მისცემდა ფულს, ტრამპმა ბიზნესს გადასახადები შეუმცირა. ამან კერძო სექტორს თავისუფლება მისცა, კაპიტალი იქ მიემართა, სადაც რეალური საბაზრო მოთხოვნა იყო.

ბაიდენის ადმინისტრაციის მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტები ხშირად აფერხებდა მძიმე მრეწველობისა და ენერგეტიკის განვითარებას. ტრამპის მიერ ამ შეზღუდვების გაუქმებამ ამერიკულ ქარხნებს წარმოების ხარჯები შეუმცირა, რამაც ისინი საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინურ პროდუქციასთან შედარებით, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გახადა.

სტაგნაცია ევროკავშირში

სანამ ამერიკული ბაზარი იზრდება, ევროკავშირის ეკონომიკა სტრუქტურულ სირთულეებს განიცდის. გასულ წელს ევროკავშირმა მხოლოდ 1.4%-იანი ზრდა აჩვენა, წელს ტემპი კიდევ უფრო დაეცა და ევროზონის წლიური რეალური ზრდა მინიმალურ 0.7%-ს შეადგენს. კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში, კერძოდ:

გერმანიაში ქვეყნის მძიმე მრეწველობა და ავტოინდუსტრია კრიზისშია. იაფი რუსული ენერგორესურსების დაკარგვამ და ბრიუსელის მკაცრმა ეკოლოგიურმა რეგულაციებმა გერმანული წარმოება არაკონკურენტუნარიანი გახადა, რის გამოც გიგანტები ქარხნებს ხურავენ ან წარმოება აშშ-ში გადააქვთ. მაგალითად, Volkswagen, თავის 89-წლიან ისტორიაში პირველად განიხილავს გერმანიაში რამდენიმე ქარხნის დახურვას და ამზადებს გეგმას, რომ 100,000-მდე სამუშაო ადგილი შეამციროს.

საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად კლიმატურმა პირობებმაც შეაფერხა. გაუსაძლისმა სიცხეებმა  სოფლის მეურნეობასა და ხორბლის მოსავალს სერიოზული დარტყმა მიაყენა (წარმოება 4%-ით დაეცა და 32 მილიონ ტონამდე შემცირდა). ამას ემატება მაღალი სახელმწიფო ვალი და საგადასახადო წნეხი. Investing.com-ის ანგარიშებით, საფრანგეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 118%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს საგრძნობლად აჭარბებს.

იტალიის ეკონომიკა პრაქტიკულად გაყინულია ნულოვან ნიშნულზე. იტალიის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის მხოლოდ 0.5-0.6%-ის ფარგლებშია. ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი პრაქტიკულად სტაგნაციას და ნულოვან დინამიკას ნიშნავს. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებსაც ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ინფლაციის შესაჩერებლად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს, ქვეყანაში ბიზნესკრედიტების გაცემას და შიდა მოხმარებას ბლოკავს.

ევროკავშირის ძირითად პრობლემად იქცა გადაჭარბებული ბიუროკრატია და „ევროპული მწვანე შეთანხმება“ (Green Deal), რომლის მკაცრი, იძულებითი რეგულაციებიც მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს. „მწვანე შეთანხმება“ არის ევროკავშირის ოფიციალური სტრატეგიული გეგმა და კანონმდებლობის პაკეტი, რომლის მთავარი მიზანია, 2050 წლისთვის ევროპა გახდეს პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი სათბური აირების (მათ შორის ნახშირორჟანგის) გაფრქვევის ნულოვანი მაჩვენებლით. რაც შეეხება გადაჭარბებულ ბიუროკრატიას, დადასტურებულია ევროპელი ლიდერების, ეკონომიკური კვლევების და ბიზნესგამოკითხვების შედეგად. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ, ევროკომისიის დავალებით მოამზადა მასშტაბური ანგარიში ევროპის კონკურენტუნარიანობაზე. მან პირდაპირ მიუთითა, რომ ევროკავშირის რეგულატორული ბაზა არის „ქაოსური და დამთრგუნველი“, რაც კლავს ინოვაციებს. საყურადღებოა, რომ ევროკავშირმა ბოლო წლებში მიიღო დაახლოებით 13,000 ახალი საკანონმდებლო აქტი, მაშინ როცა აშშ-ში ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე ნაკლებია.

ევროპული ბიზნეს-ასოციაციების (მაგალითად, Eurochambres) მიხედვით, მცირე და საშუალო საწარმოები თავიანთი დროისა და რესურსების 30%-ზე მეტს ხარჯავენ ევროპულ რეგულაციებთან (მაგალითად, GDPR, „მწვანე სტანდარტები“, შრომითი კოდექსები) შესაბამისობის დამტკიცებაზე.

აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით, ევროპაში ახალი ტექნოლოგიების (AI, ბიოტექნოლოგიები) დანერგვას სჭირდება თვეები და წლები ბიუროკრატიული ნებართვების გამო. სწორედ ამიტომ, ევროპული ტექნოლოგიური და სამრეწველო გიგანტები (BMW, BASF, Bayer) ინვესტიციებს აშშ-ში გადაამისამართებენ, სადაც პროცედურები გაცილებით სწრაფია.

თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად დააანონსა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კომპანიებისთვის ადმინისტრაციული და საანგარიშგებო მოთხოვნების 25%-ით შემცირებას. ეს იმის პირდაპირი დასტურია, რომ არსებული ბიუროკრატიული წნეხი გადაჭარბებული და დამაზიანებელი აღმოჩნდა.
სანამ ამერიკა ბიზნესს გადასახადებისგან ათავისუფლებს, ევროკავშირი მას ახალ-ახალ რეგულაციებსა და ნახშირბადის გადასახადებს უწესებს. შედეგად, კაპიტალი ეტაპობრივად ტოვებს ევროპას და მიედინება აშშ-ში.

დიდ ბრიტანეთში მოახლოებული ახალი საფრთხე

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ ბოლო კვარტალში 0.7%-იანი მატება აჩვენა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა წლიური ზრდის საერთო პროგნოზი მხოლოდ 1.0%-ის ფარგლებში მერყეობს. ბრიტანეთის შედარებით დაბალი ზრდის ტემპი გამოწვეულია პოსტ-ბრექსიტის პერიოდის სავაჭრო ბარიერებით, მაღალი შიდა ინფლაციითა და ინვესტიციების სიმცირით.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური გარდატეხა. მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ახალი ლიდერი, მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნემი ოფიციალურად ემზადება პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად. ბერნემი პარტიის რადიკალურ მემარცხენე, ფაქტობრივად სოციალისტურ ფრთას წარმოადგენს, რომლის ეკონომიკური ხედვები დაფუძნებულია სახელმწიფოს როლის უკიდურეს გაძლიერებაზე.

ბერნემი მხარს უჭერს საზოგადოებრივი სერვისების, რკინიგზისა და ენერგეტიკული სექტორის სრულ სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნებას. მისი პლატფორმა ითვალისწინებს მსხვილი კაპიტალისა და მაღალი შემოსავლების მქონე პირების გადასახადების მკვეთრ ზრდას, რათა დაფინანსდეს სოციალური პროგრამები.

ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე, ბერნემის მიერ დაგეგმილი ეს სოციალისტური ექსპერიმენტები გარანტირებულად გაზრდის საგადასახადო ტვირთს კერძო სექტორზე, შეაფერხებს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცევს ბრიტანეთის ისედაც სუსტ ეკონომიკურ ზრდას.

ტექნოლოგიები და ავტოინდუსტრია – განსხვავებულ პირობებში

გლობალური პოლიტიკური ვექტორების დაპირისპირება ყველაზე თვალსაჩინოდ ორ სტრატეგიულ მიმართულებაზე – ტექნოლოგიურ და ავტოინდუსტრიის სექტორებზე აისახება.

ტრამპის მიერ ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ და „მწვანე“ შეზღუდვების გაყინვამ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს უზარმაზარი უპირატესობა მისცა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის განვითარებაში. Micron-ისა და სხვა გიგანტების მიერ აშშ-ის შიგნით ასეულობით მილიარდი დოლარის კაპიტალური დაბანდებები სწორედ ადგილობრივი მონაცემთა ცენტრებისა და სუპერკომპიუტერების მშენებლობას ხმარდება.

ევროკავშირმა, თავისი მკაცრი AI აქტებისა და ციფრული ბაზრების რეგულაციების (DMA/DSA) გამო, პრაქტიკულად დაბლოკა მსხვილი ტექნოლოგიური ინვესტიციების შემოდინება. ამერიკული კომპანიები უარს ამბობენ ახალი AI მოდელების ევროპაში გაშვებაზე ჯარიმების შიშით, რამაც ევროპა ტექნოლოგიურ პერიფერიად აქცია.

რაც შეეხება ავტოინდუსტრიას, ევროკომისიის მკაცრმა მოთხოვნამ 2035 წლისთვის შიდაწვის ძრავების აკრძალვის შესახებ ევროპული ავტოგიგანტები (განსაკუთრებით გერმანული Volkswagen და იტალიური Stellantis ჯგუფი) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. მომხმარებელთა მხრიდან ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების ფონზე, ევროპული ბრენდები იძულებულნი არიან ქარხნები დახურონ, რადგან მათ არ აქვთ უფლება აწარმოონ მომგებიანი ჰიბრიდული ან ტრადიციული მოდელები ძველი მოცულობით.

ტრამპის მიერ ბაიდენისდროინდელი მკაცრი EV კვოტების გაუქმებამ ამერიკულ ბაზარზე მოქმედ ავტომწარმოებლებს (მათ შორის Toyota-ს) მისცა საშუალება, ფოკუსი მომგებიან ჰიბრიდულ მოდელებზე გადაეტანათ. Stellantis-მა ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი მოქნილი პლატფორმების წყალობით მიწოდება 10%-ით გაზარდა, მაშინ როდესაც მისი ევროპული დანაყოფები სტაგნაციაში არიან.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უახლესი ანგარიშები ოფიციალურად ადასტურებენ ატლანტიკის ორ მხარეს შორის არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპების უთანაბრობას:

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თავის ივლისის განახლებულ ანგარიშში ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4%-დან 0.9%-მდე შეამცირა, რაც გამოწვეულია მაღალი ენერგეტიკული ხარჯებითა და წარმოების სექტორის პარალიზებით. იმავდროულად, აშშ-ის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-ზე ზემოთ სტაბილურ ნიშნულზეა შენარჩუნებული. IMF ასევე აფრთხილებს ევროპას, რომ სერვისების სექტორში მზარდი ფასების გამო საპროცენტო განაკვეთები მაღალი დარჩება, რაც ზრდას კიდევ უფრო შეაფერხებს.

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის „Reshoring“ (წარმოების სახლში დაბრუნების) პოლიტიკა მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამერიკულ ბაზარზე კაპიტალის სტაბილურ შემოდინებას უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთისთვის მსოფლიო ბანკი 1.0%-იან ზრდას პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ მომავალი მემარცხენე მთავრობის მიერ გადასახადების შესაძლო ზრდა ქვეყნიდან კერძო კაპიტალის გადინებას დააჩქარებს.

2026 წლის მაკროეკონომიკური მონაცემების შედარება ნათლად აჩვენებს იდეოლოგიური მოდელების განსხვავებას. აშშ-ის წლიური რეალური ზრდა 2.6%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი 1.0%-ზე, ხოლო ევროკავშირი საგანგაშო 0.7%-ზეა გაჩერებული. განმარტებისთვის, ევროკავშირის ეკონომიკა დაახლოებით 18 ტრილიონი დოლარია, აშშ-ის კი – 28 ტრილიონზე მეტი. როდესაც აშშ 2.6%-ით იზრდება, ის თავის ეკონომიკას წელიწადში 700 მილიარდზე მეტ დოლარს ამატებს. ევროკავშირი კი 0.7%-იანი ზრდით მხოლოდ 120 მილიარდს ამატებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ამ ორ გიგანტს შორის რეალური ეკონომიკური სხვაობა ასეულობით მილიარდი დოლარით იზრდება.
იგივე სავალუტო ფონდის ანგარიშით, პენსიების, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების შესანარჩუნებლად ევროპულ სახელმწიფოებს სჭირდებათ მინიმუმ 1.5%-2%-იანი ზრდა. 0.7%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ აგენერირებს საკმარის გადასახადებს ამ სოციალური ხარჯების დასაფარად, რაც იწვევს სახელმწიფო ვალების ზრდას და ცხოვრების დონის თანდათანობით ვარდნას.
არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდაა, ვიდრე აშშ-ში, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. თუ რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში, რომლის მთლიანი ეკონომიკა მხოლოდ 10 მლრდ დოლარია, 1 საწარმო გაიხსნა, მაგალითად, ჭაბურღილი ან წიაღისეულის მაღაროს ამოქმედდა, რომელიც წელიწადში 1 მლრდ დოლარის პროდუქციას გამოუშვებს, ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზრდება. აშშ-ის 28-ტრილიონიანი ეკონომიკისთვის 10%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ მან ერთ წელში 2.8 ტრილიონი დოლარის ახალი დოვლათი უნდა შექმნას. ამიტომ, მხოლოდ ზრდის ტემპის შედარება სრულ სურათს არ გვაძლევს.

ისევ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს რომ დავუბრუნდეთ, არსებული რიცხვები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თავისუფალი ეკონომიკა, დაბალი გადასახადები და დერეგულაცია, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია უჭერს მხარს, უფრო დადებით მაკროეკონომიკურ შედეგებს იძლევა, ვიდრე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატიული და სოციალისტური მიდგომები.

განსაკუთრებით საინტერესოა ტრამპის მიერ შემოღებული აგრესიული საგარეო ტარიფების შედეგები, რომელმაც საბაჟო განაკვეთი 11.7%-მდე გაზარდა:

აშშ-მა მიიღო უდიდესი ფისკალური სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი გაძვირდა, ტარიფებმა ამერიკის ბიუჯეტს ასეულობით მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი მოუტანა და აიძულა გლობალური კომპანიები, ქარხნები უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე აეშენებინათ. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ზოგიერთი საგარეო ტარიფი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაჭარბებით გამოცხადებულად მიიჩნია. შედეგად, თეთრი სახლი იძულებული გახდა, ბიუჯეტიდან 81 მილიარდი დოლარი უკან დაებრუნებინა იმ დაზარალებული იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებმაც ეს გადასახადი მანამდე გადაიხადეს.

ევროკავშირმა დაკარგა ამერიკული ბაზრის წილი, სადაც 15%-იანი ტარიფი დაუწესდა და იძულებული გახდა, თავად გაეორმაგებინა ტარიფები ჩინურ ფოლადზე (50%-მდე), რათა საკუთარი შიდა ბაზარი სრული დემპინგისგან და ნგრევისგან გადაერჩინა.

დიდი ბრიტანეთი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. მიუხედავად აშშ-სთან შეთანხმებული შედარებით შეღავათიანი 10%-იანი ტარიფისა, გლობალური სავაჭრო ომების გამო ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოქსფორდის ეკონომიკური კვლევების მიხედვით მაინც 1.5%-დან 1%-მდე შემცირდა.

საბოლოო ჯამში, ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ არსებული სიმდიდრე ხელახლა „უფრო სამართლიანად“ გადაანაწილონ და ამისთვის შემოაქვთ მეტი რეგულაციები და ბიუროკრატიული ბარიერები. შეერთებულ შტატებში კი პირიქით, აქცენტი კეთდება ახალი სიმდიდრის შექმნასა და ქვეყანაში სამრეწველო ძალაუფლების აღდგენაზე. ამისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეგულაციების და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება ხდება. ეს ორი განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა უპირატესობა აქვს თავისუფალ საბაზრო მოდელს მემარცხენე და სოციალისტურ მოდელთან შედარებით.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

ვინ დააფინანსა და კვლავ აფინანსებს პუტინის ომს?

2008 წლის აგრესიის შემდეგ, ვიდრე 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, დასავლეთი მოსკოვს ენერგორესურსებში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა და ამით პირდაპირ აფინანსებდა პუტინის სამხედრო მანქანას.

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში